30 თებერვალი
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹30–13(535)
პირველ მანქანაში, რომელსაც მამა სერაფიმე მართავდა, კახა, ვიტალი და კახას ერთ-ერთი მოსწავლე ისხდნენ. მეორეში კი – კახას ოთხი მოსწავლე.
... გათიშული გენო კოვზირიძე წყნეთის ტყეში თხუთმეტი წუთი ეგდო უგონოდ. რომ გამოფხიზლდა, გონების მოკრებას კიდევ თხუთმეტი წუთი მოანდომა და საათს რომ დახედა, ღამის 11 სრულდებოდა. მან ჯერ „ემელი” მოძებნა, შემდეგ მანქანაში ჩაჯდა და წყნეთის კონსპირაციული აგარაკისკენ აიღო გეზი. თუმცა, მიხვდა, რომ ექიმის გარეშე ტარიელთან მისვლა დიდ რისკთან იყო დაკავშირებული და, სხვა რომ ვერაფერი მოიფიქრა, გზიდან გადაუხვია, კლინიკაში დაბრუნდა, საბრალო ნუკრი ააწიოკა, თავისი მობილურის ნომერი დაუტოვა და წამოვიდა.
ლეიტენანტი კოვზირიძე ისე იყო დაბნეული, ერთხანს კვლავ წყნეთის ტყეში იბორიალა და ექიმი ეძება. შემდეგ ტარიელის მესიჯი მიიღო და კონსპირაციულ აგარაკზე დაბრუნდა.
გენო რომ აგარაკის ჰოლში შევიდა, ღამის პირველის ნახევარი იყო. ჯაბა სავარძელში იჯდა და ტელევიზორს უყურებდა. ტარიელმა ჯერ ყურადღებით შეათვალიერა გენო, შემდეგ კი ჰკითხა:
– ექიმი სადაა?
– გამექცა, – ამოილუღლუღა თავჩაღუნულმა გენომ.
– ხუმრობ? – მშვიდად, ცივი ხმით ჰკითხა ტარიელმა.
– არა, გამექცა.
– სად, როგორ?
– მანქანის კარი გააღო, გადახტა და წყნეთის ტყეში მიიმალა.
– როდის?
– დაახლოებით სამი საათის წინ.
– შენ რას აკეთებდი ამდენ ხანს?
– ექიმს ვეძებდი.
– სად ეძებდი.
– ჯერ წყნეთის ტყეში. ხოლო როცა გამოვფხიზლდი, მის კლინიკაში მივვარდი და მაინც ვერ მივაგენი.
– გამოფხიზლდი რა, გეძინა?
– არა, უბრალოდ, ტყეში რომ ვეძებდი, მან უკნიდან ქვა ჩამარტყა თავში და გამთიშა.
– გასაგებია, – მწარედ ჩაეცინა ტარიელს – კლინიკაში რაღა გინდოდა?
– ვიფიქრე, იქ ხომ არ მივიდა-მეთქი.
– მერე?
– მერე ნუკრის ტელეფონის ნომერი დავუტოვე და შევაშინე, თუ გამოჩნდა, დამირეკე-მეთქი.
– აჰა, გასაგებია – უფრო მწარედ ჩაეცინა ტარიელს, – ესე იგი, გაიშიფრე.
– არა, რას ბრძანებთ. მე მას, უბრალოდ, ტელეფონის ნომერი დავუტოვე, ისე კი არაფერი მითქვამს.
– კარგი, ერთი ეს მითხარი, გენო, დედისერთა ხარ თუ კიდევ გყავს დედმამიშვილები?
– ტყუპი და-ძმა მყავს.
– ტყუპი და-ძმა, ტყუპი და-ძმა... – გაიმეორა ტარიელმა, – კარგია, რომ ტყუპი და-ძმა გყავს, მაგრამ, ისინიც შენნაირი იდიოტები არიან?
– არა, იცით, თავში ქვა ჩამარტყა, – დაიბნა გენო.
– კარგი, კარგი, – ტარიელმა მხარზე ხელი მოუთათუნა გენოს, – არა უშავს, ვის არ მოსვლია. სად წაგვივა, დავიჭერთ. შენ კი, ჩემო კარგო, წადი და საუნა გაამზადე, მერე კი, შეგიძლია, დაიძინო.
– გენო „კაპუტ”, ხომ? – ჰკითხა ჯაბამ ტარიელს, როდესაც გენო გავიდა.
– ყველა ადამიანი თვითონ იკლავს თავს, განსაკუთრებით კი – ასეთი იდიოტები, – მიუგო ტარიელმა ჯაბას და სანამ პისტოლეტმომარჯვებული ოთახიდან გავიდოდა, დაამატა: – აბა, მითხარი, რა სასიცოცხლოა ეს კრეტინი?
„თუკი ვინმეა ამქვეყნად ბოლომოსაღები, ეს შენ ხარ”, – გაიფიქრა ჯაბამ, მერე, ტელევიზორის ყურება განაგრძო, თან იმაზე ფიქრობდა, თუ როგორ დაეღწია თავი ტყვეობისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ჯაბა უიარაღო იყო, ტარიელი კი შეირაღებული, მთავარი პრობლემა ექვსი უზარმაზარი ნაგაზი იყო. აგარაკის ეზოში თავისუფლად დასეირნობდნენ ძაღლები, მხოლოდ ტარიელს ემორჩილებოდნენ, ყველა სხვა ადამიანს კი, ვისაც მოიხელთებდნენ, ნაფლეთებად აქცევდნენ. სწორედ მათ განეიტრალებაზე ფიქრობდა ჯაბა, მაგრამ ხეირიანი ვერაფერი მოიფიქრა, თუმცა, დარწმუნებული იყო, რომ მაინც გაიქცეოდა.
ტარიელი ოთახში დაბრუნდა, ვისკი დაასხა და ჯაბასაც შესთავაზა, მაგრამ, უარი რომ მიიღო, თვითონ დალია, შემდეგ გააბოლა და ჯაბას უთხრა:
– გენოც მოვიშორე.
– გაგიჭირდებოდა, – ირონიულად მიუგო ჯაბამ, – ახლა რას აპირებ, სულ მარტონი დავრჩით და ჩვენი საქმე როგორ იქნება?
– მშვენივრად – მიუგო ტარიელმა, – დილით სხვა კონსპირაციულ ბინაზე გადავალთ. იქ ორი ერთგული კაცი მყავს და ისინი დაგვეხმარებიან.
– გენოსავით, ხომ?
– ჰმ, იდიოტი გენო! – ჩაეცინა ტარიელს, – ჯერ ექიმი გაუშვა, შემდეგ თავისი ტელეფონის ნომერი დაუტოვა ვიღაც ფარჩაკს და გაიშიფრა. არა, ასეთ კრეტინებს უშიშროებაში როგორ იღებენ? აუცილებლად უნდა გადაიხედოს საკადრო საკითხი, თორემ ორგანოები ჭკუასუსტი ბავშვების თავშესაფარს დაემსგავსება.
– რომელ საათზე გადავდივართ?
– რვაზე გავალთ.
– შორს მივდივართ?
– არც ისე.
– თუ, რა თქმა უნდა, საიდუმლო არაა, სად?
– რა საიდუმლო! ყოველ შემთხვევაში, შენთან დასამალი რა მაქვს, – წავკისში.
– მერე რა უნდა ვქნათ?
– რა და, სხვისი სახელითა და საბუთებით ვიცხოვრებთ. ადრე ხომ აგიხსენი. ვიცი, რომ ძნელია, მეც მიჭირს, მაგრამ, როდესაც სამშობლოს ასე სჭირდება, სხვა გზა არ არის.
– არ არის და ნუ არის, – თქვა ჯაბამ, – რაც იყო – იყო, მოდი, დავლიოთ.
– დავლიოთ, კარგი აზრია, – თქვა ტარიელმა და ვისკის ბოთლს დასწვდა. უცებ ტარიელმა კისერში მძიმე დარტყმა იგრძნო და თვალთ დაუბნელდა, მაგრამ, თავს მოერია და ქამარში გარჭობილი პისტოლეტისკენ წაიღო ხელი. თუმცა, კიდევ ორჯერ მოხვდა ჯაბას მძიმე მუშტი კეფასა და ხერხემალში და მინისტრის მოადგილე გონწასული დაეცა იატაკზე.
ჯაბა ტარიელის პისტოლეტს დასწვდა და ქამარში გაირჭო, მერე კომოდიდან ხელბორკილები აიღო და ტარიელი რადიატორზე მიაბა. ბოლოს, პისტოლეტი გადატენა, რომ ეზოში გასულიყო, ნაგაზები დაეხოცა და კონსპირაციული აგარაკიდან გაქცეულიყო.
– ეს რა ხდება? – ჩაილაპარაკა ჯაბამ, როდესაც ეზოში დაყრილი ნაგაზები დაინახა, – ეს ძაღლები ვინ დახოცა?
– არ გაინძრე – მოესმა ჯაბას უკნიდან და კეფაზე პისტოლეტის მიდება იგრძნო.
– გაუშვი, ჩვენიანია – უთხრა პისტოლეტიან ახალგაზრდას კახამ და ჯაბას მიუახლოვდა:
– მარტო ხარ?
– თითქმის, – მიუგო ჯაბამ.
– ეგ როგორ გავიგოთ?
– სახლში რადიატორზე მიბმული ტარიელია.
– ბიჭებო, ატბოი! ყველანი შესასვლელთან მოგროვდით! – ჩასძახა პატარა ზომის სპეცრაციაში კახამ.
– მადლობა ღმერთს, რომ ცოცხალი ხარ და შენთვის პლასტიკური ოპერაციის გაკეთება ვერ მოასწრეს, უთხრა ჯაბას.
– ეგ საიდანღა იცით, კახა ბაბუა? – თქვა გაოცებულმა ჯაბამ.
– ეგ რომ არ გვცოდნოდა, ახლა აქ არ ვიქნებოდით და, ვინ იცის, რა მოხდებოდა, – სიამაყით თქვა კახამ.
– რა მოხდებოდა და, აქედან გავიქცეოდი. აგარაკზე მარტო მე და ტარიელი ვიყავით, ის უკვე გავანეიტრალე და იარაღი ავართვი, – ჯაბამ კახას პისტოლეტი უჩვენა და განაგრძო: – შემდეგ ძაღლებს დავხოცავდი და მოვტყდებოდი.
– ჰო, მაგრამ, მაინც კარგია, რომ მოგისწარით. აქედან უფრო უსაფრთხოდ წავალთ ერთად, თან, ტარიელსაც გავიყოლებთ, – თქვა კახამ და ჯაბა მარცხნივ გაახედა, – აი, ჩვენებიც მოვიდნენ.
კახას, მის მოსწავლეს და ჯაბას მამა სერაფიმე, ვიტალი და კახას ორი მოსწავლე მიუახლოვდნენ. ვიტალი ჯაბას გადაეხვია, დანარჩენებმა მას ხელი ჩამოართვეს და უშიშროების ყოფილმა გენერალმა ჰკითხა:
– რა ხდება, აგარაკზე კიდევ არის ვინმე?
– ტარიელია. რადიატორზე მივაბი.
– ძალიან კარგი. შიგნით შევიდეთ, – თქვა სერაფიმემ და, სანამ აგარაკის შენობაში შევიდოდა, კახას მოსწავლეებს მიმართა:
– ბიჭებო, კიდევ ცოტა უნდა დაგვეხმაროთ: ჩვენ, რაც შეიძლება, ჩქარა გამოვალთ, თქვენ კი ჩვენს გამოსვლამდე აქაურობას ყურადღებით ადევნეთ თვალყური და, თუკი რამე საეჭვოს შევამჩნევთ, დაუყოვნებლივ შეგვატყობინეთ.
კახას მოსწავლეები უხმოდ განლაგდნენ აგარაკის პერიმეტრზე, დანარჩენები კი შენობაში შევიდნენ და რადიატორზე მიბმული ტარიელის წინ სავარძელში მოკალათდნენ. მხოლოდ ჯაბა არ დამჯდარა. ის ტარიელს მიუახლოვდა, მისკენ გაიშვირა თითი და თქვა:
– ამას ტარიელი ჰქვია და ის მანიაკია.
– მანიაკი?! – ერთხმად გაიმეორეს ვიტალიმ და კახამ.
– დიახ, მანიაკი, – დაადასტურა ჯაბამ, – გვერდით ოთახში გოგირდმჟავით სავსე აუზია. ეს ნაძირალა ადამიანებს ხოცავს, შემდეგ იმ აუზში ყრის, უკვალოდ აქრობს და კანალიზაციაში უშვებს.
– ეეჰ, ჯაბა, ჯაბა, – თავი გააქნია ტარიელმა – რამდენი ლაპარაკი გცოდნია, ენას კბილს ვერ აჭერ.
– გაჩუმდი, შე მანიაკო! – შეუღრინა ჯაბამ ტარიელს და განაგრძო, – თანაც, სულ შინაურებს, თავის ერთგულ ადამიანებს ხოცავს ასე ვერაგულად და ამბობს, საქმეს ასე სჭირდებაო.
– გაჩუმდი, ჯაბა, ამით საკუთარ სასიკვდილო განაჩენს აწერ ხელს! – თქვა ტარიელმა.
ტარიელის სიტყვებზე ჯაბას ირონიულად გაეცინა და განაგრძო:
– ხედავთ, რას ამბობს ეს გიჟი? რაღაც მისტიკურ ამბებს მიყვება, თავის ჭკუაში მაგიჟებს და მეუბნება... – ჯაბას სერაფიმემ ხელით ანიშნა გაჩერდიო და ყოფილ ხელქვეითებს უთხრა:
– მიდით, ბაბუებო, თქვენი არწივები შეამოწმეთ, რას აკეთებენ, ჩვენ კი უკან მოგყვებით.
კახას ირონიულად გაეცინა, წამოდგა, ვიტალი თავით მოიხმო და მასთან ერთად გავიდა გარეთ.
– გეუბნებოდა, ხელდასხმული ხარო, ხომ? – ჰკითხა სერაფიმემ ჯაბას.
– დიახ, თქვენ საიდან იცით? – გაუკვირდა ჯაბას.
– ალბათ, განძეულის მცველადაც გაკურთხეს, – უთხრა სერაფიმემ, რომელმაც ჯაბას კითხვას პასუხი არ გასცა, თან ტარიელს მისჩერებოდა.
– დიახ, მაკურთხეს. თქვენ საიდან იცით?
– აბა, ერთი, კისერზე ჩამოკიდებული გასაღები მაჩვენე.
– აი, ინებეთ, – ჯაბამ სერაფიმეს ოქროს გასაღები მიაწოდა.
სერაფიმემ გასაღებს დახედა, ჩაეცინა და თქვა:
– ყალბია.
– რას ნიშნავს, ყალბია? ოქროსგან არ არის დამზადებული?
– არა, ოქრო ნამდვილია, თავად გასაღებია ყალბი. მასში ღვთიური კოდი უნდა იყოს აღნიშნული, რაც აქ არაა. როგორც ეტყობა, ნამდვილი გასაღები განძთსაცავშია, განძთსაცავის ადგილმდებარეობა კი შენ უნდა იცოდე. გეტყოდა, ალბათ, მეუფე გაბრიელი.
– დიახ, მითხრა, მაგრამ ეს ყველაფერი თქვენ საიდან იცით?
– ჯაბა, შვილო, მართალია, შენ განძეულის ადგილმდებარეობა იცი, მაგრამ არ იფიქრო, რომ მისი მიგნება ასე ადვილია. თუმცა, ეს აუცილებელია. თუნდაც იმიტომ, რომ ნამდვილი გასაღები იპოვო. განძის ხელდასხმული მცველი ხარ და უგასაღებოდ ყოფნის უფლება არ გაქვს.
ჯაბამ უცნაურად შეათვალიერა მამა სერაფიმე და უთხრა:
– თქვენც ამასავით მელაპარაკებით, – ჯაბამ ტარიელისკენ გაიშვირა თითი.
– ეგ შენ მართალს გეუბნებოდა. უბრალოდ, გატყუებდა, რომ შენი ერთგული მსახური იყო და გასაღების მოპოვებას, განძეულის პოვნასა და ძლევამოსილების მოპოვებას ცდილობდა.
– ძლევამოსილების მოპოვებას?
– ჰო, ძლევამოსილების მოპოვებას. მან იცოდა, რომ ყალბი გასაღები გქონდა. მეუფე გაბრიელი მიხვდა, რომ საძმოში მოღალატე იყო და ყალბი გასაღების ვარიანტი შეგნებულად გაითამაშა, მოსკოვიდან კი მე გამომიძახა, რომ მოღალატე აღმომეჩინა და, აი, შედეგიც – ტარიელი აღმოჩნდა იუდა, რომელმაც ვნებებს ვერ სძლია.
– ესე იგი, თქვენც საძმოს წევრი ხართ? – ჰკითხა ჯაბამ მამა სერაფიმეს.
– რა თქმა უნდა, – მიუგო მამა სერაფიმემ.
– ვერაფერი გავიგე, – მხრები აიჩეჩა ჯაბამ, – ყველაფერი ერთმანეთში ამერია. ვეღარ ვარკვევ, ვინ მტერია, ვინ მოყვარე, ვინ ურწმუნო და ვინ – მორწმუნე.
– აი, მტერი – სერაფიმემ რადიატორზე მიბმული ტარიელისკენ გაიშვირა ხელი, – თუმცა, ის ჩვენი ერთ-ერთი უერთგულესი წევრი იყო და მასზე დიდ იმედებს ვამყარებდით, ყოველმხრივ ვუწყობდით ხელს კარიერულ წინსვლაში, მინისტრის მოადგილეობამდე მივაღწევინეთ, ამ იუდამ კი მაფიოზური თამაში დაიწყო. განგვიდგა და ლამის საქმე დაღუპა, თუმცა, ამით თავი დაიღუპა.
– რა საქმე, რის საქმე?! – ალაპარაკდა ტარიელი, – თქვენ ხართ გიჟები, ნამდვილი გიჟები, რელიგიური ფანატიკოსები. საგანძურს მატერიალური ღირებულების გარდა სხვა არანაირი ფასი არ გააჩნია. რის ღვთიური, რა ღვთიური, გიჟები ხართ, გიჟები!
– ხედავ, ჯაბა, ეშმაკი რა დღეში აგდებს ურწმუნოსა და ხარბს? მიდი, ახსენი, – თქვა სერაფიმემ.
– ავხსნა? – გაუკვირდა ჯაბას.
– ახსენი და თავის თავს თვითონ გამოუტანოს სასჯელი.
ჯაბამ ახსნა. ტარიელმა მამა სერაფიმეს შეავლო მზერა და უთხრა:
– თავი უნდა მოვიკლა?
– უნდა გაქრე, სამუდამოდ გაქრე, – მშვიდად მიუგო სერაფიმემ.
– ნებით რომ არ ვქნა?
– თუ ღირსების მცირედი გრძნობა მაინც გაქვს, შერჩენილი, იზამ.
– კარგი, ვიზამ, წამოდით, – თქვა ტარიელმა და კარისკენ გაემართა, ჯაბა და სერაფიმე კი უკან გაჰყვნენ.
ტარიელი გოგირდით სავსე აუზის ოთახში შევიდა, აუზის კიდეზე დადგა, პატარა პაუზა გააკეთა და შემდეგ თავით გადაეშვა გოგირდმჟავაში... ტარიელმა მხოლოდ ერთხელ დაიჭყივლა და ისე სწრაფად განზავდა ხსნარში და გაქრა, როგორც შაქარი ცხელ წყალში.
– რასაც სხვებს უშვრებოდა, თვითონაც ის დაემართა, – თქვა ჯაბამ, სერაფიმემ კი დაამატა:
– ეშმაკივით გოგირდმა შთანთქა. არადა, ეშმაკი ადრე ანგელოზი იყო და ამპარტავნებამ და სიხარბემ დაღუპა. ტარიელი საძმოს ყველაზე საიმედო წევრად ითვლებოდა და რას წარმოიდგენდა მეუფე გაბრიელი, რომ სწორედ ის იყო მოღალატე.
– ესე იგი, ტარიელი არაფერს მატყუებდა? – თქვა ჯაბამ, – და ყველაფერი სიმართლეა?
– რა თქმა უნდა, ყველაფერი სიმართლეა, ის მხოლოდ იმას გატყუებდა, რომ ერთგულებას გეფიცებოდა, სინამდვილეში კი ეროვნული საგანძურის ხელში ჩაგდება უნდოდა.
– ლენცის მკვლელები ვინღა არიან?
– ეგეც სრული სიმართლეა.
– კონკრეტულად?
– კონკრეტულად ის, რომ ჩვენი საგანძურის დაუფლება რუსებს სურთ და საამისოდ ყველაფერს აკეთებენ.
– გამოდის, რომ ჩემ შესახებ რუსებს მან შეატყობინა.
– დიახ, ასეა, მაგრამ, ის ყველაფერს აკონტროლებდა და, შენი ნდობა რომ მოეპოვებინა, ეს შოუ იმიტომ დადგა.
– თან, იცით, რა სადისტურად ექცეოდა ყველას?
– როგორც ეტყობა, ის ამით იმორჩილებდა ხელქვეითებს, – თქვა სერაფიმემ.
– ლენცის მკვლელების საშიშროება განეიტრალებულია?
– რა თქმა უნდა, არა.
– აბა, რა ვქნათ, მართლა, პლასტიკურ ოპერაციას ხომ არ გავიკეთებ?
– არა, ოპერაცია არაა საჭირო. უბრალოდ, ყურადღებით და ფრთხილად უნდა იყო.
– მაინც, რა უნდა გავაკეთო?
– ის, რაც ჩაფიქრებული გქონდა.
– რას გულისხმობთ?
– შენს სურვილებს – შორენასთან ერთად ეგზოტიკურ ადგილებში გამგზავრებას, თუმცა, ორი შესწორებით.
– რა შესწორებით?
– პირველი – შორენაზე ჯერ დაქორწინდები და ჯვარს პირადად მე დაგწერთ; მეორე – ნუ იფიქრებ შორენას მოტყუებას. ელენეს მე მოველაპარაკები და ის თქვენთან არ ჩამოვა. ასე რომ, შორენას ნუ შეჰპირდები დედაშენს ჩამოვიყვანო.
– რა იცით, რომ ვატყუებდი?
– შუბლზე გაწერია, – გაეცინა სერაფიმეს და დაამატა, – რა ცოდნა უნდა, რომელ სიძეს უნდა სიდედრთან ერთად ცხოვრება, მით უმეტეს, ეგზოტიკურ ქვეყანაში.
– მართალია, – ჩაეცინა ჯაბას, – სულ ესაა?
– არა, ახლა ყველაზე მთავარი ვთქვათ.
– ვთქვათ.
– უახლოეს პერიოდში საგანძური უნდა მოინახულო, გასაღები აიღო, კისერზე ჩამოიკიდო, შემდეგ კი შორენასთან ერთად გაემგზავრო გრძელვადიან საქორწინო მოგზაურობაში.
– ძალიან კარგია, მაწყობს. როდის მოვინახულო საგანძური?
– გახსოვს, როგორ უნდა მიხვიდე?
– მახსოვს, მეუფე გაბრიელმა კარგად ამიხსნა.
– კარგად კი აგიხსნა, მაგრამ იქამდე მისვლა არც ისე იოლია; თანაც, მარტო უნდა წახვიდე და ფიზიკური მომზადების გარდა, მორალურ-ფსიქოლოგიურად უნდა მოემზადო. მაგრამ, რაც ყველაზე მთავარია, სულიერად უნდა იყო მზად.
– მოვემზადები, ფსიქოთერაპიის კურსს ჩავიტარებ, ფიზიკურად კი არ გამიჭირდება, სირთულეებს მიჩვეული ვარ – არაერთ ლაშქრობაში ვყოფილვარ და არ გამჭირვებია.
– აქ მარტო ეგ არ კმარა, რწმენა, მტკიცე რწმენაა საჭირო, – თქვა სერაფიმემ, პირჯვარი გადაისახა და ჯაბას ჰკითხა: – ღმერთი გწამს?
– რა თქმა უნდა, მწამს, – დაუფიქრებლად მიუგო ყმაწვილმა.
– არა, ჯაბა, ასეთი პასუხი არადამაკმაყოფილებელია. სახეზე გაწერია, რომ ფორმალურად მპასუხობ, სულიერება არ გეტყობა.
– სულიერება? – გაიმეორა ჯაბამ.
– ჰო, სულიერება – მიუგო სერაფიმემ – სიტყვით ამბობ და არა გულით, პირით მპასუხობ და არა რწმენით. ურწმუნო კაცი კი საგანძურამდე ვერ მივა.
– შეიძლება, ერთი კითხვა დაგისვათ?
– მკითხე, გისმენ.
– თუკი ასეთი ურწმუნო, არასაიმედო და უვარგისი ვარ, მაშინ, მეუფე გაბრიელმა მე რატომ ამირჩია განძის მცველად და ეს მისია სხვას რატომ არ დააკისრა?
– იმიტომ რომ, მან შენში დაინახა შესაფერისი კანდიდატი და ღმერთმაც შენი ხელდასხმულობა დაუდასტურა.
– თუ ასეა, მაშინ, ჩემგან რა გინდათ?
სერაფიმეს ჩაეცინა:
– წეღანდელს გაგიმეორებ, შვილო, ეშმაკი, სატანა, უფლის პირველი ანგელოზი იყო და ზნედაცემული გახდა. ისიც ხელდასხმული იყო, მაგრამ ვერ გაამართლა. ასე რომ, ხელდასხმულობა იმის გარანტია არაა, რომ გაამართლებ. თავადვე უნდა მოინდომო. რწმენა მონდომებაც არის და არა მარტო უფლის მადლი.
– გასაგებია, – უთხრა ჯაბამ.
– რა არის გასაგები? – იკითხა სერაფიმემ.
– ის, რაც თქვენ თქვით. მე ხელდასხმულიც ვარ და მონდომებულიც, მწამს ღვთის არსებობის და მზად ვარ, რომ მისი ნება აღვასრულო.
– იცი, რა, ჯაბა, – თქვა სერაფიმემ და ყმაწვილს მზერა შეავლო, – ხელდასხმულები უმეტესწილად ჩვეულებრივი ადამიანები არიან და მათი ღვთიურობა საჭირო მომენტში, საჭირო დროს ვლინდება, ხვდები?
– რა თქმა უნდა, ვხვდები. უფრო მეტს გეტყვით, ახლა მე სწორედ იმ ღვთიურ აურაში ვარ.
– ღვთიურ აურაში?
– დიახ! – თქვა ჯაბამ და, სერაფიმეს გასაკვირად, რამდენიმე ნაბიჯი გადადგა ჰაერში. შემდეგ გრაფინიდან წყალი დაისხა, დალია და უკან ჩვეულებრივად, იატაკზე გავლით დაბრუნდა.
– შენ რა, იოგაში ვარჯიშობდი? – წამოიძახა სერაფიმემ, რომელიც საკუთარ თვალებს არ უჯერებდა და ჯაბას გაოცებული უმზერდა.
– თქვენ არ თქვით, რწმენაო? – გაეცინა ჯაბას, – სწორედ წეღან ვიყავი რწმენის ღვთიურ აურაში და გამომივიდა. აი, ახლა კი, ნამდვილად მჯერა, რომ ხელდასხმული ვარ და არსად გადახვეწას არ ვაპირებ. არც არავის ვატყუებ და 48 საათში საგანძურის მოსანახულებლად გავემართები.
– ორმოცდარვა საათში რატომ? – იკითხა დაბნეულმა სერაფიმემ.
– იმიტომ, რომ, ახლა ზუსტად დილის 6 საათია და ზეგ, დილის 6 საათზე გავემართები განძეულის მოსანახულებლად.
სერაფიმე და ჯაბა რომ შორენას ბინაში დაბრუნდნენ, დილის რვის ნახევარი იყო. ატირებული გოგონა დედ-მამას არ მოერიდა, ჯაბას კისერზე ჩამოეკიდა, კოცნა დაუწყო და თან იმეორებდა:
– საყვარელო, როგორ მომენატრე, როგორ შემაშინე! როგორ ხარ?
– კარგად, ახლა კარგად. რამ შეგაშინა, არ გრცხვენია? – ჯაბამ, გოგონას, ლოყაზე აკოცა, თმაზე მოეფერა და ელენეს ჰკითხა:
– როგორ ბრძანდებით, ქალბატონო ელენე?
– შენზე ვნერვიულობდი, მაგრამ ახლა კარგად ვარ. შენ როგორ ხარ, შვილო?
– ახლა მეც კარგად ვარ, – მიუგო ჯაბამ ქალს.
– ელენე, წამოდი, სალოცავად წავიდეთ, თუ, რა თქმა უნდა, ჩემ გვერდით სიარული არ გეთაკილება, – უთხრა სერაფიმემ ელენეს.
– არ მეთაკილება – ცხოვრებაში პირველად გაუცინა ელენემ ყოფილ გენერალს, შემდეგ შორენას მიუბრუნდა:
– შვილო! მე და მამა სერაფიმე ტაძარში წავალთ სალოცავად, შენ კი ჯაბა ასაუზმე.
– კარგი, დედიკო, – თქვა შორენამ და გასასვლელისკენ მიმავალი წყვილი შეაჩერა და უთხრა:
– დედიკო, მამიკო, ახლა ძალიან ბედნიერი ვარ, და, მოდი, ერთ ოჯახად ვიცხოვროთ, მტერს ნუ გავახარებთ!
– მე თანახმა ვარ, თქვა სერაფიმემ.
შორენას მშობლები რომ წავიდნენ, ჯაბა სავარძელში ჩაეშვა და შორენას უთხრა:
– როგორ ხარ, საყვარელო?
– ახლა კარგად, ძვირფასო, – თქვა შორენამ, ჯაბას მოეფერა და უთხრა: – თავის მოკვლას ვაპირებდი, შენ რომ რამე მოგსვლოდა.
– მართლა?
– მართლა, შენს თავს ვფიცავ.
– მე და მამაშენმა გადავწყვიტეთ, რომ ამ ერთი კვირის განმავლობაში მე და შენ დავქორწინდებით და ჯვარს მამაშენი დაგვწერს.
– მართლა?
– მართლა, – გაეღიმა ჯაბას, – შემდეგ კი მე და შენ ხანგრძლივ საქორწინო მოგზაურობაში გავემგზავრებით.
– ძალიან კარგია, სად?
– სადმე, ოკეანის გაღმა, იქ, სადაც ყველაზე კარგად ვიგრძნობთ თავს.
– რა კარგია! – ტაში შემოჰკრა შორენამ, მაგრამ უცებ სახე შეეჭმუხნა და ჯაბას ჰკითხა – დედაჩემი? მამაჩემი? თუკი ჩვენ ხანგრძლივ მოგზაურობაში წავალთ, ჩემი მშობლები აქ დარჩებიან?
– მამაშენმა მითხრა, ელენეს მე მივხედავო. თუმცა, მე წინააღმდეგი არ ვარ, თუ გინდა, ორივე ჩვენთან წამოვიდეს.
– კარგი, კარგი, ამაზე მერე ვილაპარაკოთ. ახლა კი ისაუზმე, – თქვა შორენამ და ჯაბა სამზარეულოში წაიყვანა, სადაც საუცხოო სუფრა ჰქონდა გაშლილი.
ის იყო, ჯაბა საუზმეს შეუდგა, რომ კარზე ზარის ხმა გაისმა.
– ნეტავ ვინ უნდა იყოს? – თქვა შორენამ.
– მიდი და ნახე, – მიუგო ჯაბამ.
შორენა კარებისკენ გაემართა, ჯაბამ კი საუზმე განაგრძო, მაგრამ, ერთი წუთიც არ იყო გასული, რომ ბინაში ათიოდე შეიარაღებული „სპეცნაზელი” შეიჭრა. მათ პოლიციის მაღალჩინოსანი მოუძღოდა წინ, რომელიც თითქმის ყოველდღიურად ჩანდა ტელეეკრანზე და ჯაბამ ის იცნო.
– გამარჯობა, – მიესალმა პოლიციელი ჯაბას და უთხრა, – ჯაბა, ხომ?
– დიახ, მშვიდად მიუგო ჯაბამ.
– ალბათ, არ გიკვირთ ჩვენი ვიზიტი.
– სიმართლე გითხრათ, არა. ძებნაში ვარ იმ საქმის გამო, რაც არ ჩამიდენია და, როგორც ვხედავ, მომაგენით.
– არა, ბატონო, – თავი გააქნია მაღალჩინოსანმა, – ჩვენ აქ სულ სხვა რამის გამო ვართ.
– სხვას ეძებთ?
– გეძებთ თქვენ, მაგრამ, სულ სხვა საქმეებზე.
– საქმეებზე? – თქვა ჯაბამ.
– დიახ, დიახ, – დაადასტურა პოლიციის მაღალჩინოსანმა, – ბაქოელი ბიზნესმენი ჩვენ არ გვაინტერესებს. ჩვენ აქ იმიტომ მოვედით, რომ სამი ადამიანის მკვლელი დავაკავოთ.
– მერედა, ვინაა ეს მკვლელი?
– თქვენ.
– თუ საიდუმლო არაა, ვინ მოვკალი?
– საგიჟეთის დირექტორი რაჟდენ რაჟდენოვიჩი, მისი დარაჯი ხარიტონი და ჩვენი კოლეგა, ჩვენი მინისტრის მოადგილე ტარიელი, – მშვიდად მიუგო ჯაბას პოლიციელმა.
– მსგავსი აბსურდი არასდროს მსმენია, – ჩაეცინა ჯაბას, – მინისტრის მოადგილე, რამდენადაც ვიცი, ტერორისტებმა მოკლეს და დღესაა მისი გასვენება, დანარჩენები კი მას შემდეგ არ მინახავს, რაც საგიჟეთიდან გავიქეცი.
– ტარიელი ისევე მოკლეს ტერორისტებმა, როგორც თქვენ ხართ ახლა მკვდარი.
– კი, მაგრამ, ტარიელი ნამდვილად არ მომიკლავს, – თქვა ჯაბამ.
– თქვენ ხომ წყნეთში იმალებოდით, ჩვენი უწყების კონსპირაციულ აგარაკზე?
– დიახ.
– მაშინ, როგორ ახსნით, რომ თქვენ ახლა აქ ხართ, ტარიელი კი არ სჩანს?
– მე იქიდან გამოვიქეცი, ტარიელს რა ბედი ეწია, ვერ გეტყვით.
– ისედაც ნათელია, რომ თქვენ მოკალით.
– არა, ბატონო, გეშლებათ. გარწმუნებთ, ვიღაცამ დეზინფორმაცია მოგაწოდათ. ტარიელმა მე აგარაკზე იძულებით მიმიყვანა და საკუთარი მიზნებისთვის უნდოდა გამოვეყენებინე, ამიტომ გავიქეცი, თავად მას კი რა ბედი ეწია, ნამდვილად არ ვიცი.
– კარგი. მაშინ, მითხარით, თქვენ რომ გაიქეცით, ტარიელი სად იყო იმ დროს?
– რადიატორზე მყავდა მიბმული.
– იქვე დატოვეთ?
– რა თქმა უნდა.
– მერე სად წავიდა?
– აბა, მე რა ვიცი.
– კარგი, – ჩაეცინა პოლიციელს, – არც პროფესორის და ხარიტონის მკვლელობებს აღიარებთ?
– არა.
– დივიდი გაქვთ?
– გვაქვს, – მიუგო შორენამ.
– აი, ეს დისკები ჩადეთ და ვუყუროთ, – უთხრა პოლიციელმა შორენას, ორი ცალი დისკი მისცა და უთხრა: – ჯერ ლურჯი ჩართეთ.
შორენამ ლუჯი დისკი ჩართო და ტელევიზორში თვალნათლივ გამოჩნდა, თუ როგორ გადაყარა ჯაბამ მდინარე მტკვარში ჯერ რაჟდენ რაჟდენოვიჩი და მერე ხარიტონი.
– რას იტყვით, შთამბეჭდავია, ხომ – ნიშნის მოგებით იკითხა მაღალჩინოსანმა.
– ისინი მე არ მომიკლავს.
– აბა, ვინ მოკლა?
– არ ვიცი, – მხრები აიჩეჩა ჯაბამ.
– თუ ასეა, მაშინ თქვენ რატომ გადაყარეთ ისინი მტკვარში?
– იმიტომ, რომ მკვლელობები ჩემთვის არ დაებრალებინათ.
– როგორ აღმოჩნდა გვამები თქვენთან?
– ალბათ, ვიღაცამ მოიტანა ისინი ამ ბინის კარებთან პროვოკაციის მიზნით.
– ვის უნდა მოეტანა, ხომ არ იცით?
– ვიცი.
– იცით? ახლა არ თქვით, არ ვიციო?
– არა, ვიცი, – მტკიცედ თქვა ჯაბამ.
– ვინ მოიტანა?
– ტარიელმა.
– ასეც ვიცოდი, რომ ყველაფერს ტარიელს დააბრალებდით, – თქვა პოლიციელმა და შორენას უთხრა:
– ახლა კი წითელი დისკი ჩართეთ.
წითელ დისკზე ტარიელის ათწუთიანი სიტყვა იყო ჩაწერილი, რომელშიც ის ჯაბას მკვლელს უწოდებდა და ამბობდა, რომ რუს ტერორისტებთან იყო დაკავშირებული და რომ თუკი მას მოკლავენ, ან გააქრობენ, პასუხი ჯაბასთვის მოეკითხათ, რომელიც შორენასთან იმალებოდა.
– სისულელე და პროვოკაციაა, – თქვა ჯაბამ.
– სხვა რა გეთქმით, – გაეცინა პოლიციელს, – ეს დისკები მე ერთი საათის წინ აღმოვაჩინე ტარიელის სეიფში და, როგორც ხედავთ, ახლა აქ ვარ.
– აქ კი ხართ, მაგრამ ტყუილად მოხვედით. მოდი, ასე მოვილაპარაკოთ: თქვენ აქედან მშვიდობიანად მიდიხართ და კონფლიქტი ვითომ არ ყოფილა.
– რა ბრძანეთ? – ირონიულად თქვა პოლიციელმა, – წავიდე?
– მინისტრი თუ არის საქმის კურსში, ასეთ ოპერაციას რომ აპირებდით?
– რა თქვენი საქმეა?
– სიმართლე თქვით და გეტყვით.
– არა, არ არის საქმის კურსში.
– ჰოდა, სანამ არ გაუგია, მშვიდობიანად წადით.
– სისულელეს მეუბნებით. ჩაიცვით და წამოგვყევით. ნუ გვაიძულებთ, რომ ძალა გამოვიყენოთ.
– ერთი ზარის უფლება ხომ მაქვს?
– გაქვთ.
– მაშინ, დამარეკინეთ.
– ინებეთ, – უთხრა პოლიციელმა და ჯაბას ტელეფონით დარეკვის ნება მისცა.
ჯაბამ სერაფიმეს დაურეკა და უთხრა:
– აქ პოლიციაა და ჩემი წაყვანა უნდათ.
– კარგი, – მიუგო სერაფიმემ, – როგორმე ხუთიოდე წუთით გააჩერე.
ჯაბამ ტელეფონი გათიშა და მაღალჩინოსან პოლიციელს უთხრა:
– იმედია, ათი წუთი არაფერს წყვეტს და მაცადეთ, რომ ჩავიცვა.
– რა თქმა უნდა, – მიუგო ჯაბას პოლიციელმა.
ჯაბა ერთი „სპეცნაზელის” თანხლებით გაემართა საძინებლისკენ, ვითომდა ჩასაცმელად, სინამდვილეში კი დრო უნდა გაეყვანა სერაფიმეს მოსვლამდე.
ხუთიოდე წუთის შემდეგ ჯაბას ზარის ხმა შემოესმა, შემდეგ კი ისეთი სიჩუმე ჩამოვარდა, რომ ბუზის გაფრენის ხმას გაიგონებდით. ჯაბა და „სპეცნაზელი” საძინებლიდან გავიდნენ და სასაცილო სურათი იხილეს.
ოთახში „სპეცნაზელები” და მაღალჩინოსანი პოლიციელი იდგნენ თავჩაღუნულები. მათ წინ კი კოპებშეკრული მინისტრი იდგა, რომელიც უხმოდ უმზერდა ხელქვეითებს. ბოლოს კი, მაღალჩინოსანს მშვიდად უთხრა:
– როდიდან წყვეტ ასეთ მნიშვნელოვან საქმეებს უჩემოდ, მიპასუხე.
– არა, ბატონო მინისტრო, უბრალოდ, ასე მოხდა.
– რა მოხდა?
– რა და, ინფორმაცია მოვიპოვეთ, რომელიც სასწრაფო რეაგირებას ითხოვდა და იმიტომ ვიჩქარეთ.
– მე რატომ არ შემატყობინე?
– მერე ვაპირებდი.
– რატომ მერე და არა მაშინვე?
– დრო არ ითმენდა.
– ეგ ზღაპრები შენთვის შეინახე. იმიტომ არ შემატყობინე, რომ თავის გამოჩენა გინდოდა და იმეტიჩრე. ამით კი კინაღამ საქმე დაღუპე. კიდევ კარგი, რომ მედიას არ გაუშუქებია ეს ყოველივე. თუმცა, შენ მაინც მოგიწევს ჟურნალისტების წინაშე გამოსვლა და, გირჩევ, დამაჯერებელი ტყუილი მოიფიქრო.
– ბოდიშს გიხდით, ბატონო მინისტრო, – ამოილუღლუღა პოლიციელმა.
– ბოდიში რომ საქმეს შველოდეს, მაშინ რაღა გვიჭირდა, – მხიარულად თქვა მინისტრმა, შემდეგ „სპეცნაზელებს” მიუბრუნდა და უთხრა:
– მაშ, ასე, ძმანო ალემანნო, – მინისტრმა პაუზა გააკეთა, ხელქვეითებს მხიარული მზერა მოავლო და დაამატა: – „ალემანნო“ ალემო არ გეგონოთ და გულში არ დამცინოთ, ჩვენი მინისტრი უწიგნურიაო. ალემნები გერმანელები არიან და, რა თქმა უნდა, ვხუმრობ. თქვენ ნამდვილად ქართველები ხართ. ხოლო, ეს წოდება რომ არ ჩამოგერთვათ, კარგად მომისმინეთ და, რასაც გეტყვით, ზედმიწევნით ზუსტად შეასრულეთ. მოკლედ, ასე: რაც აქ მოხდა, სამუდამოდ დაივიწყეთ, გასაგებია?
– გასაგებია, ბატონო მინისტრო, – რიხიანად თქვეს „სპეცნაზელებმა” მათი უფროსის ხელმძღვანელობით და მინისტრს თვალებში შესციცინებდნენ.
– ძალიან კარგი, – თქვა მინისტრმა, შემდეგ ჯაბა მოიხმო, მხარზე მოუთათუნა ხელი და ხელქვეითებს უთხრა: – ეს კაცი მკვდრადაა გამოცხადებული და თქვენთვისაც მკვდარია. არავინ არ უნდა გაიგოს, რომ ის ცოცხალი ნახეთ, გასაგებია?
– გასაგებია, ბატონო მინისტრო! – კვლავ გაიმეორეს „სპეცნაზელებმა”.
– ახლა კი გეტყვით, რა ხდება, – თქვა მინისტრმა და კოპებშეკრულმა განაგრძო, – რუსეთის წინააღმდეგ საიდუმლო ოპერაცია ხორციელდება, რომელშიც ეს კაცი და კიდევ სხვა ნაცნობი თუ, თქვენთვის უცნობი პირები მონაწილეობენ. ამიტომ, ვინც დღევანდელ ამბებს ოდესმე სადმე მოყვება, ის სამშობლოს მოღალატედ გამოცხადდება და სათანადოდაც დაისჯება. ახლა კი შეგიძლიათ, წახვიდეთ და დაისვენოთ. დღეს უქმე გაქვთ და თქვენს გემოზე გაატარეთ. მანამდე კი ბუღალტერიაში შეიარეთ და თქვენზე გამოწერილი პრემიები მიიღეთ.
მინისტრის სიტყვებით აღფრთოვანებული „სპეცნაზელები” და მათი მეთაური სასწრაფოდ გაეცალნენ იქაურობას. მინისტრმა კი ჯაბას ხელი მოხვია და უთხრა.
გაგრძელება შემდეგ ნომერში