მოძღვარი გვირჩევს
კითხვა: შინაგანად ვგრძნობ, რომ ბერი უნდა ვიყო. მირჩიეთ, როგორ მოვიქცე, რომ ამ გზას დავადგე?
პასუხი: თუ ადამიანმა ამ გზაზე შედგომა გადაწყვიტა, მან რამდენიმე საფეხური უნდა გაიაროს. უპირველესად, ის უნდა ჩაუღრმავდეს საკუთარ თავს და შეიცნოს ის, ეს კი არცთუ ხანმოკლე პერიოდია. ამ საფეხურის გავლისას გაიგებთ, გაქვთ თუ არა მოწოდება ბერობისკენ, ლოცვისკენ, განმარტოებისკენ; მეორე, რაც აუცილებელია – უნდა შეეთვისოთ ეკლესიურ ცხოვრებას, მის წესრიგს, საზრისს; მესამე – უნდა შეიმეცნოთ ქრისტიანული ასკეტიზმი, გაერკვეთ, რა არის ეს და გამოსცადოთ თავი ამ თვალსაზრისით (მარხვა, სინანული, მორჩილება, მღვიძარება). მხოლოდ ამ გამოცდების შემდეგ შეგიძლიათ, განსაზღვროთ, შედგეთ თუ არა ბერმონაზვნობის გზაზე.
კითხვა: რატომ ვუწოდებთ მღვდელს „მამას”? მაცხოვარმა ხომ ბრძანა: „ერთი არს მამაი თქუენი, რომელ არს ცათა შინა” (მათე 23.9)?
პასუხი: თუ ამას პირდაპირი მნიშვნელობით გავიგებთ, მაშინ, თვით ხორციელ მამასაც ვერ ვუწოდებთ ამ სახელს, თუკი ამგვარად მხოლოდ უფალი უნდა მოვიხსენიოთ. სასულიერო პირისადმი მსგავსი მიმართვა უძველესი ქრისტიანული ტრადიციაა. მოძღვარი ჩვენი სულიერი მამა და შუამავალია ღმერთთან.
კითხვა: რას ნიშნავს ნათლობის დროს „შთაფვლა”?
პასუხი: შთაფვლა ნათლობის უმნიშვნელოვანესი ელემენტია. მოსანათლავი ადამიანის შთაფვლა ნიშნავს მის სიკვდილს ხორციელი, ცოდვიანი ცხოვრებისთვის და მარადიული, სულიერი ცხოვრებისთვის დაბადებას. შთაფვლის მაგივრად ნათლობის დროს დასაშვებია მონათვლა სხურებითაც, რაც სიმბოლურად ადამიანისგან ცოდვების დახსნას მიგვანიშნებს. სხურებით ნათლობაც წმიდა ნათლისღების ერთ-ერთი უძველესი წესია.
კითხვა: ხომ არ შევცოდავთ, თუკი მშენებარე ეკლესიისთვის მასალას მივყიდით და არ შევწირავთ? ძალიან გთხოვთ გვიპასუხეოთ, რადგან ამას ძალიან განვიცდით.
პასუხი: შეგიძლიათ მშვიდად იყოთ, ასეთი საქციელი ცოდვა არ არის, რადგან ამას ანგარებით არ აკეთებთ და თანაც ჩანს, რომ ძალიან განიცდით მშენებლობისთვის ტაძრის მასალაში ფულს რომ გიხდიან. როგორც ჩანს, ამას გაჭირვების გამო აკეთებთ. ისე მოიქეცით, როგორც თქვენი ოჯახის მატერიალური მდგომარეობისთვის იქნება საჭირო.