ინტიმური საუბრები
ჩემი საქმრო არაკაცი აღმოჩნდა
მყავდა საქმრო, რომელიც ძალიან მიყვარდა და ყველაფერში ვენდობოდი. ნიშნობაც გვქონდა და ქორწილიც დავგეგმეთ – ივნისის პირველ შაბათს უნდა მოგვეწერა ხელი, დაგვეწერა ჯვარი და ქორწილის მეორე დღეს სამოგზაუროდ წავსულიყავით.
ნიშნობის შემდეგ, ჩემმა ბებიამ, უფრო სწორად, ბებიის გაუთხოვარმა დამ, საქორწილო საჩუქრად თავისი ოროთახიანი ბინა გადმომიფორმა და მთელი თავისი დანაზოგი – 10 ათასი დოლარი ჩემს სახელზე დადო ერთ-ერთ ბანკში: ნია ჩემი გაზრდილია, მაგან უნდა მომიაროს და, რაც გამაჩნია, ყველაფერი მისთვის მინდაო. ასეთი რამ ვის სწყინს და მეც ძალიან გამიხარდა. რა თქმა უნდა, მეორე დღესვე ვახარე ბაჩოს. როცა ყველაფერი მოვუყევი, რაღაც უცნაური რეაქცია ჰქონდა, რისთვისაც სიმართლე გითხრათ, მაშინ ყურადღება არ მიმიქცევია. როცა ყველაფერი მოხდა, მერე აღვიდგინე მისი სახის გამომეტყველება და შემდგომი საქციელი. სიტყვებით ძნელია, გადმოვცე, მაგრამ, შევეცდები, მიგახვედროთ: ჯერ, თითქოს არაფრად ჩააგდო, ისე, სხვათა შორის მითხრა – კარგია, ახლა მდიდარი ქალი ხარო, მაგრამ თვალები უცნაურად გაუბრწყინდა – თითქოს სიხარბეც გაკრთა მის გამოხედვაში და, კიდევ, რაღაცნაირი დადარაჯება, თუ შორს მიმავალი გეგმების დაწყობის მცდელობა. ერთი სიტყვით, რაღაც მაშინვე არ მესიამოვნა, მაგრამ, კერძოდ, რა – იმ მომენტში, ამაზე არც კი დავფიქრებულვარ.
ამ ამბის შემდეგ, ჩვენი რამდენიმე შეხვედრა ჩვეულებრივად წარიმართა, მერე კი ბაჩო მირეკავდა ხოლმე და მეუბნებოდა, რაღაც სერიოზული პრობლემები მაქვს, ვერ შეგხვდები და არ გეწყინოსო. თუ მოვიდოდა, ისე ჩამოსტიროდა ცხვირ-პირი, ელემენტარულ საუბარსაც ვერ ვაბამდი მასთან. სულ ოხრავდა, კვნესოდა, საათზე იყურებოდა, ვიღაცეებს ურეკავდა, ვიღაცეები ურეკავდნენ და ჩემთვის გაუგებარ ფრაზებს ეუბნებოდა. მერე უცებ მომიბოდიშებდა, წამოხტებოდა და სადღაც გავარდებოდა.
ერთი-ორჯერ ვკითხე, რა გემართება, მითხარი, იქნებ შემიძლია, დაგეხმარო-მეთქი, მაგრამ, მითხრა, ის, რაც დამემართა, ჩემი ბრალია და თვითონ უნდა მოვაგვარო, შენ ამ საქმეში არ ჩაგრევო. მაგრამ ბაჩო ისე იყო შეცვლილი, შემეშინდა, რამე უბედურებაში ხომ არ გაეხვია-მეთქი და ერთ დღესაც, კატეგორიულად მოვთხოვე, ყველაფერი ეთქვა – თუ შენს დარდსა და პრობლემას არ გამიმხელ, ეს იმას ნიშნავს, თუ რამე გამიჭირდა, მეც ვერაფერი გითხრა და ასეთი ურთიერთობით რა ოჯახი უნდა გვქონდეს-მეთქი. მოკლედ, ძლივს დავითანხმე, ეთქვა, რა აწუხებდა და დიდი ორჭოფობის, ოხვრისა და კვნესის შემდეგ მითხრა, ძალიან დიდ ვალში გადავვარდი და ერთ კვირაში თუ არ მივიტანე, ან მომკლავენ, ან ციხეში გამიშვებენო. სად და რატომ დაედო ვალი, ეს კი აღარ მითხრა – ჯობია, არ იცოდე, რა იცი, რა ხდებაო. რამდენი გაქვს მისატანი-მეთქი, რომ ვკითხე, კარგა ხნის პაუზის შემდეგ ძლივს ამოღერღა – 9 ათასი დოლარი უნდა მივიტანო, მაგრამ, ათასის მეტი ვერ ვიშოვე. მამაჩემსაც არა აქვს, თორემ, რამენაირად გამოვართმევდი. არადა, თუ ეს ვალი არ დავაბრუნე, ჩვენი ქორწილიც ჩაიშლებაო. ამ ყველაფერს ისეთი ტანჯული სახით მეუბნებოდა, ერთი წუთითაც არ შემპარვია ეჭვი. გული დამეთუთქა მისი საცოდაობით და, არც კი დავფიქრებულვარ, ისე ვუთხარი, მერე, ამდენ ხანს რას იწამებდი თავს, რატომ მაშინვე არ მითხარი. მე ხომ მაქვს ბებიას ნაჩუქარი ფული და, თუ გინდა, დღესვე გამოვიტან-მეთქი. ისე იუარა, ერთი საათი იქით მახვეწნინა. ბოლოს, როგორც იქნა, დავითანხმე. ფული რომ გადავეცი, მთხოვა, შენს მშობლებსაც არ უთხრა, არ მინდა, რამე ცუდი იფიქრონ. ერთად დაბრუნებას ვერ შევძლებ, მაგრამ, ნელ-ნელა შევავსებ ამ თანხას და ვერც ვერავინ ვერაფერს გაიგებს, ისე დამთავრდება ყველაფერიო. მე ბებოსი და მშობლების მერიდებოდა, თორემ, საერთოდაც არ დავთანხმდებოდი ფულის უკან დაბრუნებაზე. მოკლედ, შევთანხმდით, რომ ეს ჩვენი პირადი საიდუმლო იქნებოდა. ასეთმა პირობამ ამ სიტუაციას რაღაცნაირი რომანტიკული ელფერი შესძინა და მე სულელს გულში მიხაროდა კიდეც, რომ ჩემი საქმრო სიკვდილისგან თუ ციხისგან ვიხსენი.
ამ ამბებიდან ერთი თვის განმავლობაში, ბაჩო თითქმის ყოველდღე მოდიოდა ჩვენთან და მერე სადმე ერთად მივდიოდით. აღარ იცოდა, რით ეცა პატივი, ლამის ხელისგულზე მატარებდა. ერთი თვის შემდეგ კი, მოულოდნელად, მთელი კვირა აღარ გამოჩენილა – არც დაურეკავს, არც მოსულა. მე რომ ვურეკავდი, მობილური გამორთული ჰქონდა. სახლის ტელეფონზე კი მპასუხობდნენ, სხვაგან მოხვდითო. შიშისა და ნერვიულობისგან ლამის ჭკუიდან შევიშალე. მისი მხოლოდ ერთი ძმაკაცის ტელეფონის ნომერი მქონდა და, რომ დავურეკე, მითხრა, კვირაზე მეტია, არავისთან გამოჩენილა, ჩვენც გაოცებულები ვართო. ძალიან ვთხოვე, მის მოძებნაში მომხმარებოდა, მაგრამ, მითხრა, ვერსად მივაგენი, ალბათ, თვითონ გამოჩნდება. ნუ გეშინია, რამე რომ შემთხვეოდა, მაშინვე გავიგებდითო. კიდევ ერთი კვირა რომ გავიდა, სახლში მივაკითხე, მაგრამ კარი არავინ გამიღო. მეზობელმა კი მითხრა, კვირაზე მეტია, სახლში არ არიან, მაგრამ, სად წავიდნენ, არ ვიციო. ოფიციალურ ძებნაზე მაინც თავს ვიკავებდი, ჩემი მშობლებიც ძალიან ნერვიულობდნენ. მხოლოდ ერთხელ თქვა მამაჩემმა, ნეტავ, რამე შარში ხომ არ არის გახვეული და ვინმეს ხომ არ ემალებაო. მხოლოდ მაშინ გამახსენდა ბაჩოს სიტყვები თავის პრობლემებზე, ჩემი მიცემული ფული და უცებ დამცხა – მივხვდი, რომ საქმრომ მწარედ მომატყუა. ფული ამცინცლა და გაიპარა. მაგრამ, თურმე კაცის უნამუსობას საზღვარი არ ჰქონია. სამთვიანი ნერვიულობის შემდეგ, ვაჟბატონი ქალაქში ნახეს, მაგრამ მე მაინც არ შემხმიანებია. უფრო მოგვიანებით კი, ყველაფერი გაირკვა: აღმოჩნდა, რომ ჩემს მზრუნველ და მოსიყვარულე სატრფოს ჩემს გაცნობამდეც და ჩემთან შეხვედრების პერიოდშიც, ჰყოლია თავისზე უფროსი, ორშვილიანი საყვარელი, რომლის ცოლად მოყვანის უფლებაც მისთვის მშობლებს არ მიუციათ, მაგრამ მაინც არ მიუტოვებია. მე კი დედ-მამის თვალის ასახვევად მირთავდა. თუმცა, ეს ყველაფერი არ არის. როგორც გაირკვა, ის ქალი რაღაც აფერისტობაში გამოუჭერიათ და მისგან მოტყუებულს რომ არ ეჩივლა, 6 ათასი დოლარის გადახდა უწევდა. ეს ამბავი ბაჩოსთვის უთქვამს და დახმარება უთხოვია. ამ ნაძირალამ კი ათასი ტყუილი დამიხლართა და 8 ათასი გამომტყუა – იმ ქუჩის ქალს ვალიც გაუსტუმრა და დარჩენილი ორი ათასით თურქეთში თუ საბერძნეთში წაბრძანებულან სასეირნოდ.
რა თქმა უნდა, იძულებული გავხდი, ოჯახში მეთქვა, ჩემი უჭკუობით რაც ჩავიდინე. მეგონა, სახლიდან გამაგდებდნენ, მაგრამ, ისე ვიყავი დარდისგან შეშლილი, ჩემი მშობლები აქეთ მაწყნარებდნენ. ერთადერთი, ის მთხოვეს, ბებიას ნუ ეტყვიო.
მამაჩემი ისეა გამწარებული, იმუქრება, უკანასკნელ კაპიკამდე მოვატანინებ და თან, მაგრადაც ვცემო. დედაჩემი კი ბაჩოს მშობლებთან მივიდა და ყველაფერი უამბო. საწყალ მამამისს ლამის ინფარქტმა დაარტყა, დედას კი, როგორც გაირკვა, ყველაფერი სცოდნია, მაგრამ სირცხვილით თუ შიშით, ხმას ვერ იღებდა.
ბოლოს, როგორც იქნა, გამოიჭირა მამაჩემმა ის ვაჟბატონი და ვადა დაუთქვა: თუ ამ დღეს მთლიანად არ დამიბრუნებ ფულს, ყოველ გადაცილებულ დღეზე თანხა გაგიორმაგდება და მამაშენის ბინის გაყიდვაც აღარ გიშველისო. ჩემმა ყოფილმა საქმრომ კაცური სიტყვა მისცა (სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს, სად ის და სად – კაცი), დათქმულ დღეს არ გადავაცილებო, მაგრამ, ძალიან ეჭვი მეპარება, სიტყვა შეასრულოს. რატომღაც, ეჭვი მაქვს, რომ კარგა ხნით გადაიკარგება თბილისიდან.
ნია, 23 წლის.
დედაჩემს კინაღამ ბედნიერება დავაკარგინე
ჩემი მშობლები დიდი ხანია, გაყრილები არიან. მამას მეორე ოჯახი აქვს და ორი შვილი ჰყავს. ისეა დაკავებული თავისი პრობლემებით, წელიწადში ორ-სამჯერ თუ გავახსენდები, ისიც მხოლოდ დარეკვისა და მოკითხვის დონეზე. დედამ მთელი თავისი ახალგაზრდობა ჩემს აღზრდას შესწირა. არც ახლაა ხნიერი – ჯერ ორმოცისაც არ არის, მე კი უკვე 21 წლის ვარ და ჩემი ცხოვრება მაქვს. დედა ლამაზი ქალია და ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავდა, მაგრამ ჩემ გამო არც გათხოვდა და არც მეგობარი ჰყოლია. ამ სიტუაციას ისე შევეჩვიე, ვერც კი წარმომედგინა, რომ შეიძლებოდა, დედასაც ჰქონოდა პირადი ინტრესები, პირადი ცხოვრების აწყობის, ქალური ბედნიერების პოვნის სურვილი. ალბათ, სწორედ ამიტომ, ძალიან განვიცადე, როცა გავიგე, რომ დედაჩემი ერთ საკმაოდ სოლიდურ და წარმოსადეგ კაცს მოსწონდა და მისი ცოლად შერთვა უნდოდა. მივხვდი, რომ დედაც არ იყო გულგრილი, მაგრამ, ჩემი ერიდებოდა და ცდილობდა, ის კაცი თავიდან მოეშორებინა. მე ვერ წარმომედინა, დედაჩემი ვიღაც უცხო კაცის ცოლი როგორ უნდა გამხდარიყო, თან, იმისიც მეშინოდა, ვაითუ ჩემ მიმართ გული გაუცივდეს-მეთქი. ამიტომ, ამას ძალიან განვიცდიდი და ის კაცი უნახავად მძულდა. ეს საქმე რომ ჩამეშალა, ჩემი მოკლე ჭკუით, ხერხს მივმართე – მამაჩემს დავურეკე და ვუთხარი, დედა გათხოვებას აპირებს და შენ ამის უფლება არ უნდა მისცე-მეთქი. მამას გაეცინა და მითხრა, ის ზრდასრული ქალია და თავის პირად ცხოვრებას როგორც უნდა, ისე მოიწყობსო. ამ სიტყვებმა სასოწარკვეთილებაში ჩამაგდო და გადავწყვიტე, თვითონ გავმკლავებოდი „მტერს”, რომ ჩვენთვის თავი დაენებებინა: ხან დავურეკე და შეცვლილი ხმით ვუთხარი, იმ ქალს არ გაეკარო-მეთქი, ხან ბნელ ქუჩაში დავხვდი ნიღბით და მოკვლის მუქარით ვაიძულე, იმ დღეს არ მისულიყო დედასთან სახლში. მიზანს რომ ვერ მივაღწიე, დედაჩემს გადავეკიდე, ეგ კაცი გატყუებს – შენ სიყვარულს გეფიცება, თვითონ კი ვიღაც სხვა ქალს ხვდება – უკვე რამდენჯერმე ვნახე ერთსა და იმავე ქალთან ერთად ქუჩაში-მეთქი. რომ აღარ მოვეშვი, დედამ დამსვა, მომეფერა და მითხრა, შენ თუ ასე განიცდი, იმ კაცს აღარ გავყვები და საერთოდ, ავუკრძალავ აქ მოსვლასო. მე გამიხარდა და დავეთანხმე. დედამ სიტყვა შეასრულა, მაგრამ, იმ დღის შემდეგ, ისე შეიცვალა, ვეღარ ვცნობდი. მართალია, ჩემ მიმართ ყურადღება და ალერსი გააათმაგა, მაგრამ ისეთი სევდიანი და ჩამქრალი დადიოდა, მისი შეხედვისას გული მიკვდებოდა. მივხვდი, რომ დედას ის კაცი უყვარდა და ჩემ გამო დაშორდა. შვილის სიყვარულმა ათქმევინა უარი პირად ცხოვრებაზე. ამ ყველაფერს რომ ჩავწვდი, 20 წლის ვიყავი. სიმართლე გითხრათ, კიდევ უფრო შემიყვარდა დედაჩემი, გაცილებით უფრო მეტ პატივს ვცემდი, ვიდრე მანამდე. თან, ძალიან მეცოდებოდა. ისიც გავიგე, რომ იმ კაცს ისევ უყვარდა და ელოდებოდა. მაგრამ, ისიც ზუსტად ვიცოდი, ნებაც რომ მიმეცა, დედა არასდროს დაურეკავდა თვითონ. ამიტომ, გადავწყვიტე, დედაჩემისთვის სიურპრიზი გამეკეთებინა: მის ჩუმად მივედი იმ კაცთან და ყველაფერი ვუამბე, შემდეგ კი ვთხოვე, თვითონ მისულიყო დედაჩემთან. მე აღარ ვიყავი მათი სიყვარულის წინააღმდეგი. იმ კაცმა ხელი ჩამომართვა და გადამეხვია – ასე გადამიხადა უსაზღვრო მადლობა, მეორე დღეს კი დედას ულამაზესი თაიგულით მიადგა სამსახურში და რესტორანში დაპატიჟა.
დღეს ის ღირსეული კაცი დედაჩემის ქმარია (სიტყვა „მამინაცვალს” ვერ ვიტან) და ჩვენ არაჩვეულებრივი ურთიერთობა გვაქვს.
ნიკა, 21 წლის.
არ ვიცი, როგორ მივახვედრო, რომ მიყვარს
ჩვენ სამეგობროში სულ ცხრანი ვართ – 4 გოგო და 5 ბიჭი. უკვე რამდენიმე წელია, ვმეგობრობთ და ჩვენ შორის არანაირი უსიამოვნება არ მომხდარა. ყველგან ერთად დავდივართ, ყველაფერში მხარს ვუბამთ და ვეხმარებით ერთმანეთს. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ასეთი მეგობრები მყავს, მაგრამ ამ ბედნიერებას ერთი რაღაც ჩრდილავს: უკვე ერთი წელია, შემიყვარდა საბა – ჩვენი სამეგობროს სული და გული. ყველაფრამდე ძალიან მაგარი ბიჭია, მაგრამ სიყვარულის მაინცდამაინც არ სჯერა და არც გოგოებს ენდობა ამ საკითხში. ხშირად უთქვამს, უსიყვარულოდ ცოლს არ შევირთავ, ნამდვილი სიყვარული კი ქალებს არ შეუძლიათ, ყველაფერს გამოყენების თვალით უყურებენო. მე, რა თქმა უნდა, არანაირად არ მაქვს მისი ცოლობის პრეტენზია, ჩემთვის ისიც საკმარისი იქნება, ვიცოდე, რომ მოვწონვარ, მაგრამ მისი აზრები მაბრკოლებს, მივახვედრო, რას განვიცდი მის მიმართ. თუმცა, სხვა, შეიძლება ითქვას, უფრო მნიშვნელოვანი მიზეზიც არსებობს: ძალიან ხშირად უთქვამს, გოგომ მეგობრობა არ იცის. თუ მართლა დაუმეგობრდი, მაშინვე ჰგონია, რომ მოგეწონა ან შეგიყვარდა და მაშინვე პრანჭვას იწყებს. მე კი ვერ ვიტან, როცა მეგობრობა პირად გრძნობებში გადადის, რადგან ამით ყველაფერი ფუჭდებაო. არ ვიცი, სწორია თუ არა ეს, მაგრამ, ის კი ვიცი, ასე დიდხანს ვეღარ გავძლებ. ჯერჯერობით ვახერხებ, ჩემი სიყვარული მეგობრობით შევნიღბო, მაგრამ, როდემდე შევძლებ ამ ნიღბის ტარებას, წარმოდგენა არ მაქვს. ყველაზე მეტად კი იმის მეშინია, ჩემი გრძნობის გამჟღავნებით საბა სამუდამოდ არ დავკარგო. მერე ხომ თავს ვერასდროს ვაპატიებ ამას.
მაკო, 19 წლის.
რედაქციაში შემოსული უამრავი
წერილიდან ამოვარჩიეთ საუკეთესო ამბები და ვთავაზობთ მკითხველს.
„ინტიმური საუბრებისთვის“ SMS-ები შეგიძლიათ გამოგზავნოთ ტელეფონის ნომერზე: 897 33-08-81.
ელექტრონული ფოსტით: tbiliselebi2001@yahoo.com
ან მოიტანოთ რედაქციაში
წერილის სახით.