რამდენჯერ იყო დაქორწინებული გვატემალის პრეზიდენტი ალვარო კოლომი და რატომ მოუხადა მას ბოდიში ამერიკის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ
გვატემალა ყველაზე მჭიდროდ დასახლებული რესპუბლიკაა ცენტრალური ამერიკის რეგიონში, სადაც მოსახლეობის უმრავლესობას მეტისები და ინდიელები შეადგენენ. 1985 წელს მიღებული ახალი კონსტიტუციის თანახმად, გვატემალის მეთაურია პრეზიდენტი, რომელიც 4 წლის ვადით ირჩევა. ქვეყნის ამჟამინდელი პრეზიდენტია, სოციალ-დემოკრატი ალვარო კოლომ კაბალიეროსი, რომელიც 2008 წლიდან უდგას სათავეში ამ ლათინურ-ამერიკულ სახელმწიფოს. სწორედ მის შესახებ არსებულ საინტერესო ფაქტებს შეიტყობთ „თბილისელების” ამ ნომრიდან.
* ალვარო კოლომ კაბალიეროსი 1951 წელს დაიბადა გვატემალის დედაქალაქ გვატემალაში. ანტონიო კოლომ არგეტისა და იოლანდა ფერატე კაბალიეროს ოჯახში იგი მეოთხე შვილი იყო. 1969 წელს ალვარომ „ლიცეო გვატემალას” კოლეჯის ბაკალავრის ხარისხი მიიღო და სწავლა სან-კარლოსის უნივერსიტეტში, საინჟინრო ფაკულტეტზე განაგრძო.
* 1976 წელს გვატემალაში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ, რომელმაც 23 ათასი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ალვარო კოლომი კატასტროფის შედეგების ლიკვიდაციაში აქტიურად ჩაერთო. საკუთარი ქსოვილების საწარმო გახსნა და დაზარალებულებს ტანსაცმლით ეხმარებოდა. გვატემალის მთავრობაში არსებული კავშირებით კოლომმა საკუთარი ბიზნესი წარმატებით განავითარა და 1977 წელს გვატემალის მეწარმეთა პალატის წევრი გახდა. 1984 წელს იგი მეწარმეთა კავშირის თავმჯდომარედ აირჩიეს, ხოლო 1986 წელს ალვარო კოლომმა პოლიტიკაში წასვლა გადაწყვიტა.
* 1991 წელს ალვარო კოლომი გვატემალის ეკონომიკის მინისტრი გახლდათ, ხოლო მოგვიანებით, მშვიდობის ნაციონალური ფონდის პრეზიდენტი გახდა. ამ თანამდებობაზე იგი სამოქალაქო ომით გამოწვეული კატასტროფის შედეგების ლიკვიდაციისა და დევნილთა რეპატრიაციის საქმეებს განაგებდა. ექვსი წლის განმავლობაში ალვარო კოლომი ხელმძღვანელობდა სოფლების, ქალაქებისა და საწარმოო ობიექტების აღდგენით სამუშაოებს.
* ამერიკის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ გვატემალის პრეზიდენტ ალვარო კოლომ კაბალიეროსს პირადად მოუხადა ბოდიში. ამ ფაქტით ობამამ აღიარა, რომ 1946-1948 წლებში ამერიკელი ექიმები და მეცნიერები განგებ ავრცელებდნენ გვატემალის მოსახლეობაში ჰონორეისა და სიფილისის ვირუსს, რათა პენიცილინით მკურნალობის კვლევები ჩაეტარებინათ. ამერიკის მთავრობის საიდუმლო ოპერაციის თანახმად, გვატემალის რამდენიმე ათას მოქალაქეს, უმეტეს შემთხვევაში პატიმრებს, ფსიქიკურად დაავადებულებსა და სხვა კატეგორიის ადამიანებს ვენერიული დაავადებებით ასნეულებდნენ და შემდგომ მათზე კვლევებს ატარებდნენ. არსებული დოკუმენტაციის თანახმად, უცნობია, თუ რა ბედი ეწიათ დაავადებულ ადამიანებს. ამ ფაქტის გახმაურებისთანავე, ალვარო კოლომი აღშფოთდა და ექსპერიმენტში მონაწილე ამერიკელ ექიმებს, კაცობრიობის წინაშე დანაშაულის ჩადენაში დასდო ბრალი. საინტერესოა, რომ კოლომის განცხადებას მხარი დაუჭირეს წამყვანმა ამერიკელმა პოლიტიკოსებმა – ჰილარი კლინტონმა და ჯანდაცვის მინისტრმა, კეტრინ სიბელიუსმა. მათი თქმით, აღნიშნული ვანდალური ფაქტი, ამერიკის სახელმწიფოს ფასეულობების საწინააღმდეგოდ იყო მომართული.
* 2009 წელს აგორდა სკანდალი, რომელიც გვატემალელ ადვოკატ როდრიგო როზენბერგს და პრეზიდენტ ალვარო კოლომს უკავშირდებოდა. მაისის დასაწყისში გავრცელდა ვიდეოჩანაწერი, რომელშიც როზენბერგი აცხადებდა, რომ მას მოკვლით ემუქრებოდნენ და თუკი ეს მოხდებოდა, მკვლელობის შემკვეთად პრეზიდენტი კოლომი დაასახელა. ჩანაწერის გავრცელებიდან ცოტა ხანში, როზენბერგი მართლა მოკლეს და ამ ფაქტს მოჰყვა ოპოზიციური გამოსვლები გვატემალაში. ოპოზიცია პრეზიდენტის გადადგომას ითხოვდა, ხოლო კოლომი უარს აცხადებდა პოსტის დატოვებაზე, და ამ საქმეში თავს უდანაშაულოდ მიიჩნევდა. 2010 წლის იანვარში გახმაურებული საქმის უცნობი დეტალები გვატემალის პროკურატურისა და გაეროს სპეციალური კომიტეტის საერთო მუშაობის წყალობით გახდა ცნობილი. აღმოჩნდა, რომ როდრიგო როზენბერგმა თავად დაგეგმა საკუთარი მკვლელობა და კოლომისთვის დაბრალება პირადი ანტიპათიის გამო გადაწყვიტა.
* გვატემალის ოპოზიციის აზრით, ალვარო კოლომის მთავრობა ყველაზე უნიჭო და უპასუხისმგებლოა გვატემალის არსებობის ისტორიაში. მათი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ გვატემალის მოსახლეობის 60 პროცენტი სიღარიბის ზღვარს ქვევით ცხოვრობს, კოლომი ყოველთვიურად, ხელფასის სახით, 18 500 ამერიკულ დოლარს იღებს და ის ყველაზე მაღალანაზღაურებადი პრეზიდენტია ლათინური ამერიკის ქვეყნებს შორის.
* გვატემალის პრეზიდენტმა ალვარო კოლომმა საკუთარ კაბინეტსა და პრეზიდენტის რეზიდენციის სხვა ოთახებში მოსასმენი აპარატურა და სათვალთვალო მიკრო კამერები აღმოაჩინა. კამერები იპოვეს ასევე კულტურის ნაციონალურ სახლში, სადაც განთავსებულია გვატემალის მთავრობა. საერთო ჯამში, სამართალდამცველებმა 17 ნაირსახეობის მოსასმენი და სათვალთვალო მოწყობილობა აღმოაჩინეს. გვატემალის პროკურატურა იძიებს ამ საქმეს, მაგრამ დღემდე უცნობია, ვინ და რა მიზნით დაამონტაჟა ეს მოსასმენი აპარატურა.
* გვატემალის პრეზიდენტის, ალვარო კოლომის მოსკოვში ვიზიტის დროს, ხელი მოეწერა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას სამხედრო და ეკონომიკურ საკითხებში. საინტერესოა, რომ გვატემალის მხარემ გამოთქვა სურვილი, შეიძინოს რუსული სამხედრო ტექნიკა და სანაცვლოდ, ფულის მაგივრად, შაქარი და ყავა გადაუხადოს. რუსეთსა და გვატემალას მჭიდრო მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს. შეგახსენებთ, რომ სწორედ გვატემალაში გამართულ ოლიმპიურ კონგრესზე გადაწყდა, რომ 2014 წელს ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს სოჭი უმასპინძლებდა.
* ალვარო კოლომ კაბალიეროსი სამჯერ იყო დაქორწინებული. პირველი მეუღლე – პატრისია სზარატა 1977 წელს ავტოკატასტროფაში დაიღუპა და მისგან პრეზიდენტს ორი შვილი დარჩა. მეორედ კოლომი 1980 წელს დაქორწინდა, თუმცა მალევე დაშორდა ცოლს. მეორე ქორწინებიდან მას ვაჟიშვილი ჰყავს. ალვარო კოლომის ამჟამინდელი, მესამე მეუღლე – სანდრა ტორესი ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ქალბატონია ცენტრალური ამერიკის რეგიონში. იგი ჩართულია საზოგადოებრივ საქმიანობაში და გვატემალელების თქმით, ტელევიზიით ის უფრო ხშირად ჩნდება, ვიდრე მისი მეუღლე. სულ ახლახან გავრცელდა ცნობა, რომ მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში ალვარო კოლომი აღარ აპირებს მონაწილეობის მიღებას და სავარაუდოდ, მის პოსტს მისი მეუღლე – სანდრა დაიკავებს, რომელიც მოსახლეობის უმრავლესობის მხარდაჭერით სარგებლობს. საპრეზიდენტო არჩევნები გვატემალაში 2011 წლის სექტემბერშია დანიშნული.