რომელ სექს-სკანდალში გაეხვნენ ფრანკ რიბერი და ქარიმ ბენზემა და ვისთან დაკარგა ვაჟწულობა ბრაზილიელმა ლეგენდამ – გარინჩამ
სპორტსა და ზოგადად ფეხბურთში სექსუალური სკანდალები ისეთივე სიხშირით ხდება, როგორც, მაგალითად, პოლიტიკაში ან შოუ-ბიზნესში. ცნობილი ფეხბურთელები პოპულარობით არაფრით ჩამოუვარდებიან ჰოლივუდელ ვარსკვლავებს და მათი ინტიმური ცხოვრება მუდამ იწვევს ინტერესს მსოფლიო საზოგადოებაში. ამჯერად გთავაზობთ ყველაზე გახმაურებული სექს-სკანდალების ჩამონათვალს, სადაც მთავარი მოქმედი პირები განთქმული საფეხბურთო ვარსკვლავები არიან.
ტომი დოჰერტი
ტომი დოჰერტი „მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელი იყო 70-იან წლებში და მისი ხელმძღვანელობით 1977 წელს „წითელმა ეშმაკებმა” ინგლისის ფედერაციის თასი მოიგეს, თუმცა, საფეხბურთო წრეებში დოჰერტი არა ტიტულებით, არამედ სექსუალური სკანდალით არის უფრო ცნობილი. 1977 წელს მან რომანი გააბა, გუნდის ფიზიოთერაპევტის მეუღლესთან, თავისზე 18 წლით უმცროს ქალბატონთან. ამ ამბის გაჟონვისთანავე კლუბის ხელმძღვანელობამ, დოჰერტი თანამდებობიდან გაათავისუფლა. მისმა მეუღლემ საბუთები შეიტანა განქორწინებაზე და 28-წლიან თანაცხოვრებას წერტილი დაუსვა. მოგვიანებით დოჰერტიმ ერთ-ერთ ინტერვიუში გულახდილად განაცხადა: „მე დავისაჯე სიყვარულის გამო“. ცნობისთვის, დოჰერტი დღესაც იმ ქალბატონთან ერთად ცხოვრობს, რომლის გამოც დასრულდა კიდეც მისი სამწვრთნელო კარიერა ლეგენდარულ კლუბში.
გარინჩა
მსოფლიოს ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი, ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი ცნობილი იყო მექალთანეობით. 1959 წელს მშობლიურ კლუბ „ბოტაფოგოსთან” ერთად გარინჩა შვედეთში იმყოფებოდა, სადაც მისგან რამდენიმე შვედი გულშემატკივარი ქალი დაფეხმძიმდა. სამშობლოში დაბრუნებულ ფეხბურთელს ქომაგებმა ამ ფაქტის გამო ობსტრუქცია მოუწყვეს, თუმცა, მალევე აპატიეს და იმავე წელს მისმა მეუღლემ მეხუთე შვილი გაუჩინა. შვიდი წლის შემდეგ გარინჩა გასცილდა ცოლს და „სამბას“ მოცეკვავესთან დაიწყო ცხოვრება. ერთ-ერთ ინტერვიუში გარინჩამ აღიარა, რომ ვაჟწულობა 12 წლის ასაკში, თხასთან სექსუალური კავშირის დამყარების შემდეგ დაკარგა. საერთო ჯამში, რამდენიმე ქალისგან, გარინჩას 14 შვილი ჰყავდა, რომელთა მამობაც მან აღიარა.
ჟოზე ალტაფინი
60-იანი წლების იტალიური ფეხბურთის ვარსკვლავი, ჟოზე ალტაფინი, იტალიელ ფეხბურთელებს შორის პირველი გაეხვა სექს-სკანდალში. „ნაპოლიში” თამაშის დროს მან რომანი თავისი თანაგუნდელის ცოლთან გააბა და როდესაც ეს ქალბატონი მის სახლში გადავიდა საცხოვრებლად, იტალიაში იმ დროისთვის არნახული სკანდალი აგორდა. თანამედროვე იტალიელი ფეხბურთელების სკანდალების ფონზე, იმდროინდელ იტალიაში ალტაფინის საქციელი საერთო სახალხო განსჯის საგანი იყო.
რონალდო
მეგობარი გოგონას სახლში გაცილების შემდეგ, ლეგენდარული რონალდო სასტუმროს ნომერში სამ მეძავთან ერთად დაბრუნდა და, ის იყო, გართობისთვის მოემზადა, რომ, გაირკვა, მეძავები ტრანსსექსუალები ყოფილან. რონალდომ ისინი ნომრიდან გაყარა, მათ კი გაჩუმების სანაცვლოდ, ფული მოითხოვეს, რაზეც რონალდომ კატეგორიული უარი განუცხადა. ეს ფაქტი რიო-დე-ჟანეიროს პოლიციის მეშვეობით გახდა ცნობილი, ხოლო რონალდომ მოგვიანებით საჯაროდ აღიარა, რომ შეცდომა მოუვიდა და ტრანსსექსუალები ჰეტეროსექსუალ ქალებში აერია.
ოლივერ კანი
ლეგენდარულმა გერმანელმა მეკარემ, ოლივერ კანმა, ერთ-ერთ წვეულებაზე, თავის ფეხმძიმე მეუღლეს 21 წლის ვერენა კეტთან უღალატა. ეს ფაქტი უცბად გახმაურდა, რადგან ვერენა ცნობილი იყო იმით, რომ ფეხბურთელებზე ნადირობდა და მას თიკუნიც კი ჰქონდა – „წვეულებების წიწილა”. „ბაიერნის” ამჟამინდელი პრეზიდენტი ული ჰიონესი იხსენებდა, რომ ამ ფაქტის გაგებისთანავე კანის გუნდიდან დათხოვნის სურვილი გაუჩნდა.
ქარიმ ბენზემა და ფრანკ რიბერი
საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელები, ქარიმ ბენზემა და ფრანკ რიბერი, არასრულწლოვანთან ინტიმურ კავშირში იყვნენ შემჩნეულნი. ეს ცნობა ხანგრძლივი დროის განმავლობაში „ამშვენებდა“ ევროპული ტაბლოიდების პირველ გვერდებს. მოგვიანებით რიბერიმ აღიარა, რომ ჰქონდა სექსი ზაჰია დეჰართან, თუმცა არ იცოდა, რომ მეძავი არასრულწლოვანი იყო, ხოლო ბენზემა დღემდე უარს აცხადებს ამ ისტორიასთან ყოველგვარ კავშირზე. ამ სკანდალში კიდევ ერთი ფრანგი ფეხბურთელის – სინდეი გოვუს სახელი ფიგურირებდა.
ჯონ ტერი და უეინ ბრიჯი
2010 წლის იანვარში ყველა ბრიტანული გაზეთი მოიცვა ცნობამ, რომ „ჩელსის” კაპიტან ჯონ ტერის რომანი ჰქონდა ვანესა პერონსელთან, რომელიც იმ დროისთვის „ჩელსის” ექსფეხბურთელის, „მანჩესტერ სიტის” მცველის, ინგლისის ნაკრებში ტერის პარტნიორისა და მეგობრის უეინ ბრიჯის ოფიციალური „გერლფრენდი“ იყო, რომლისგანაც ფეხბურთელს ქალიშვილი ჰყავდა. აღნიშნულმა ფაქტმა ტერის ინგლისის ნაკრების კაპიტნის სამკლავური დააკარგვინა, ხოლო მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ იგი მკაცრად გააკრიტიკა. „მანჩესტერ სიტისთან” თამაშის დაწყებამდე ბრიჯმა უარი განუცხადა ტერის ხელის ჩამორთმევაზე და ეს ვიდეო რეკორდულად ბევრმა ადამიანმა იხილა „იუთუბიზე”.
ჯანლუიჯი ლენტინი
90-იანი წლების დასაწყისის იტალიური ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავი და ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელი ჯანლუიჯი ლენტინი, საავტომობილო ავარიაში მოყვა, სადაც მასთან ერთად სხვა იტალიელი ფეხბურთელის, 1990 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ბომბარდირის, სალვატორე (ტოტო) სკილაჩის მეუღლე იმყოფებოდა. ამ ფაქტმა დიდი რეზონანსი გამოიწვია იტალიურ საზოგადოებაში. ავარიის შედეგად მიღებული ტრავმის შემდეგ, ლენტინიმ ვეღარ მოახერხა სპორტული ფორმის აღდგენა და 24 წლის ასაკში დაასრულა მოთამაშის კარიერა.
ისრაელის ნაკრები
ევროპის 2000 წლის ჩემპიონატის შესარჩევი საპლეიოფო მატჩში ისრაელის ნაკრები დანიელებთან განადგურდა: ორი მატჩის ჯამში ებრაელებმა რვა ბურთი გაუშვეს, ხოლო მშობლიურ თელ-ავივში სულაც 0:5 წააგეს. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მატჩის წინა დღეს, სასტუმროში სადაც ისრაელის ნაკრებს შეკრება ჰქონდა, ხმაურიანი წვეულება მოეწყო, რომელზეც ათობით მეძავი ფეხბურთელებთან ერთობოდა. წვეულების ფაქტს სასტუმროს თანამშრომლებიც ადასტურებდნენ, რომელთა მტკიცებით, იმ ნომერში, სადაც წვეულება იყო, დილით ასამდე გამოყენებული პრეზერვატივი იქნა ნაპოვნი. ამ ფაქტის გამო ისრაელის ნაკრების ოთხი ფეხბურთელი სასტიკად დაისაჯა, თუმცა მათი სახელები არ გახმაურებულა. მოგვიანებით ისრაელის მთავრობის ერთ-ერთმა მინისტრმა გამოთქვა ვარაუდი, რომ მეძავები დანიელების მიერ იყვნენ დაქირავებულნი და ეს წვეულება განგებ იყო მოწყობილი.
ეშლი კოული
„ჩელსის” ეს ვარსკვლავი ბოლო დროის ყველაზე სკანდალური ინგლისელი ფეხბურთელია, რომელიც ბულვარული პრესის ხშირი „კლიენტია“. გასულ წელს იგი თავის ცოლს, სხვადასხვა გამოცემის ვერსიით, პლანეტის ერთ-ერთ ყველაზე სექსუალურ ქალს, პოპ-შემსრულებელ შერილ კოულს დაშორდა. დაცილების მიზეზი კი ეშლის ღალატი იყო. ფეხბურთელმა ერთ-ერთ საყვარელს თავისი შიშველი ფოტოები გაუგზავნა, რომლებიც, მისთვის მოულოდნელად, ბრიტანელ ჟურნალისტებს ჩაუვარდათ ხელში. კოულის ღალატი გაზეთების ფურცლებიდან გამოაშკარავდა და განქორწინებამაც არ დაახანა.