მამათა შეგონებანი
მარკოზ განშორებული: სამი ვნება აბნელებს გონებას: ვერცხლმოყვარეობა, პატივმოყვარეობა და გემოთმოყვარეობა.
იოანე ოქროპირი: საკუთარი ენა ღვთის სადიდებლად მივმართოთ. ყოველდღიურად გავარჩიოთ ჩვენი ცხოვრება, სხვისი ცხოვრების განსჯა კი მივანდოთ მას, ვინც ზუსტად უწყის დაფარული.
პაისი მთაწმინდელი: ამჟამად ღმერთი დიდ განსაცდელებს უშვებს. უმძიმესი დრო მოდის. ჩვენ დიდი გამოცდა გველის. მოდი, ყველაფერს ამას სერიოზულად მოვეკიდოთ და სულიერად ვიცხოვროთ. მდგომარეობა გვაიძულებდა და გვაიძულებს, სულიერად ვიშრომოთ. ერთი მხრივ, ამ სულიერ შრომას ფასი ექნება, თუკი ჩვენ სიხარულით, საკუთარი ნებით ვიშრომებთ და არა იმიტომ, რომ გვაიძულებენ. ბევრი წმიდანი ითხოვდა, რომ ეცხოვრა ჩვენს ეპოქაში, რათა ეს ღვაწლი აღესრულებინა.
არქიმანდრიტი რაფაელი: სამი რამ არის ადამიანისთვის უცნობი: როდის მოკვდება, სად და, რა ბედი ეწევა სიკვდილის შემდგომ. ამიტომ ადამიანი სიკვდილს ყოველთვის უნდა მოელოდეს და მუდამ ახსოვდეს, რომ დღევანდელი დღე, შესაძლოა, მისი ბოლო დღე აღმოჩნდეს. ამიტომაც, სწორედ დღევანდელი დღეა ხნისა. უფალი ცოდვილს შეჰპირდა, რომ მიუტევებდა, თუ ის მთელი გულით შეინანებდა, მაგრამ მას სინანულისთვის ზუსტად განსაზღვრული დრო არ აღუთქვამს, რამეთუ ადამიანური სულის მზაკვრობას უწყიდა.
ეპიფანე თეოდოროპულოსი: კარგი იქნებოდა, ეკლესიაში ყოფილიყვნენ ნიჭიერი და ჭკვიანი ადამიანები, მაგრამ, არა იმიტომ, რომ ეკლესიას ისინი სჭირდება – მას არავინ სჭირდება. ჩვენთვის არის აუცილებელი ეკლესია, რადგან უიმისოდ ვერ გადავრჩებით. თუ რაღაცის ნიჭი გვაქვს, ცხადია, რომ ის ღვთის განდიდებას უნდა მოვახმაროთ, მაგრამ ჩვენს წვლილზე გადაჭარბებული წარმოდგენა ნუ გვექნება. ჩვენ „მონანი ვართ უხმარნი” (ლუკა 17.10).
ტიხონ çზადონელი: პატარა გველია ენა, მაგრამ უდიდეს და მრავალ უბედურებას სჩადის. ორმაგი გალავნითაა შემოზღუდული, ანუ, კბილებითა და ტუჩებით, მაგრამ საკმაოდ მოხერხებულად გამორბის გარეთ.
იოანე სინელი: არიან ეშმაკები, რომლებიც წმიდა წერილის განმარტებას გვასწავლიან; ამას უმეტესად მზვაობართა გულებში იქმან და უფრო კი – ფილოსოფიით განსწავლულებში. პირველად სიმართლეს ასწავლიან, რათა თანდათან აცდუნონ და წვალებასა და გმობაში ჩააგდონ.
ეფრემ ასური: ამპარტავნების აზრი მანამდე დაამდაბლე, ვიდრე სიამაყე (ვნებაში გადაზრდილი) დაგამდაბლებდეს. გაანადგურე იგი მანამდე, ვიდრე თვითონ გაგანადგურებდეს. დათრგუნე ხორცი მანამდე, ვიდრე ვნება დაგთრგუნავდეს.
სქემ-იღუმენი იოანე: ვნებათა მოთხოვნებს ვერასოდეს დააკმაყოფილებ – რაც უფრო მეტ საზრდელს აძლევ მათ, მით მეტს მოგვთხოვენ. წმიდა მოციქული პავლე ამბობს: „უკუანასა მას დავივიწყებ და წინასა მას მივსწუდები” (ფლპ. 3,13).
სერაფიმ საროველი: რომ იცოდე, როგორი სიტკბო ელის მართალ სულს ზეცაში, მაშინ გადაწყვეტდი, რომ დროებით ცხოვრებაში მწუხარებანი, დევნა და ცილისწამება მადლობით მოგეთმინა. თვით ეს ჩვენი სენაკი მატლებით სავსე რომ ყოფილიყო და ამ მატლებს მთელი ჩვენი დროებითი ცხოვრების განმავლობაში ჩვენი სხეული ეჭამათ, მაინც მთელი სურვილით უნდა დავთანხმებოდით ამას, რათა არ დაგვეკარგა ის ზეციური სიხარული, რომელიც ღმერთმა მის მოყვარულებს განუმზადა.