რატომ ელის საქართველოს საჯარო სკოლებს იორდანიის სკოლების ბედი და რატომ არ იცის დღემდე განათლების სამინისტრომ, ვის და რა კრიტერიუმებით მისცემს ატესტატს
სიმონ ჯანაშია იმ ექსპერტთა რიცხვს მიეკუთვნება, რომლებიც ვარაუდობდნენ, რომ საატესტატო გამოცდების მომზადება ვერ მოესწრებოდა, თუმცა გამოცდების ცენტრმა აღებული ვალდებულება შეასრულა (რის შედეგსაც, ბუნებრივია, მხოლოდ გამოცდების მიმდინარეობისა და მისი დასრულების შემდეგ ვნახავთ). მეტიც, თავის ელექტრონულ გვერდზე მეთორმეტეკლასელთათვის პრეტესტის გამოცდაც მოაწყო. შესაბამისად, სწორედ სიმონ ჯანაშიას ვთხოვეთ საატესტატო გამოცდების როგორც შინაარსობრივი, ისე ტექნიკური მხარის შეფასება.
– რა ეჭვი გაქვთ, რამდენად წარმატებული იქნება საატესტატო გამოცდები?
– ვიცით ის, დაახლოებით, რა ტიპის კითხვები იქნება და როგორი სისტემით ჩატარდება გამოცდა. ის გულისხმობს კომპიუტერის მეშვეობით პასუხების გაცემას და სხვადასხვა საგანში სხვადასხვა სირთულის კითხვა იქნება. თუ დავახარისხებთ კითხვებს იმის მიხედვით, რამდენია ისეთი, რომელიც რაღაცის გახსენებას გულისხმობს; რამდენი ისეთი, რომელიც გულისხმობს გახსენების შემდეგ რაღაც ოპერაციის ჩატარებას და ისეთები, რომლებიც მრავალწლიანი ვარჯიშის შედეგად გამომუშავებული უნარების გამომჟღავნებას გულისხმობს, ვნახავთ, რომ, სამწუხაროდ, კითხვების აბსოლუტური უმეტესობა ინფორმაციის გახსენებაზეა დაფუძნებული. მაგალითად, ისტორიის პრეტესტში 48 კითხვა იყო და ყველა გულისხმობს იმას, თუ რამდენად ახსოვს მოსწავლეს, რაც წაუკითხავს, თუ, რა თქმა უნდა, წაუკითხავს. არც ანალიზია, არც ინტერპრეტაცია, არც საკუთარი აზრის გამოხატვა. ანუ ამ ტესტების შემქმნელების აზრით, ისტორიის ცოდნა უნდა გამოიცადოს ფაქტების დამახსოვრებით. თუმცა ქართულის ტესტში არის კითხვები, რომლებიც გახსენებას გულისხმობს და არის ისეთებიც, რომლებიც რაღაც წესების მიხედვით შეფასდება და არის კითხვები, რომლებიც მრავალწლიანი მუშაობის შედეგს ამოწმებს. მაგრამ ლიტერატურის ნაწილში 24 კითხვიდან 18 კითხვა გახსენებას უკავშირდება. 16 კითხვა პირდაპირ ასეთი ფრაზით იწყება: გაიხსენეთ ესა და ეს ნაწარმოები. გამოდის, რომ ლიტერატურის ცოდნის შემოწმებასაც იმით აპირებენ, რამდენად ახსოვს მოსწავლეს კონკრეტული ნაწარმოების რომელიმე ეპიზოდი, მიუხედავად იმისა, არის თუ არა მნიშვნელოვანი ეს მონაკვეთი. ეს გულისხმობს იმას, რომ სკოლები გადაერთვებიან ამ მიზნების შესრულებაზე და, თუ მასწავლებელი ნახავს, რომ მისი წარმატება გაიზომება დაზეპირებით, ისიც დააწყებინებს მოსწავლეებს დაზეპირებას.
– სხვა საგნებში როგორ არის საქმე?
– სხვადასხვანაირად: ფიზიკაში არის კითხვები, რომელიც გახსენებას გულისხმობს, მაგრამ, ასევე, არის ამოცანები. ამოცანები, თავისთავად, გულისხმობს რაღაც წესის ან ინფორმაციის გამოყენებას, მაგრამ ეს არ არის ცხოვრებისეული ამოცანები. ეს არ არის ამოცანები იმის შესახებ, როგორ გადავჭრათ ესა თუ ის რეალური პრობლემა და არ ამოწმებს ისეთ უნარებს, როგორებიცაა რაციონალური აზროვნება, კლასიფიცირება, შეფასება, ანალიზის საფუძველზე სირთულეების დანახვა და საკუთარი ალტერნატიული გადაწყვეტილების მიღება.
– იქნებ დროის სიმცირის გამო ვერაფერი მოახერხეს ამაზე მეტი და მომავალში დახვეწონ?
– სხვადასხვა საგანში სხვადასხვანაირი სურათია.
– ეტყობა, ვიღაც უფრო უნარიანი აღმოჩნდა, ვიღაც – ნაკლებად.
– რაც შეეხება დროის სიმცირეს: გამოცდების ცენტრს მსგავსი კითხვები აქვს მისაღებ გამოცდებზე და შეეძლოთ, გამოეყენებინათ იმ დავალებების ნაწილი, რაც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ჰქონდათ მისაღებ გამოცდებზე. სამწუხაროდ, ეს არ გააკეთეს.
– რატომ?
– ვერ გეტყვით, მაგრამ ეს ნიშნავს, რომ სურათი გაუარესდება. იმ სკოლებშიც, სადაც ისტორიას იმაზე უკეთ ასწავლიდნენ, ვიდრე დაზეპირებაა, მოსწავლეები ძირითადად ორიენტირებული იქნებიან დაზეპირებაზე.
– ახლა უარყოფენ, მაგრამ ზუსტად მახსოვს, ეროვნული გამოცდების ცენტრი ირწმუნებოდა, რომ საატესტატო გამოცდები შეამოწმებდა ელემენტარულ ცოდნას და მოსწავლეებს მინიმალური კომპეტენციის ზღვრის გადალახვა დაევალებოდათ, თუმცა პრეტესტშიც გამოჩნდა, რომ ეს მთლად ელემენტარული ცოდნაც არ არის?
– ფაქტების დამახსოვრება ელემენტარულია.
– მაგრამ უნდა დაიმახსოვრო, ანუ შრომატევადია.
– ყველაზე ადვილია.
– ადვილი, თუ გონება გიჭრის, ანალიზია. არაფრის დაზეპირება არ გჭირდება და ტვინს არ ღლი უსარგებლო ინფორმაციით.
– მეორე საკითხია, რა რაოდენობის ფაქტების დამახსოვრებას სთხოვ მოსწავლეს. გაცილებით უფრო რთულია ანალიზის გაკეთება, ვიდრე დამახსოვრება, მაგრამ, თუ უნდა დაიმახსოვრო ყველაფერი, რაც წიგნში წერია, მიუხედავად იმისა, არის თუ არა მნიშვნელოვანი, ამის დამახსოვრება რთული იქნება. თუმცა, რაც უნდა დიდი იყოს კითხვების არეალი, საბოლოო ჯამში, გადამწყვეტი მაინც ის იქნება, რამდენ ქულაზე დაწესდება ბარიერი.
– ბარიერი არ არისო.
– იქნება.
– ბევრი ვეცადე, მაგრამ არ მითხრეს, რამაც გამიჩინა ეჭვი, რომ, თუ სურათი მძიმე იქნა, მაინც თითქმის ყველა მეთორმეტეკლასელს ჩაუთვლიან ჩაბარებულად საატესტატო გამოცდებს. ოღონდ ეს მხოლოდ ჩემი შთაბეჭდილებაა.
– ბარიერი იქნება, რადგან არ არსებობს ისეთი ტესტი, რომელსაც არ აქვს ბარიერი. უბრალოდ არ იციან, რა არის ეს ბარიერი. როგორც ჩანს, ჯერ თვითონაც არ იციან, ვინ დაიმსახურებს ატესტატს. მაგალითად, ისტორიის ტესტის შემთხვევაში დიდი განსხვავება კითხვებს შორის სირთულის მიხედვით არ არის. მეორე მხრივ, თუ სირთულეს გავზომავთ მოსწავლეების პასუხების მიხედვით, ეს ძალიან ხელოვნური დაყოფა იქნება. რადგან, თუ წინასწარი ტესტირების შემთხვევაში ადამიანების უმეტესობამ ვერ უპასუხა კითხვას, დავით აღმაშენებელი ქალია თუ კაცი, შეიძლება, ეს რთულ კითხვად ჩაითვალოს?! ამას გარდა, იმისთვის, რომ მოსწავლე მოემზადოს ამ ტესტისთვის, ყველა სახელმძღვანელო უნდა გადაიმეოროს, რომელიც ამ საგანში გაუვლია. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ იყვნენ მოსწავლეები, რომლებიც ვერ ყიდულობდნენ სახელმძღვანელოებს და ამიტომ არ აქვთ, ის სახელმძღვანელოები კი უკვე აღარ იყიდება, უნდა ვიგულისხმოთ, რომ ყველაზე მეტად დაიჩაგრება ის, ვისაც ყველაზე ნაკლები რესურსი ჰქონდა.
– საატესტატო გამოცდასაც სოციალურ პრობლემამდე მივყავართ?
– ამ გამოცდებითაც, ისევე, როგორც მისაღები გამოცდებით, სოციალურად დაუცველებს დამატებითი ბარიერი დაუწესდათ. კიდევ ერთი პრობლემა ის არის, რომ კითხვების ნაწილი უბრალოდ მოძველებულია. მაგალითად, არის ასეთი კითხვა: სად მოიპოვება მარმარილო საქართველოში? ასეთი კითხვები გაცილებით მნიშვნელოვანი იყო გასული საუკუნის 50-იან წლებში, მაგრამ დღეს აქტუალური აღარ არის. საერთოდ, საგამოცდო კითხვების შერჩევის დროს, კარგი იქნება, ადამიანები, ვინც ამ კითხვებს ადგენს, დაფიქრდნენ, რა არის თანამედროვეობა. მგონია, რომ ჩვენ 20 წლით უკან დავბრუნდით. 1991 წელს, როდესაც მე ვაბარებდი, უნდა დაგეზეპირებინა საკითხები და ისე გეპასუხა. მეც ჩავაბარე საატესტატო გამოცდები და მეცხრე კლასში გადასაყვანი გამოცდებიც, იმის გარდა, რომ იყო კორუფცია, დავიზეპირეთ რაღაცეები, საიდანაც არაფერი აღარ გვახსოვს.
– არ უნდა იცოდეს წინასწარ მოსწავლემ, რა შემთხვევაში ჩაეთვლება საატესტატო გამოცდა ჩაბარებულად?
– ასეთი ტესტების არასრულყოფილება ის არის, რომ შეიძლება, მოსწავლემ არ იცოდეს, სად ისმება წერტილი და ატესტატი მაინც აიღოს, იმიტომ რომ უპასუხოს რაღაც სხვა კითხვებს. საატესტატო გამოცდების დანიშვნა ეფუძნება არასწორ მოსაზრებას, რომ, თუ იქნება შემოწმების მექანიზმი, მოსწავლეები სწავლას დაიწყებენ. ასეთი გულუბრყვილო წარმოდგენები განათლების სისტემის შესახებ მხოლოდ საქართველოში არ არის. ბევრ ქვეყანას მოსვლია მსგავსი რამ. უბრალოდ არსებობს ქვეყნები, სადაც სხვის გამოცდილებას სწავლობენ და ცდილობენ, არ გაიმეორონ უკვე დაშვებული შეცდომები.
– მაგალითად?
– მსგავსი რამ იყო შემოღებული ამერიკაში და დადგინდა, რომ გამოცდების დანიშვნა ცოდნის დონეს არ აუმჯობესებს. მაგრამ ხდება ქულებით მანიპულირება: თუ იქნა მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ ყველამ აიღოს ატესტატი, ყველა აიღებს და იტყვიან, რომ ძალიან განათლებული თაობა ჰყავთ, ხოლო, თუ იქნა პოლიტიკური გადაწყვეტილება, ვაჩვენოთ, რომ არ გვყავს განათლებული თაობა და გვინდა, ცუდი შედეგი ვაჩვენოთ, ვაჩვენებთ ცუდ შედეგს. სამწუხაროდ, ასეთი მიდგომა იწვევს იმას, რომ სკოლებმა გაყარონ ან ჩატოვონ მოსწავლეები სკოლებიდან. მაგალითად, იორდანიაში აბსოლუტურად იდენტური სისტემაა: იგივე რაოდენობის მოსახლეობით, იგივე რეფორმა ჩატარდა მსოფლიო ბანკის პროექტით. იგივე სასწავლო პროგრამაა, არის გამოსაშვები გამოცდები და შედეგად მიიღეს ის, რომ მოსწავლეების დიდი ნაწილი ან ტოვებს სკოლას, იმიტომ რომ არ უნდა სწავლის გაგრძელება, მეორე ნაწილი კი მეცხრე-მეათე კლასშია, რომ ვერ მიაღწიოს გამოსაშვებ გამოცდებამდე. შესაბამისად, ყველა კმაყოფილია: სკოლა ისევ იღებს ფულს სახელმწიფოსგან, არ აგდებს მოსწავლეს სკოლიდან, ჩატოვებს კლასში და რეიტინგსაც ინარჩუნებს. ჩვენთანაც არის ლაპარაკი იმაზე, რომ ამ გამოცდების შედეგებით დავსაჯოთ ან წავახალისოთ დირექტორები. ეს პირდაპირ ნიშნავს, რომ მოიხსნება იმ სკოლის დირექტორი, სადაც უარესი შედეგი იქნება. ისევ ამერიკის მაგალითს მოვიყვან: იქ დაუშვეს ასეთი შეცდომა: მასწავლებლების წახალისება ხდებოდა მოსწავლეების შედეგების მიხედვით. არადა არსებობს კვლევები, რომლებიც აჩვენებს, რომ ოჯახს უფრო მეტი გავლენა აქვს მოსწავლის შედეგებზე, ვიდრე სკოლის ხარისხს. ასე რომ, ეს საკმაოდ კომპლექსური პრობლემა.
– ესე იგი, ამ საატესტატო გამოცდების მთავარი მიზანი ფიარია?
– ფიარიც არის.
– მაგრამ ათი წელი რომ გავა და „დიდი მწვანე ველისა“ არ იყოს, ისევ ის „მენახირეები“ ვიქნებით?
– საატესტატო გამოცდების შემოღებით არაფერი შეიცვლება. უბრალოდ ეს იმის მცდელობაა, ისეთივე ეფექტი მიიღონ საატესტატო გამოცდებიდან, როგორიც მისაღებმა გამოცდებმა მოიტანა. მათ შორის, ის ეფექტიც, რომ სახელმწიფო აღიარებს ყველა ადამიანის თანასწორობას განათლების მიღებისას.
– კომიკური სიტუაციაა: სკოლების ნაწილში მეთორმეტეკლასელები არ დადიან, როგორც ამბობენ, მატერიალური ანაზღაურების სანაცვლოდ; მასწავლებელთა ნაწილი, იმის ნაცვლად, გაკვეთილი ჩაუტაროს ყველას, კერძოდ ამეცადინებენ მოსწავლეებს. ანუ განათლების სისტემის ორმა მთავარმა მონაწილემ: პედაგოგმა და მოსწავლემ, იცის, რომ ეს ფარსია?
– მე ასე ემოციურად არ შევხედავდი ამ საკითხს, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენთან გადაწყვეტილებების მიმღებები ფიქრობენ, რომ რეპეტიტორობა არის პრობლემის ინდიკატორი. მე კი ვფიქრობ, რომ რეპეტიტორობა პრობლემაა. თუ მასწავლებელი სახლში ასწავლის მოსწავლეს და ეს მისაღებია მშობლისთვის, ესე იგი, მშობელს სჯერა, რომ მასწავლებელმა შეიძლება, ასწავლოს. პრობლემაა სკოლის მართვა, მაგრამ ჩვენთან განათლების სისტემის ეს მხარე დიდად არ აინტერესებთ, ძირითადად, განათლება აინტერესებთ ინფრასტრუქტურის ფარგლებში, რომ ყველას ჰქონდეს წიგნი, კომპიუტერი, გათბობა.
– მაგრამ ყველას არც ერთი აქვს, არც მეორე და არც მესამე?
– ამის მიღწევა ადვილია, მთავარია, სისტემის მოწესრიგება. ეს გამოცდები კი კიდევ უფრო დიდ პრობლემას გააჩენს. ლაპარაკია 2 500 სკოლაში გამოცდების ჩატარებაზე, როგორ უნდა მიაღწიოს სახელმწიფომ იმას, რომ ყველგან მოწესრიგებულად ჩატარდეს გამოცდები?! ყველაფერს აკეთებს სახელმწიფო, რომ სკოლას გაყალბებისთვის მოტივაცია ჰქონდეს. შესაბამისად, ჩნდება ცდუნება, ისე ჩაატარონ გამოცდები, რომ სასურველი შედეგი მიიღონ.
– ანუ მასწავლებლები დაეხმარებიან მოსწავლეებს?
– თუნდაც. როგორ უნდა მოხერხდეს იმის თავიდან აცილება, რომ ერთი ბავშვის ნაცვლად მეორე არ მოვიდეს გამოცდაზე? რომ ერთმანეთს არ უკარნახონ? იმავე ამერიკის შეერთებულ შტატებში მასწავლებლები აყალბებდნენ შედეგებს იმავე პირობებში. უკეთესი იქნებოდა, სკოლებისთვის მიგვეცა შესაძლებლობა, თავად შეერჩია საგამოცდო კითხვები.
– ერჩიან რამეს მეთორმეტეკლასელებს?
– უბრალოდ ჰგონიათ, რომ გამოცდებით გაიზრდება სწავლის მოტივაცია. რომ გამოცდა გახდება ორიენტირი საიმისოდ, რამე ისწავლოს მოსწავლემ და ამიტომ რაღაც მაინც ეცოდინება მომავალ თაობას, თუმცა არავინ იცის, რა არის ეს რაღაც. მეორე მხრივ, თუ ამ საგამოცდო ცენტრში შეუძლიათ მისაღები გამოცდების მომზადება და ვერ აკეთებენ საატესტატო გამოცდების კითხვებს, იქნებ იმიტომ, რომ ასეთი კითხვების მომზადებას უფრო მეტი დრო სჭირდება? მაშინ, თუ პროფესიონალი ხარ, უნდა თქვა, რომ ასეთ დროში კარგი გამოცდის გაკეთება შეუძლებელია და მე ვაკეთებ ცუდ გამოცდას. მაინტერესებს, თუ მე თორმეტი წლის განმავლობაში კარგად ვსწავლობდი და გამოცდის დღეს სიცხემ ამიწია, ატესტატი შემდეგ წელს უნდა ავიღო?! საერთოდ, არ შეიძლება, ერთი გამოცდით გადაწყვეტილების მიღება. სხვათა შორის, ასეთი რამ ხდება საქართველოში, ჩინეთსა და ირანში.