კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გახდა ჟუჟუნა ნიჟარაძე მოხუცების კოლექციონერი

მწერალი, ჟურნალისტი და საქართველოს დამსახურებული მასწავლებელი ჟუჟუნა ნიჟარაძე-მაჭავარიანი უკვე ორმოცდაათ წელზე მეტია, რაც კოლექციას აგროვებს, რომელშიც სამასი მოხუცის ფიგურაა თავმოყრილი. მათგან ზოგი ცნობილი სახეა, ზოგიც – არა. ჩვენი რესპონდენტი გვიამბობს, როდის დაიდო ბინა მის კოლექციაში პირველმა მოხუცმა და გაიხსენებს იმ დღეებს, როდესაც ამ კოლექციას კონკრეტული ნიმუშები ემატებოდა.

ჟუჟუნა ნიჟარაძე: 50 წლის წინ შევუდექი ამ კოლექციის შეგროვებას, თუმცა, პირველი მოხუცი უფრო ადრე მაჩუქა ჩემმა დამ, სკოლის დამთავრებასთან დაკავშირებით. ეს ცნობილი პოპოვის ქარხნის წარმოების ნაკეთობა იყო, რომელიც დღესაც დაცულია ამ კოლექციაში.

– ვინმესთან ნახეთ მსგავსი კოლექცია თუ რატომ მოინდომეთ მაინცდამაინც მოხუცების ფიგურების შეგროვება?

– ბავშვობაში, მახსოვს, ბებიაჩემის ოჯახში იყო ერთი ფიგურა, რომელიც ძალიან მომწონდა, პაპაჩემს ჩამოუტანია იტალიიდან მეცხრამეტე საუკუნეში. ის ამჟამად ჩემი კოლექციის ყველაზე ძველი ნიმუშია. ჩემი დიდედა კარგად მღეროდა. ბევრი ხელოვანი იყრიდა ხოლმე ჩვენს ოჯახში თავს: გურამ საღარაძე, მედეა ჯაფარიძე, ეროსი მანჯგალაძე, დოდო აბაშიძე... იშლებოდა სუფრა, იმართებოდა ლოტოს თამაში. ნამდვილი ქალაქური ცხოვრებით ცხოვრობდნენ. დიდედას სახლი საჯარო ბიბლიოთეკის წინ მდებარეობდა. ამ წვეულებებს არასდროს აკლდებოდა ბიძაჩემი – ლევან ყარანგოზიშვილი. ის არაჩვეულებრივად უკრავდა ფორტეპიანოზე. თავდაპირველად, როდესაც მუნჯური კინო შემოვიდა, ბიძაჩემის აკომპანემენტის ქვეშ მიმდინარეობდა ხოლმე ჩვენებები. ბიძია ლევანი გახლავთ ავტორი სიმღერისა – „სირაჯხანა სირაების ბუდეა”. ეს დიდედასეული ფიგურა მის ოჯახში გატარებულ ბავშვობის დღეებს მახსენებს. ნახეთ, როგორი კეთილი სახე აქვს! ჰოდა, ამ სიკეთით გაგრძელდა შემდგომში ჩემი ცხოვრებაც, რომელსაც თან ახლდა მოგზაურობებიც.

პირველი ქვეყანა, რომელსაც ვესტუმრე, იყო ჩინეთი. ყველაზე საგრძნობლად ჩემი კოლექცია მაშინ შეივსო. ჩემი მეუღლე, ცნობილი ტრავმატოლოგი და ორთოპედი მერაბ მაჭავარიანი, მუშაობდა ჩინეთში, სადაც საჩვენებელ ოპერაციებს აკეთებდა. როდესაც იქიდან, ჩამოვედით, სუფრა გავშალე და ოჯახის მეგობრები მოვიწვიე. ამ სადილზე ვუთხარი ყველას, იცით, მე მოხუცი კაცების ფიგურების კოლექციის შეგროვება დავიწყე-მეთქი. რატომ მოხუცი კაცებისო? – მკითხეს ერთხმად. მერაბმა რომ არ იეჭვიანოს-მეთქი, ვუპასუხე. ამ პასუხმა ყველა გაგვამხიარულა.

ძალიან კარგად მახსენდება, როდესაც მე და მერაბი ვიეტნამში ვიყავით დასასვენებლად, ხონგაის სანაპიროზე. ძალიან ფეშენებელურ, პრინცის სასახლეში ვისვენებდით, ჩვენ გარშემო სულ ელჩები ისვენებდნენ. მათ ძალიან შევუყვარდით. ჩვენ მათთვის საღამოობით „სულიკოს” ვასრულებდით ხოლმე.

მახსოვს, ჩინეთიდან დაბრუნებიდან რამდენიმე წლის შემდეგ, მოსკოვში მოვხვდი და გადავწყვიტე, რამდენიმე ფიგურა შემემატებინა ჩემი მოხუცებისთვის. უზარმაზარ რიგში დავდექი. როდესაც რიგმა მიწია, ისე მოხდა, რომ მე ვყიდულობდი ჩემს შემდეგ მდგომს კი აღარ ხვდებოდა. იმ ქალბატონმა მთხოვა, დამითმეო.

– რა უპასუხეთ?

– იცით რა, მე კოლექციონერი ვარ-მეთქი. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც სიტყვა „კოლექციონერი” ვახსენე, თავის დასაცავად. შემდეგ გაირკვა, რომ ქალბატონი, რომელსაც რიგი არ დავუთმე, გადამყიდველი ყოფილა.

– დღეს რამდენი ფიგურაა ამ კოლექციაში?

– დღეს 300 მოხუცი ცხოვრობს ჩემს კოლექციაში. ეს ოსტატის ფიგურა, რომელიც ნაპოლეონს თავს ჰკვეთს, ამერიკიდან ჩამოვიტანე; ეს მოხუცი მწიგნობარი კი, ჩემი წიგნის პრეზენტაციაზე მაჩუქა ჩემმა რძალმა; ეს დე გოლის ფიგურა საფრანგეთში მაჩუქეს, ეს ქოლგიანი მამაკაცი – იაპონიიდან გამომიგზავნეს, დანარჩენები – ინდოეთიდან, უნგრეთიდან, ფინეთიდან.

– მოკლედ, მსოფლიოს თითქმის ყველა კუთხიდანაა თავმოყრილი ფიგურები ამ კოლექციაში.

– ოთხ კონტინენტზე მაქვს ფეხი დადგმული, მხოლოდ ავსტრალიაში არ ვყოფილვარ.

– ალბათ, უადგილო არ იქნება, გკითხოთ, რომელ ქვეყანაში იცხოვრებდით?

– ავსტრიაში.

– რატომ ავსტრიაში?

– ჩემი აზრით, ავსტრია ძალიან მშვიდი ქვეყანაა. შემოვლილი მაქვს კურილიის კუნძულები, ლვოვი, კიევი... იმათი სისწრაფე და ცხოვრების რეჟიმი ჩემზე ცუდად მოქმედებს, აი, ავსტრიაში კი კარგად ვგრძნობ თავს.

– რომელი ფიგურა შეემატა ამ კოლექციას სულ ბოლოს?

– აი, ეს ამერიკის პრეზიდენტების ფიგურები, რომელიც ჩემმა რძალმა მაჩუქა სულ ახლახან.

– გაჩუქება შეგიძლიათ?

– თუ გაჩუქებას ვაპირებ, მაშინ ორ ერთნაირ ფიგურას ვყიდულობ. სხვა შემთხვევაში – არა, როგორ შეიძლება, კოლექციას რამე მოაკლო?!

მინდა გითხრათ, რომ ეს კოლექცია მომავალში ჩემი შვილიშვილის – ერეკლესი იქნება.

– რას ნიშნავს თქვენთვის ეს კოლექცია?

– სიყვარულს მოხუცებისადმი, საერთოდ სიყვარულს... ეს მოხუცები მე ყოველდღე მლოცავენ.


скачать dle 11.3