გამოქვეყნდა მთვარის უკანა მხარის დაწვრილებითი ფოტოები
ინტერნეტში გამოქვეყნებულია მთვარის უკანა მხარის დღეისათვის ყველაზე ზუსტი ფოტო. გამოსახულება შეადგინეს მრავალი სურათისგან, ისინი „ნასას“ ზონდით მიიღეს, რომელმაც ფოტოები 50 კილომეტრის სიმაღლიდან გადაიღო. ფოტოგრაფიის ნახვა და სურათის მოკლე აღწერის გაცნობა შეიძლება პორტალზე: Space.com.
ახალი გამოსახულება არ არის მაქსიმალურად სრულყოფილი და მკაფიო. მთვარის ზედაპირის ზოგიერთი მონაკვეთი ადრე უფრო დეტალურად იყო გადაღებული, მაგრამ სწავლულებს დღემდე არ ჰქონდათ მთვარის უკანა მხარის ასეთი დაწვრილებითი სურათი. გაირკვა, რომ მისი ლანდშაფტი ძალზე შესამჩნევად განსხვავდება იმ მხარის ლანდშაფტისგან, რომელიც ჩვენს პლანეტას „უყურებს“. კერძოდ, მთვარის უკანა მხარეს პრაქტიკულად არ არის ეგრეთ წოდებული მთვარის ზღვები – ფართო არეები, ბაზალტის ლავით, რომლებიც შორეულ წარსულში, ვულკანური აქტივობის დროს ამოიფრქვა.
დედამიწის მიზიდულობის ძალების მოქმედებით, მთვარის ბრუნვა თავისი ღერძის ირგვლივ შენელებულია და საკუთარი ღერძის გარშემო მისი ბრუნვის პერიოდი ტოლია დედამიწის ირგვლივ მისი ბრუნვის პერიოდისა. შესაბამისად, ჩვენი პლანეტიდან დამკვირვებლები ყოველთვის მხოლოდ მთვარის ერთ მხარეს ხედავენ.