როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები
მოისწრაფიშვილი
გვარი გვხვდება ორი ფორმით, კერძოდ, მოისწრაფიშვილი და მოისწრაფეშვილი.
მათ პირველ საცხოვრებლად დაფიქსირებულია ლანჩხუთი.
მოისწრაფა, მოისწრაფე საკუთარი სახელია. დროზე ადრე დაბადებულ შვილზე ამბობენ – იჩქარე, ისწრაფე, მოისწრაფეო და აქედან წარმოიშვა ეს სახელიც.
საქართველოში 184 მოისწრაფეშვილი ცხოვრობს: ლანჩხუთში – 179, თბილისში – 3, ოზურგეთში – 2.
567 მოისწრაფიშვილი: თბილისში – 134, ბათუმში – 133, ოზურგეთში – 109, არიან სხვაგანაც.
ჯანაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ჯანა. გავრცელებულია როგორც მესხეთში, ისე კახეთსა და საინგილოში.
ამავე ძირისაა გვარი ჯანაანი, რომელიც ფიქსირდება სოფელ რუისპირში. იგივე ძირისაა გვარი ჯანგული და ჯანგულაშვილი.
ცნობილია ისტორიული პიროვნება მოსე ჯანაშვილი. მოსემ აღნიშნა, რომ არმენებს სახელი გაუკულაკეს ქართველებმა – სამხრეთიდან გაჩნდა სომეხი, სომხეთი, სომხითი. ჯან ნასესხებია უცხოურიდან, ინდურ-არაბული სიტყვაა და ნიშნავს სულს.
ჯანაშვილი იგივეა, რაც სულაშვილი.
სახელი ჯანიადან კი წარმოშობილია გვარები: სულია, სულიაშვილი.
საქართველოში 1 701 ჯანაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 557, დედოფლისწყაროში – 278, ახალციხეში – 146, არიან სხვაგანაც.
იტრიაშვილი
გვარის ფუძედ გამოყენებული იტრია, დაფიქსირებულია როგორც საკუთარი სახელი;
საკუთარი სახელი იტრია გვხვდება გვარში – იტრიაშვილი და ეს ისტორიულ წყაროებშიცაა დაფიქსირებული.
ილია მაისურაძეს მიაჩნდა, რომ სოფელ იტრიიდან წასულებმა, თან წაიღეს საკუთარი სოფლის სახელი იტრია და დაიწყო ახალი გვარის იტრიაშვილების ათვლა.
სავარაუდოდ, ეს გვარი მეთვრამეტე საუკუნის შემდგომ გაჩენილი უნდა იყოს. მეჩვიდმეტე-მეთვრამეტე საუკუნეების საბუთებში იტრიაშვილი არ ჩანს.
იტრიაშვილი მცირერიცხოვანი გვარია.
1995 წელს ვაუჩერების მიხედვით, დაფიქსირებულია 31 იტრიაშვილი: თბილისში – 30, ბათუმში – 1.
ჯანჯალაშვილი
გვარში ჯანჯალაშვილი ფუძედაა გამოყენებული კაცის მეტსახელი, კერძოდ, ჯანჯალი, ჯანჯაღი. ამავე ძირისაა ჯანჯალა.
საქართველოში 311 ჯანჯალაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 217, კასპში – 88, მცხეთაში – 3. არიან სხვაგანაც.
208 ჯანჯალია: სამტრედიაში – 71, თბილისში – 63, ქუთაისში – 44, არიან სხვაგანაც.
კაჭახიძე
გვარის ფუძედაა გამოყენებული საკუთარი სახელი კაჭა. ასევე, აქედანაა წარმოშობილი გვარები: კაჭარავა, კაჭახა, კაჭარი. კაჭარი უწყლო ადგილას რიყის მსგავსი ქვაცაა. აგრეთვე ამავე ძირისაა კაჭაროზა.
საქართველოში 377 კაჭახიძე ცხოვრობს: თბილისში – 150, სამტრედიაში – 95, ქუთაისში – 80, არიან სხვაგანაც.
დუჩიძე
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი დუჩა.
ძეძილეთში, ხონის რაიონში მოიხსენიება დუჩი და ასევე, დუჩა, დუჩია.
დუჩიძე ბეჟანი იყო მოწმე შიოშ და ვარდან ფალავანდიშვილების მიერ გიორგი გულიგაშვილისთვის მიცემული მამულის წყალობის წიგნში, 1518 წელს.
საქართველოში 147 დუჩიძე ცხოვრობს: თბილისში – 81, საგარეჯოში – 36, რუსთავში 22, არიან სხვაგანაც.
მარჯანიძე
ქართლური, ქართლში წარმოშობილი გვარია.
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი მარჯანი.
„მარჯანიძეთა შეწირულება განუახლა სვეტიცხოველს სვიმონ მეფემ დომენტის კათალიკოსობის დროს” (1556-1560 წლები).
საქართველოში 400 მარჯანიძე ცხოვრობს: თბილისში – 165, ქარელში – 138, კასპში – 61. არიან სხვაგანაც.
ეძგვერაძე
ჩვენამდე ამ გვარის შესწავლა მიზნად დაუსახავს ბატონებს ალექსანდრე ღლონტსა და ილია მაისურაძეს, რომლებიც ძალზე ძუნწ ცნობებს გვაწვდიან ეძგვერაძეთა გვარზე. „ეძგვერაძე, ნახახულევი, გუბი, ხონის რაიონი, აბანოეთი, ამბროლაურის რაიონი“.
ასევე, გვხვდება მეტსახელი ეძგვერა.
გვარზე ჯერჯერობით სხვა მასალა არ გაგვაჩნია.
საქართველოში 308 ეძგვერაძე ცხოვრობს: თბილისში – 91, ქუთაისში – 36, სამტრედიაში – 26, არიან სხვაგანაც.
ცივაძე
გვარი დაფიქსირებულია ბობოყვათში, ქობულეთის რაიონში.
ცივაძეების სოფელია შუახევის რაიონში.
ცივ ფუძისაა საკუთარი სახელი ცივა, რომელიც გვხვდება გვარში ცივაძე.
ასევე, გვხვდება მეტსახელი – ცივკვირა, ცივნარა, ცივქარა; აქედან კი გვარში ცივქარაშვილი.
საქართველოში 458 ცივაძე ცხოვრობს: ქობულეთში – 329, ბათუმში – 61, შუახევში – 16, არიან სხვაგანაც.
გოგიჩაიშვილი
გვარის ფუძეა მამაკაცის საკუთარი სახელი გოგიჩა. სათავეს იღებს საკუთარი სახელიდან გოგი. ამ სახელიდანაა ნაწარმოები: გოგილა, გოგინა, გოგიტა, გოგიჩა, გოგიჭა, გოგიჯანა. მათგანაა მიღებული შესატყვისი გვარები – გოგიჯანაშვილი, გოგიჭაშვილი და სხვა.
გოგიჩაიშვილი გურული გვარია, თუმცა გვხვდება იმერეთშიც.
„გოგიჩაიშვილები, ფარცხანაყანევს მცხოვრებნი... ემართათ აფხაზეთის საკათალიკოსო ბეგარა: ორმოცი კოკა ღვინო, ორი თეთრი,” (1621 წელი).
საქართველოში 2 224 გოგიჩაიშვილი ცხოვრობს: თბილისში – 1 037, ლანჩხუთში – 370, ბათუმში – 196, არიან სხვაგანაც.
მისაბიშვილი
უძველესი გვარ-მოდენილობით კოლხეთში შექმნილი, შვილ-ი სუფიქსით გაწყობილი გვარსახელია, რომელშიც მონაწილეობს წინსართი (სულხან-საბა ორბელიანის მიხედვით) მი, ფუძე – საბი (საბია) და სუფიქსი – შვილი.
ასევე, გვხვდება გვარები – საბაშვილი, საბაური, საბაძე, საბიაშვილი.
1955 წელს მიღებული ვაუჩერების მიხედვით, დაფიქსირებულია 106 მისაბიშვილი: თბილისში – 35, სენაკში – 32, ფოთში – 17, გვხვდებიან სხვაგანაც.
აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით