როგორ ეძებს 41 წლის შვილი მამას, რომელიც მას არასდროს უნახავს
41 წლის მარია მიხელი ეძებს 81 წლის ივანე ირაკლის ძე ჯობინაშვილს.
ისტორია: ვეძებ მამაჩემს, 81 წლის ივანე ირაკლის ძე ჯობინაშვილს. ჩემმა მშობლებმა ერთმანეთი გაიცნეს გაგრაში, 1964 წელს. რის შემდეგაც ისინი ხვდებოდნენ ერთმანეთს, მაგრამ იშვიათად. მამაჩემს საქართველოში ჰყავდა ოჯახი – ცოლი და ორი შვილი. ამის გამო დედამ გადაწყვიტა, შეეწყვიტა მასთან კავშირი და საცხოვრებელი შეიცვალა. მე და ჩემს ტყუპისცალ დას ძალიან გვინდა მამის პოვნა და ცხოვრებაში ერთხელ მაინც მისი ნახვა. ძალიან გთხოვთ, დაგვეხმაროთ მის მოძებნაში, რადგან ჩვენ ეს დამოუკიდებლად ვერ შევძელით.
– მარია, რა იცით მამათქვენის შესახებ, რის გამო გადაწყვიტა დედათქვენმა მასთან ურთიერთობის შეწყვეტა და თუ იცის, რომ მამას ეძებთ?
– როგორც გითხარით, დედაჩემმა და მამაჩემმა ერთმანეთი გაიცნეს გაგრაში. მამაჩემს იმ პერიოდში უკვე ჰყავდა მეუღლე და ორი შვილი, ორივე გოგონა. დედამ ამ ყველაფრის შესახებ იცოდა, მაგრამ მათ, როგორც ჩანს, მაინც უყვარდათ ერთმანეთი, რადგან ხვდებოდნენ ერთმანეთს, რის შედეგადაც გავჩნდით მე და ჩემი ტყუპისცალი და, ანუ მამას უკვე ოთხი გოგონა ჰყავდა. დედისგან ვიცი ასევე, რომ მამაჩემი არ აპირებდა ოჯახის მიტოვებას და ამიტომ მათი ერთად ყოფნა შეუძლებელი იყო. ჩემთვის უცნობი მიზეზის გამო, დედამ გადაწყვიტა, მისამართი შეეცვალა და საცხოვრებლად სხვაგან გადავედით. ასე დავკარგეთ მამასთან შეხვედრისა და მისი გაცნობის შანსი. ჩვენ უკვე 41 წლის ვართ და დღემდე ძალიან გვინდა მამის პოვნა. დედამ იცის ჩვენი სურვილის შესახებ და წინააღმდეგობას ვერ გვიწევს, თუმცა ნერვიულობს, რომ ჩვენ, შვილებს, მამასთან კონტაქტი დაგვაკარგვინა. იმ პერიოდისთვის მამაჩემი თავის ოჯახთან ერთად თბილისში ცხოვრობდა. რამდენადაც ვიცით, იგი საგზაო სამსახურის ინჟინერი იყო.
– მამათქვენმა თუ იცოდა მას ტყუპი გოგონა რომ შეეძინა?
– მამაჩემს, თურმე, ძალიან უნდოდა, რომ ბიჭი ჰყოლოდა და ამაზე ოცნებობდა, მაგრამ მოხდა ისე, რომ დედამ ჩვენ გაგვაჩინა. რა თქმა უნდა, მამა ამის შესახებ გაიგებდა, ვფიქრობ, იგი თავისი ნებით არ მიგვატოვებდა და რაღაც დონეზე მაინც ექნებოდა ჩვენთან კონტაქტი.
– როგორ ფიქრობთ, რა რეაქცია ექნება მამათქვენის ოჯახს, თუკი გაირკვა, რომ მათ არ იციან თქვენი არსებობის შესახებ? თქვენი ნახევარდების გაცნობა თუ გსურს?
– ჩემსა და ჩემს დას შორის ხშირად იყო ლაპარაკი ჩვენს ნახევარდებზე. შესაძლებელია, რომ მამას შემდეგ ბიჭიც ეყოლა, ანუ, შეიძლება, მე ნახევარძმაც მყავს. ვერ წარმოიდგენთ, რამდენად დიდი სურვილი გვაქვს მათი გაცნობის და მათთან დაახლოების, თუ, რა თქმა უნდა, მათი მხრიდანაც იქნება ამის სურვილი. რამდენადაც ვიცით, მამა თბილისში ცხოვრობდა, მაგრამ ზუსტი მისამართი დედაჩემმაც არ იცის. დიდ იმედს ვამყარებთ ფოტოზე. იმედი გვაქვს, რომ მამაჩვენის ოჯახი ჩვენთან ურთიერთობის წინააღმდეგი არ იქნება. ძალიან დიდი დროა გასული მას შემდეგ, რაც მამამ დედა გაიცნო და, არა მგონია, რომ მისმა პირველმა მეუღლემ საწინააღმდეგო თქვას. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ მისგან არაფერი გვინდა, გარდა მისი ნახვისა და ჩვენი ნახევარძმისა და დების გაცნობისა. რთულია, როდესაც იცი, რომ სადღაც გყავს უახლოესი ნათესავები, რომლებსაც შენ არც კი იცნობ. დედაჩვენს მამაჩვენის მერე არავინ ჰყოლია, ის არც კი გათხოვილა, მთელი თავისი ცხოვრება ჩვენ, შვილებს დაგვითმო. მისი ამგვარი ქცევა, ანუ საცხოვრებელი მისამართის გამოცვლა, სწორედ იმიტომ მოხდა, რომ მას არ სურდა სხვისი ოჯახის დანგრევა. აღსანიშნავია, რომ არც ამჟამად გვსურს ამგვარი რამე არც მე და არც ჩემს დას და, თავისთავად, არც დედას.
– როგორ ფიქრობთ, მამათქვენს რა რეაქცია ექნება, თუკი ჩვენ მას ვიპოვით, ან, თქვენ თუ აპირებთ ჩამოსვლას მასთან შესახვედრად?
– თუკი ეს სასწაული მოხდება და მამაჩემს იპოვით, ასევე, თუ მისი და მისი ოჯახის წევრების სურვილიც იქნება, ჩვენ აუცილებლად შევხვდებით ერთმანეთს. ჯერჯერობით ამაზე ფიქრიც კი არ შემიძლია, რადგან უკვე, ამდენი წელია, რაც მას ვეძებთ და უშედეგოდ. ძნელია, წინასწარ აღწერო შეგრძნებები, რომლებიც დაგეუფლება მომავალში. ყველაფერი ღვთის ნებაა.
თუ ვინმეს გაქვთ რამე ინფორმაცია ამ ისტორიების შესახებ, ან თუ გსურთ თქვენც გაგიწიოთ დახმარება დაკარგული ახლობლის მოძებნაში, დაგვიკავშირდით: 33-42-24; 893 22-04-31. დარეკეთ საღამოს, 6 საათის შემდეგ. E-mail: tbiliselebi2001@yahoo.com.
ნატალია მახარაშვილი