რატომ უნდა დავბანოთ გაზაფხულზე ძაღლს ხშირად თათები და როგორ დავიცვათ ცხოველი სეზონური ალერგიისგან
გაზაფხულის დადგომასთან ერთად, ბევრი პრობლემა იჩენს თავს, როგორც ადამიანის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, ასევე – ცხოველებშიც. წელიწადის ამ დროს ხშირია ალერგიული ფონი, რომელიც საკმაოდ პატარა ასაკში ყალიბდება ძაღლებში. ალერგიის დროს რეკომენდებული არ არის ოჯახის პირობებში თვითნებური მკურნალობის ჩატარება. ამან შესაძლოა გართულება გამოიწვიოს. ჩვენი რესპონდენტი, ვეტერინარი ზაქრო ბაჯიაშვილი დაწვრილებით მოგითხრობთ ალერგიებისადმი სწორი მიდგომისა და მკურნალობის შესახებ. ასე რომ, თუ გსურთ, თქვენი ოთხფეხა მეგობარი დაცული იყოს და მის ჯანმრთელობას საფრთხე არ შეექმნას, ყურადღებით გადაავლეთ თვალი ინტერვიუს და გაითვალისწინეთ ვეტერინარის რჩევები.
– გაზაფხულზე ძალიან იზრდება ალერგიული ფონი. თუ შეიძლება, გვითხარით, როგორ ავაცილოთ ძაღლს ალერგია?
– ყველაზე ადვილი მეთოდი ალერგიის თავიდან აცილებისა, არის ის, რომ ძაღლს გასეირნების შემდეგ რეგულარულად დაბანოთ თათები. ასევე ხშირად გაუწმინდეთ ბეწვი და მოარიდეთ ისეთ ადგილებში სეირნობას, სადაც ბევრია ხის ყვავილის მტვერი და ბალახი. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, ცხოველს ვეტერინარის კონსულტაციის გარეშე, თვითნებურად მისცეთ ანტიალერგიული პრეპარატები. ეს შეიძლება, თქვენი ცხოველის სიკვდილითაც კი დამთავრდეს. გაითვალისწინეთ, ესა თუ ის პრეპარატი, შეიძლება, სამედიცინო პრაქტიკაში გამოიყენებოდეს, მაგრამ არასწორი მკურნალობის შემთხვევაში, სასიკვდილო აღმოჩნდეს თქვენი ძაღლისთვის.
– რა იწვევს ძირითადად ალერგიას?
– გაზაფხულზე წვიმის დროს აყვავებული ხეებიდან ჩამოირეცხება ყვავილის მტვერი, რომელიც სხვადასხვა ალერგიებს იწვევს. თითქოს ამაში უჩვეულო არაფერია, მაგრამ ამ ყვავილების მტვერი, მიკრონაწილაკები, ტკიპები და ალერგენები ჰაერს ამტვრიანებს, რამაც შეიძლება, ნეგატიურად იმოქმედოს თქვენს ძაღლზე და სხვადასხვა ალერგია გამოიწვიოს. ძაღლებში გაზაფხულის ალერგიებს იწვევს სხვადასხვა ხის, ბალახისა და მტვრის ტკიპები. ასევე, ალერგია შეიძლება, დაფიქსირდეს სხვადასხვა მწერისგან, რომლებიც კანის ინფექციებს, ქავილს, ცემინებას, თვალების სიწითლეს, ცრემლდენასა და სხვა ალერგიულ რეაქციებს იწვევს.
– ძაღლებში რა სახით ვლინდება ალერგიის ნიშნები?
– თუ თქვენს ძაღლს ალერგია აქვს, მას ადვილად შეამჩნევთ. აუცილებლად დაეწყება ქავილი და საკუთარი სხეულს გალოკავს. გარდა ამისა, ალერგია შეიძლება, გამოიხატოს ბეწვის ცვენით, ქერტლის გაჩენით. ამ შემთხვევაში, ბეწვი მალე ცხიმიანდება და სპეციფიკური, არასასიამოვნო სუნი აქვს. ეს ფაქტი უყურადღებოდ არ უნდა დატოვოთ, რადგან მსგავს შემთხვევაში, საჭიროა ზომების მიღება. დაუყოვნებლივ მიმართეთ ვეტერინარს, რომელიც დაგეხმარებათ ამ პრობლემის გადაწყვეტაში.
– ქავილს მხოლოდ მცენარეების მტვერი იწვევს თუ სხვა რამეც?
– ქავილი, ამავდროულად, შეიძლება გამოიწვიოს ტკიპამ, სოკოვანმა დაავადებამ, კანის აუტოიმუნურმა დარღვევამ ან ჰორმონალურმა დისბალანსმა, რაც აუცილებლად უნდა გამორიცხოს ვეტერინარმა, რათა სწორად მოხდეს ალერგიის გამომწვევი მიზეზის დიაგნოსტირება და შესაბამისი მკურნალობის ჩატარება. ვეტერინართან ვიზიტი ალერგიის მკურნალობისთვის პირველი ნაბიჯია. ოფიციალური დიაგნოზის დასმის შემდეგ, ის თქვენს ოთხფეხა მეგობარს შესაბამის მკურნალობას დაუნიშნავს. ეს შეიძლება, იყოს ანტიალერგიული შამპუნი, ან ანტიალერგიული პრეპარატი, რაც დამოკიდებულია თქვენი ძაღლის ალერგიის სახეობასა და მისი მიმდინარეობის სტადიაზე.
– რა ასაკში ყალიბდება ძაღლებში ალერგიული ფონი?
– მსუბუქი ალერგიის სიმპტომები 6 თვიდან 4 წლამდე ასაკის ძაღლებში ყალიბდება. როგორც წესი, სიმპტომები გაცილებით სერიოზულია, ასაკის მატებასთან ერთად. ძაღლებს ძირითადად, ალერგიის ერთი და იგივე სიმპტომები, წელიწადის ერთსა და იმავე დროს ახასიათებთ, კერძოდ, გაზაფხულზე. ეს ყველაფერი კი ალერგიის სეზონურობაზე მიუთითებს.
– რატომ მაინცდამაინც გაზაფხული, მიზეზი რა არის?
– პასუხი მარტივია. ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რომ გაზაფხულზე მეტია ალერგიის გამომწვევი მიზეზები, ალერგენები.
– სახლის პირობებში, პატრონის მიერ თვითნებური მკურნალობა თუ არის მიზანშეწონილი?
– არა. მკურნალობა უნდა დაიწყოთ მას მერე, რაც დიაგნოზი დაისმება. წინასწარ პრეპარატის მიცემა და სხვა რაიმე სახის მკურნალობის ჩატარება, არაა რეკომენდებული.