ვინ ეძებს თავის ნათლიას საქართველოში და რატომ დაკარგეს ნათლულმა და ნათლიამ ერთმანეთი
26 წლის გვანცა გურამის ასული ლომთაძე ეძებს 53-55 წლამდე ასმათ ღუნაშვილს.
ისტორია: ვეძებ ჩემს ნათლიას – 53-55 წლის ასმათ ღუნაშვილს, რომელიც წლების განმავლობაში არ მინახავს. როცა სტუდენტი გავხდი, მაშინ დამირეკა ტელეფონზე და მესაუბრა, მერე ხშირად ვკონტაქტობდით ტელეფონით. დედაჩემის გარდაცვალება მას ვერ გავაგებინე. ვურეკავდი იმ ნომერზე, რომელიც მე მქონდა და სხვა ნომრებზეც, რომელიც ტელეფონის წიგნაკში გვეწერა, მაგრამ ამაოდ.
მიუხედავად იმისა, რომ მე ის ამდენი ხანი არ მინახავს, ძალიან მინდა, ვიპოვო. ძალიან მენატრება ჩემი ნათლია და მინდა, მის მოძებნაში დამეხმაროთ. პატარა რომ ვიყავი, ჩემი ნათლია სულ მოდიოდა სტუმრად ჩვენს სახლში, დაბადების დღეებს არ ტოვებდა. თუ ვერ მოვიდოდა, რეკავდა. ნამდვილად არ ვიცი, რატომ გაწყდა ჩვენ შორის კონტაქტი. მე მას ვერანაირად ვერ ვუკავშირდები. თბილისში ვცხოვრობ, ასმათიც სავარაუდოდ, თბილისში უნდა იყოს. დიდი იმედი მაქვს, რომ თქვენ მის პოვნაში დამეხმარებით.
– გვიამბე შენი ისტორია, როგორ დაკარგე ნათლია, სად ეძებ მას, საქართველოში თუ უცხოეთში?
– ჩემი ნათლია დედაჩემის მეგობარი იყო, ის ხშირად მოდიოდა ჩვენთან სტუმრად და რჩებოდა. ძალიან ხალისიანი ქალი გახლდათ. მე ის ბავშვობის შემდეგ არ მინახავს, ბოლოს, რომ ვნახე, 16 წლის ვიყავი, ახლა კი 26 წლის ვარ. ალბათ, ფოტოზე რომც მნახოს, ვერ მიცნობს. 10 წელია უკვე გასული, რაც ნათლიას ბოლოჯერ ვესაუბრე. იმ ტელეფონის ნომერზე, რომელიც მე მაქვს ჩაწერილი, უცხო კაცი მპასუხობს და ყოველ ჩემს ცდაზე, ასმათს დამალაპარაკოს, მპასუხობს, რომ ასეთს არავის იცნობს. ძალიან რთულია, როდესაც ადამიანს კარგავ და არ იცი, როგორ იპოვო, მით უმეტეს, თუ ის შენი ნათლიაა. ყველა ქრისტიანი გამიგებს, რომ ნათლიის სიყვარული და პატივისცემა, სულ სხვა რამეა. გულით მინდა, რომ ვიპოვო ჩემი სულიერი დედა. მით უმეტეს, რომ ბიოლოგიური დედა ახლახან დავკარგე. ის გარდაიცვალა და ჩვენ, ანუ ჩემი ოჯახის წევრებმა ვერც კი გავაგებინეთ ეს ამბავი ასმათს, ჩემს ნათლიას და, დედაჩემის მეგობარს. თავადაც ვარ ნათლია და არასდროს დავკარგავ ჩემს ნათლულებს. ღმერთმა არ ქნას და თუ, ისინი დამეკარგნენ, რა თქმა უნდა, გამიხარდება, თუ გავიგებ, რომ მეძებენ და მაინც ვახსოვარ. ქრისტიანისთვის ხომ ნათლია დიდი ძალა და ავტორიტეტია.
– რა იცით ნათლიის შესახებ, აქვს თუ არა მას ოჯახი და სად შეიძლება იყოს ის?
– იმ დროს, ის გასათხოვარი იყო. ვიცი, რომ ჰყავდა ძმისშვილები, რომლებიც, თუ არ ვცდები, ვაზისუბანში ცხოვრობდნენ. სამწუხაროდ, მათი მისამართი ჩემთვის უცნობია. აქამდეც გვიცდია ასმათის პოვნა, როდესაც ტელეფონით ვეღარ დავუკავშირდი – მამაჩემი მის ყოფილ სამსახურშიც კი იყო, მაგრამ ვერც იქ გავიგეთ მისი ამჟამინდელი ადგილსამყოფელი. არ მგონია, დეიდა ასმათი საქართველოს ფარგლებს გასცილებოდა. ჩემი აზრით, ის თბილისში უნდა იყოს. იმედია, თქვენი რუბრიკის საშუალებით, მე მას ვიპოვი. ჩემთვის ეს ყველაზე დიდი სასწაული იქნება. მით უმეტეს, თუკი მისი პოვნა აღდგომამდე მოვახერხე. სამწუხაროდ, მისი ფოტო მე არ მაქვს. ოჯახის ალბომში დეიდა ასმათის მხოლოდ ერთი ფოტოა, რომელზეც ის ძალიან შორსაა და თითქმის არ ჩანს. იმედია, ის ამ სტატიას წაიკითხავს და დაგვიკავშირდება. ნამდვილად არ ვიცი, რა მიზეზით გაწყდა ჩვენს შორის კონტაქტი. მინდა, მან იცოდეს, რომ მე ის ძალიან მიყვარს, პატივს ვცემ და მენატრება. მახსოვს, დედიკომ ერთხელ მიამბო, თუ როგორ ისვენებდნენ ისინი ერთად დეიდა ასმათის სოფელში. ასმათმა თურმე მწვანე ლობიო ტაფაზე შეწვა (იცინის). ანუ, საქმე ისაა, რომ დეიდა ასმათი საჭმლის კეთების აზრზე არ იყო. დედა ამას ხშირად იხსენებდა და იცინოდა. ბევრი ტკბილი მოგონება ჰქონდა დედაჩემს ასმათთან დაკავშირებით. ძალიან მინდა მისი პოვნა.
თუ ვინმეს გაქვთ რამე ინფორმაცია ამ ისტორიის შესახებ, ან თუ გსურთ თქვენც გაგიწიოთ დახმარება დაკარგული ახლობლის მოძებნაში, დაგვიკავშირდით: 33-42-24; 893 22-04-31. დარეკეთ საღამოს, 6 საათის შემდეგ. E-mail: tbiliselebi2001@yahoo.com.