კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ არ შეიძლება ვირუსული კონიუნქტივიტის დროს თვალებზე მაკიაჟის გაკეთება და რა ჩივილები ახასიათებს ამ დაავადებას




ვირუსული კონიუნქტივიტი ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული დაავადებაა მთელ თანამედროვე მსოფლიოში. ის ჰაერწვეთოვანი გზით გადაეცემა და საკმაოდ რთულად სამკურნალოა, მკურნალობის დროულად არჩატარების შემთხვევაში კი, შესაძლოა მრავალი გართულება, მათ შორის, მხედველობის დაკარგვა გამოიწვიოს. ვირუსული კონიუნქტივიტის, მკურნალობისა და თანმდევი გართულებების შესახებ ექიმი-ოფთალმოლოგი თამარ ცირეკიძე გვესაუბრება.

– ქალბატონო თამარ, რა დაავადებაა კონიუნქტივიტი?

– კონიუნქტივიტი თვალის შემაერთებელი გარსის – კონიუნქტივის ანთებაა, განასხვავებენ კონიუნქტივიტის ბაქტერიულ სოკოვან, ვირუსულ და ალერგიულ ფორმებს.

– რა ჩივილები აქვთ პაციენტებს ვირუსული კონიუნქტივიტის დროს?

– ეტიოლოგიის სხვადასხვაობის მიუხედავად, კონიუნქტივიტს ახასიათებს საერთო ნიშნები (ჩივილები): სინათლის შიში, უცხო სხეულის შეგრძნება თვალში, მხედველობის დაქვეითება, თვალის კაკლის სიწითლე, ქუთუთოების შეშუპება, ცრემლდენა, სეროზული ან ჩირქოვანი გამონადენი.

– რას გვეტყვით ვირუსული კონიუნქტივიტის შესახებ?

– ვირუსული კონიუნქტივიტი ფართოდ გავრცელებული დაავადებაა როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოში. მისი მკურნალობა საკმაოდ ხანგრძლივი და რთული პროცესია, არ იკურნება ოთხი-ხუთ დღეში, თუნდაც ერთ კვირაში. თვალის წინა მონაკვეთის ვირუსულ ანთებებს მიეკუთვნება ადენოვირუსული, ჰერპესული (მარტივი ჰერპესი, ჰერპეს-ზოსტერი) ეპიდემიური ფოლიკულური, ჰემორაგიული კერატოკონიუნქტივიტი. ამათგან ყველაზე ხშირია ადენოვირუსული კონიუნქტივიტი.

– რა არის დამახასიათებელი ამ დაავადებებისთვის?

– დაავადება იწყება მწვავედ, ხშირად მას წინ უძღვის ზედა სასუნთქი გზების კატარი, სხეულის ტემპერატურის მომატება, ყურისწინა ლიმფური კვანძების გადიდება. თვალის მხრივ: სიწითლე, ცრემლდენა, წვის, სიმხურვალის, უცხო სხეულის შეგრძნება, ფოტოფობია (სინათლის შიში), ქუთუთოების შეშუპება. მეორე თვალი პროცესში ერთვება სამი-ოთხი დღის შემდეგ.

– ფოტოფობია ახსენეთ. კომპიუტერის ან სხვა მოციმციმე ეკრანთან კონტაქტი თუ შეიძლება ამ დროს?

– არ არის სასურველი, თუმცა, პაციენტი თავადაც ვერ ახერხებს კომპიუტერთან მუშაობას, რადგან კომპიუტერი სინათლის ჭარბ ნაკადს ასხივებს, რაც პაციენტს აღიზიანებს. ზოგადად სინათლის ჭარბი ნაკადი დაავადებული კი არა, ჯანმრთელი თვალისთვისაც საზიანოა.

– რა გზით გადადის ეს დაავადება?

– დაავადება გადადის ჰაერწვეთოვანი გზით. მისი ფართო გავრცელება განპირობებულია ვირუსის გამძლეობით მშრალ ზედაპირზე, ინკუბაციური პერიოდი კი 4-10 დღეა. კონიუნქტივიტის დაწყებიდან 12 დღის განმავლობაში დაავადებული ადამიანი არის ვირუსის გადამტანი. დაავადება წარმოიქმნება სპორადულად. (ერთჯერადად ერთ პაციენტში) და ეპიდემიური აფეთქებების სახით, უპირატესად, ბავშვთა კოლექტივებში.

– აქვს თუ არა დაავადებას სეზონური ხასიათი?

– გვხვდება წელიწადის ყველა დროს, უფრო ხშირად კი – შემოდგომასა და გაზაფხულზე.

– არსებობს ამ დაავადების რაიმე პრევენცია?

– უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია ჰიგიენური ნორმების დაცვა: ხელების ხშირი დაბანა საპნით; უნდა მოვერიდოთ თვალზე ხელით შეხებას, ვინაიდან დაავადება ასე ადვილად გადამდებია. დასნებოვნებული ადამიანი აუცილებლად განსაკუთრებულად უნდა იცავდეს შემდეგ წესებს: უნდა ჰქონდეს საკუთარი პირსახოცი, რომელიც უნდა გაირეცხოს ცალკე და გაუთოვდეს ყოველი ხმარების შემდეგ; უმჯობესია, კონიუნქტივიტიანმა პაციენტმა გამოიყენოს ერთჯერადი ქაღალდის პირსაწმენდები, ასეთივე წესით უნდა გაირეცხოს და გაუთოვდეს ბალიშისპირიც. ქალბატონებმა თავი უნდა შეიკავონ თვალებზე მაკიაჟის გაკეთებისგან, მოერიდონ მასობრივი თავშეყრის ადგილებს. ხშირად დაავადება გადაედება ხოლმე ოჯახის ყველა წევრს. ვინაიდან ბავშვებსა და მოზარდებს უჭირთ ჰიგიენის ნორმების სრულფასოვნად დაცვა, აუცილებელია კონტროლი უფროსების მიერ, მათი საბავშვო ბაღსა და სკოლაში სიარული არ შეიძლება. აღწერილია ბევრი შემთხვევა, როდესაც ეს დაავადება გადაედო საბავშვო ბაღის მთელ ჯგუფს, მასწავლებლებს. ევროპაში ერთ-ერთ კოლეჯში ვირუსულმა კონიუნქტივიტმა მიიღო მასობრივი სახე და დაადგინეს რომ დაავადება კომპიუტერის კლავიატურით გადაედოთ მოსწავლეებს. სხვათა შორის, არ არის რეკომენდებული სათხილამურო სათვალის თხოვება, რადგან ის, ჩვეულებრივი მზის სათვალისგან განსხვავებით, ჰერმეტულია და ვირუსს კარგად ინარჩუნებს. ესეც გადადების ერთ-ერთი გზაა.

– რა შესაძლო გართულებები ახლავს თან ადენოვირუსულ კონიუნქტივიტს?

– ამ დაავადების გართულება ხდება ოფთალმოლოგთან პაციენტის დაგვიანებული ვიზიტის შემთხვევაში. დაავადების დაწყებიდან 7-10 დღის შემდეგ შეიძლება პროცესში ჩაერთოს რქოვანა, ამიტომ, აუცილებელია, დაავადების პირველივე ნიშნებისთანავე პაციენტმა მიმართოს ოფთალმოლოგს. დროული მკურნალობის შემთხვევაში ეს დაავადება გართულების გარეშე მიმდინარეობს.

– რას გვეტყვით ჰერპესული კერატოკონიუნქტივიტის შესახებ?

– მარტივი ოფთალმოჰერპესი, საერთოდ, უვითარდებათ ადამიანებს, ვისაც არ აქვს ანტივირუსული იმუნიტეტი, ძირითადად, ბავშვებს – 5 თვიდან 5 წლამდე ასაკში და მოზრდილებს – 16-25 წლის ასაკში.

– რამდენად ხშირია ამ დაავადების შემთხვევები?

– მარტივი ჰერპესი ინფექციური სიბრმავის ყველაზე ხშირი მიზეზია მთელ მსოფლიოში, რქოვანას წყლულის შემთხვევების 60 პროცენტი ვითარდება ამ დაავადების გამო.

– როგორ გადადის ჰერპესული კერატოკონიუნქტივიტი?

– პირველადი ინფექცია ხდება ჰაერწვეთოვანი გზით, იშვიათად – პირდაპირი კონტაქტით, ერთი ეპიზოდის შემდეგ, ერთი წლის განმავლობაში 10 პროცენტი არის რეციდივის რისკი, 23 პროცენტი ორი წლის შემდეგ, დაახლოებით 50 პროცენტი ათი წლის შემდეგ.

– რა სიმპტომები ახასიათებს მარტივი ჰერპესით გამოწვეულ კერატოკონიუნქტივიტს?

– ეს დაავადება ძირითადად ერთმხრივია, იწყება მწვავედ, მიმდინარეობს მძიმედ და ხანგრძლივად, ხშირად, გრიპის ან სხვა ანთებითი დაავადებების ფონზე. ამ დაავადების კლინიკური გამოვლინება დიდი მრავალფეროვნებით გამოირჩევა. პაციენტები ძირითადად აღნიშნავენ სინათლის შიშს, უცხო სხეულის შეგრძნებას თვალში, მხედველობის მკვეთრ დაქვეითებას, ცრემლდენას.

– რა გართულებებს იწვევს ეს დაავადება?

– მარტივი ჰერპესული კერატოკონიუნქტივიტი ძალიან ბევრ გართულებას იწვევს, მათ შორის ყველაზე ხშირია კერატიტის, რქოვანას წყლულისა და შემდგომ ნაწიბურის ჩამოყალიბება, რქოვანა გამჭვირვალე გარსია და მისი გამჭვირვალობის დარღვევა მხედველობას აქვეითებს, რქოვანას ტლანქი და დიდი ზომის ნაწიბურის ჩამოყალიბების შემთხვევაში სიბრმავეც კი ვითარდება.

რქოვანას ჰერპეს-ზოსტერის შემთხვევაში, ჰერპესულ გამონაყარს წინ უძღვის ზოგადი სისუსტე, ძლიერი ნევრალგიური ტკივილები სამწვერა ნერვის გასწვრივ, შემდეგ შუპდება შუბლისა და ქუთუთოს კანი და ვითარდება ბუშტუკოვანი გამონაყარი. ერთდროულად გამონაყარი ჩნდება რქოვანაზეც და ვითარდება კერატიტი, რქოვანას წყლული, რამაც შეიძლება გამოიწვიოს თვალის კაკლის პერფორაცია (მთლიანად დარღვევა), არა მარტო სიბრმავე, არამედ, თვალის კაკლის დაკარგვა.

– არსებობს თუ არა გართულების ქირურგიული მკურნალობის მეთოდი?

– დაავადების გადატანის შემდეგ, ჩამოყალიბებული რქოვანას ნაწიბურის შემთხვევაში, შესაძლებელია, გაკეთდეს რქოვანას გადანერგვა ან კერატოპროთეზირება. ეს ოპერაციები ძალიან მასშტაბური და რთულია. პირველ შემთხვევაში ხდება გვამური რქოვანას გადანერგვა, მეორე შემთხვევაში კი – გვამური რქოვანასა და პროთეზის. ეს ოპერაციები ჩვენს კლინიკაში კეთდება მაღალ დონეზე და უახლოესი ტექნოლოგიით. ჩვენი ექიმების ხშირი და აქტიური მონაწილეობა საერთაშორისო ოფთალმოლოგიურ კონგრესებზე, გვაძლევს საშუალებას, გავეცნოთ და დავნერგოთ მსოფლიოში შემუშავებული თერაპიული თუ ქირურგიული მკურნალობის ახალი მეთოდები.

და, ბოლოს, დროულად ჩატარებული კომპეტენტური მკურნალობა საშუალებას მოგვცემს, თავიდან ავიცილოთ თვალის ვირუსული დაავადებებით გამოწვეული გართულებები. ამიტომ, დაავადების პირველივე ნიშნების შემთხვევაში, აუცილებელია ოფთალმოლოგის კონსულტაცია და დანიშნული მკურნალობის ზედმიწევნით შესრულება.


скачать dle 11.3