კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა „პროტოკოლს” არ არღვევს რაგბის ნაკრების შოტლანდიელი მწვრთნელი და რატომ უკრძალავს ის მორაგბეებს „მესამე ტაიმს“

რა ვიცით შოტლანდიელების შესახებ? „მამაცი გული”, ვისკი, სკოჩი, ვაჟკაცურობა, თავისუფლების სიყვარული... უკანასკნელ ორს რაგბის ნაკრების შოტლანდიელი მწვრთნელი განსაკუთრებულად აფასებს ქართველებშიც და დიდი სურვილი აქვს, რომ ყველაფერი ის, რაც მან საქართველოში შეიგრძნო, მისმა შვილებმაც გაიზიარონ.

რიჩი დიქსონი: ფერმაში ვცხოვრობდი, ჩვეულებრივ ოჯახში. სულ პატარა ქალაქში დავდიოდი სკოლაში. ამის შემდეგ უკვე უნივერსიტეტი დავამთავრე და გავხდი ფიზიკური აღზრდის მასწავლებელი. პარალელურად კი რაგბის ვთამაშობდი გლაზგოში, ვვარჯიშობდი შოტლანდიის ნაკრებში, თუმცა, მას შემდეგ, რაც სერიოზული ფიზიკური დაზიანებები მივიღე და მოვიტეხე ფეხი, თამაშს თავი დავანებე და სერიოზულად მოვკიდე ხელი მწვრთნელობას. ათი წლის განმავლობაში ვიყავი შოტლანდიის 31 წლამდე ასაკის ნაკრების მწვრთნელი, შემდეგ ვწვრთნიდი საერთაშორისო გუნდს და უკვე ბოლოს, რაგბის ყველა პოზიციაზე ვიმუშავე – რაგბის დირექტორი, მწვრთნელების განვითარება და სხვა. შემდეგ უკვე რაგბის საერთაშორისო ასოციაციამ მთხოვა, რომ სხვა ქვეყნებისთვისაც გამეზიარებინა ჩემი გამოცდილება და, აი, მე აქ ვარ. ჩამოვედი საქართველოში და ერთი ნახვით შემიყვარდა ეს ქვეყანა. ქართველებში დავინახე ის გული და სული, რაც რაგბის თამაშისთვის აუცილებელია. ვმუშაობ ახალგაზრდა ადამიანებთან იმისთვის, რომ თამაშის ახალი ასპექტები შევიმუშაოთ, რაც მათ საერთაშორისო დონეზე წარმატების მოპოვებაში დაეხმარება.

– ამსგავსებთ თუ არა შოტლანდიელებსა და ქართველებს ერთმანეთს?

– ჩვენს ხალხებს შორის უამრავი მსგავსებაა, ჩვენ ორივეს, მთელი ისტორიის განმავლობაში გარს ძალიან დიდი მეზობლები გვეხვია, რომლებთანაც სულ გვქონდა ბრძოლა, მუდამ ვიყავით საომრად მზად და სულ გვიწევდა თავის დაცვა. ჩემთვის ძალიან ნაცნობია თქვენი სტუმართმოყვარეობაც. ქართველები საოცრად მეგობრულები, ღია ბუნების და პატიოსნები ხართ. ყველა ეს თვისება, ჩამოვედი თუ არა, ძალიან მალე დავინახე. ისიც გავაცნობიერე, რომ საკმაოდ რთული იქნებოდა ქართული კულტურის ღრმად ჩაწვდომა, მაგრამ, იმდენად დიდი იყო ამ ყველაფრის შეცნობის სურვილი, რომ ახლა უკვე მეუბნებიან საქართველოში, ნამდვილი ქართველივით იქცევიო.

– რომელიმე ტრადიცია თქვენთვის უცნაური ხომ არ ყოფილა?

– თქვენ აქ ღვინოს სვამთ, ჩვენ კი ვისკი გვაქვს...

– ქართული ღვინო თუ – შოტლანდიური ვისკი?

– ვისკი, თავისი სულით, აბსოლუტურად განსხვავდება ღვინისგან. მაგრამ, ქართული ღვინო, როგორც ღვინო, საუკეთესო ხარისხისაა. საოცარი წყლები, ადგილმდებარეობა და ის ადამიანები, რომლებიც სასმელს ამზადებენ ხდის ამ ღვინოს ასეთ საოცარს. რაც შეეხება ტრადიციებს, არ ვიცი, უცნაურია თუ არა მაგრამ, გამაოცა თქვენმა სასმისებმა. რქა, რომელიც მაგიდაზე არ იდგმება, ეს შოტლანდიელებისთვისაც ნაცნობია – წარსულში ჩვენც გვქონდა მსგავსი ტიპის სასმისები. რაც შეეხება სადღეგრძელოებს, შოტლანდიელებს ასეთი გრძელი და მრავლისმომცველი სადღეგრძელოები არ გვახასიათებს, მაგრამ სადღეგრძელოების თანმიმდევრობა რაღაცით ჰგავს ერთმანეთს – საუბარი მშვიდობაზე, ოჯახზე, მეგობრობაზე.

– შოტლანდიაშიც ისევე მჭიდროა ოჯახი როგორც ჩვენთან – დიდი სანათესაოთი და ახლო ურთიერთობებით?

– ზუსტად ასეა. ჩვენი ტრადიციები ახლოს არის ერთმანეთთან, თუმცა, სოციალურმა ცვლილებებმა ოჯახების გარკვეულწილად დაშორება გამოიწვია, ბევრ ოჯახში წევრები სხვადასხვა ქალაქში კი არა, ხშირად სხვადასხვა ქვეყანაშიც კი ცხოვრობენ, მაგრამ მჭიდრო ურთიერთობებს ნათესავებთან მაინც ვინარჩუნებთ.

– ვიცი, რომ თითქმის მთელი საქართველო შემოიარეთ. რომელ კუთხეს გამოარჩევთ განსაკუთრებულად?

– ამას წინათ ბათუმში მივდიოდით, ქუთაისიდან ბათუმამდე ტერიტორია საოცრად ლამაზია. გადიხარ პატარა ქალაქებს, სოფლებს; გხვდება მდინარეები, მინდვრები, მთები და, უცებ, ჩადიხარ ბათუმში, სადაც საოცარი ზღვის სანაპირო გაქვთ. კლდე და მთა პირდაპირ ზღვაში ჩადის – ეს იშვიათი და ძალიან ლამაზია. შემდეგ მიდიხარ კახეთში და დედაქალაქიდან ძალიან ახლოს სულ სხვა სამყაროში ხვდები. გადაჭიმული მთები, მინდვრები... უცებ ხვდები რატომ არის ეს მხარე განსაკუთრებით ცნობილი თავისი ღვინით. არ ვიცი, ასე გამორჩევა მიჭირს.

– თქვენს ოჯახზეც გვიამბეთ ცოტა.

– მამაჩემი ფერმის მწყემსი იყო და ძალიან მარტივად ვცხოვრობდით. ორი ძმა მყავს, მე შუათანა ვარ. სხვათა შორის, მამაჩემს, მამაჩემის მამას და იმის მამასაც ყველას სამ-სამი ვაჟი ჰყავდა. მე ერთი ბიჭი და ერთი გოგო მყავს, მაგრამ ახლა უკვე ჩემმა შვილმა დაიწყო ამ ტრადიციის აღდგენა, უკვე ჰყავს ერთი ბიჭი. რაც შეეხება ჩემ მეუღლეს, ის მეთევზეების სოფლიდან არის, უბრალო ოჯახში დაიბადა. სულ პატარები ვიყავით, რომ ერთმანეთი გავიცანით და შარშან უკვე ჩვენი თანაცხოვრების ორმოცი წელი აღვნიშნეთ. ახლა უკვე 64 წლის ვარ, ცოლი ოცდასამი წლის ასაკში მოვიყვანე, ჩემი მეუღლე კი ოცდაორის იყო. უკვე დიდი ხანია, ერთად ვართ. სპორტში ყოფნა და მუშაობა ძალიან რთულია და ის მთელი ცხოვრება გვერდში მიდგას. გასული წლის ნოემბერ-დეკემბერში საქართველოში იყო ჩამოსული და არაჩვეულებრივი დრო გაატარა აქ. ადამიანები საოცარი სითბოთი და პატივისცემით ექცეოდნენ.

– არ უჭირს ოჯახს თქვენს გარეშე?

– დიახ, ეს მათთვის საკმაოდ რთულია, რადგან ჩემი მეუღლე ახლა პრაქტიკულად მარტოა. ჩემი ქალიშვილი ინგლისში ცხოვრობს, აპრილში პირველ შვილს ელოდება. სამწუხაროდ, ის ისე ახლოს ვერ არის დედასთან, როგორც ეს ორივეს უნდა. ჩემი ვაჟი და მისი მეუღლე კი შოტლანდიაში ცხოვრობენ – დაახლოებით ორმოცი წუთის სავალია იქიდან, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ. ასე რომ, ახლა მარტოა, მაგრამ, ჩვენი შვილიშვილი საკმაოდ ახლოს ცხოვრობს მასთან და ხშირადაც ნახულობს. ასევე, ახლოს ცხოვრობს ჩემი და. მოკლედ, დიდად არ უჭირს მარტო ცხოვრება. ძალიან მინდა, რომ ჩემმა შვილებმაც მოახერხონ საქართველოში ჩამოსვლა და იმ სულიერების, იმ სითბოს შეგრძნება, რაც მე და ჩემმა მეუღლემ განვიცადეთ აქ, მაგრამ, ამას, ალბათ, მაშინ შეძლებენ, როცა ბავშვების გაჩენას დაამთავრებენ – სულ ბავშვების მოლოდინში არიან. ოჯახში ტრადიცია გვქონდა – უიქენდებზე ყოველთვის ბევრს დავდიოდით სამოგზაუროდ.

– არსებობს თუ არა ასეთი ფენომენი – „ქართული რაგბი“ და როგორია ის?

– რა თქმა უნდა, არსებობს. ძალიან ძლიერი, მეომრის სული დევს თქვენს გენეტიკაში. ქართული კულტურა მრავალსაუკუნოვანი მემკვიდრეობით არის გამდიდრებული – მუსიკა, მხატვრობა, სულიერება... და, რას ვცდილობთ ახლა ჩვენ? რამენაირად გავაერთიანოთ მთელი ეს კულტურა და მენტალიტეტი, შევქმნათ მეომრისა და არტისტის სინთეზი, რომელიც სრულიად განსხვავებულ და საინტერესო თამაშად გადაიქცევა მოედანზე.

– ძალიან ბევრი ჩხუბია მოედანზე, როცა ქართველები თამაშობენ, თუ, ჩვენ გვეჩვენება?

– ყველანაირად ვცილობთ, რომ თამაშს, რომელშიც ჩვენი პროფესიონალიზმის ჩვენება გვსურს, მაღალი დისციპლინაც ახლდეს თან. ჩვენ არ გვინდა მხოლოდ ფიზიკური ძალის დემონსტრირება, არამედ, უნდა მოვახდინოთ ჩვენი ტვინის დემონსტრირებაც. უნდა ვიყოთ არა მხოლოდ ყველაზე ძლიერები, არამედ ყველაზე გონიერებიც. ამას კი აფუჭებს ჩხუბი და უდისციპლინობა. ამიტომაც, საკმაოდ მკაცრად ვუყურებ მსგავს შემთხვევებს.

– „მესამე ტაიმზე“ რას იტყვით?

– სპორტული პროტოკოლის მიხედვით, აკრძალულია ბევრი დალევა და გართობა, მით უმეტეს, როდესაც თამაშები ერთმანეთზეა მიწყობილი და ცოტა დრო გვაქვს სავარჯიშოდ ან ძალების აღსადგენად. მართალია, „მესამე ტაიმიც“ ერთგვარი პროტოკოლია, რომელიც ძალიან ბევრი წელია, რაც რაგბის ტრადიციად ჩამოყალიბდა, მაგრამ, ამის აკრძალვა მიწევს. როდესაც საქმე პროფესიონალიზმს ეხება, უნდა იცოდე რამდენს შეჭამ და დალევ. ზოგადად, ეს ტრადიცია თამაშის ბუნებიდან მომდინარეობს. ყველას ესმის, რომ, როდესაც მოედანზე არიან, არავის აქვს უსაფრთხოების გარანტია, ვერც იმაზე იქნებიან პასუხისმგებლები, რომ მეორე ადამიანს რამეს არ დაუშავებენ. უნდა ითამაშო ისე მაგრად, როგორც შეგიძლია, რა თქმა უნდა, წესების ფარგლებში. თამაშის შემდეგ კი, ორივე გუნდი, იმის აღსანიშნავად, რომ ბრძოლა მხოლოდ მოედანზეა, ერთმანეთს ხვდებიან, მიირთმევენ ცოტა საჭმელსა და ლუდს. ამას თქვენთან „სუფრა“ ჰქვია.

– სუფრა ახსენეთ. რა კერძი გიყვართ ყველაზე მეტად?

– ქართული სამზარეულო განსაკუთრებულია, ძალიან მიყვარს ხაჭაპური, რომელსაც სხვადასხვა რეგიონში განსხვავებულად ამზადებენ, მაგრამ, საბაზისო წესები ყველას ერთნაირი აქვს. ასევე, ძალიან მომწონს ხინკალი, მწვადი და ქაბაბი. ერთი სიტყვით, თქვენს სუფრაზე ყოფნა ნამდვილი სიამოვნებაა. მაგრამ, საქმე მხოლოდ საჭმელსა და სუფრას არ ეხება, აქ ცხოვრობენ ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ, უანგაროდ დაგიდგნენ გვერდში და დაგეხმარონ – ეს თქვენს გენეტიკაშია.

– რამე არ არის ისეთი, რაც კატეგორიულად არ მოგწონთ?

– ჯერჯერობით არ მიპოვია. თუ ვიპოვი, აუცილებლად გეტყვით.


скачать dle 11.3