როგორ ამოხოცა „კაგებემ” შურისძიების მიზნით ერთ-ერთი აღმოსავლელი დიდგვაროვნის ოჯახი
გთავაზობთ ნაწყვეტს წიგნიდან „შავი სია”, რომლის ავტორია „კაგებეს“ ყოფილი თანამშრომელი, ევგენი ვარლამოვი. ის 1979 წელს ჯერ სამხრეთ აფრიკაში გაიქცა, ბოლოს კი კანადაში დასახლდა და იქვე გამოსცა თავისი გახმაურებული წიგნი.
შურისძიება საბჭოურად
„სისხლი – სისხლის წილ!” – მასწავლიდნენ „კაგებეში” და ჩემი ერთ-ერთი ინსტრუქტორი, მაიორი პავლე ლიგაჩოვი მეუბნებოდა:
– მართალია, ღმერთი არ არსებობს, ჟენია, მაგრამ, ბიბლია ჭკვიანური ქმნილებაა და მასში ყველაზე მეტად „სისხლი სისხლის წილ” მომწონს. არ შეიძლება, სილის გარტყმა უპასუხოდ დატოვო, მით უმეტეს – მკვლელობა.
ლიგაჩოვის შემხედვარე, კაცი იფიქრებდა, ხეპრეა და საბავშვო ზღაპრებიც კი არ ექნება წაკითხული და არც კაცის მოკვლა გაუჭირდებაო. თუმცა, ეს ასე არ იყო. ჩემი ინსტრუქტორი საკმაოდ ნაკითხი, დაფიქრებული ადამიანი გახლდათ და ნებისმიერ საკითხს ფილოსოფიურად უდგებოდა, მკვლელობა კი მისთვის არა უხეში სამუშაო, არამედ, ხელოვნების რანგში აყვანილი საქმიანობა იყო, დაფუძნებული შურისძიებაზე და სწორედ შურისძიება მიაჩნდა მთელი ბიბლიის ერთადერთ უდიდეს სიბრძნედ, რაც გამოიხატებოდა სიტყვებში: „სისხლი სისხლის წილ”!
ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ სასტიკი შურისძიება დიდი, ძლევამოსილი სახელმწიფოების ერთ-ერთი უმთავრესი პრინციპია, რასაც ამ სახელმწიფოების ძალოვანი სტრუქტურები ახორციელებენ. განსაკუთრებული მოვლენაა საბჭოური შურისძიება, რაც მთლიანად „კაგებეს” პრეროგატივაა და, რაც უფრო ცნობილი და ძლევამოსილია სამიზნე, მით უფრო სასტიკი და სისხლიანია შურისძიება.
1971 წელს, სამხრეთ ვიეტნამში, ამერიკულმა სპეცდანაყოფმა „კობრამ” 120 საბჭოთა ჯარისკაცი ამოხოცა და 300 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო აღჭურვილობა გაანადგურა, რომელიც კომუნისტი ვიეტნამელი მებრძოლებისთვის იყო განკუთვნილი. ამ ყველაფერს კი ის მოჰყვა, რომ საბჭოთა სპეცაგენტებმა ჯერ თექვსმეტივე „კობრელი” მოიხელთეს და ამერიკის სხვადასხვა ქალაქში საშინელი წამებით დახოცეს. შემდეგ კი საბჭოთა დივერსიულმა ჯგუფმა წყნარ ოკეანეში ამერიკული სამხედრო გემი გაანადგურა და იანკების 210 სამხედრო პირი და 750 მილიონი დოლარის ღირებულების აღჭურვილობა გაუშვა ოკეანის ფსკერზე.
– ყოჩაღ, ბიჭებო, აი, ეს მესმის! ასეთია საბჭოური შურისძიება და ეს ყველამ უნდა შეიგნოს – ჩვენს საქმეებში არ ჩაყოს ცხვირი და თავის ტყავში დაეტიოს! – აღფრთოვანებას ვერ მალავდა „კაგებეს” შეფი იური ანდროპოვი, რომელმაც შურისძიების აქციის ყველა მონაწილე ახალი ჩინებითა და მნიშვნელოვანი ფულადი პრემიებით დააჯილდოვა.
საბჭოური შურისძიების უთვალსაჩინოესი ნიმუში იყო ოპერაცია „ბუმერანგი”, რომელიც 1974 წელს ჩატარდა. მასში მეც ვმონაწილეობდი და სწორედ ამის მერე დავიწყე საბჭოური ღირებულებების გადაფასება.
1974 წლის იანვარში, ერთ-ერთი პროამერიკული აღმოსავლური ქვეყნის სამეფო გვარის მაღალჩინოსანს საბჭოთა საშუალო რგოლის დიპლომატის მეუღლე მოეწონა. მან ჯერ ფულითა და მდიდრული საჩუქრებით სცადა ქალის მოხიბვლა, მაგრამ, ვერ შეძლო. შეურაცხყოფილი დიდგვაროვანი თავის მცველებთან ერთად პირდაპირ ქაიროს სასტუმროს ნომერში ეწვია ქალს, სადაც ქალის მეუღლე მუშაობდა (მოქმედება ეგვიპტეში ხდებოდა, დიდგვაროვანი კი სხვა სახელმწიფოს მოქალაქე იყო).
დიდგვაროვანმა ქალის მოხიბვლა კვლავ სცადა და, რომ ვერ მოახერხა, ის და მისი მცირეწლოვანი შვილები მოიტაცა და თავის აპარტამენტებში წაიყვანა ქაიროს ფეშენებელურ რაიონში და ქალთან ინტიმური ურთიერთობის დამყარების შემდეგ ის და მისი შვილები კვლავ სასტუმროში დააბრუნა, თავად კი იმავე დღეს დატოვა ეგვიპტე და სამშობლოში დაბრუნდა.
ეს ამბავი ლუბიანკაზე იმავე დღეს შეიტყვეს. იური ანდროპოვი მრისხანებაში ჩავარდა. მან ოპერატიულ განყოფილებას სასტიკი შურისძიების ოპერაციის ჩატარება დაავალა, რომელსაც თავადვე შეარქვა „ბუმერანგი” და თქვა:
– იმ გარეწარს ეს ყველაფერი ბუმერანგივით დაუბრუნეთ უკან, მაგრამ, ერთი ასად, იქ სიკვდილი დათესეთ და გააგებინეთ, რა არის საბჭოური შურისძიებაო.
ბევრი რომ არ გავაგრძელო, ოცდაოთხკაციანი სპეცჯგუფი, რომელშიც მეც შევდიოდი და კოორდინატორის მოვალეობას ვასრულებდი, ორი დღის მერე ოპერაციის ადგილზე ჩავედით და ზუსტად ღამის 2 საათზე ოპერაცია „ბუმერანგი“ დაიწყო. საბჭოთა სპეცაგენტები დიდგვაროვნის სასახლეში შეიპარნენ, მაყუჩიანი ავტომატური იარაღებიდან თავად უშუალო დამნაშავე, მისი 6 ცოლი და 10 შვილი უმოწყალოდ დახოცეს და უკანვე გამოვიდნენ. შემდეგ ჩვენ სასწრაფოდ დავტოვეთ იქაურობა და საბჭოთა კავშირში დავბრუნდით.
ანდროპოვი მეცხრე ცაზე იყო, რადგან მორიგი საბჭოური შურისძიება წარმატებით დაგვირგვინდა, ჩვენ კი სოლიდური ჯილდოები გადმოგვცეს.