როგორ გადაიზარდა ელენე კალანდაძისა და ნოდარიკო ხუციშვილის საქმიანი ურთიერთობა სიყვარულში, რაში აცდიან ისინი ერთმანეთს და რომელი ეტაპის გახსენება აღიზიანებს ელენეს
„ვარსკვლავების აკადემიის” მონაწილის, ნიჭიერი მომღერლის, ელენე კალანდაძის კარიერასა და პირად ცხოვრებაში სასიამოვნო სიახლეებია. მუშაობს „რუსთავი 2-ში”, ჰყავს საკუთარი ბენდი და ყურებამდეა შეყვარებული და მისი რჩეულია, ნოდარიკო ხუციშვილი – გიო ხუციშვილის შვილი. ვისაც ელენესთვის მოუსმენია, ალბათ, დამეთანხმება, ეს ყოველთვის დიდ, სასიამოვნო ემოციებთან არის დაკავშირებული.
ელენე კალანდაძე: ბენდთან ერთად, წარმატებისკენ მივდივარ. ჩვენ საკუთარ სიმღერებს ვწერთ. „მაგთი კლუბში” გვქონდა პრეზენტაცია – „ფოსფორის ღამე” იყო, სულ ჩვენი სიმღერები დავუკარით. თან, ისეთი სტილის სიმღერები გვაქვს, ასეთი ჟანრი ცოცხლად არ იკვრება, დიჯეებიც თითქმის ვერ უკრავენ, ბევრი მუშაობა სჭირდება. უბრალოდ, ბიჭებს ისეთი აპარატურა აქვთ, ამ ხმებს თავისუფლად უშვებენ, თუმცა, ოცდამეერთე საუკუნეში არაფერი მიკვირს. ჩემი ოცნება იყო, მყოლოდა საკუთარი ბენდი, გვქონოდა ჩვენი სტილი და სიმღერებიც. „ქავერებსაც” დავანებეთ თავი. ჩვენი მიზანი გვაქვს და ნელ-ნელა ყველაფერს ვაკეთებთ. ასევე, მე, სოფო ტოროშელიძე და ნესტან ჯიბლაძე ბაქოში ვიყავით, კონცერტი გვქონდა და ძალიან კარგად ჩაიარა. ასე თუ გაგიჟდებოდნენ ჩვენზე, არ ველოდებოდით.
– ნიჭიერი ხარ, გაქვს კარგი ხმა, კარგი მუსიკალური გემოვნება, მაგრამ იმისთვის, რომ საოცარი ემოციები წამოვიდეს შენგან, კიდევ სხვა რაღაც, სხვა მუხტია საჭირო, რაც შენს შესრულებაში სულ იგრძნობა.
– სიმღერით, ხმით ბევრმა შეიძლება, გაგაოცოს, მაგრამ, როდესაც ბენდი გყავს, ისეთივე ენერგია და მუხტი უნდა წამოიღო, როგორიც შენი ბენდია. რაც მთავარია, ეს ენერგია მაყურებელს უნდა მოახვიო, რომ თქვას, რა მაგარიაო. თან, მე არ შემიძლია, ერთ ადგილას გაშეშებული დგომა – ჩექმებიდან, კანიდან ვხტები. ეს თავისით მოდის, ამისთვის არაფერი გამიკეთებია, არ მივარჯიშია. იმ დროს, ცოცხალ ბენდთან ერთად უცებ შემექმნება ხოლმე ჩემი სამყარო და ყველაფერი მავიწყდება. ზოგჯერ მაყურებელს ზურგსაც ვაქცევ, ოღონდ, უზრდელურად არა. მაყურებელიც სულ ხვდება, გულიდან მღერი თუ არა. მარტო სიმღერა არ არის საკმარისი, მთელი სხეული უნდა ააჟღერო.
– თვითკრიტიკა ხშირად გაქვს?
– არ ვარ ისეთი ტიპი, საკუთარ თავს ვერ შევაქებ-მეთქი, რომ ვთქვა. თუ მომწონს, ვამაყობ და ყოველთვის ობიექტური ვარ. როდესაც ცუდად ვმღერი, ამასაც ვამბობ – ვერ ვიმღერე-მეთქი. ანუ თვითკრიტიკული ვარ და შემიძლია, საკუთარი თავი სწორად შევაფასო. ცუდი თვისების, რაღაცას თუ ცუდად აკეთებ, ამის დანახვის უნარიც უნდა გქონდეს, რომ მერე გამოასწორო.
– რომელია ის ცუდი თვისება, რაც ხელს გიშლის?
– შეიძლება რაღაცამ წამიერად ცუდ ხასიათზე დამაყენოს, მაგრამ არ მიყვარს, როცა ასე ვარ და მიმაჩნია, – შენი განწყობა არავის არ უნდა დაანახვო. სხვებმა უნდა გნახონ ბედნიერი, გაღიმებული, არავის უნდა ცუდ ხასიათზე მყოფი ელენე. უჟმური არ ვარ, მაგრამ მეც მაქვს გრძნობები და ემოციები. ცუდი თვისება რაც მაღელვებს, ცუდად მხდის – ასეთი არაფერი მაქვს.
– როგორია ცუდ ხასიათზე მყოფი ელენე?
– ჩუმი ვარ და დაღვრემილი, მაგრამ საკმარისია, ისეთი რამ მითხრან, გამეღიმოს და მაშინვე გადამივლის. დეპრესიული ადამიანი არ ვარ. რამდენჯერაც დეპრესიამ სცადა მომრეოდა, იმდენჯერვე მოვისროლე.
– ცხოვრების განმავლობაში წინააღმდეგობები შეგხვდებოდა, როგორ რეაგირებ მათზე?
– ვამაყობ იმით, რომ მებრძოლი სული მაქვს – არასდროს ვნებდები ადვილად. თუ რაღაც მიზანი მაქვს დასახული, აუცილებლად მივაღწევ. ძალიან რთულიც რომ იყოს, ბევრი ხელისშემშლელი მაინც გადავახტები და ყველანაირად ვეცდები, გამომივიდეს. შეიძლება, პირველივე ცდაზე დავმარცხდე, მაგრამ დასახულ მიზნამდე აუცილებლად მივალ. რა თქმა უნდა, ასევე მჭირდება დედასთან საუბარი, რჩევები, ჩემს ოჯახთან მეგობრობა. გამორიცხულია, დედაჩემმა, განსაკუთრებით კი ბებიამ, რამე მითხრან და ის არ ამიხდეს. ამიტომ, ვიცი, რასაც მეტყვიან, ჯობია, დავუჯერო და ისე გავაკეთო, რომ მერე წინ არ დამხვდეს. ბევრჯერ ყოფილა, არ მომისმენია და მერე საკუთარ თავზე მიწვნევია.
– არის ასაკი, როცა ადამიანი სხვებს არ უსმენს და, თავი ყველაზე ჭკვიანი ჰგონია.
– ბედნიერი ვარ, რომ ეს ასაკი დამთავრდა, მორჩა, რადგან რაღაცეებში ხელს მიშლიდა. რომ მახსენდება, როგორი ვიყავი 3-4 წლის წინ, თინეიჯერული მომენტები რომ მქონდა, გამაღიზიანებელია. მაგრამ, ადამიანი ასეთ დროს ყალიბდები და გინდა თუ არა მსგავსი მომენტები გაქვს. ახლა რომ ვიხსენებ, მეცინება – თავი რომ ძალიან ჭკვიანი, დამოუკიდებელი მეგონა.
– იმას არაფერი ჯობია, როდესაც მუშაობ, შენი საქმე გაქვს.
– ისეთი ბედნიერი ვარ, დამოუკიდებელი ცხოვრება რომ მაქვს – დილით გავდივარ და საღამოს შემოვდივარ დაღლილი. როდესაც უნივერსიტეტში ვსწავლობდი, ვამბობდი, რაღაც რომ მომაკლდეს, კარგად ვერ ვიქნები-მეთქი. მართლაც, სწავლა რომ დავამთავრე, ძალიან მომაკლდა ეს. თითქოს „შევსებული” არ ვარ და მალე ამ სიცარიელეს შევავსებ – მაგისტრატურაში გავაგრძელებ. ეს ცხოვრება ძალიან მოკლეა და მინდა, ყველაფერი მოვასწრო.
– ბოლოს, როდესაც ინტერვიუ ჩავწერეთ, შეყვარებული არ იყავი, თუმცა, ძალიან გინდოდა, გვერდით გყოლოდა საყვარელი ადამიანი.
– ახლა, ყურებამდე ვარ შეყვარებული. ასეთი შეყვარებული არასდროს ვყოფილვარ. ეს არის ის ადამიანი, რომელიც ჩემი ცხოვრების მეგზური გახდება და მასთან ერთად ვიქნები სულ. სერიოზული ურთიერთობა გვაქვს, მაგრამ არ ვართ ისე, რომ დღეს, ხვალ ოჯახი შევქმნათ. მას თავისი საქმე აქვს, მიზნები, მეც – ჩემი და ერთმანეთს პატივს ვცემთ, ვაცდით. გვიანი არასდროსაა, მას უნდა, რომ ვისწავლო. მეც მინდა უფრო მომაგრდეს და მერე უკვე რაღაც იქნება.
– როგორ უნდა მიხვდე, რომ სწორედ ის ადამიანია შენი ცხოვრების თანამგზავრი?
– ძალიან კარგი და იდეალური ურთიერთობა გვაქვს, ისეთი, როგორიც უნდა იყოს – არც ნაკლები და არც ზედმეტი. თან, მისი ოჯახი და ჩემი ოჯახი ძალიან ახლობლები არიან. იმდენი საერთო ახლობელი გვყავს, ვიცი, როგორი ადამიანიცაა და დარწმუნებული ვარ, არასდროს მიღალატებს – ყველანაირი გაგებით. ვიცი, სულ ვეყვარები და მანაც იცის, რომ მეც სულ მეყვარება. ამიტომ, დარწმუნებული ვარ, ის ჩემი ბედია.
– როგორ დაიწყო თქვენი ურთიერთობა, სიყვარული?
– ნოდარიკო „მაგთი-კლუბის” მენეჯერია. ერთ დღეს, ჩემმა ნათესავმა დამირეკა და მითხრა, ჩემი ძმაკაცი „მაგთი-კლუბის” მენეჯერია და მინდა, თქვენი ბენდი შევთავაზო, დაურეკე, შეხვდითო. დავურეკე, თავიდან საქმიანი შეხვედრა გვქონდა, მაგრამ მაშინვე მომეწონა და ამაში გამოვუტყდი კიდეც. მერე უფრო საქმიანი ურთიერთობა გვქონდა. ბათუმში რომ ვიყავით მეგობრები ერთად, ამან დაგვაახლოვა და მერე ყველაფერი თავისით განვითარდა – არ დასჭირდა არც სიყვარულის ახსნა და არც არაფერი, ყველაფერი უსიტყვოდ მოხდა.
– მაინც რით მოგხიბლა?
– როგორ ხასიათზეც უნდა ვიყო მე – ელენე კალანდაძე, ძალიან საშინელზეც კი, ყველაფერს იზამს, რომ გამახაროს, გამაცინოს. სულ უნდა რომ ასეთი მნახოს. ყველა ის თვისება აქვს, რაც მე მომწონს, რასაც ვისურვებდი, რომ ჰქონოდა ჩემ გვერდით მყოფ მამაკაცს.
– როგორი შემფასებელია?
– კარგად ერკვევა მუსიკაში, ხანდახან ღიღინებს კიდეც. „მაგთი-კლუბში“ ერთადაც გვიმღერია. ძალიან კარგი შემფასებელია – როცა რაღაც არ მოსწონს, პირდაპირ მეუბნება. თუ მოსწონს, იმასაც აღნიშნავს. არ ვართ იმ ეტაპზე, რაღაცეები არ ვუთხრათ ერთმანეთს და მოგვერიდოს. იცის, რომ არ მეწყინება, ჩემთვის მისი რჩევა ძალიან მნიშვნელოვანია.
– თავად რას გეუბნება, რა მოეწონა შენში ყველაზე მეტად?
– როგორც მითხრა, ჩემში მოეწონა გიჟური მომენტები. სულ მეუბნება, არააქაური, რაღაცნაირი ხარო. მართლაც, ასეა, არც მთლად ქართული მენტალიტეტი მაქვს და არც ევროპული. ანუ ჩემი ხასიათი და „არაამქვეყნიური“ რაღაცეები მოეწონა. თვითონაც არ არის აზიატი და ეს ძალიან მიხარია. არ შემიძლია ისეთ კაცთან ყოფნა, მაგიდაზე რომ დაარტყამს მუშტს – ამას არ გააკეთებ, იმას არ გააკეთებო. იცის, რომ არასდროს დამიშლის სიმღერას და რაც არაა საჭირო, იმას ისედაც არ გავაკეთებ. თან, ისეთი შევუყვარდი, როგორიც ვარ – სიმღერაში, ემოციებში და გამორიცხულია, რომელიმე ამიკრძალოს.
– როგორია ყურებამდე შეყვარებული ელენე?
– დილითაც მიყვარს, შუადღითაც და საღამოსაც – სულ მიყვარს. ნოდარიკოსაც ვეუბნები, რომ დღითი დღე უფრო და უფრო მიყვარს. ახლა რომ დაღამდება და ხვალ გათენდება, მივხვდები, რომ კიდევ უფრო მეტად მიყვარს და ასე ხდება სულ.