როდის ემსგავსება ადამიანი ხასიათით გარდაცვლილ წინაპარს და არის თუ არა ამასთან კავშირში მოსახელეობა
დღევანდელი რუბრიკის სტუმარი, ქალბატონი რაისა, მეტად გულახდილი და სასიამოვნო რესპონდენტი აღმოჩნდა, რომელმაც თავისი ცხოვრების უცნაურობების შესახებ გულღიად მოგვითხრო. ვფიქრობ, მისი მონაყოლი, ბევრს დააფიქრებს. როგორც თავად ამბობს, ის ჩვეულებრივი ადამიანია, უბრალოდ, მის ბედში მისმა წინაპარმა არასწორი ჩარევით მოახდინა კორექცია და ამის გამო, დღესაც იტანჯება. აღიარებს იმასაც, რომ მის ირგვლივ უცნაურობები ყოველდღიურად ხდება, რასაც შეეჩვია და ეს მოვლენები მისთვის ყოველდღიურ სიურპრიზადაც კი იქცა. ამიტომ დაინტერესდა პარაფსიქოლოგიური მოვლენებით და არა ერთი საინტერესო მასალა მოიძია, რომელზეც დღეს გვესაუბრება.
რაისა: ეს ჩემი პირველი ინტერვიუა და ცოტა მიჭირს საუბარი, თუმცა, მინდა გულახდილი ვიყო და ყველაფერი დაწვრილებით მოგიყვეთ, რაც ჩემს თავს ხდება. ამაზე დიდი ხანია, ვფიქრობ და ახლა, მგონი, დადგა დრო, ყველას საჯაროდ ვუთხრა, სამყაროში არაკანონზომიერად არაფერი ხდება და ჩვენ – ადამიანები, ამ სამყაროს უმწეო სტუმრები ვართ. ყოველთვის მესმოდა, რომ სახელს ადამიანის ცხოვრებაში დიდი მნიშვნელობა აქვს. იმასაც ამბობენ, ადამიანი თავის სახელს ემსგავსებაო. ძველი ინდოელები, სანამ ბავშვი არ წამოიზრდებოდა, სახელს არ არქმევდნენ. ესპანელები კი რამდენიმე სახელს არქმევენ ახალშობილს, რომ ამით დაეცვათ.
– რამდენიმე სახელის დარქმევით როგორ იცავენ ახალშობილს?
– მიაჩნიათ, რომ ბოროტ ძალებს ამ ადამიანის ნამდვილი სახელის ამოცნობა გაუჭირდება და უბრალოდ, ვეღარ ავნებს მას. ებრაელები მამის სახელს არ არქმევენ შვილს და სწამთ, რომ ეს უბედურების მომტანია. ქართველებში კი პირიქით, თუ მამის სახელი ჰქვია შვილს, ეს დიდი პატივია.
– ისე ლაპარაკობთ, ეჭვი მეპარება საკუთარი სახელი მოგწონდეთ, ასეა?
– დიახ, ასეა. ჩემი სახელი არ მომწონს. საბედნიეროდ, ისეთი აღნაგობა და ისეთი სტილი მაქვს, ასაკი არ მეტყობა და შედარებით, ახალგაზრდად გამოვიყურები. 41 წლის ვარ და რომ ვიტყვი, რაისა მქვია-მეთქი, ყველას ეცინება ან მეკითხებიან, რუსი ხარო? თანაც, დედის სახელი მქვია. თურმე, რომ დავიბადე, დედა ცუდად ყოფილა, ექიმებს გადარჩენის იმედი არ ჰქონიათ და მისი სახელი ამიტომ დამარქვეს. საბედნიეროდ, დედა გადარჩა და ახლა ის უკვე სამოცდაორი წლისაა. დედა მთელი ცხოვრება უიღბლო იყო და მისი უიღბლობა მეც დამყვა. დარწმუნებული ვარ, მისი სახელის დარქმევამაც დიდი როლი ითამაშა ჩემს უიღბლობაზე. ახლახან გავიგე, თურმე არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, ბავშვს მშობელმა გარდაცვლილი წინაპრის ან უიღბლო ადამიანის სახელი დაარქვას. ახალშობილისთვის ახლობლის სახელის დარქმევით, მის გარკვეულ ბედისწერასაც უზიარებ. ასევე, ისიც გავიგე, ერთ-ერთი პარაფსიქოლოგისგან, რომ, როცა მშობელი შვილს თავის სახელს არქმევს, ფაქტობრივად, ბავშვს მშობლის ენერგეტიკა გაზიარებული აქვს.
– გამიგია, რომ ყველა სახელს თავისი ენერგეტიკა აქვს. ამაზე თუ იცით რამე?
– რასაკვირველია. მე ამ საკითხით წლების წინ დავინტერესდი და ძალიან ბევრი ინფორმაცია მოვიძიე კომპეტენტური ადამიანებისგან. კერძოდ, ყოველი სახელი, თავისთავად ცუდ ან კარგ ენერგეტიკას ატარებს, აქვს საკუთარი კოდი და ამიტომ, ერთმანეთის მოსახელე ადამიანები რაღაცით ყოველთვის ჰგვანან ერთმანეთს. სეხნიები, ასევე, თავისებურად, ერთმანეთის ბედ-იღბალს იზიარებენ, ერთნაირი შეხედულებები და მისწრაფებები გააჩნიათ. ასე რომ, უმჯობესია, მეტსახელი შეირჩიო, თუ გრძნობ, რომ წინაპრის სახელის ტარებით ბედს უჩივი. ასე შესაძლო უიღბლობას მეტად დააღწევ თავს. თავად, ბავშვობიდან ყველა რაისას მეძახის და რატომღაც ვერ შევაჩვიე ახლობლები რომ ზედმეტი სახელი დამიძახონ. მეუბნებიან, ასე ვართ შეჩვეული და გაგვიჭირდება სხვა სახელის დაძახებაო. არადა, დარწმუნებული ვარ, თუ სახელს შევიცვლი, გავთავისუფლდები უარყოფითი კარმისგან, მეტადაც გამიღიმებს იღბალი და მგონი, გათხოვებასაც მოვასწრებ (იცინის).
– გარდაცვლილი ადამიანის სახელის დარქმევით, ადამიანზე მისი ბედისწერა გადადის?
– სხვათა შორის, ეს მეტად სერიოზული თემაა და ამაზე ბევრი მეკითხება. რასაკვირველია, ყველას თავისი მისია და ვალი აქვს დედამიწაზე, მაგრამ თუ გარდაცვლილის სახელს დაარქმევთ შვილს, მაშინ დიდი შანსია, ხასიათების დამთხვევა მოხდეს. ეს მსგავსება გენეტიკური კარმისა და ერთნაირი სახელის ენერგეტიკის შედეგია.
– იქნებ, ცოტა გარკვევით აგვიხსნათ, ამ დროს რა ხდება?
– კი ბატონო, აგიხსნით. კერძოდ, გარდაცვალების დროს, ზოგჯერ ბებია-ბაბუის ან სხვა ახლობლის სული ღია ასტრალში ვერ გადის და ოჯახის რომელიმე წევრის აურას ეწებება. სული ამ ადამიანის ენერგეტიკით იწყებს საზრდოობას და ისინიც ემსგავსებიან გარდაცვლილებს და ალბათ, ბევრ ახლობელში თქვენც აღმოაჩენდით ასეთ მსგავსებას. დედას რაისა მისი გარდაცვლილი დეიდის პატივსაცემად დაარქვეს, მერე ის მე დამარქვეს და ასე ვიზიარებთ ერთმანეთის ბედს. კერძოდ, დედა მამაჩემმა მაშინ მიატოვა, როცა ფეხმძიმედ იყო ჩემზე, დეიდამისი მშობიარობას გადაჰყვა, მე კი საერთოდ ვერ ვეღირსე ბედს. თითქოს არაფერი, მაგრამ, აბა, პარალელი გაავლეთ და დაფიქრდით, რამხელა დამთხვევაა და ფაქტია, ერთნაირ სახელს, უფრო სწორად კი ჩვენს მოსახელეობას უკავშირდება.
– პირად საუბარში აღნიშნეთ, ბავშვობიდან გამჭოლი მზერა მაქვს და მართალია, არ მინდა, მაგრამ ამ მზერით ბევრი ახლობელი გამითვალავსო. სწორად გავიგე?
– მართალია, ამაზე საუბარი არ მიყვარს, მაგრამ რადგან მკითხეთ, გიპასუხებთ. თან, ესეც ჩემი ცხოვრების ნაწილია – ფაქტია და მას ვერსად გავექცევი. იცით, როგორი გამჭოლი მზერა მაქვს? ხანდახან თავად მეშინია, საკუთარი მზერის. სხვათა შორის, ყველაზე ცუდია, როცა დედა თვალავს შვილს. მე თავად შვილი არ მყავს, მაგრამ ჩემი მეგობრის შვილები ბევრჯერ გამითვალავს. რასაკვირველია, ეს მე არ მინდა, მაგრამ რა მოვუხერხო ამ მზერას, არ ვიცი. მართლაც სცემთ ბავშვებს ჩემი თვალი და ხანდახან ვხუმრობ ხოლმე, რა ვქნა, ხომ ვერ ავიკრავ კუტუზოვივით თვალებს-მეთქი (იცინის). ერთ ჩემს მეგობარს ბავშვი შეეძინა. ბავშვობის მეგობარია და დებივით ვართ. მივედი სანახავად. ბავშვს ეძინა. ვიფიქრე, ხელში ავიყვან და მოვეფერები-მეთქი. ავიყვანე თუ არა, თვალები დაჭყიტა, თითქოს დამაკვირდა და ისეთი ტირილი ატეხა, გადაბჟირდა. ასე ტიროდა მთელი სამი დღე და ღამე. მერე მეზობლის ქალს შეალოცინეს. ისეთ უხერხულ მდგომარეობაში ჩავვარდი, მერჩივნა, მიწა გამსკდომოდა, მაგრამ, ეს ჩემი ბრალი ხომ არ არის? ხშირად, მეზობლის ბავშვი რომ თამაშობს ეზოში, თვალი გამიშტერდება მასზე და არ არსებობს სიცხე არ მისცეს. სხვათა შორის, მზერის უცნაურობას ბავშვობიდან ვგრძნობდი. შევხედავდი ვინმეს ქუჩაში და აუცილებლად ფეხი უბრუნდებოდა ან ეცემოდა. თვალი გამიშტერდებოდა ნათურაზე და გადაიწვებოდა... ერთხელ კი რადიომიმღებს გავუშტერე დიდხანს თვალი და ბოლი ავარდა, გადაიწვა. წარმოიდგინეთ, რა დღეში ჩავვარდებოდი. ამან ბავშვობიდან დამაკომპლექსა. არ დამავიწყდება, სკოლაში მასწავლებელი მთხოვდა, როცა გაკვეთილს ვხსნი, თვალებში მიყურეო. არადა, ისეთი მთქნარება უტყდებოდა, ვერ საუბრობდა. მერე მიხვდა, რაშიც იყო საქმე და ჩუმად მთხოვა, გაკვეთილს რომ ვხსნი, ნუ მომაშტერდები, თორემ ლამის მთქნარებით პირი გამეხესო (იცინის). ასე რომ, მაგიური მზერა ბავშვობიდან დამყვა და ამას დიდ ყურადღებას არასდროს ვაქცევდი. ახლა კი, როცა სხვებსაც შევუქმენი ჩემი მზერით პრობლემები, ხანდახან მეშინია, ამის გამო სერიოზულ გაუგებრობაში არ ამოვყო თავი.
– სერიოზულ გაუგებრობაში რას გულისხმობთ?
– რას და საგიჟეთში არ მიკრან თავი. მართალია, ეს ჩემთვის ჩვეულებრივი მდგომარეობაა, მაგრამ ჩვეულებრივი ადამიანებისთვის ეს მიუღებელი და უცნაური ანომალიაა.