უმდიდრეს უცხოელებს ბრიტანეთში დამატებით გადასახადს გადაახდევინებენ
დიდი ბრიტანეთი უცხოელი ბიზნესმენებისთვის, რომლებიც ამ ქვეყანაში ცხოვრობენ, ახალი გადასახადების დაწესებას გეგმავს. ქვეყნის ფინანსთა მინისტრი – ჯორჯ ოსბორნი პარლამენტის წინაშე ახალი ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას, უცხოელი ბიზნესმენებისთვის დამატებითი გადასახადების დაწესების იდეით გამოვიდა. ამგვარი ზომები ბრიტანეთში ერთხელ უკვე მიიღეს და ამას ქვეყნიდან 16 ათასი უცხოელი ინვესტორის გასვლაც მოჰყვა. ბრიტანეთის ფინანსთა სამინისტროს პროექტით, უცხოელ ბიზნესმენებს, რომლებიც ქვეყანაში 7 წელზე ნაკლები ხნის განმავლობაში ცხოვრობენ, 25-30 ათასი გირვანქა სტერლინგის გადახდა მოუწევთ. პოტენციურ გადამხდელთა რაოდენობა 120 ათასს აღწევს. მათ შორის არიან მსოფლიოში ცნობილი მილიარდერები – რუსი რომან აბრამოვიჩი და ინდოელი ფოლადის მაგნატი ლაქშმი მიტალი. საქმე ისაა, რომ ბრიტანეთის მთავრობას ძალიან სჭირდება ფული, რათა საშუალო კლასს საგადასახადო წნეხი შეუმციროს. მიმომხილველები დარწმუნებულნი არიან, რომ მდიდრებს 10 ათას გირვანქა სტერლინგზე მეტის გადახდა არ სურთ. ბრიტანეთის მთავრობამ უკვე გათვალა, რომ უმდიდრესი უცხოელების დაბეგვრიდან შესული თანხა სამეფო ხაზინას 8,5 მილიარდი გირვანქა სტერლინგით გაამდიდრებს.