შველის თუ არა დამატებითი სითხეები ძრავაში ზეთის „ჭამას”
ავტომობილის ძრავას გაუმართაობა იმ ქვეყანაში, სადაც პროცენტულად ძველი, რესურსამოწურული მანქანები ძალიან ბევრია, საკმაოდ სერიოზული პრობლემაა. გასარემონტებელი ძრავა, რომელიც ბევრ ზეთს მოიხმარს, ძრავის დეტალები, საიდანაც ზეთი ჟონავს – ამ თემებზე ვრცლად, პროფესიონალი მრბოლელი, მევლუდ მელაძე გვესაუბრება: როდესაც ძრავას რესურსი უკვე ამოწურული აქვს და შიგნით მისი დეტალების ცვეთა ხდება, დგუშის ბეჭდები, იგივე „კოლიცოები”, ცვდება და ძრავა ზეთის „ჭამას” იწყებს. ასეთი ძალიან ბევრი მანქანა დადის საქართველოში. თავიდან, აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ, რაც უნდა ახალი იყოს მანქანა, ზეთი აუცილებლად დროულად უნდა გამოცვალოთ თან, ხარისხიანი ზეთი უნდა ჩაასხათ. რეკომენდებულია, რომ ზეთი ყოველ გავლილ 10 ათას კილომეტრზე შეიცვალოს, მაგრამ რეალურად, ეს ძალიან ბევრია. 5-6 ათასზე – გამოცვლა ნორმალურია და თან, აუცილებლად მაღალტექნოლოგიურად დამუშავებული, ანუ სინთეტიკური ან ნახევრად სინთეტიკური ზეთი უნდა მოიხმაროთ. თუ მანქანა უკვე ძველია, 200 ათასი ან მეტი აქვს გავლილი, შესაბამისად 5-6 ათასზე ნორმალური კი არა, აუცილებელიც კია ზეთის შეცვლა. თუმცაღა, ამ დროს უკვე იწყება ზეთის ჭამა, ოღონდ, არა ისე, რომ ათას კილომეტრზე ერთი ლიტრი ზეთი მოიხმაროს. ცოტ-ცოტას უკვე „იკლებს”.
– რას ნიშნავს ზეთის „ჭამა”?
– ძრავაში მუშაობს დგუში, რომელზეც არის „კოლიცოები”. სწორედ მათ ამოაქვს ზეთი ცილინდრში და შეზეთავს მათ. როდესაც „კოლიცო” დამჯდარია, ამოწურული აქვს რესურსი და ცილინდრსა და დგუშს შორის ღარი რჩება, საიდანაც ზეთი ამოდის და ფეთქების დროს საწვავთან ერთად იწვება. თავიდან ეს ღარი შესაძლოა, თვალისთვის შეუმჩნეველიც იყოს, მაგრამ ზეთის მალ-მალე კლებასთან ერთად, მიხვდებით, რომ ძრავაში პრობლემაა. მაგალითად, „ჟიგულების” ძრავას 150-ათასიანი გარანტია ჰქონდა. ამ მანძილის გავლის შემდეგ, ძრავა გასარემონტებელი იყო და „კოლიცოები”, „ვკლადიშები” იცვლება. უცხოური, იაპონური, ევროპული მანქანების შემთხვევაში, რესურსი და გარანტია 500 ათასი მაინც აქვთ. არის მოდელები, მილიონიანი გარანტია რომ აქვს. იმასაც აქვს მნიშვნელობა, თუ როგორ უვლიდა ამ მანქანას ყველა მისი პატრონი. ზეთის დროულ შეცვლას, ვერ წარმოიდგენთ, იმხელა მნიშვნელობა აქვს.
– რაც შეეხება ზოგიერთი სითხის ჩასხმას იმ შემთხვევაში, თუ ზეთი ჟონავს...
– თუ ავტომობილს უკვე ის პრობლემები აქვს, რაზეც ზემოთ ვისაუბრებთ, მაშინ ვერანაირი სითხე „კოლიცოებს” ვერ გაამთელებს და ძრავაში გაჩენილ ღარს ვერ ამოავსებს. მაგრამ, თუ ზეთი კარტერიდან ჟონავს, ანუ იქიდან, სადაც ზეთი ასხია, მისი ძრავაში ამოტანა ხდება, მაშინ საქმე სხვაგვარადაა. კარტერს აქვს „პრაკლადკა”, რომელიც შესაძლოა, გადაიწვა, ან თვითონ კარტერი გატყდა და ზეთი იქიდან ჟონავდეს. ანუ, ეს მხოლოდ გარეგნული დაზიანების შედეგად ხდება. გაჟონვა შეიძლება ასევე გამოიწვიოს „სალნიკებმა”. ეს არის რკინის შემცველი რეზინის რგოლები, რომლებიც შესაძლოა, ჯდება და იქიდან ზეთი ჟონავს. ეს არის შემთხვევები, რისთვისაც ამ სითხეებს იყენებენ. არადა ბევრჯერ გამიგია, მანქანამ ზეთის ჭამა დაიწყო, რაღაცას ჩავასხამ და უშველისო. ეს მცდარია.
– ანუ, შენ არ ურჩევ მის გამოყენებას მძღოლებს.
– პირადი გამოცდილებიდან ვამბობ, რომ რეალურად არ შველის. რაღაც მომენტში, თუ მაგალითად, ცვეთა ახალი დაწყებულია, მაშინ შეგიძლიათ, ეს საშუალება გამოიყენოთ და ცოტა ხნით გადადოთ შერემონტება. ეს არის კბილის პასტის მაგვარი მასა, რომელიც ნაწილაკებს შეიცავს და როცა ძრავაში ხვდება, კედლებს ედება და ავსებს მას. მაგრამ, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ცვეთა ახალი დაწყებულია და თან, დროებითი შეღავათია. „კოლიცოები” თუ დაჯდა, ის უნდა შეიცვალოს.
– ვიცი, რომ მანქანის ფასი სერიოზულად ეცემა, თუ ძრავა გარემონტებულია. ძრავა გახსნილია, – ეს თითქოს მანქანის ბედს წყვეტს.
– დამოკიდებულება ხშირად ასეთია, მაგრამ თუ ძრავა კარგად არის აწყობილი, კარგი ხელოსნის მიერ, მაშინ პრობლემა არ არის. გააჩნია როგორ რემონტზე ვსაუბრობთ. შეკეთებისას, ზოგჯერ „კოლიცოები” იცვლება და ზოგჯერ – ცილინდრი იჩარხება. მაგრამ, ისეთი ზღვარიც ყოფილა, როცა ცილინდრი აღარ იჩარხებოდა, ანუ გათხელებული იყო. მაგალითად, „ჟიგულის” ძრავას ცილინდრს სამზე მეტად ვერ გაჩარხავ. ამის შემდეგ უკვე ბლოკიც შესაცვლელია. ალბათ, აქედან მოდის ეს დამოკიდებულება. რაც შეეხება უცხოურ მანქანებს, მაგალითად, „მერსედესს”, რომელიც მილიონზე იძლევა ძრავას გარანტიას, ამ შემთხვევაში, სულაც არ არის მისი რემონტი საჭირო. მაგრამ, თბილისში მოხმარებული მანქანების შემთხვევაში, ეს ზღვარი იწევს, რადგან ძრავა ძირითადად მაღალ ბრუნზე მუშაობს.
– რაც შეეხება ამ ტიპის სითხის რადიატორში ჩასხმას იმ დროს, როდესაც წყალი ჟონავს?
– იყიდება სპეციალური ლითონის ნაწილაკების შემცველი ფხვნილები, რომელიც ორ ლარამდე ღირს. თუ რადიატორს სერიოზული დაზიანება არ აქვს, მაგალითად, დიდი ხვრელი, საიდანაც პირდაპირ ასხამს წყალი, ან „შლანგი” არ არის გახეთქილი, მაშინ ეს საკმაოდ ეფექტურად მუშაობს. ანუ იმ შემთხვევაში თუ წყალი ოდნავ ჟონავს, ამ ფხვნილს ჩაყრით ცივ რადიატორში. როდესაც წყალი გაცხელდება და მოხდება მისი ცირკულაცია, ამ ფხვნილის მასა იმ ადგილებს ედება, საიდანაც წყალი ჟონავდა. მაგრამ, მინუსი ის აქვს, რომ ძრავაში გამავალ წყლის მაგისტრალებში, ან წყლის პომპის „პაჩებნიკში” იჭედება. ამიტომ, მისი გამოყენებაც დროებითია. კარგია, თუ მანქანაში გექნებათ და უცებ თუ გაჟონა წყალმა, ჩაყრით ამ ფხვნილს, მით უმეტეს, რომ საკმაოდ იაფია. თუმცა, შემდეგ აუცილებლად უნდა მიიყვანოთ ავტომობილი ხელოსანთან.