კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რას იჭერდა “პუტანკა„ ბადით ვასო ფხაკაძე იმერეთში და რატომ დაუწუნეს მას მსხლის გამო გურულებმა მიზანი

„კომედი შოუს” ორიგინალური, მოქნილი და ენაკვიმატი მსახიობი ვასო ფხაკაძე ძალიან საინტერესო და მხიარული ბუნების ადამიანია. ჯერ მარტო მის მიერ იატაკზე მწოლიარე მდგომარეობაში ნაცეკვი აჭარულის ხილვა რად ღირს. ცხოვრების განმავლობაში, მას არაერთი სასაცილო ამბავი გადახდენია თავს, რომელსაც ყოველთვის ღიმილით იხსენებს. როგორც მისი მეგობრები აღნიშნავენ, ვასო კარგი მონადირეცაა, კარგი მეთევზეც და არაჩვეულებრივი პარტნიორი ნებისმიერ საქმეში.

როგორც თავად გამოგვიტყდა, ძალიან ცელქი ბავშვი იყო, არაჩვეულებრივად გამოსდიოდა ცხენების მოპარვა და ჩხუბშიც არასდროს დაუხევია უკან მეგობრის დასახმარებლად.

– ტელევიზიით, „კომედი შოუში” ხუმრობა კარგად გამოგდის. დადგმულ სკეტჩებში, გამოუვალი და უხერხული სიტუაციებიდან თავს ადვილად იძვრენ, რეალურ ცხოვრებაშიც ასეთი მოხერხებული ხარ?

– კურიოზულ თუ გამოუვალ სიტუაციებში ხშირად ვხვდები, თუმცა ამ დროს არ ვიბნევი და თავის დაძვრენა იუმორითა და მოხერხებულობით ადვილად გამომდის. ასე რომ, ამ მხრივ, ნამდვილად გამიმართლა.

– ვასო, შენზე ამბობენ, ძალიან ცელქი და მოუსვენარი ბავშვი იყოო. ასეა?

– ნამდვილად მოუსვენარი და კვიმატი ბავშვი ვიყავი. სხვათა შორის, ბავშვობაში ცხენებიც ხშირად მომიპარავს. რაჭაში ვისვენებდი და ერთ გოგოს ვეპრანჭებოდი. მის გამო ცხენს კი არა, მთას გადავდგამდი (იცინის). ერთხელ ბიძაჩემს ვთხოვე, იმ გოგოს გული მინდა, მოვიგო და თოფი მასროლინე-მეთქი. უარს ხომ არ მეტყოდა? ჰოდა, ისეთი დავაბუთქე, კინაღამ თან გავყევი, მაგრამ როგორი ამაყი და ბედნიერი ვიყავი, უნდა გენახათ. მთელი სამყარო ჩემი მეგონა. ის გოგო სულ გადამავიწყდა (იცინის). ერთხელ კი „ვიკაცე” და ისე დავთვერი ბაბუაჩემის მარანში, კარგა ხანს გონზე ვერ მომიყვანეს.

– ეს, შენი პირველი დათრობა იყო?

– ჰო, პირველი დათრობა და პირველი დედამიწის დატრიალება (იცინის). რაჭაში, ბაბუაჩემის მარანში შევიპარეთ მე, ჩემი და და დეიდაშვილი. ისეთი „ხვანჭკარა” დაგვხვდა იქ, მისი დალევა მკვდარს გააცოცხლებდა. არადა, ალბათ ექვსი-შვიდი წლის ვიქნებოდით და ისე გამოვთვერით, ერთმანეთს ვეღარ ვცნობდით. ცუდად ხომ გავხდით, ირგვლივ ხომ ყველაფერმა ფრენა-ბზრიალი დაიწყო... დედამიწა ხომ აყირავდა... ვიფიქრე, ეს არის და იმქვეყნად მივდივართ-მეთქი (იცინის). ცოტა რომ მოვედით გონზე, ვიფიქრეთ, უფროსები გადაგვერევიან და ღვინის სუნი რამეთი იქნებ გავანეიტრალოთო. ავდექით და წყალი ვსვით გასკდომამდე. იმან სულ გადაგვრია და ასე გადარეულები მივდევდით დედამიწას, რომ დავწეოდით და არ ჩამოვვარდნილიყავით (იცინის). ბოლოს, იმან შეანელა ბრუნვა-ტრიალი, თუ ჩვენ დავეწიეთ, კი აღარ მახსოვს. ერთხელ კი, სკოლის პერიოდში, ერთ ჩემს ძმაკაცს გოგო უყვარდა. მოვიდა და გვითხრა, მგონი, ის გოგო სხვას უყვარსო. არადა, ვისზეც ეჭვი ჰქონდა, ჩვენზე გაცილებით დიდი იყო. მაშინ მაგარს ვბიჭობდით და უკან ხომ არ დავიხევდით? ვიჩხუბეთ, მაგრამ რა ვიჩხუბეთ... თავი გამიტეხეს იმ ვერზილებმა (იცინის). ახლა მეცინება, თორემ მაშინ ისე გავმწარდი, მეც არ ვიცი, საიდან მომივიდა იმხელა ძალა – მუშტი რომ მოვიქნიე, იმ საწყალ ვერზილას ყბა მოვუქციე. ერთხელ, ჩხუბის დროს ხელიც მოვიტეხე. დიდი ხიფათიანი ვინმე ვიყავი. მომცხებდნენ და მეც მოვცხებდი, რა პრობლემა იყო? ვიყავი ასე გაწევ-გამოწევაში. ის სიმწრით გატეხილი თავიც გამიმთელდა და ის ხელიც მომირჩა, მოსაგონრად კი ეს ამბები, ტკბილად დამამახსოვრდა. სულ ვამბობ, კაცმა იმდენი უნდა დალიო, რომ შეირგო, სახლამდეც მშვიდობიანად და მრთელი მიხვიდე და არც სხვა ჩააყენო უხერხულ სიტუაციაში-მეთქი.

– ისე ლაპარაკობ, ეჭვი მაქვს ისეთ სუფრასთანაც მოხვდი, სადაც დანაჩანგლიან, თეფშ-ლანგრიანად, ყველაფერი დაფრინავდა.

– (იცინის) გამოიცანი, მაგრამ თეფშების, ლანგრების, დანებისა და ჩანგლების გვერდით, „ტრუბები”, მთვრალი კაცები და ისეთი ბლაგვი საგნებიც დაფრინავდა, სახელიც რომ არ ვიცი. მოკლედ, ქორწილში ვიყავი და ისეთი სიტუაცია შეიქნა, კაცი ვერ გაარჩევდა, ვინ იყო მართალი და ვინ მტყუანი, ანუ ვისთვის უნდა დაგერტყა მუშტი და ვის მოფერებოდი. ნეფე-პატარძლის მაყრები დაერივნენ და ისე გამწარებული აგლეჯდნენ ტანსაცმელს ერთმანეთს, შორიდან ვუყურებდი და ვიგუდებოდი სიცილით. მოიქნევდნენ ხელს და რაც ხელში მოხვდებოდათ, იმას ურტყამდნენ მოწინააღმდეგეს. ძლივს დაშოშმინდა სიტუაცია და... გავიხედე, ვიღაც კაცი მორბის „ტრუბით” ხელში. ვიფიქრე, ეს ვინღაა, ახლა გამოფხიზლდა, ჩხუბი რომ დაწყნარდა-მეთქი? თურმე, საპირფარეშოში ყოფილა, ჩხუბის ხმა კი ესმოდა, მაგრამ, სანამ თავისი მოისაქმა, კანალიზაციის „ტრუბა” მოგლიჯა და შემოვარდა, სიტუაცია უკვე განეიტრალებული დახვდა. გაიხედ-გამოიხედა და რომ მიხვდა, იმ კანალიზაციის მილს იქ არაფერი ესაქმებოდა, გავიდა ისევ გარეთ. გავიხედე, ახლა, ვიღაც კაცმა წამოყო თავი. თურმე, ნამეტანი გადათვრა და ეძინა საწყალს. კარგა ხნის შემდეგ, რომ გამოფხიზლდა, გაახსენდა ჩხუბი და დაიყვირა, ვის ურტყამთ, თქვენი ასე და ისე, თქვენი მეფეც და დედოფალიცო და... გაათრიეს ეს „პოზდნი ზაჟიგანიის როჟა” და იმდენი ურტყეს საწყალს, რუსულ ბარაბანს რომ არ მოხვედრია (იცინის). არ ჯობდა, ქორწილის დასრულებამდე გაეგრძელებინა ძილი? მაგრამ, მოფიქრება ხომ უნდა? ამ დღის მერე შემძულდა ქორწილი და მით უმეტეს გადათრობა. ზომა-წონა თუ არ იცი, დაჯექი სახლში, რას აბეგვინებ თავს ვიღაც გადამთიელებს, შე კაი კაცო.

– ზოოვეტერინალური ინსტიტუტი დაამთავრე. როგორი სტუდენტი იყავი, იქაც ხომ არ ონავრობდი და აგიჟებდი ლექტორებს?

– მე რა დამაწყნარებდა. სკოლა დავამთავრე თუ არა, ზოოვეტში ამოვყავი თავი. სტუდენტობის დროს კლუბში ვუკრავდით და ვმღეროდით. ერთ დღესაც მაგარ შარში გავყავით თავი. მოკლედ, ჩავედით კლუბში, როიალს თავი ავხადეთ, რომ ხმამაღალი ბგერები გამოსულიყო და დავიწყეთ ჩვენთვის გიჟობა. გავიხედეთ, „ზავხოზი” მორბის. შეხედა როიალს და შემოირტყა თავში ხელები. აყვირდა, ეს რა გიქნიათ, თქვე ესეთებო და ისეთებო, ვინ მოგცათ ამის უფლება, ახლავე ზემოთ ავალო.

– ასეთი რა ნახა, ან ზემოთ ვისთან გარბოდა?

– რა ნახა და... თავის ჭკუით, გატეხილი როიალი და დეკანთან გავარდა ეგრევე. პირღია დავრჩით. ვერ მივხვდით, რა მოხდა. ვიფიქრეთ, ეტყობა, ნამეტანი ხმამაღლა მოგვივიდა სიმღერა და დაკვრაო. გავიხედეთ და მოდის დეკანი და ისე იცინის, იგუდება. ვიფიქრეთ, ესეც ხომ არ გადაირია, რა ხდებაო. გვითხრა, ბავშვებო, „ზავხოზი” ამოვიდა ახლა ჩემთან და მითხრა, თურმე როიალი გაგიტეხავთ და ჯოხი შეგიყუდებიათ. ეს რომ ჩემი თვალით არ მენახა, რა დამასვენებდაო.

– შენი მეგობრები ამბობენ, ვასო ისეთი მონადირეა, ტყვიას ტყვიაში აჯენს და ისეთი მეთევზეა, მისი დაჭერილი ერთი თევზით, მთელმა იმერეთმა იქეიფაო. ამაზე რას მეტყვი?

– ეს ცოტა გადაჭარბებული შეფასებაა, მაგრამ იმდენი საინტერესო მოსაყოლი მაქვს ამ თემაზე, რა გითხრათ. გურიაში ვიყავი და სანადიროდ წასასვლელად რომ ვემზადებოდით, მეგობრის ბებიამ ისეთი ხაჭაპურები დაგვიცხო, კინაღამ თითები მივაკვნიტე. კეციდან აიღო თუ არა, ეგრევე მომაწოდა და ისეთი „თაკარა“ ცხელი იყო, თუ თითები არ მიმადნებოდა ზედ, არ მეგონა (იცინის). გურულებმა დაიწყეს ქირქილი: ერთი დაგვანახა, ეს ტფილისელი ბიჭიკელები როგორ სროილობენ თოფს, ხაჭაპურს რომ ვერ იჭერენ ხელშიო. ხეზე მსხალი ება და გვითხრეს, ერთი ვნახოთ როგორ სროილობთ, ე, ეგ მსხალი ჩამოაგდეთ ერთიო. კენწეროზე ქანაობდა საწყალი მსხალი. ვუმიზნებდი და თან გულში ვფიქრობდი, ღმერთო, ოღონდ ახლა არ მიმტყუნოს მიზანმა და გურულების ყბაში არ ჩავარდე-მეთქი. ისე აგიხდეთ ყველაფერი. ისეთი ვესროლე, იმ მსხალმა პირდაპირ მიწაზე მოადინა ზღართანი.

– ალბათ, როგორი ამაყი იყავი იმწუთას, არა?

– რა ამაყი! დამიწუნეს მიზანი. ეს რა არის, ის მსხალი შუაზე უნდა გაგეპო და ნახევარი ძირს ჩამოგეგდო, ნახევარი კიდევ ხეზე დარჩენილიყოო. მგონი, რობინ ჰუდი ვეგონე იმათ. (იცინის). სანადიროდ რომ წავედით, დიდი გზა უნდა გაგვევლო ფეხით. გავიხედეთ, მოდის დიდი „ურალი”, დიზელის კასრებით დატვირთული. გაგვიჩერა. ჯერ კი ვიფიქრე, ამაზე რა ავა-მეთქი, მაგრამ ავედი. მერე, ამ კასრებს მოვერიდები არ დავისვარო-მეთქი და... ისეთ ოღრო-ჩოღრო გზაზე მოგვიწია ჯაყჯაყი, რომ ჩავებღაუჭე იმ დიზელის კასრებს, ძლივს ამაგლიჯეს. (იცინის). ერთხელ კი, იმერეთში იმხელა თევზი დავიჭირე „პუტანკა” ბადით, ერთი საათი ვურტყამდი თავში კეტს, რომ გამეთიშა. გენაცვალე, ეგრე კი არ არის საქმე? გოჭებიც დამიკოდავს და ძროხისთვისაც გამიკეთებია დიდი ნემსი. აბა, ზოოვეტი ტყუილად ხომ არ დავამთავრე? მეგობრის ნათესავს ჰყავდა გოჭები დასაკოდი და მე რომ დამინახა, სიცილით კინაღამ გადაბჟირდა. ეს ის ვასო არ არის? ამან რა გოჭები უნდა დამიკოდოსო. ისეთი დავკოდე, მგონი, ახლაც ჩემს ლანძღვა-გინებაში არიან (იცინის). უი, მოგატყუეთ, რა ლანძღვა-გინება... ერთი წლის შემდეგ, იმათი ხორცით ისეთი მწვადი შეწვეს და მივირთვი, ჩემს ხელებს ვლოცავდი მთელი ერთი კვირა – ეს რა მაგარი ხორცი დავაყრევინე-მეთქი (იცინის).


скачать dle 11.3