დანდობა? – არა!
ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ერკიულ პუაროს, ვინმე ამელია ბაროუბისგან წერილი მოუვიდა. ქალბატონი შეწუხებული ჩანდა და ერთ დელიკატურ საქმეში დახმარებას სთხოვდა. თუმცა, საქმის დეტალებზე არაფერს ამბობდა. მხოლოდ წერდა, საქმე ძალიან დელიკატურია და თუ ფაქტები დადასტურდება, მირჩევნია, ის პირადად მოვაგვაროო. პუარომ თანხმობა მისწერა, პასუხი კი აღარ მიუღია. ერთ მშვენიერ დღეს, გაზეთში სრულიად შემთხვევით ამოიკითხა: „26 მარტს, ჩერმანს გრინში, სახლში, რომელსაც „ვარდის ბაღი” ჰქვია, სამოცდაცამეტი წლის ასაკში, ამელია ჯეინ ბაროუბი მოულოდნელად გარდაიცვალა. გთხოვთ, ყვავილები არ მოიტანოთ”.
პუარომ კიდევ ერთი წერილი გაამზადა:
„ძვირფასო მის ბაროუბი! სამწუხაროდ, ჩემს წერილზე პასუხი ვერ მივიღე, მაგრამ ხუთშაბათს ჩერმანს გრინში ვიქნები. შემოგივლით და განვიხილოთ ის პრობლემა, რაზეც თქვენს წერილში წერდით.”
პასუხმა არ დააყოვნა:
„პატივცემულო სერ! გაცნობებთ, რომ ჩემი დეიდა მის ბაროუბი, 26 მარტს გარდაიცვალა. ასე რომ, საქმეს, რომელსაც თქვენ ახსენებთ, უკვე აღარანაირი მნიშვნელობა აღარ აქვს. თქვენი, მერი დელაფონტენი.”
– უკვე აღარანაირი მნიშვნელობა აღარ აქვს... – პუარომ ჩაიღიმა, – ამას კიდევ ვნახავთ.
„ვარდის ბაღი” თავის სახელს სავსებით შეესაბამებოდა, რასაც ასეთ სახლებზე ხშირად ვერ იტყვი. ჭიშკრიდან სახლამდე ვიწრო გზა მიდოდა, რომლის ორივე მხარეს ყვავილნარი გაეშენებინათ. გზის ერთი კიდე ნაწილობრივ ნიჟარებით იყო მოკირწყლული. პუაროც სწორედ ამ ყვავილნარს ათვალიერებდა, როდესაც სახლიდან მოახლე გამოვიდა. სტუმარი სახლში შეიპატიჟა და დიასახლისის დასაძახებლად წავიდა. დიასახლისის მოსვლამდე, ოთახში ახალგაზრდა ქალი შემოვიდა და სტუმარს დაეჭვებული მიაჩერდა. შემდეგ კი პირდაპირ მიახალა:
– რატომ ჩამოხვედით? ადვოკატი ხართ, არა?! მას სურდა, რომ ფული მე დამრჩენოდა და მე მას მივიღებ! ფული ჩემია! მან ასე დაწერა და ასე იქნება!
გოგონა თვალებიდან ცეცხლს აფრქვევდა. ამ დროს კარი გაიღო და ოთახში ქალი შემოვიდა.
– კატრინა, – ხმადაბლა თქვა მან.
გოგონა მაშინვე გავიდა. პუარო მიხვდა, რომ მის წინაშე ამ სახლის დიასახლისი – მერი დელაფონტენი იდგა.
– მესიე პუარო? მე თქვენ მოგწერეთ. ჩემი წერილი არ მიიღეთ?
– სამწუხაროდ, ლონდონში არ ვიყავი.
– გასაგებია! ნება მომეცით, გაგეცნოთ. მე მერი დელაფონტენი ვარ. ეს ჩემი ქმარია. მის ბაროუბი ჩემი დეიდა იყო.
მისტერ დელაფონტენი ოთახში ისე ჩუმად შემოვიდა, პუარომ მისი შემოსვლა ვერც კი შეამჩნია. სამაგიეროდ, შენიშნა, რომ ის ხშირად აპარებდა ცოლისკენ თვალს და სავარაუდოდ, ოჯახში „დაქვემდებარებული პირი” უფრო იყო, ვიდრე მისი უფროსი. პუარომ შეწუხებისთვის ბოდიში მოიხადა და წასვლა დააპირა. ქალმა შეაჩერა:
– ხომ ვერ გვეტყვით, რა საქმეზე უნდა დალაპარაკებოდით დეიდას? იქნებ დაგეხმაროთ?
– ძალიან პირადული საკითხია, – უპასუხა პუარომ, – მე დეტექტივი ვარ.
– დეტექტივი? – გაკვირვებით იკითხა მისის დელაფონტენმა, – და თქვენ დეიდასთან გქონდათ შეხვედრა დანიშნული? რა უცნუარია! უფრო დაწვრილებით ვერ მოგვიყვებით? ეს, უბრალოდ, წარმოუდგენელია!
– ვშიშობ, რომ ამ მომენტისთვის ვერაფერს გეტყვით.
პუარო გასასვლელისკენ გაემართა. ბაღში შეჩერდა და დიასახლისს მიმართა:
– მგონი, ბაღი ძალიან გიყვართ, მადამ.
– დიახ, აქ თავად ვაკეთებ ყველაფერს.
– მიიღეთ ჩემი კომპლიმენტები.
სახლიდან გამოსული პუარო, პირდაპირ პოლიციის განყოფილებისკენ გაემართა. იქ მას თავაზიანად შეხვდა ინსპექტორი სემსი. აი, რა უამბო მან პუაროს:
– მოხუცი სამშაბათ საღამოს, სადილის შემდეგ გახდა ცუდად. კონვულსიები... სპაზმი... და ასე შემდეგ. ვიდრე ექიმი მოვიდა, ლედი გარდაიცვალა, თითქოს გულის შეტევისგან. ექიმი ამ ახსნამ ვერ დაარწმუნა და გარდაცვალების მოწმობის გაცემაზე უარი თქვა. გაკვეთამ აჩვენა, რომ მოხუცი სტრიქინინისგან გარდაიცვალა. ახლა საკითხავი ისაა, ვინ გააკეთა ეს. თავიდან ვიფიქრეთ, რომ სტრიქინინი კერძში ჩაუყარეს, თუმცა ეს ძნელი წარმოსადგენია. სადილზე სუპი, თევზი და ნამცხვარი ყველამ ჭამა. მათ სახლში ცხოვრობს ერთი, რუსული წარმომავლობის გოგონა – კატრინა რიგერი, რომელიც მის ბაროუბის კომპანიონიც იყო, მომვლელიც და მოახლეც. სახლში კიდევ ცხოვრობს ერთი მოახლე, მაგრამ სამშაბათს მას დასვენების დღე ჰქონდა. მან სუპი და თევზი მომზადებული დატოვა. სუფრასთან ყველამ ერთი და იგივე საჭმელი ჭამა. ამას გარდა, ამ კერძებში სტრიქინინის ჩაყრა შეუძლებელია. ის საშინლად მწარეა. ყავაში კიდევ შეიძლება, მაგრამ მოხუცს ყავა არ უყვარდა. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ მოხუცმა ჭამის წინ რაღაც ფხვნილი მიიღო, რომელიც საჭმლის მონელებას აუმჯობესებს. აი, ფხვნილის შეცვლა კი ნამდვილად არ იქნებოდა პრობლემა. მწარე გემოსაც, მოხუცი ყურადღებას არ მიაქცევდა. ფხვნილი მას სწორედ იმ რუსმა გოგომ დაალევინა. მთავარი კი ის არის, რომ მის ბაროუბიმ თავის ნათესავებს – დელაფონტენებს თანხის ძალიან მცირე ნაწილი უანდერძა, დანარჩენი კატრინა რიგერს დაუტოვა. არც თავად გოგონა უარყოფს, რომ ფხვნილთან შეხება მის გარდა არავის ჰქონდა. მას, ალბათ, დავაპატიმრებთ. არ მინდა, გავრისკოთ. შეიძლება, მეგობრებიც აღმოაჩნდეს, რომლებიც მის გადამალვაზე იზრუნებენ.
– არა მგონია, მას მეგობრები ჰყავდეს, – თქვა პუარომ, შემდეგ კი დაამატა, – არა, ვცდები, მას შეიძლება, ერთი მეგობარი ჰყავდეს. კიდევ რაიმეს თქმა ხომ არ შეგიძლიათ?
– როგორც ჩანს, მის ბაროუბი, ბოლო დროს, თავისი აქციებით რაღაც საეჭვო ოპერაციებს ახორციელებდა და ბევრი ფული დაკარგა.
მეორე დღეს ინსპექტორმა სემსმა პუაროს აცნობა, რომ კატრინას საწოლში სტრიქინინის პაკეტი იპოვეს.
– ეს საქმეს დაასრულებს, – უთხრა მან პუაროს.
– კი, – დაეთანხმა პუარო, – ვფიქრობ, ეს საქმეს დაასრულებს.
პუარო ისევ პოლიციაში მივიდა და დაპატიმრებულ კატრინა რიგერთან დალაპარაკება მოითხოვა. კატრინა კიდევ უფრო ფერმკრთალი და მოღუშული ჩანდა, ვიდრე იმ დღეს, როცა პუარომ იგი პირველად ნახა. პუარო გოგონას რამდენიმე წუთი ესაუბრა. დამშვიდობების წინ კი უთხრა:
– გამაგრდით, მადმუაზელ! თქვენ თავისუფლება, ფული და უზრუნველი ცხოვრება გელოდებათ!
როდესაც პოლიციის განყოფილებიდან გადიოდა, ინსპექტორმა სემსმა გააჩერა:
– რაღაც ვერ გავიგე, გუშინ თქვენ ამბობდით, რომ გოგონას ვიღაც მეგობარი ჰყავს...
– რა თქმა უნდა, ჰყავს. ეს მე ვარ.
ვიდრე „ვარდების ბაღში” მივიდოდა, პუარომ იმ თევზით მოვაჭრესთან შეიარა, რომელიც ამ სახლს ამარაგებდა და რამდენიმე კითხვა დაუსვა. შემდეგ „ვარდებს ბაღში” მივიდა. მისის დელაფონტენი სტუმარს ბაღში შეეგება.
– მესიე პუარო, დაბრუნდით?
– კი დავბრუნდი, – პუარო ცოტა ხანით გაჩუმდა, – მადამ, პირველად რომ ვნახე თქვენი ბაღი, თვალში ნიჟარებით მოპირკეთებული გზის კიდე მომხვდა. თუმცა, უცნაური ნიჟარები შეგირჩევიათ. ეს ხომ ხამანწკების ნიჟარებია?
მან გაიგონა, რა სწრაფად შეისუნთქა ქალმა ჰაერი, თვალებში კი კითხვა გამოესახა. პუარომ განაგრძო:
– ვიცი, რომ მოახლემ წინასწარ მომზადებული სადილი დაგიტოვათ, რადგან იმ საღამოს ისვენებდა. თქვენ მარტო ის ჭამეთ, რაც იმ ქალმა მოამზადა. ამას მოახლეც და კატრინაც დაადასტურებენ. თუმცა, მხოლოდ თქვენ და თქვენმა ქმარმა იცით, რომ სახლში დამატებით ხამანწკებიც მოიტანეს. რა მარტივია სტრიქინინის ხამანწკაში ჩაყრა... და რა მარტივია ხამანწკის გადაყლაპვა!.. მაგრამ, რჩება ნიჟარები... ნაგვის ყუთში მათი ჩაყრა შეუძლებელია. მოახლე დაინახავს. სწორედ მაშინ თქვენ იპოვეთ გამოსავალი და ნიჟარებით გზის კიდე მოკირწყლეთ. თუმცა, როგორც ჩანს, ნიჟარები არ გეყოთ და რიგი ბოლომდე ვერ დაასრულეთ, რამაც თქვენ ბრწყინვალე ბაღში სიმეტრია დაარღვია. ეს ხამანწკის ნიჟარები აქ ნამდვილად უადგილოა... ისინი მაშინვე თვალში გხვდება...
– თქვენ ყველაფერს წერილიდან მიხვდით? – ჰკითხა მერი დელაფონტენმა, – მე ვიცოდი, რომ წერილი დაიწერა, მაგრამ არ შემეძლო მცოდნოდა, რამდენად გაგენდოთ.
– ჩემთვის ცნობილი იყო, რომ ეს საქმე ოჯახს ეხებოდა, – უპასუხა პუარომ, – საუბარი კატრინაზე რომ ყოფილიყო, დეიდათქვენს ყველაფრის საიდუმლოდ შენახვის საჭიროება არ ექნებოდა. როგორც ვხვდები, მის ბაროუბის ფასიან ქაღალდებს თქვენი ინტერესებისთვის იყენებდით და მან ამის შესახებ გაიგო.
მერიმ თავი დააქნია.
– ჩვენ ეს რამდენჯერმე გავაკეთეთ. არ მეგონა, თუ მას იმის ჭკუა ეყოფოდა, ყველაფერს მიმხვდარიყო. შემდეგ გავიგე, რომ დეტექტივი მოიწვია... რომ მთელ ფულს კატრინას უტოვებს... იმ საცოდავ ქმნილებას.
– და სწორედ ამიტომ აღმოჩნდა სტრიქინინის პაკეტი კატრინას საძინებელში. გასაგებია. თქვენ შეგეშინდათ, რომ ყველაფერს მიხვდებოდნენ და შეეცადეთ, ეს უდანაშაულო გოგოსთვის დაგებრალებინათ. ძალიან დაუნდობელი ხართ, მადამ.
მერი დელაფონტენმა მხრები აიჩეჩა. მისი ცისფერი თვალები პუაროს დაჟინებით და ავად მისჩერებოდნენ.
– დანდობა? – თქვა მან, – იმ საცოდავი არსების? იმ უსინდისო ინტრიგანის? – მის ხმაში ზიზღი იგრძნობოდა.
– ვფიქრობ, მადამ, – ნელა წარმოთქვა პუარომ, – ცხოვრებაში თქვენ მხოლოდ ორი რამ გიყვარდათ: ერთი თქვენი ქმარია... მან შეამჩნია, როგორ შეირხა მისი ტუჩები.
– მეორე – თქვენი ბაღი.
პუარომ ირგვლივ მიმოიხედა. თითქოს, ყვავილებს პატიებას სთხოვდა იმის გამო, რაც უკვე გააკეთა და იმის გამოც, რაც უნდა გაეკეთებინა.
თარგმნა
ნინო წულუკიძემ