მზრუნველი „რაო“
ალაგ-ალაგ ამნეზია
იმის მიუხედავად, რომ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ჯერაც არ აუხსნია გრიფი „საიდუმლოდ“ იმ დოკუმენტზე, რომელიც გაგვარკვევდა, ეს ენგურჰესი ჩვენია თუ „რაოსია“, გასულ კვირას მინისტრმა ხეთაგურმა საზეიმოდ გვამცნო, რომ ჰიდროელექტროსადგურები „ხრამჰესი 1“ და „ხრამჰესი 2“ „ინტერ რაოს“ გადასცა. თუმცა, მხოლოდ გადაცემას ვინ ჩივის, ეს გარიგება მომგებიან გადაწყვეტილებადაც შემოგვასაღა. სახელდობრ, ბ-ნი ხეთაგური ბრძანებს, რომ რუსული კომპანიისთვის ეს ერთგვარი სტიმულია, რომ, ჯერ ერთი, ჰესები უფრო მეტი დატვირთვით აამუშაონ; მეორე, მათ რეაბილიტაციაზე იზრუნონ; მესამე, მეტი ენერგია გამოიმუშაონ და, რაც მთავარია, ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტს მეტი სარგებელი მოუტანონ (ვითომ რუსული, განსაკუთრებით, სახელმწიფო კომპანიების ოცნებაა, რაც შეიძლება, მეტად ახეირონ საქართველოს ბიუჯეტი?!).
სახელდობრ, ბ-ნი ხეთაგური განმარტავს, რომ „ინტერ რაოს“ 2025 წლამდე ჰესების მართვის უფლება ისედაც ჰქონდა, ეს კი ფაქტობრივად, იგივეა, რაც ამ ხნის განმავლობაში ჰესების მათ საკუთრებაში არსებობა“. მეორე მხრივ, მაგალითად, იგივე ბ-ნი ხეთაგური ენგურჰესის „ინტერ რაოსთვის“ მართვის უფლების გადაცემის კომენტირებისას გვიმტკიცებდა, რომ მართვისა და ფლობის უფლებები რადიკალურად განსხვავებულია. შესაძლოა, მაშინ იმიტომაც გვიმტკიცებდა ამას, რომ, დღევანდელი გადასახედიდან, „ამ ეტაპზე ჩვენთვის უფრო მომგებიანია, „ინტერ რაო“ არა მმართველი, არამედ მფლობელი იყოს“ (ნეტავ, რატომ?!).
შეუიარაღებელი თვალითაც ნათელია, რომ ენერგეტიკის მინისტრი ერთსა და იმავე საკითხს ორწლიანი შუალედით სრულიად განსხვავებულად აფასებს. აქედან გამომდინარე კი, ჩნდება ეჭვი, რომ, ან ეს ჩვენი ახალგაზრდა მინისტრი ნაადრევ ალაგ-ალაგ ამნეზიას შეუწუხებია, ან, იმის იმედად არის, რომ ამნეზიას საქართველოს მაქალაქეები უჩივიან.