ვის აქვს შვიდგზის ზეთისცხების საიდუმლოში მონაწილეობის უფლება და უნდა მარხულობდეს თუ არა ადამიანი ამ დროს
„ზეთის კურთხევა არის საიდუმლო, რომელშიც სხეულის ნაწილთა ნაკურთხის ზეთით ცხების დროს მოიწვევის სნეულზე მადლი ღვთისა, განმკურნებელი სულიერ და ხორციელ უძლურებათა“. დიდმარხვის პერიოდში ყველა ეკლესიაში სრულდება შვიდგზის ზეთისცხება, რომლის შესახებ გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი (თევდორაშვილი).
– როგორც ეკლესიაში დადგენილი შვიდი საიდუმლო, ზეთისცხების საიდუმლოც სათავეს იღებს წმიდა წერილიდან, კერძოდ კი – იაკობ მოციქულის ეპისტოლედან. აი, რა წერია იაკობის ეპისტოლეს მეხუთე თავის, მე-14-15 მუხლებში: „თუ იყოს თქვენ შორის ვინმე ავად, მოუხმონ ეკლესიის ხუცესს, ილოცონ მასზე, სცხონ ზეთი უფლის სახელით და რწმენის ლოცვა იხსნის ავადმყოფს. უფალი წამოაყენებს მას და, თუ რამე ცოდვა ჩაუდენია, მიეტევება“. აქ საუბარია არა ეკლესიის გარეთ მყოფ, არამედ ეკლესიის შიგნით მყოფ ადამიანზე, რომელიც არის ეკლესიის წევრი, მართლმადიდებელი ქრისტიანი. როდესაც ადამიანი გახდება ცუდად, მისმა ახლობლებმა უნდა მოუხმონ ეკლესიის ხუცესს, ნებისმიერ მოძღვარს, რომელიც მასთან მიბრძანდება, წაუკითხავს ზეთისცხების ლოცვებს და ეს ადამიანი სარწმუნოებით განიკურნება. არა მხოლოდ ზეთისცხება, არამედ რწმენის ლოცვა გადაარჩენს ადამიანს. როგორც ვიცით, შვიდგზის ზეთისცხების საიდუმლო დიდმარხვაში აღესრულა, თუმცა, შეიძლება, ეს სხვა დროსაც აღსრულდეს. რადგან პრაქტიკაში ეს საიდუმლო იშვიათად აღესრულება, ამიტომ ეკლესიამ განაჩინა, რომ დიდმარხვაში, როდესაც ადამიანები არიან სინანულში, მარხულობენ, ეკლესიაში ერთიანი ლოცვით მიიღონ ზეთისცხებაში მონაწილეობა. იდეალური ვარიანტია, როდესაც შვიდი მოძღვარი სცხებს ზეთს, მაგრამ, შეიძლება, ეს საიდუმლო ერთმა სასულიერო პირმაც აღასრულოს. ჯერ კიდევ მეოთხე-მეხუთე საუკუნეებში, როდესაც ადამიანი იყო ავად, კვირეულის შვიდი დღის განმავლობაში შვიდი მოძღვარი მიდიოდა მასთან, უკითხავდა ლოცვებს, სცხებდა ზეთს. დღეს, შეიძლება, შვიდივე მოძღვარი ერთ დღეს შეიკრიბოს და სცხონ ღვინოში გარეული ზეთი.
– რატომ ურევენ ღვინოს ზეთში?
– ზეთი და ღვინო სნეულის განმკურნებელი მადლის სიმბოლოებია. როგორც ცნობილია, ძველად ორივე ნივთიერებას იყენებდნენ მედიცინაში – მიიჩნეოდა, რომ ღვინო ჭრილობებს დეზინფექციას უკეთებდა, ხოლო ზეთი ტკივილგამაყუჩებელი საშუალება იყო. ზეთის კურთხევის საიდუმლოში გამოყენებულია ჭურჭელში ჩაყრილი ხორბალი და ესეც თავისებური სიმბოლოა. ამ დროს, ჩვეულებისამებრ, შვიდი სანთელი ანთია, ხორბალი ახალი ცხოვრების სიმბოლიზებას ახდენს, თუმცა ამ სიმბოლოს აქვს ორმაგი სულიერი მნიშვნელობა, რაც იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ გაგრძელდება ადამიანის ცხოვრება. თუ ავადმყოფი გამოჯანმრთელდა ლოცვების შემდეგ, ხორბლის მარცვლები მისთვის ხელახლა გაღვივებული ცხოვრების სიმბოლო იქნება; თუ გარდაიცვლება, ეს მარცვლები მომავალი ახალი ცხოვრების წინდი ხდება მკვდრეთით აღდგომის ჟამს. ხშირად ქრისტიანები ამ საიდუმლოში რამდენჯერმე იღებენ მონაწილეობას: ჯერ ერთ ეკლესიაში იცხებენ ზეთს, მერე მეორე ეკლესიაში. ბუნებრივია, არავინ უკრძალავს მათ ამ საიდუმლოში მონაწილეობას, მაგრამ, ძველად, გამოცდილი მოძღვრები ზეთს ერთხელ სცხებდნენ, რადგან ღვთის ნება საკმარისია ერთხელ გამჟღავნდეს. თუ შენ ერთხელ იცხე ზეთი და არ განიკურნე, ესე იგი, ჯერჯერობით არ არის უფლისგან დაშვებული შენი განკურნება, ამიტომ, მეორედ და მესამედ ზეთისცხებაზე მისვლა ნიშნავს უფლის გამოცდას, ეჭვის შეტანას ღვთის განგებულებაში. ამიტომ, სასურველია, ერთხელ მივიღოთ ამ საიდუმლოში მონაწილეობა რწმენით, მარხვითა და ლოცვით და არა ურწმუნოებით ან მცირედმორწმუნეობით, სინანულის გარეშე. პრაქტიკაში ცნობილია, რომ ტაძართან, რომელიც გზასთან ახლოს მდებარეობს, ჩერდება სამარშრუტო ტაქსი ან ავტობუსი, ჩამოდის ხალხი, რომელსაც არ უმარხულია, არ ულოცია, არ ჰყავს მოძღვარი, მაგრამ, ხედავენ ტაძარში ხალხმრავლობას და იგებენ, რომ იქ „რაღაც“ ზეთისცხება ხდება, რომელიც კარგია ადამიანის სულის განსაკურნებლად, მიდიან და ყოველგვარი კურთხევის გარეშე იცხებენ ზეთს. რა თქმა უნდა, ეკლესია ამ შემთხვევაშიც არ გვეუბნება უარს, მაგრამ, უნდა ვიცოდეთ, რომ ამ გაუცნობიერებელმა ზეთისცხებამ, შეიძლება, ცუდი შედეგი გამოიწვიოს. ბევრი ქრისტიანი დიდ საიდუმლოებებში მაგიურად, გაუცნობიერებლად, ლოცვის გარეშე იღებს მონაწილეობას, რაც, შეიძლება, მისთვის სავალალო აღმოჩნდეს. ყველას არ ვურჩევთ ამ საიდუმლოში მონაწილეობის მიღებას. ვინც მარხულობენ, აღსარებას ამბობენ და ეზიარებიან, მათ უნდა მიიღონ ზეთისცხების საიდუმლოში მონაწილეობა, რადგან, როგორც ევქარისტიული კანონი, დამოკიდებულია სინანულის საიდუმლოზე, აღსარებაზე, ზეთისცხების საიდუმლოში მონაწილეობის უფლება აქვს იმ ადამიანს, რომელიც მარხულობს და გააჩნია სინანული. დღეს ასეთი შეხედულება, სწავლება არსებობს, რომ, თითქოს, ადამიანს დავიწყებული ცოდვები ამ დროს ეპატიება. ეს არ არის ეკლესიური სწავლება, ეს ხალხური გადმოცემაა. როგორ შეიძლება, ადამიანს რაღაც დაავიწყდეს და ის ეპატიოს?! თუ ადამიანმა გააზრებულად არ აღიარა თავისი ცოდვები, მას შენდობა არ ექნება. ამიტომ, მინდა, ყველას ვუთხრა: როდესაც ისინი ამა თუ იმ საიდუმლოში იღებენ მონაწილეობას, მოემზადონ სათანადოდ, ჰყავდეთ მოძღვარი, თქვან აღსარება და შემდეგ მიიღონ ლოცვა-კურთხევა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საიდუმლო ერთმანეთისგან გამომდინარეობს, რადგან, თუ ნათელღებული არ ხარ, მაშინ სინანულში ვერ იქნები, თუ სინანულში არ ხარ, ზიარებას ვერ მიიღებ, თუ სინანული და ზიარება არ გაქვს მიღებული, მაშინ, ბუნებრივია, ვერც ზეთისცხების საიდუმლოში მიიღებ მონაწილეობას და, რაც მთავარია, ადამიანს ცხონებაზე პრეტენზია ვეღარ ექნება. ყველა ეს საიდუმლო დადგენილია ცხონებისთვის, განახლებისთვის, უფალთან ჩვენი შეერთებისთვის. როგორც წმიდა ნიკოლოზ კაბასილა ბრძანებს: „ჩვენ ყველა საიდუმლოში მონაწილეობით ვერთიანდებით ქრისტესთან“. ანუ, ჩვენ ვართ ქრისტიანები და ამ საიდუმლოებებში მონაწილეობით ვხდებით ქრისტესთან, წმიდა სამებასთან უფრო ახლობლები. ყველაზე დიდი ხატი, ტაძარი – ეს არის ადამიანი, რომელიც უფალმა შექმნა ხატებისაებრ და მსგავსებისაებრ თვისისა. აქედან გამომდინარე, ჩვენ ყველა ის დადგენილება, ყველა ის საიდუმლო, წმიდა მამების გადმოცემული ყველა საეკლესიო სწავლება, უნდა მივიღოთ სიყვარულით, თავმდაბლობით, გონიერებით, გააზრებულად. ადამიანი ვერ ცხონდება, თუ განსაკუთრებულად ამ სამ საიდუმლოში: ნათლისღებაში, აღსარებაში, ევქარისტიაში არ მიიღებს მონაწილეობას.
– შვიდგზის ზეთისცხების დროს, სახარებიდან სხვადასხვა ადგილი იკითხება. თუმცა, ხშირად ადამიანები პირდაპირ ზეთისცხების დროს მოდიან და სახარებას არ ისმენენ.
– სასურველია, მოვისმინოთ ყველა წარმოთქმული ლოცვა, რადგან ესენი შემთხვევით არ არის დადგენილი. წარმოიდგინეთ, შვიდი ადგილი იკითხება სახარებიდან, შვიდი საქმე წმიდათა მოციქულთა, ესენი ამოკრებილია წმიდა მამების მიერ და ეხება განკურნებას, სულის სიძლიერეს. ყველა წაკითხული სახარების შემდეგ არის ჩამოლოცვა, სადაც მღვდელი ევედრება იმ დღის წმიდანებსა და ყველა უვერცხლო მკურნალს. და თუ შენ ამ ყველაფერში არ მიგიღია მონაწილეობა, მარტო მაგიურად ზეთისცხება არ არის საკმარისი. თუმცა, თუ ადამიანს აქვს დიდი რწმენა, შეიძლება, ასეც განიკურნოს, მაგრამ, მე ვგულისხმობ იმას, რომ მაშინ მოძღვრებს ტყუილად ულოციათ და ტყუილად მიუღიათ ამ ლოცვებში მონაწილეობა. ამიტომ, სასურველია, ადამიანმა თავიდან ბოლომდე მოისმინოს ეს ლოცვები, სახარება, რამეთუ ადამიანი იკურნება და იწმიდება ღვთის სიტყვის მოსმენითა და წაკითხვით. ადამიანს რწმენის ლოცვა გადაარჩენს და არა ზეთისცხებაო, ასე რომ, დიდი მნიშვნელობა აქვს ლოცვების წაკითხვას და ამ დროს უხილავად მოქმედებს ღვთის მადლი.
– ამ დროს მოძღვრები სხვადასხვა ადგილას სცხებენ ადამიანებს ზეთს?
– ზუსტად დადგენილი ადგილები არ აქვს ეკლესიას, მაგრამ, სასურველია, შუბლზე, სმენის, მხედველობის ორგანოებზე, ხელებზე, ფეხებზე და მტკივნეულ ადგილებზე ეცხოს ზეთი. თუ ვინმეს რამე აწუხებს, მოძღვარი დამატებით სცხებს იმ ადგილზეც – ამას თავად მოძღვრები დაადგენენ და ჩვენ არ უნდა მოვთხოვოთ მათ ზედმეტი მოქმედება. ასევე, არ აქვს მნიშვნელობა, ჩვენი სახე, სხეული, რაც შეიძლება ბევრი ზეთით იყოს გაპოხილი – ეს არ არის სწორი, მთავარი რწმენაა და არა ის, თუ რა რაოდენობის ზეთს გვცხებს მოძღვარი.