რისგან შეიძლება დაიღუპოს ბუტია-კაპიტატა და როგორ ნიადაგში გაიზრდება სწრაფად ჰეოფორბა
გაზაფხულის დადგომისთანავე, თითქმის ყველა მცენარეს გარე კლიმატში უყვარს ყოფნა. ამ დროს განსაკუთრებით ლამაზია კარგად გახარებული პალმები. „ფლორა ინტერნაციონალის” წარმომადგენელთან ბიოლოგიის მეცნიერ-მუშაკ ამირან ბიწაძესთან ერთად, სწორედ ორ განსხვავებულ პალმაზე ვისაუბრებთ და გავარკვევთ, როგორ მოვუაროთ მათ გაზაფხულის სეზონზე.
– ბატონო ამირან, რას გვეტყვით ბუტია-კაპიტატას შესახებ, როგორი მცენარეა ის?
– ეს ულამაზესი მცენარე, რომელსაც უცნაური ფოთოლწყობა აქვს, წარმოშობით ჩილესა და პარაგვაიდან არის. სამშობლოში მისი სიმაღლე 12 მეტრს აღწევს, ჩვენს პირობებში კი 2-4 მეტრი სიმაღლის იზრდება.
მცენარე პალმისებრთა ოჯახს მიეკუთვნება და სხვა მცენარეებთან შედარებით პრეტენზიულიც ნაკლებადაა. მას ახასიათებს გრძელი ფოთლები, რომლებიც პალმას ირგვლივ აქვს შემოხვეული და მის ტანს თითქმის მთლიანად ფარავს.
– როგორც ვიცი, ამ მცენარის ნაყოფს საკვებადაც კი იყენებენ.
– პარაგვაელები მის ნაყოფს ფქვავდნენ და ფქვილად იყენებდნენ, მცენარის ტოტის ღეროსგან კი ცხიმს იღებდნენ.
– როგორ პირობებს ეგუება ბუტია-კაპიტატა?
– მას ძალიან უყვარს მზე, თუმცა, ჩრდილშიც კარგად გრძნობს თავს. ის უპრეტენზიო მცენარეა და ნაკლებ ყურადღებას მოითხოვს.
– როგორ ეგუება მცენარე საქართველოს კლიმატს?
– საქართველოში ეს მცენარე კარგად იტანს მაღალ ტემპერატურას, დაახლოებით 28-35 გრადუსს. რაც შეეხება ზამთარს, ამ დროს მას 20-25 გრადუსი სჭირდება. ბინაში მისთვის სასურველი ტემპერატურის შესაქმნელად გამოიყენეთ გამათბობელი.
– რა სიხშირით უნდა მოვრწყათ მცენარე?
– მთელი ზაფხულის პერიოდში ეცადეთ, მცენარეს მიწა ნახევრად ტენიანი ჰქონდეს, ზამთარში კი საკმარისი იქნება 15 დღეში ერთხელ მორწყვა.
– რას გვირჩევთ, რით გავამრავლოთ ეს მცენარე?
– მცენარე მრავლდება მხოლოდ თესლით. მისი თესლის მოძიება რთული არ არის – შეგიძლიათ, ყვავილების მაღაზიებში ან ბოტანიკურ ბაღში შეიძინოთ. მართალია, ბუტია-კაპიტატას უჩნდება ამონაყარიც, მაგრამ ამით მცენარეს ვერ გაახარებთ, რადგან მის ამონაყარს არ უჩნდება ფესვები – ის დედა ძირზეა მიმაგრებული.
– როგორ ნიადაგში ჩავრგათ მცენარე და რამდენ ხანში ერთხელ გვირჩევთ მის გადარგვას?
– მცენარე თავს კარგად გრძნობს ასეთ ნაზავში: ერთი წილი ნაკელი, ორ-ორი წილი ტორფი და ნახერხი და სამი წილი მიწა. ბუტია-კაპიტატა გადარგეთ მხოლოდ ოთხ წელიწადში ერთხელ, ისე, რომ ფესვთა სისტემას არ შეეხოთ. არ შეკვეცოთ მისი ფოთლები, სანამ თავად არ გაყვითლდება. ამ მცენარეს არ უყვარს ძალით ფოთლების შეჭრა, ასეთ შემთხვევაში, შეიძლება მას დაავადება შეეყაროს და დაიღუპოს.
– რისგან შეიძლება დაავადდეს მცენარე?
– მცენარეს დაავადებებიდან მხოლოდ წითელი ტკიპა უჩნდება, რომლის მოშორებაც შემდეგნაირად ხდება: ორი კოლოფი თუთუნი ჩაყარეთ ორლიტრიან თბილ წყალში, ამას დაუმატეთ ერთი ჩაის კოვზი სოდა და შეასხურეთ კვირაში 2-3-ჯერ. ეს პროცედურა გაიმეორეთ მანამ, სანამ მცენარეს წითელი ტკიპა არ მოშორდება.
– რას გვირჩევთ, ამ სეზონზე სად დავდგათ ბუტია-კაპიტატა და როგორ მოვუაროთ მას?
– შეგიძლიათ, მცენარე უკვე აივანზე გაიტანოთ. დადგით განათებულ ადგილას და მორწყეთ რეგულარულად. სხვა დამატებითი მოვლა გაზაფხულზე მას არ სჭირდება.
– რაც შეეხება ჰეოფორბას?
– ჰეოფორბა ძალიან ლამაზი და მოხდენილი პალმაა. მისი სამშობლო ინდოეთი და კანარის კუნძულებია. ის თითქმის ტროპიკული სახეობაა, მაგრამ თავს სუბტროპიკებშიც კარგად გრძნობს.
– პრეტენზიული მცენარეა ჰეოფორბა?
– ეს მცენარე ძალიან ნელა მზარდი და ცოტათი პრეტენზიულია. მისი ტანი დაფარულია რგოლებითა და ბეწვით. რგოლებით შეგვიძლია ასაკის დადგენა, ბეწვი კი მას ტემპერატურას უნარჩუნებს.
– როგორ პირობებს ეგუება ჰეოფორბა?
– მცენარე ხარობს როგორც ჩრდილში, ასევე, კარგად იტანს სიცხესაც. ზაფხულის ცხელ პერიოდში კარგი იქნება თუ მცენარეს ეზოში ან ბაღებში ამყოფებთ.
– ახლა თუ გვირჩევთ ჰეოფორბას გარეთ გატანას?
– როგორც კი ოდნავ მოიმატებს ტემპერატურა, აუცილებლად გარე კლიმატში ამყოფეთ. გაზაფხულის წვიმა ამ მცენარეზე განსაკუთრებით კარგად მოქმედებს, ამიტომ, გირჩევთ მცენარის წვიმაში დადგმას. ზაფხულის სეზონზე გარეთ მყოფ მცენარეს ხშირად სჭირდება დანამვა.
– როგორ ნიადაგში ჩავრგათ ჰეოფორბა და როგორ გავამრავლოთ ის?
– მცენარეს უვითარდება ძირითადად ამონაყარი, რომელიც მაშინ უნდა მოაშოროთ, როდესაც 4-6 ფოთოლი ექნება, მანამდე მას ფესვთა სისტემა არ ექნება ჩამოყალიბებული და არ შეეხოთ. ამ მცენარეს არ უყვარს ფოთლების შეკვეცა, ან, ჩამოჭრა – შესაძლებელია, ამ დროს დაზიანდეს ან საერთოდაც დაიღუპოს. მისი ნიადაგის შემადგენლობაში უნდა შედიოდეს: ორ-ორი წილი ნაკელი და ფოთლის მიწა, სამი წილი მიწა და ერთი წილი ქვიშა. ასეთ ნაზავში მცენარე შედარებით უფრო სწრაფად გაიზრდება.
– რა ტემპერატურაზე ვამყოფოთ მცენარე და რა სიხშირით მოვრწყათ ის?
– ზაფხულში მცენარე მორწყეთ ოთხ დღეში ერთხელ, ხოლო ზამთარში – 15 დღეში ერთხელ. ზაფხულის ტემპერატურას მცენარე ნორმალურად იტანს, ხოლო ზამთარში 20 გრადუსზე ნაკლები ტემპერატურა არ უნდა იყოს.
– ემუქრება თუ არა მავნებლების დასევის საშიშროება ჰეოფორბას და რა სიხშირით გადავრგოთ ეს მცენარე?
– პატარა მცენარე შეგიძლიათ, გადარგოთ ორ წელიწადში ერთხელ, ხოლო მოზრდილი – ხუთ წელიწადში. როგორც უკვე გითხარით, ეს მცენარე ცუდად რეაგირებს ფესვების შეჭრაზე – ასეთ დროს ლპობის დიდი საშიშროება ჩნდება. ჰეოფორბას არ უჩნდება პარაზიტები, ამიტომ, არ გამოიყენოთ ქიმიური საშუალებები.
– კიდევ რას გვირჩევთ, რა გავითვალისწინოთ ჰეოფორბას გასახარებლად?
– გირჩევთ, მიწის ზედაპირზე დაალაგოთ ხავსი – ასე მცენარე კარგად აიღებს ნესტს ცხელ დღეებშიც. მორწყვის დროს გახსოვდეთ, რომ პალმას წყალი გულში არ ჩაასხათ, მორწყვის შემდეგ კი მცენარე ამყოფეთ ჩრდილში, რათა სისველე კარგად მივიდეს ფოთლებამდე. გაითვალისწინეთ, რომ ზამთრის სეზონზე ჰეოფორბა დათბილულ ადგილას უნდა ამყოფოთ, რათა ზრდა განაგრძოს და არ შეწყვიტოს ადაპტაციის პერიოდი.
ეს მცენარე ყვავის 10-15 წლის ასაკში. თუ თქვენი მცენარის ყვავილის სრული დამტვერვა მოხდება, შესაძლებელია, თქვენივე მცენარის თესლიც მიიღოთ.