32 წლის ქალმა ფულის გამო საყვარლის მკვლელობა მეორე საყვარელს დააბრალა
ციხიდან ახლად გამოსული 38 წლის ლევან ნ. ყოფილმა საყვარელმა შურისძიების მოტივით ჩადენილ მკვლელობაში ამხილა. განსასჯელს 15 წლამდე პატიმრობა ელოდა, მაგრამ ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებებისა და არასაკმარისი მტკიცებულებების გამო, სასამართლომ სახლში გაუშვა. როგორც განაჩენშია ნათქვამი: „არავინაა ვალდებული ამტკიცოს უდანაშაულობა, ბრალდების მტკიცების მოვალეობა ბრალმდებელს ეკისრება. გამამტყუნებელი განაჩენი მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს უნდა ემყარებოდეს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება, კანონით უნდა გადაწყდეს ეჭვმიტანილისა და ბრალდებულის სასარგებლოდ”.
ბურუსით მოცული კახა ს-ს მკვლელობა მისი საყვარლის, 32 წლის ნანა ხ-ს სახლთან მოხდა. ექსპერტიზის დასკვნით, გამვლელების მიერ ნაპოვნი გარდაცვლილი დანით იყო მოკლული. იმის გათვალისწინებით, რომ მის მკვლელობაში ბრალდებული ლევან ნ. დარბაზიდან გათავისუფლდა, ნიშნავს, რომ ნამდვილი მკვლელი ამჟამადაც თავისუფალია.
საინტერესო დეტალი: თავის დროზე ნანა ხ. დაკავებულის, ხოლო შემდეგ გარდაცვლილის საყვარელი იყო! აქედან გამომდინარე, ლევან ნ. დაკავებისთანავე აცხადებდა, რომ მკვლელობა ნანა ხ-ს ჩადენილია. ამის მოტივად კი ბინას ასახელებდა – აწ გარდაცვლილს ნანა ხ-სთვის აღებული სესხის გარანტად საკუთარი ბინა ჰქონდა ჩადებული...
მკვლელობის ოფიციალური ვერსია
ასეა თუ ისე, დაკავების შემდეგ ლევან ნ-ს ბრალი დაედო განზრახ მკვლელობაში (სსკ 108-ე მუხლი). გამოძიება ამბობდა, რომ მკვლელობა 10 მარტს, დაახლოებით ღამის 4 საათზე მოხდა.
საქმის მასალებით, დაახლოებით ღამის 12 საათზე ნანა ხ. სახლში მეგობარ მამაკაცთან – კახა ს-სთან ერთად დაბრუნდა. მას ფეხდაფეხ მიჰყვა იმავე უბანში მცხოვრები მთვრალი ლევან ნ. რომელიც გამოძიების თქმით, ნანას გარდა, სახლში არავის ელოდა. დიასახლისმა ლევან ნ. და მისი საყვარელი კახა ს. ერთმანეთს გააცნო, თავად კი მეორე სართულზე ბავშვის დასაძინებლად ავიდა. მაგრამ, თავს ცუდად გრძნობდა და მასაც ჩაეძინა.
დაახლოებით 20 წუთში, ნანა ხ. კაცების ხმამაღალმა საუბარმა გამოაღვიძა – ისინი მის გამო კამათობდნენ. ნანა ხ-ს ჩვენებით, მან თავი შეურაცხყოფილად იგრძნო, მათთან გავიდა და ორივეს ბინის დატოვება უბრძანა, იმ მოტივით, რომ ნათესავს ელოდებოდა და არ უნდოდა, მას ორ კაცთან ერთად ენახა. გამოძიების ვერსიით, ამის შემდეგ ნანა ხ. ისევ დასაძინებლად ავიდა. დილით კი შეიტყო, რომ მისი სახლიდან, დაახლოებით, 150 მეტრში, კახა ს-ს გვამი იპოვეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ლევან ნ-მ შურისძიების მოტივით, განზრახ მკვლელობის მიზნით, კახა ს-ს გულმკერდის მარცხენა ნახევრის წინა ზედაპირზე მიაყენა ჭრილობა ფილტვის არტერიის გამჭოლი დაზიანებით, რის შედეგად დაჭრილი ადგილზე გარდაიცვალა. მოკლედ, გამოძიებამ დაასკვნა, რომ ვინაიდან დაკავებამდე ლევან ნ. და კახა ს. ნანა ხ-ს საყვარლები იყვნენ, ამიტომ ლევან ნ-მ კახა ს. შურისძიების მოტივით, ეჭვიანობის გამო მოკლა, რის შემდეგაც სახლში წავიდა და დაიძინა...
რატომ დაცილდნენ
ყოფილი საყვარლები
ნანა ხ, რომელსაც მამა ადრე გარდაეცვალა, ასაკოვანმა დედამ გაზარდა. ის 18 წლის ასაკში გათხოვდა, მაგრამ 12 წლით უფროსი ქმარი აფხაზეთის ომში დაეღუპა. ნანა ხ. დედასთან სახლში დაბრუნდა, რაღაც პერიოდის შემდეგ კი, სამუშაოდ თურქეთში წავიდა. რამდენიმე წლის შემდეგ კი დედის გარდაცვალების გამო დაბრუნდა, ნანა ორსულად იყო (მეზობლებისთვის ბავშვის მამა დღემდე უცნობია. გარეგნობიდან გამომდინარე, ვარაუდობენ, რომ ბავშვი ქართველისგან არ უნდა ჰყავდეს). მარტოხელა ქალმა რომანი მეზობელ ლევან ნ-სთან გააბა, რომელიც, ფაქტობრივად, ქალის სახლში ცხოვრობდა. საქმე მათ შეუღლებამდეც მივიდა, რის შემდეგაც ორივენი თურქეთში სამუშაოდ აპირებდნენ წასვლას. ამის გამო ლევან ნ-მ ბანკიდან 3 000 დოლარის სესხი აიღო. თუმცა, დაახლოებით, ერთ თვეში თანხა აორთქლდა – ნანა ხ. საყვარელს არწმუნებდა, რომ საბუთების გაკეთებაში (იმ პერიოდში თურქეთთან უვიზო რეჟიმი არ მოქმედებდა) და სხვა წვრილმანებში დაეხარჯა.
იქიდან გამომდინარე, რომ თანხა მათ კიდევ სჭირდებოდათ, ნანა ხ-მ საყვარელი მისი დეიდაშვილის სანაცნობო წრეს დააახლოვა, რომელთაც ლევან ნ-ს „საქმიანი წინადადება”, კერძოდ, ქურდობაში მონაწილეობა შესთავაზეს – არწმუნებდნენ, 1 000 დოლარზე ნაკლები არც ერთს არ დაგვრჩებაო. ლევან ნ. საყვარლის გამო კრიმინალზეც წავიდა, მაგრამ ისიც და საქმის მიმცემებიც, პოლიციამ შემთხვევის ადგილზე დააკავა. ამიტომ, ლევან ნ-ს 5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს, მაგრამ, ვინაიდან პირველად იყო ნასამართლევი, ამნისტიის წყალობით, ციხე სამწელიწად-ნახევარში დატოვა. რაც შეეხება ბანკიდან აღებულ სესხს, თანხა მისმა ოჯახმა დაფარა, მის გამო ნერვიულობას კი, მამამისი გადაჰყვა...
როგორც განსასჯელი ჩვენებაში აცხადებდა, ჯერ კიდევ ციხეში ყოფნისას მიხვდა, რომ ნანა ხ-სთან ურთიერთობა მისი ცხოვრების დიდი შეცდომა იყო. იგი დარწმუნებული გახლდათ, რომ ქალს პარალელურად, სხვასთანაც ჰქონდა რომანი. რაც შეეხება სესხს, მისი თქმით, ქალმა დაარწმუნა, რომ თანხა ჯერ თურქეთში, იქიდან კი საბერძნეთში მის წასაყვანად სჭირდებოდა, მაგრამ რეალურად, სხვა საქმისთვის გამოიყენა. „დაკავებისთანავე შევიტყვე, რომ ნანას სხვა საყვარელიც ჰყავდა, რომელთან ერთადაც მალე მაღაზია გახსნა და გამყიდვლად თავად მუშაობდა. დარწმუნებული ვარ, რეალურად ფული მაღაზიისთვის სჭირდებოდა, მაგრამ იმის მიუხედავად, რომ ვალი ამაღებინა და ჩემ გამო ნერვიულობამ მამაჩემი შეიწირა, რომლის დასაფლავებასაც ვერ დავესწარი, შურისძიებაზე არასოდეს მიფიქრია. ციხიდან გამოსვლის შემდეგ მისკენ არც გამიხედავს. ეს ნანას აშკარად აღიზიანებდა. ბოლოს კი ვითომ მოსაკითხად დამირეკა, მითხრა, სალაპარაკო მაქვსო და მთხოვა, მასთან სახლში მივსულიყავი,” – ირწმუნებოდა განსასჯელი, რომელიც მკვლელობას კატეგორიულად უარყოფდა.
ლევან ნ-ს ჩვენებიდან: „პირველად ნანას სამარშრუტო ტაქსების გაჩერებაზე შევხვდი. სხვა გზა არ იყო, გავუღიმე, ზრდილობიანად მივესალმე და ბავშვი მოვიკითხე. როგორც ჩანს, ამას არ ელოდა და დაიბნა. როგორ გაიგო ჩემი ახალი ტელეფონის ნომერი, არ ვიცი, საღამოს დამირეკა – ასე ცივად რატომ მექცევიო. ვუთხარი, რომ საპრეტენზიო არაფერი ჰქონდა, პირიქით კი უფრო იყო, არ იმსახურებდა, მაგრამ მოვიკითხე. მთხოვა, საღამოს მასთან სახლში მივსულიყავი, სალაპარაკო მაქვსო და მანამ არ მომეშვა, ვიდრე მისვლაზე არ დამითანხმა. მასთან მისვლისას უცხო კაცის დანახვა არ გამკვირვებია, მაგრამ იმას ვერ მივხვდი, ჩემგან რა უნდოდა. უცნობი შესვლისთანავე მეგობრად გამაცნო. კახა ს-ს ეტყობოდა, რომ კარგი ადამიანი იყო. შემეცოდა, დარწმუნებული ვიყავი, მასაც რაღაცას გამოსძალავდა. რაღაც მომენტში, ნანა გვერდზე გავიყვანე, ვუთხარი, რომ მეჩქარებოდა და მოვთხოვე, ეთქვა, რისი თქმაც უნდოდა. მითხრა, ბავშვს სიცხე აქვს, დავაძინებ, ჩამოვალ და გეტყვიო. ვუთხარი, რომ მის საყვარელთან საუბარი არ მინდოდა, პასუხად კი კახა ს-ს დაუძახა და ნარდი გამოიტანა – მე მალე ჩამოვალო. სხვა გზა არ მქონდა, თამაში დავიწყე. საუბარში კახა ს-მ მკითხა, ნანას რამდენი ხანია იცნობ და რა ურთიერთობა გქონდაო, მე არაფერი მითქვამს, მეზობელი ვიყავი და ცუდი მასთან არაფერი მაკავშირებდა-მეთქი. მისი ლაპარაკიდან გავიგე, რომ ნანას სხვის გამო ვალები დაედო და გასტუმრებაში ეხმარებოდა – ბანკიდან მისთვის 5 ათასი დოლარის სესხი აუღია, რის გარანტადაც საკუთარი ბინა ჩაუდევს. ის კი პროცენტსაც ვეღარ იხდიდა. ძალიან შემეცოდა, ვუთხარი არ ენერვიულა. სწორედ ამ დროს ნანა ჩამოვიდა და ორივეს გვითხრა, რომ წავსულიყავით, თითქოს მისი ნათესავი იყო ჩამოსული და მასთან სახლში რჩებოდა. მე წასვლას ისედაც ვაპირებდი, მაგრამ კახა ს. შემეცოდა, რადგან წასასვლელი არსად ჰქონდა. ნანასგან ისე წამოვედი, რა უნდოდა, ვერ გავარკვიე.
მე და კახა ს. ბინიდან ერთად გამოვედით. დენი არ იყო, სახლში მივედი და დავიძინე. დილით კი პოლიციამ მკვლელობისთვის დამაპატიმრა. როდესაც გავიგე, რომ კახა ს-ს მკვლელობაში მედებოდა ბრალი, ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, მაგრამ ჩემს თავზე მეტად გარდაცვლილი მეცოდებოდა...” – განაცხადა განსასჯელმა, რომელიც თავიდანვე ავითარებდა ვერსიას, რომ კახა ს-ს მკვლელობა ნანა ხ-ს მოწყობილი იყო. მისი თქმით, ეჭვი არ ეპარებოდა, რომ ნანა ხ, ფულის გამო ყველაფერზე იყო წამსვლელი. ამიტომ, სრულიად შეგნებულად დაიბარა სახლში ის, რომ ეჭვიანობის ინსცენირების საბაბით, კახა ს. ამ მოტივით მოეცილებინა. თავიდან ეს კი იმისთვის სჭირდებოდა, რომ მისთვის ვალი არ დაებრუნებინა. რადგან ციხიდან ახალი გამოსული იყო, ლევან ნ-ს დამნაშავეობა ყველასთვის ადვილი დასაჯერებელი იქნებოდა.
სხვათა შორის, გამოძიებაში მართლაც მხოლოდ ნანა ხ-ს ჩვენებით მტკიცდებოდა, რომ კახა ს. მისმა ყოფილმა საყვარელმა, შურისძიების მოტივით მოკლა: „ბავშვის დაძინებისას მესმოდა როგორც ჩხუბობდნენ. ლევან ნ. კახას უმტკიცებდა, თითქოს ბავშვი მისგან მყავდა და ეჩხუბებოდა, რომ ჩემთვის თავი დაენებებინა. თავის მხრივ, ეუბნებოდა, რომ ჩვენ შორის ყველაფერი დასრულებული იყო, თუმცა, მე რომ ოთახში შევედი, ორივე გაჩუმდა. ვთხოვე წასულიყვნენ, მოვატყუე, ლევან ნ. თითქოს ნათესავმა დამირეკა, რომელიც ჩემთან უნდა დარჩენილიყო და არ მინდოდა, სახლში კაცები დამეხვედრებინა. ქურთუკი ჯერ ლევან ნ-მ აიღო, შემდეგ კახა ს-მ და ორივე ერთად გავიდა. კახას ვანიშნე, რომ უკან დაბრუნებულიყო, მაგრამ არ დაბრუნდა. მე ისევ დასაძინებლად ავედი, აღარ მახსოვს, რა დრო გავიდა, მაგრამ გამახსენდა, რომ ლევან ნ. ხელში დანას ათამაშებდა. შემეშინდა, რამე არ მომხდარიყო. არ ვიცი, როგორ ჩამეძინა, მაგრამ, დაახლოებით, დილის 5 საათი იქნებოდა, გარეთ რომ გამოვედი. სიბნელეში ვერაფერს ვხედავდი და უკან შევბრუნდი. დილით, ქუჩიდან ხმა შემომესმა – მოკლესო. მაშინვე გავიფიქრე, რომ კახა იქნებოდა და ასეც მოხდა”, – აცხადებდა მოწმე, რომელმაც პოლიციას მისვლისთანავე განუცხადა, რომ მკვლელობა ლევან ნ-მ ჩაიდინა.
მოკლედ, პატიმრის ყველა ახლობელმა, ფიცის ქვეშ დაადასტურა, რომ ლევანს ნანას მიმართ არანაირი შურისძიება არ ამოძრავებდა. თუმცა, საგულისხმო ის იყო, რომ ნანა ხ-ს გარდა, საქმეში არსებობდა მოწმე, რომელმაც პირველმა ნახა გვამი. მისი თქმით, ხალხი რომ შეიკრიბა, დილით ლევან ნ-ც დაინახა, რომელიც გარდაცვლილსაც და მის საყვარელსაც აგინებდა. თუმცა, რომ ჰკითხეს, რომელ საათზე ნახე კახა ს-ო, განაცხადა, მას დილის 11 საათზე შევხვდიო. ეს კი ტყუილი იყო, რადგან საქმის მასალებით, პოლიციამ ლევან ნ. 07:53 საათზე დააკავა. ანუ, კახა ს. მას რეალურად არ უნახავს.
ასეთი საქმის მასალების გამო, სასამართლომ მიიჩნია, რომ პროკურატურის არც ერთი მტკიცებულება დანაშაულის ჩადენას არ მიუთითებდა: „ბრალდებამ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა ვერც ერთი დამატებითი მტკიცებულება, რითაც სასამართლოს შეუქმნიდა რწმენას, რომ ლევან ნ. მართლაც მკვლელია. გამოძიებამ არ გადაამოწმა ბევრი არსებითი დეტალი – კერძოდ ის, რომ ნანა ხ-ს გარდაცვლილის 5 000 დოლარი ჰქონდა ვალად. ეს დეტალიც სასამართლოსთვის განსასჯელისგან გახდა ცნობილი. ამასთან, არ არსებობს არც ერთი მოწმე, რომელიც დანაშაულს შეესწრო და ხმაური გაიგონა. არაა გაჩხრეკილი ეჭვმიტანილის სახლი და ეზო, სადაც შესაძლოა, იარაღი და ტანსაცმელი ეპოვათ, რომელზეც რაიმე კვალი აღმოჩნდებოდა. გარდაცვლილი და ბრალდებული ერთმანეთს არ იცნობდნენ და არაა დადგენილი, ჰქონდა თუ არა ლევან ნ-ს მისი მკვლელობის მოტივი”.
აქედან, სასამართლომ განსასჯელი დაუყოვნებლივ დარბაზიდან გაათავისუფლა. გარდაცვლილის ოჯახს მიმართა, რომ საკუთარი ვალის დასაბრუნებლად, მათ უფლება აქვთ ნანა ხ-ს სამოქალაქო წესით ედავონ. რაც შეეხება მკვლელს, არავინ იცის, პოლიცია დააკავებს თუ არა, მაგრამ მანამდე ეჭვმიტანილად ნანა ხ. რჩება როგორც განაჩენშია ნათქვამი: „შესაძლოა მკვლელობა ჩადენილი ჰქონდეს ვიღაც მესამე პირს, რომელიც ნანა ხ-ს ნაცნობია და მისი მხილება ქალს არ სურს, რადგან ამ საქმეში, თანამონაწილე ან მსხვერპლია”.