რჩევები ავტომოყვარულ მძღოლებს
კითხვა: მაინტერესებს რვა-ათი წლის მოდელებს – „რავ-4-სა” და „სუზუკი გრანდ ვიტარას” შორის, რომელს რა უპირატესობები და სუსტი წერტილები აქვს და რომელი უფრო კარგია მოძრაობაში?
პასუხი: არც ერთი ეს ავტომობილი ცუდი არ არის, მაგრამ, თუ ამ ორ ავტომობილს შევადარებთ, გეტყვით, რომ „რავ 4” თითქმის ყველა წვრილმან კომპონენტში სჯობნის. „გრანდ ვიტარას” სუსტი დეტალები აქვს. ანუ „რავ 4” მას გამძლეობითაც სჯობნის, წვითაც, პრაქტიკულობითაც და სხვა. მწარმოებელს არასწორი გათვლა აქვს. ძალიან მარტივი მაგალითი რომ მოვიყვანოთ, გეტყვით, რომ ხიდის ჩასართავად „გრანდ ვიტარას” ბამპერში დამატებითი მოწყობილობა აქვს. ეს არის ვაკუუმის ძრავი, რომელიც ვაკუუმის ჩასართავად უნდა ჩაირთოს, წინა ხიდი უნდა ჩართოს და მეორე ხიდი წაიყვანოს. ანუ ეს არის დამატებითი დეტალი, რომლის დაზიანების შემთხვევაშიც წინა ხიდი არ გვექნება. ანუ, ელემენტარულად, წინა ბამპერი ოდნავ რომ დაზიანდეს, ნიშნავს, რომ პრობლემა გვაქვს, ესე იგი, დეტალი მწყობრიდან გამოდის. მსგავსი წვრილმანი გაუმართაობები „რავ 4-ის“ შემთხვევაში წარმოუდგენელია. ეს სულ ერთი პატარა მაგალითია და, თუ ამ მაგალითს განვაზოგადებთ, ზუსტად იგივე შეიძლება ითქვას მთლიანად ავტომობილის დასახასიათებლად.
კითხვა: მყავს ავტომობილი „სუზუკი სვიფტი”, რომელსაც ძრავის ღვედი გაუწყდა. ხომ არ დააზიანებდა ეს ავტომობილის სხვა რომელიმე დეტალს და პრობლემის აღმოსაფხვრელად საკმარისი იქნება თუ არა მხოლოდ ახალი ღვედის შეძენა და შეცვლა?
პასუხი: თქვენ კითხვა არასწორად გაქვთ დასმული, რადგან ძრავას რამდენიმე ტიპის ღვედი აქვს და ყველა მათგანს თავისი კონკრეტული დანიშნულება გააჩნია. ზოგიერთი მათგანის გაწყვეტა ან დაზიანება ნაკლებ პრობლემას წარმოქმნის, ზოგიერთის კი ძალიან სერიოზულ პრობლემებამდე მიგიყვანთ. მაგალითისთვის, თუ გაწყდა ღვედი, რომელიც გენერატორსა და, ამავდროულად, წყლის პომპას აბრუნებს და მისი გაწყვეტა დროულად შევამჩნიეთ (ამას მიგვანიშნებდა ხელსაწყოების დაფაზე წითელი ნათურა, რომელსაც აკუმულატორის გამოსახულება აქვს. სწორედ ეს ნათურა აინთებოდა), მაშინ საპრობლემო არც არაფერია. ღვედის შეცვლით პრობლემა აღმოიფხვრება. იგივე შეიძლება ითქვას, თუკი თქვენი ავტომობილი საჭის ჰიდროგამაძლიერებლითაა აღჭურვილი და მისი ბრუნვაში მომყვანი ღვედი გაწყდება. ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ ეგრეთ წოდებული „ზუბჩატი რემენი“ ანუ ძრავის კბილებიანი ღვედი გაწყდა, მაშინ პრობლემა იმდენად სერიოზულია, რომ ჟურნალის მთელი ორი გვერდი დასჭირდება იმ დეტალების ჩამოთვლას, რაც ამ შემთხვევაში დაზიანდებოდა. რიგ ავტომობილებში, მაგალითისთვის, „ჰონდას” მოდელების თითქმის 95 პროცენტში, ამ ტიპის ღვედის გაწყვეტა თითქმის არაფერს დააზიანებს. უბრალოდ, მის შესაცვლელად უფრო მეტი დრო დაგჭირდებათ, ვიდრე გენერატორის ღვედის შეცვლას მოანდომებდით. ავტომობილის შეძენისას, ჩვენ ასეთ ნიუანსებს, რა თქმა უნდა, არ ვითვალისწინებთ და ყურადღებასაც კი არ ვაქცევთ მანამ, სანამ კონკრეტული პრობლემის წინაშე არ დავდგებით. კარგი იქნებოდა, თუ ამა თუ იმ მოდელის შეძენამდე ამ საქმის პროფესიონალებს მსგავს დეტალებზე ინფორმაციას გამოჰკითხავთ. აქვე გეტყვით, რომ ავტომობილის ეკონომიურობა, ანუ, რამდენად იაფი შესანახია ის, სწორედ ასეთი ნიუანსებიდან მომდინარეობს.
გვერდი მოამზადა
სალომე გველესიანმა