ექიმის რჩევები
კითხვა: რომელი ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატების მიღება არ არის მიზანშეწონილი ბუასილის დროს?
პასუხი: სისხლძარღვთა გამაფართოებელი. არ არის რეკომენდებული: ასპირინი, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები (იბუპროფენის ჯგუფის).
კითხვა: შეიძლება თუ არა ერთი წლის ბავშვისთვის არბიდოლის მიცემა?
პასუხი: არბიდოლი გამოიყენება უფროსებისთვის და 3 წლიდან ბავშვებში. ერთი წლის ბავშვისთვის მისი მიცემა არ შეიძლება.
კითხვა: რამდენ ხანს ინარჩუნებს ორგანიზმი იმუნიტეტს B ჰეპატიტის წინააღმდეგ აცრის შემდეგ?
პასუხი: B ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინაცია შედგება 3 ინიექციისგან – 1 და 6 თვის ინტერვალით პირველი ინიექციის შემდეგ. შემდგომში რეკომენდებულია 5 წელიწადში ერთხელ ერთი ინიექცია. ასეთი სქემის გამოყენებისას, გამომუშავდება ანტისხეულების საკმარისი რაოდენობა.
კითხვა: რა არის ავსტრალიური ანტიგენი?
პასუხი: B ჰეპატიტის გამომწვევი ვირუსის გარსის ერთ-ერთი ცილა. პირველად აღმოაჩნდა ავსტრალიელ აბორიგენებს, რომელიც შეცდომით ადამიანის ცილა ეგონათ.
კითხვა: რა არის მზის ალერგია?
პასუხი: მზის სხივებით გამოწვეული ჭინჭრის ციების ტიპის გამონაყარი კანზე. შეიძლება, იყოს ორგანიზმის სენსიბილიზაციის ნიშანი რაიმე ქრონიკული ინფექციით.
კითხვა: რა არის ქრონიკული აპენდიციტი და რატომ არ აკეთებენ ამ დროს ოპერაციას? როგორ მოვიქცეთ შეტევის დროს?
პასუხი: ეს არის ქრონიკული დაავადება, რომელსაც ახასიათებს აპენდიქსის (სწორი ნაწლავის წანაზარდის) ანთება. ხშირი რეციდივების დროს ნაჩვენებია ქირურგიული ოპერაცია. ყოველი შეტევისას უნდა მიმართოთ ქირურგს, რადგან არსებობს პერიტონიტის საშიშროება.
კითხვა: მიკბინა უპატრონო ძაღლმა, ცოტა სისხლი გამოვიდა, მაგრამ, რადგან ნაკბენი ღრმა არ იყო, ყურადღება არ მივაქციე. გუშინ კი თანამშრომლებმა დამაშინეს ცოფის საშიშროებით. კბენიდან 8 დღე გავიდა, აცრა დაგვიანებულია?
პასუხი: სასწრაფოდ უნდა მიმართოთ ექიმს და გაიკეთოთ აცრა. თუ ძაღლი ცოფიანია, სიკვდილი გარდაუვალია!
კითხვა: რა არის ბეხტერევის დაავადება?
პასუხი: ბეხტერევის დაავადებას ანუ სპონდილოართრიტს, ახასიათებს ხერხემლის ანთებითი ცვლილებები. დაავადებას გენეტიკური დატვირთვა აქვს. მკურნალობს ექიმი-რევმატოლოგი.
კითხვა: ვარ 39 წლის ქალბატონი, პერიოდულად ქვემო კიდურებში მენჯ-ბარძაყის სახსრიდან ტერფამდე ტკივილები მაწუხებს, ზოგჯერ თითების კრუნჩხვებიც. რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი?
პასუხი: უფრო ხშირად ასეთი ტკივილები გამოწვეულია ხერხემლის ოსტეოქონდროზით (საჭიროა ნევროპათოლოგის კონსულტაცია), ან ქვემო კიდურების სისხლძარღვების დაავადებებით (საჭიროა ანგიოლოგის კონსულტაცია).