როდის იჩენს თავს ნოდარ გურგენაშვილში მთის ხასიათი და რა დაუმალა მან ოჯახის წევრებს
უკვე მეორე სეზონია სერიალ „შუა ქალაქში” ახალი პერსონაჟი გამოჩნდა, რომელმაც მაყურებელს თავი გამოჩენის დღიდან დაამახსოვრა. ბარმენი პაატა, იგივე ნოდარ გურგენაშვილი, გადასაღებ მოედანზე თავს კომფორტულად გრძნობს და ახარებს ის ფაქტი, რომ ძალიან კარგ შემოქმედებით ჯგუფთან ერთად უწევს მუშაობა. ის მსახიობის პროფესიაზე ბავშვობიდან ოცნებობდა და ყოველთვის იცოდა, რომ მიზანს მიაღწევდა. ნოდარი სოხუმის მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობია, სადაც თავს ასევე, ძალიან კარგად და კომფორტულად გრძნობს. აქვს თავისი ჯგუფი და არის „ელექტრომაუსის” სოლისტი.
– უკვე მეორე სეზონია, რაც სერიალ „შუა ქალაქში” გამოჩნდი. მანამდე თუ იყავი მისი მაყურებელი?
– ხშირად ვერ ვუყურებდი, მაგრამ, ის კი ვიცი, რომ ასეთი სტილის სერიალები ყველას ჯობია.
– თავს როგორ გრძნობ ბარმენის ამპლუაში?
– რაღაცნაირად, მოვერგე ამ როლს.
– „შუა ქალაქმა” როგორ მიგიღო?
– სხვათა შორის, ძალიან კარგად მიმიღეს. რაც უნდა ნიჭიერი და კარგი მსახიობი იყო, თუ არასასურველი გარემოა და დაძაბული ხარ, კომპლექსდები და ვერ გააკეთებ იმას, რისი შესაძლებლობაც გაქვს. მე ამ მხრივ „შუა ქალაქშიც” ძალიან გამიმართლა და თეატრშიც – ორივეგან ძალიან შეკრული წრეა. ამ ყველაფერმა გამათამამა და დამეხმარა.
– როგორ ფიქრობ, შენს გმირს თუ ჰგავხარ რამით?
– ალბათ, რაღაცით ვგავარ, მაგრამ, დიდად არა. თქვენ როგორ ფიქრობთ? თუმცა, დღეს პირველად მნახეთ... შეიძლება, ჩემს გმირს იმით ვგავარ, რომ მეც ბევრი ლაპარაკი მიყვარს.
– იუმორში როგორ ხარ?
– იუმორში კარგად.
– ლექსებს შენც წერ? სერიალში ხშირად რითმავ ფრაზებს.
– ლექსებს არ ვწერ, მაგრამ ვრითმავ, რადგან ვმღერი, ჩემი ჯგუფი მაქვს.
– რას უკრავთ?
– მსუბუქ როკს ვუკრავთ, თუმცა, ახალი დაწყებული გვაქვს და ბოლომდე სტილი ჯერ არ ჩამოგვიყალიბებია.
– შენ ჯგუფის სოლისტი ხარ?
– დიახ, სოლისტი ვარ, თან ვუკრავ. მუსიკა ძალიან სერიოზულად მიყვარს. კონცერტებზეც გამოვდივართ ხშირად, უბრალოდ, ბოლო ერთი თვე ცოტა გავჩერდით.
– სიმღერებს ვინ წერს?
– მე თვითონ.
– ჯგუფს რა ჰკვია?
– „ელექტრომაუსი.”
– „ელექტრომაუსი” რატომ?
– მგონია, რომ დასამახსოვრებელი და ჟღერადი სახელია. ერთხელ რომ მოისმენ, არ დაგავიწყდება.
– „შუა ქალაქის” გადაღებები, რეპეტიციები თეატრში და სიმღერა – ამ ყველაფერს საკმაო დრო სჭირდება. როგორ ასწრებ ამდენს?
– არ ვიცი, ვასწრებ. თუმცა, შეიძლება, საერთო ჯამში ხელი მეშლება და, რომელიმეს უფრო მეტი დრო რომ დავუთმო უკეთესი გამოვიდეს, მაგრამ, სამივე ძალიან მიყვარს.
– ოჯახში პირველი მსახიობი ხარ თუ კიდევ გყავს ვინმე ამ პროფესიის?
– ოჯახში კი არა, საერთოდ ჩემს გვარშიც კი არავინ არის მსახიობი. თეატრალურში ჩემი ინიციატივით ჩავაბარე, რადგან ბავშვობიდან მინდოდა მსახიობობა.
– ოჯახის მხრიდან წინააღმდეგობა ხომ არ შეგხვედრია?
– არა, წინააღმდეგობის გაწევას აზრი არ ჰქონდა. თეატრალურში რომ ჩავაბარე, ოჯახის წევრებმა არც იცოდნენ.
– ეგ როგორ?
– სახლში რომ მკითხეს, სად იყავიო, ვუპასუხე, თეატრალურში გამოცდა მქონდა და ჩავაბარე-მეთქი. იცოდნენ, რომ ბავშვობიდან მინდოდა მსახიობობა და ამიტომ ძალიან გაუხარდათ რომ ჩავაბარე.
– არასდროს გინანია არჩევანი?
– არა, ახლაც იმავეს გავაკეთებდი.
– სერიალიდან გამომდინარე, ყველას ძალიან მხიარული ადამიანი ჰგონიხარ. რეალურად როგორი ხარ?
– დღის განმავლობაში, შეიძლება, ბევრნაირი ვიყო, ძალიან ცვალებადი ხასიათი მაქვს. არის ხალხის კატეგორია, რომელსაც ჰგონია, მართლა ისეთი ვარ, როგორიც „შუა ქალაქში,” სჯერათ, რომ მართლა ბარმენი ვარ, მართლა ამერიკაში ვცხოვრობდი და 15 ენაზე ვლაპარაკობ. თუმცა, მართლა ვმღერი და ალბომის ჩაწერასაც ვგეგმავ.
– ქუჩაში როგორია ხალხის რეაქცია შენს დანახვაზე?
– რომ შემომხედავენ, ჯერ უკვირთ, ჰგონიათ, რომ ისეთივე უნდა ვიყო, როგორიც სერიალში. „მარშუტკის“ მძღოლს სერიოზულად რომ ვეტყვი, გამიჩერეთ-მეთქი, უკვირთ, ჰგონიათ, რომ სიმღერით უნდა ვუთხრა, გამიჩერე-მეთქი, მერე ჩავიდე, გავიცინო, ყველას დავემშვიდობო და წავიდე.
– რაზე არ იტყვი არასდროს უარს?
– ლუდზე არ ვიტყვი არასდროს უარს, ძალიან მიყვარს. ზამთარში ღამის 3 საათზე რომ გამაღვიძო და ლუდი მომაწოდო, დავლევ და ძილს გავაგრძელებ. საერთოდ, რაც მიყვარს, იმაზე არასდროს ვამბობ უარს.
– გურმანი ხარ?
– კი.
– თავად თუ ამზადებ კერძებს?
– რაღაცეებს ვაკეთებ.
– ანუ, მარტო რომ იყო სახლში, არ მოგშივდება.
– რა მომშივდება, სტუმრებსაც მივიღებ. რაღაცეებს ვიღონებ. კვერცხი, ძეხვი და ყველი მომეცი და რაღაცას მოვიგონებ.
– დაოჯახებული თუ ხარ?
– არა.
– საუბრის დროს აღნიშნე, რომ ძალიან ცვალებადი ხასიათი გაქვს. მანდილოსნებთან მიმართებაშიც ასე ხარ, ხშირად გეცვლება არჩევანი?
– ალბათ, ეს ყველას მოსდის. არ მესმის იმ ბიჭების, გოგოს რომ დაინახავენ და ერთ კვირაში ცოლად მოჰყავთ, სისულელეა. ჯერ კარგად უნდა გაიცნო.
– შეყვარებული ხარ?
– შეყვარებულს ვერ დავარქმევ.
– ანუ, გატაცებული ხარ.
– დიახ. არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ოჯახი არ აქვს, რომ გატაცებული ან შეყვარებული არ იყოს – ეს ბუნების კანონია.
– როგორი ხარ, როცა შეყვარებული ხარ, იცვლები?
– რომ გითხრა, დეპრესიაში ვვარდები, თუ რამე არ გამოდის და ღამეებს ვათენებ-მეთქი, ტყუილი იქნება.
– რომანტიკოსი ხარ?
– შეიძლება – კი, მაგრამ, არ გამოვხატავ.
– რატომ?
– არ ვიცი.
– ეს ერთგვარი კომპლექსი ხომ არ არის?
– ალბათ.
– მართალია, „შუა ქალაქში” ბარმენი პაატა ხარ, მაგრამ ბევრი სახელით მოგმართავენ. ცხოვრებაშიც ასე ხარ?
– რეალურ ცხოვრებაში ნოდარი ვარ და მეტი არაფერი, ზედმეტი სახელები არ მიყვარს.
– წყობიდან ადვილად გამოდიხარ?
– ეს ახლა მართლა აინტერესებს ვინმეს? (იცინის). კი, ადვილად გამოვდივარ, რაც, ალბათ, ხასიათის ბრალია. ნახევრად მოხევე ვარ და, მთის ხალხი, მოგეხსენებათ როგორი მკაცრია. თან, ნახევრად ქართლელი ვარ. საბოლოო ჯამში, ქართლელი და მოხევე ერთად...
– ფეთქებადი ხასიათი გაქვს?
– ფეთქებადი ხასიათი მაქვს, მაგრამ, უაზროდ არა, გიჟი კი არ ვარ. ამ თემაზე არ მინდა ლაპარაკი. უკვე წარმომიდგენია, ვიღაცამ რომ წაიკითხოს ეს ინტერვიუ, სათაურით: „ბარმენი პაატა თუ აფეთქდა – მტრისას!” (იცინის).