როგორ ხდება მოსმენები და შესაძლებელია თუ არა მთელი ქვეყნის სატელეფონო მოსმენა
რას ნიშნავს და რა საფრთხეს წარმოადგენს ინტერნეტი დღეს, როდესაც თითოეული ჩვენგანი ასეა მიბმული ვირტუალურ სამყაროზე, როდესაც სოციალური ქსელების საშუალებით ხდება სახელმწიფო გადატრიალებების ორგანიზება და როცა ინტერნეტი ცვლის მსოფლიოს ბედს? არის თუ არა რიგითი ადამიანი დაცული ამ უზარმაზარ ინფორმაციულ ოკეანეში? ინფორმაციული უსაფრთხოების, კვლევებისა და ანალიზის ცენტრის დირექტორი ლაშა პატარაია სწორედ ამ თემაზე საუბრობს.
ლაშა პატარაია: ოცდამეერთე საუკუნე ტექნოლოგიების ექსპანსიის ეპოქაა. თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით ჩვენ უამრავი რამ შეგვიძლია და ეს უფრო და უფრო გვიტაცებს, უფრო მეტი გვსურს და, სწორედ ეს სურვილია მიზეზი ტექნოლოგიური პროგრესისა, რომელიც, როგორც თქვენ აღნიშნეთ, ასე ცვლის ყოველდღიურობას. ჩვენ უფრო და უფრო დამოკიდებულები ვხდებით ტექნოლოგიებზე. განსაკუთრებით ეფექტურია ტექნოლოგიების გამოყენება უსაფრთხოების სფეროში, პოლიციურ და სახელმწიფო უშიშროების საკითხებში. ბიზნესსექტორი სოციალურ ქსელებს მარკეტინგულად ძალიან ეფექტურად იყენებს: სოციალური ქსელები, ელექტრონული მიმოწერა, მულტიმედიას არხები, ინფორმაცია – ამაზე ძალიან ვართ დამოკიდებულები. მაგრამ, როგორც ყველაფერს, ამასაც აქვს უარყოფითი მხარეები...
საქართველოს მაგალითზე პირველი ასეთი უარყოფითი გამოვლინება იყო 2008 წლის ომის დროს, როცა ნათლად დავინახეთ, რა გავლენა აქვს ტექნოლოგიებს ქვეყნის სტაბილურობაში, თავდაცვისუნარიანობასა და ბიზნესში. ჩვენი ორგანიზაცია იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც ეს მოვლენა კიბერ-ომად შეაფასა. სწორედ ამას მიეძღვნა ჩემი ვრცელი რეპორტი, რომელიც მომზადდა მთლიანად იმ კიბერ-პროცესებზე, რაც 2008 წლის ომიდან დღემდე გრძელდება. სამწუხარო რეალობა ის არის, რომ მედიაში ეს მხოლოდ „მორიგ კიბერ-შეტევად“ მოიხსენიება, პოლიტიკურ და დიპლომატიურ წრეებში კი საერთოდ არ მოჰყოლია ზუსტი შეფასება და კვალიფიციური ანალიზი, მაშინ, როცა საზღვრებს გარეთ ინტერესი ამ თემის მიმართ დღემდე არ განელებულა და, უფრო მეტიც, მასზე სახელმძღვანელოებს წერენ უნივერსიტეტებისთვის. ჩვენ კი ამისგან ჯერ ბევრი ვერაფერი ვისწავლეთ. სწორედ აგვისტოს ომი იყო ჩემი მთავარი ინსპირაცია, შემექმნა პირველი ორგანიზაცია ჩვენს რეგიონში, რომელიც იმუშავებდა ინფორმაციულ უსაფრთხოებაზე. როგორც უკვე აღვნიშნე, საკმაოდ დეტალიზებული რეპორტი მომზადდა ჩემ მიერ ცენტრის საქმიანობის ფარგლებში და მასში ეს მოხსენიებულია როგორც „კიბერ-ომი“. ამის არგუმენტი კი შემდეგია: იმისთვის, რომ კიბერ-შეტევას „კიბერ-ომი“ ეწოდოს, საჭიროა ორი საფუძველი: პირველი ქვეყანას უნდა გააჩნდეს შესაბამისი სამართლებლივი ბაზა, რომელიც კონკრეტულ ფაქტს აღიარებს კიბერ-ომად და მეორე – კიბერ-შეტევები, სამხედრო, კონვენციური ომის პარალელურად, უნდა იყოს რეალური.
– როგორ უნდა განსხვავდეს კიბერ-ომი კიბერ-შეტევისგან?
– ეს საკმაოდ რთულია. ჯერ კიდევ არ არის დადგენილი, თუ სად გადის ზღვარი ჩვეულებრივი ჰაკერების მიერ ორგანიზებულ შეტევასა და სპეცსამსახურების მიერ ორგანიზებულ გლობალურ კიბერ-თავდასხმებს შორის. 2008 წელს რეალურად მიმდინარეობდა რუსეთის მხრიდან საქართველოს მედიასაშუალებებისა და სამთავრობო არხების ბლოკადაში მოქცევა სრული დეზინფორმაციის, ასევე, პანიკის დანერგვის მიზნით. მასობრივი შეტევები ხორციელდებოდა ეგრეთ წოდებული „ბოტნეტ-ქსელებით“. ეს არის კომპიუტერების ჯგუფი, რომელიც იმართება ერთი ან რამდენიმე ადამიანისგან. საქართველოს წინააღმდეგ გამოყენებული იყო კიბერ-შეტევების ყველა ხერხი, რაც კი არსებობს. შედეგად მოხდა ქართული სამთავრობო არხებისა და მედიასაშუალებების უმრავლესობის ბლოკირება. დღეს ამ ფაქტს განიხილავენ ცნობილი ექსპერტები უსაფრთხოების სფეროში და, როგორც უკვე აღვნიშნე, სახელმძღვანელოებშიც იყენებენ, რომლებითაც მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში ასწავლიან უსაფრთხოების მიმართულებით. ერთ-ერთი ასეთი ინსტიტუტი არის ესტონეთში – ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, სადაც კიბერ-უსაფრთხოების სამაგისტრო კურსზე შეისწავლიან აგვისტოს ომის თემაზე მომზადებულ სახელმძღვანელოს – „ჯორჯია 1.0”.
ინტერნეტი იდეალური მოდელია, რადგან იქ ხარ თავისუფალი, ინფორმაციის მოძიების უფრო მეტი საშუალება გაქვს, არ ხარ შეზღუდული აზრის გამოხატვაში და ხშირად ეს ყველაფერი, შეიძლება, სრულიად ანონიმურად გააკეთო. მაგრამ, ვინაობის არგამხელა, ესეც არის ინტერნეტდაუცველობის ერთ-ერთი მხარე. რევოლუციები, პოლიტიკური გარემო, „ტემპერატურა“ უკვე მნიშვნელოვნად დამოკიდებულია ინტერნეტზე, ანუ იმაზე, რა განწყობაა სოციალურ ქსელებში.
– ამ „ტემპერატურას“ რეალურად ვინმე აკონტროლებს? ანუ, ხელისუფლებას აქვს ის „თერმომეტრი”, რომლითაც სოციალურ ქსელებში „სიცხეს“ ზომავს?
– ცოტა ხნის წინ ობამამ გააკეთა განცხადება, რომელსაც, შეიძლება, სკანდალურიც ვუწოდოთ: „ყურადღება მიაქციეთ იმას, რას აკეთებთ და წერთ „ფეისბუქზე”, რადგან ამან, შესაძლოა, მომავალში თქვენზე უარყოფითად იმოქმედოს”. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ ის პასუხისმგებლობა, რომელიც თუნდაც ინტერნეტში გვეკისრება. არ უნდა გვქონდეს იმის ილუზია, რომ ჩვენი ნებისმიერი „ნაბიჯი” ინტერნეტში მომავალში ან თუნდაც რეალურ დროში არ კონტროლდება. შენი ქცევა, საბოლოო ჯამში, შეიძლება, წინ დაგხვდეს.
– რატომ ვართ უფრო გახსნილები სოციალურ ქსელებში?
– ეს ილუზიაა. რაც იქიდან მოდის, რომ თავიდან ეს სივრცე მთლიანად უკონტროლო იყო.
– ეს ნიშნავს, რომ ერთ ადამიანს პლუს ერთი ადამიანი სჭირდება მაკონტროლებლად?
– არა, ინტერნეტის კონტროლი უკვე გლობალური გახდა. დღეს შესაძლებელია, ერთმა ადამიანმა ძალიან მარტივად გააკონტროლოს ასობით ადამიანი. არის სისტემები, მოდელები, რომლებიც მსგავს თემებზე მუშაობენ. მაგალითად, პოლიტიკური განწყობების დადგენის ინდიკატორები. ამას ჰქვია ქსელის ვიზუალიზაცია, რომელიც ინფორმაციულ უსაფრთხოებაში ცალკე მიმართულებაა. არიან ანალიტიკოსები, რომლებიც ამაზე სერიოზულად მუშაობენ. ეს ყველაფერი სხვადასხვა ინდიკატორით ფასდება.
– მაგრამ, რამდენიმე ასობით ადამიანიც ვერ ქმნის, ჩემი აზრით, ამინდს.
– გეთანხმებით. ამიტომაც ხდება საკმაოდ გრძელვადიანი დაკვირვებები. ავიღოთ, მაგალითად, „ვიკილიქსი”. საიდუმლო ინფორმაციის წყაროები არიან ინდივიდუალური ადამიანები და, ამიტომაც, „ვიკილიქსი” ერთგვარი სოციალური ქსელია. ნებისმიერს შეუძლია თავისი მოპოვებული ინფორმაციის განთავსება და ვებ-გვერდი მას ვინაობის საიდუმლოს შენახვის გარანტიას აძლევს. ეს ინფორმაცია ხშირად, შესაძლოა, მცდარიც იყოს და „ვიკილიქსიც” არ იკლავს დიდად თავს გადამოწმებაზე. სამაგიეროდ, წყაროს გაუცემლობის გარანტია სერიოზული სტიმულია ნებისმიერი ადამიანისთვის, ვინც იქ ინფორმაციას დებს.
– მაგრამ, ვთქვათ, ჰაკერს ხომ შეუძლია წყაროს დადგენა?
– ჰაკერს თავი დავანებოთ, ნებისმიერი სპეცსამსახურს შეუძლია, გაარკვიოს, საიდან მოდის ესა თუ ის ინფორმაცია. „ვიკილიქსი” ამბობს, რომ ის არ გასცემს წყაროს, მაგრამ თუ მას აღმოაჩენენ სხვები, ის ვერაფერს იზამს და შენი პიროვნება ამ დროს შეიძლება სერიოზული საფრთხის ქვეშ აღმოჩნდეს. ნებისმიერ იქ გამოქვეყნებულ ინფორმაციას მედია კიდევ უფრო ამუქებს და, შესაძლოა, ჩვეულებრივი ტყუილი ისეთი აქტუალური გახდეს, რომ მასობრივი არეულობაც კი გამოიწვიოს. ერთი მარტივი გაშუქებით „ვიკილიქსის” აქტუალურობა იზრდება და, მიუხედავად სკანდალებისა, ის ისევ პოპულარობის პიკშია.
– დავუბრუნდეთ ისევ ჩვენს თემას: ირკვევა, რომ პირადი სივრცე მთლიანად კონტროლდება?
– ამ საუკუნემ მოიტანა ის, რომ პრივატულობის დაცვა თითქმის შეუძლებელი გახდა.
– ტელეფონი, ინტერნეტი, ბანკი და – შენ ღია კარი ხარ.
– აბსოლუტურად! ამ რეალობაში შენ ვერ იქნები ვერც ტელეფონის, ვერც საკრედიტო ბარათის ან ინტერნეტის გარეშე. აქედან გამომდინარე, გიწევს, ამ რეალობას შეეგუო.
– ამაზე სერიოზულად რომ იფიქრო, პარანოიას გამოიწვევს: ვერ ისაუბრებ ტელეფონზე, ვერ დაწერ ელემენტარულ „პოსტს“.
– ამიტომაც, სულ უფრო მეტი ადამიანია მთელ მსოფლიოში დაავადებული ნიჰილიზმით, უფრო მეტი ადამიანია საკუთარ თავში ჩაკეტილი. ადამიანის ფსიქოლოგიაში სულ ახალი ტენდენციები გაჩნდა. ძალიან მნიშვნელოვნად მოქმედებს ეს ყველაფერი ადამიანის ფსიქოტიპის, ხასიათის ფორმირებაზე. სულ უფრო მეტს აწუხებს დაუცველობის განცდა და აშინებს ის რეალური კონტროლი, რომელიც მასზე ხორციელდება.
– მაინც მგონია, რომ მხოლოდ პოლიციური სტრუქტურები არ აკონტროლებენ ამ ყველაფერს.
– ჩვენთან, ქართულ რეალობაში, გაჩნდა ახალი ტენდენცია – კორპორაციული შპიონაჟი. უმეტეს შემთხვევაში, ესენი არიან უშიშროების ყოფილი თანამშრომლებისგან შემდგარი ჯგუფები, სხვადასხვა კერძო უსაფრთხოების სამსახური, მათ შორის, მსხვილ ორგანიზაციებში არსებული უსართხოების განყოფილებები, რომლებიც კონკურენტების წინააღმდეგ მოქმედებენ. ეს არის სრულიად უკანონო ქმედება. კორპორაციული შპიონაჟი განსაკუთრებით აქტუალურია საბანკო სექტორში.
– მე რომ ვარ ძალიან მაგარი „კომპიუტერშიკი”, რანაირად უნდა გავიგო ის, რაზეც, ვთქვათ, მამუკა ხაზარაძე თავის კაბინეტში მსჯელობს?
– აქ არ არის საუბარი კონკრეტული საიდუმლო დიალოგის გაგებაზე, აქ საუბარია სისტემაზე, თუმცა, მსგავსი საუბრების გაგებაც აღარ არის პრობლემა. შეიძლება, ჯგუფში გყავდეს უშიშროების ყოფილი თანამშრომელი, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიებში ერკვევა და იცის ფარული მიყურადების ტექნოლოგიები, ანუ, როგორ უნდა მოუსმინოს ობიექტს. ეს ნიშნავს, რომ გაჩნდა კიდევ ერთი ახალი ტენდენცია საქართველოში. გარდა იმისა, რომ ჩვენ პოლიციური სტრუქტურები გვაკონტროლებენ, არსებობს ცაკლეული კერძო ინტერესებიც.
– თუკი უკანონოა კორპორაციული შპიონაჟი, ასეთივე უკანონო არ არის პოლიციის მხრიდან მოსმენები?
– აბსოლუტურად. საგამოძიებო ორგანოს სასამართლოს სანქცია სჭირდება მსგავსი ქმედებისთვის, რადგან მოსმენის ღონისძიება ყოველთვის სასამართლოს მიერ არის სანქცირებული. მაგრამ ახლა ჩნდება ახალი პრეცედენტი – ტექნოლოგიური მიყურადების მიმართულება. საქართველოში ახლა მიიღეს კანონმდებლობა ამის წინააღმდეგ. ჩვენთან აკრძალულია ჰაკერობა, ანუ ინფორმაციის არამართლზომიერი მოპოვება. კანონმდებლობა გვაქვს, მაგრამ, არ გვყავს კვალიფიციური მოსამართლეები, ვინც გაიგებს საქმის სპეციფიკას; არ გვყავს ამ სფეროში კვალიფიციური ადვოკატები, ვინც დაიცავს ბრალდებულებს და, შესაბამისად, ეს არაპროპორციული სისტემაა, რაც, დამეთანხმეთ, ვერც სამართლიანი იქნება.
– ყველაფრის გატეხაა შესაძლებელი?
– ეს რომ შესაძლებელი იყოს, ძალიან ბევრი კომპანია უსაფრთხოების სფეროში მილიონებს ვერ იშოვიდა. დღეს ამაზე მართლა მუშაობენ. საუბარია იმაზე, რომ, ზოგადად, სრული უსაფრთხოების გარანტია არ არსებობს. როცა შენ ავითარებ უსაფრთხოებას, დაცვას, პარალელურად ვითარდება მისი მეორე მხარეც, რომელიც მუდამ იმუშავებს იმაზე, რომ გვერდი აუაროს შენს ახალ დაცვას. დღეს ჰაკერობა საქართველოში ისჯება, ანუ, გაჩნდა აუცილებლობა, რომ კომპიუტერული სივრცე გაკონტროლდეს. ვინ გააკონტროლებს ამას, როგორ მოხდება ამის სანქცირება და სანქცირების გაკონტროლება – ეს უკვე მუშაობის პროცესშია. კანონმდებლობა ამ მხრივ რეფორმის პროცესშია. ასე თუ ისე, დაინტერესება არის და დაველოდოთ შედეგებს.
– რაც უნდა მაღალი იყოს ნდობის ხარისხი, კონტროლი მაინც ცუდ ასოციაციებს იწვევს. მე გავთხოვდი, ვენდე ჩემს ქმარს, მაგრამ, თუ ის დამიწყებს კონტროლს – სად წავალ, სად მოვალ, ვის ვესაუბრები, რა მესიჯებს ვწერ – ეს ჩვენს ურთიერთობას გააფუჭებს, ანუ კონტროლი არ მომწონს.
– ეს ძალიან სწორი შედარებაა, მშვენიერი ანალოგი. სახელმწიფოსა და მოქალაქის ურთიერთობა ამ ასპექტში, ალბათ, ცოლ-ქმრის ურთიერთობასაც წააგავს. ამიტომ, კონტროლი ყოველთვის იქნება ისეთივე დელიკატური, სენსიტიური და დამაინტრიგებელი, როგორიც ეს ცოლ-ქმრის შემთხვევაშია.
– თუ გვსურს ამ ურთიერთობაში სტაბილურობის შენარჩუნება, ორივე მხარე დათმობაზე უნდა წავიდეს. სახელმწიფომ ცოტა პირადი მაინც უნდა დამიტოვოს.
– პირადს ვერ დაგიტოვებს, მაგრამ, სახელმწიფოს მხრიდან დათმობაა, მოგცეს ბერკეტი იმისთვის, რომ შენ თვითონ მიანიშნო უხერხულობებზე, ზღვარზე პირად ცხოვრებაში, მორალურ ასპექტებზე. ეს არის ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება და ამერიკაში ეს მუშაობს. ეს არის ერთგვარი ალტერნატიული მთავრობა, რომელიც ხალხის მხარესაა, პლუს, მეტი ჩართულობა და ღიაობა. ჩვენი პოლიცია ძალიან სენსიტიურ თემას შეეხო. როცა შენ წყვეტ, როგორ უნდა მაკონტროლო მე, აქ უკვე მორალურ თემებს ვეხებით და, მინიმუმ, როგორც მოქალაქეს უნდა მკითხო.
– ძალიან ბევრს საუბრობენ დღეს მოსმენებზე. მართლა რეალურია, რომ ასე ყველას უსმენენ? ამას ხომ ძალიან ბევრი ადამიანი სჭირდება და ტექნიკურად ეს შესაძლებელია?
– ტექნიკურად ყველაფერი შესაძლებელია: შესაძლებელია ყველა შენი მოქალაქის საუბრის ჩაწერა, მოხდეს ამის ანალიზი, ჩანაწერის ტექსტური გაშიფვრა. ავტომატურად შესაძლებელია, შენი საუბრის ტექსტური ვერსიის შექმნა, ჩაწერა, ანალიზი. შეიძლება ცალკეული სიტყვების ამოღება და საერთო სურათის, განწყობის, პოლიტიკური ტემპერატურის მაჩვენებლების მიღება. მაგრამ, აქ საუბარია უკვე ნორმებსა და კანონებზე, რაც ამ ყველაფერს ჩარჩოში აქცევს. დღეს უკვე შესაძლებელია, რომ საუბარი ჩაიწეროს არა ხმის, არამედ ტექსტის სახით...
– გამაცანით ეს ტექნოლოგია, ინტერვიუების ჩაწერისას გამოვიყენებ.
– (იცინის) გაგიმარტივებდათ საქმეს. ანუ, რეალურად თქვენ გაქვთ ოთხი მილიონი ადამიანის საუბრის ტექსტური ვერსია. ხმოვანისგან განსხვავებით, ეს გაძლევს საშუალებას, რომ განწყობა რეალურ დროში გააანალიზო. ტექსტის დონე საშუალებას გაძლევს, რეალურ დროში აკონტროლო რაღაცეები.
– შეიძლება, რომ თქვა, მაგალითად, „ბომბი“, ან „პრეზიდენტი“, ან „ტერაქტი” და ამაზე ჩამწერი ჩაირთოს?
– არა, ჩვენს რეალობაში დღესდღეობით ეს არ გამოიყენება. გლობალურ მოსმენებზეც ისე ვისაუბრეთ, როგორც შესაძლებელზე, თორემ, ნებისმიერი პირის მოსმენას, უკვე ვთქვით, რომ სასამართლოს სანქცია სჭირდება.
– ისევ სოციალურ ქსელებს დავუბრუნდეთ. ვთქვათ, „ფეისბუქში” რაღაც სტატუსი დავწერე, ვიდეო დავაგდე, რაღაც სტატიები „დავაშეარე”... რას ვაკეთებ ამ დროს?
– ამ დროს გავცემთ ძალიან პირადულ ინფორმაციას. იმას, რასაც ადრე ხანგრძლივი მუშაობა სჭირდებოდა, ახლა ძალიან მოკლე დროში ხდება. ფსიქოლოგიური პორტრეტის დასადგენად საჭირო იყო მოსმენები, მოსმენების ანალიზი, დევნა, მიყურადება, მარშრუტების დადგენა და ანალიზი – რას აკეთებ, რას ყიდულობ, სად დადიხარ. ახლა ეს ყველაფერი სოციალური ქსელების საშუალებით ძალიან გამარტივდა. რაკი თავად ახსენეთ, მაგალითისთვის ავიღოთ „ფეისბუქი”: მისი საშუალებით შეიძლება გაირკვეს შენი მუსიკალური და ზოგადად გემოვნება, რას ნახულობ, რომელ ნიუსებზე გაქვს აქცენტი, რა ტიპის ადამიანების „პროფილებზე“ შედიხარ. თუ შენთვის გუშინ აქტუალური მოვლენა არა იაპონიის მიწისძვრა, არამედ საქართველოში შიდაპარტიული დაპირისპირება იყო, სიტყვაზე ვამბობ, ხაზს უსვამს, რომ შენ პოლიტიკურად აქტიური ხარ, მერე კი უკვე მარტივი გასაგებია, რომელ პოლიტიკურ მხარეზე ხარ, მთავრობა გესიმპათიურება თუ ოპოზიცია.
– კი მაგრამ, თუკი იაპონიის ამბებს მთელი დღე „სი-ენ-ენზე” ვუყურებდი, „ფეისბუქზე” შეიძლება კინოჩარტების თვალიერება დავიწყო და ეს სულ არ ნიშნავს, რომ გლობალურ მოვლენებს მოწყვეტილი ვარ.
– გეთანხმები, მაგრამ, ეს ხომ არ ხდება ერთ და ორ დღეში და, თან, მხოლოდ ერთი ვებ-რესურსიდან? გრძელვადიანი დაკვირვების შედეგად იღებ მოცულობით რეპორტს სოციალური ქსელების, მიმოწერის, საბანკო ტრანზაქციების, საუბრებისა და უამრავი რამის შედეგად და ამის მიხედვით ადგენ ფსიქოპორტრეტს.
– გვყავს ჩვენ პოლიციურ სტრუქტურაში ისეთი ადამიანები, ვინც ჩემს ფსიქოტიპს მუსიკალური გემოვნების მიხედვით განსაზღვრავს?! მაშინ, ყოჩაღ!
– 2008 წლის შემდეგ მიღებულმა ახალმა რეალობამ გადამაწყვეტინა, შემექმნა ის ორგანიზაცია, რომელსაც წარმოვადგენ. ეს არის კავკასიის მასშტაბით პირველი და ერთადერთი ორგანიზაცია, რომელიც ინფორმაციულ უსფრთხოებაზე მუშაობს და, პარალელურად, საზოგადოებას ღიად აწვდის ინფორმაციას ისეთ სენსიტიურ თემაზე, როგორიცაა დაზვერვა. ინფორმაციული უსაფრთხოების აქტუალობა სულ უფრო იზრდება. კარგ სპეციალისტებზე სერიოზული მოთხოვნაა. ჩვენთან კურსების გასავლელად საჭიროა ანალიტიკური აზროვნების უნარი და ტექნოლოგიების მინიმალურ დონეზე მაინც ფლობა. სამი სახის კურსი გვაქვს: ინფორმაციული უსაფრთხოება, კიბერტერორიზმი და დაზვერვა. ჩვენი კურსდამთავრებულები წარმატებით მუშაობენ სახელმწიფო და კერძო სექტორში.
– არის ისეთი ადამიანი საქართველოში, ვისაც შეუძლია, ვთქვათ, რუსული სპეცსამსახურების სისტემაში „შეძრომა“?
– ძალიან ბევრ ნიჭიერ ადამიანს ვიცნობ (იცინის). მთავარი, რასაც რუსულ სისტემაში შესვლა მოგვცემს, იმის გაგებაა, თუ რა და რამდენი იციან მათ ჩვენზე. ეს არის კონტრდაზვერვა. ეს ჯერ კიდევ ცივი ომის დროს გაპოპულარებული ტრიუკია: როცა იცი, რომ გისმენენ, ეს არ შეიმჩნიო და მიაწოდო მათ დეზინფორმაცია. ეს არის პროვოკაცია, ანუ, შენ ამბობ იმას, რაც გჭირდება.
ინტერვიუს ბოლოს, ალბათ, დავამატებდი, რომ, – მიუხედავად ტოტალური კონტროლის საფრთხეებისა, საყოფაცხოვრებო, სამუშაო და სამსახურებრივი დამოკიდებულებისა ტექნოლოგიებზე და, მიუხედავად ყველა იმ ცუდი მხარისა რაც ტექნოლოგიებს გააჩნია, არ მივცეთ ამ ყველაფერს საშუალება დაგვთრგუნოს და გავლენა იქონიოს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე. ყველაფერს აქვს დადებითი მხარე და, ის უარყოფითიც, ალბათ, იმ გრანდიოზული კომფორტის საფასურია, რომელსაც ახლა ვიხდით. მეტმა კონტროლმა მოიტანა ადამიანების მიხვედრილობა, რომ აღარაფერი იმალება, მცირდება კრიმინალი, იცვლება ადამიანის ფსიქოლოგია და იგი ცდილობს, იყოს უფრო ტრანსფარენტული, ანუ არაფერი ჩაიდინოს ისეთი, რისი გამხელაც უხერხულობებს შეუქმნიდა. სტატიის დასაწყისში ამ საუკუნეს „ტექნოლოგიების ექსპანსიის საუკუნე“ ვუწოდე და ბოლოში ადაპტაციის ერასაც დავუმატებდი. მე წერა-კითხვა იმ საუკუნეში ვისწავლე, როცა ამას ჯერ კიდევ ანბანითა და წიგნით ახდენდნენ და არა კლავიატურით. ჩვენ ტრანსფორმაციას განვიცდით და მთავარი ახლა ის არის, თუ რამდენად ჰუმანურები დავრჩებით და რა დაგვრჩება ამ ჰუმანურობიდან ახალ, ტექნოლოგიურ ერაში: „ფეისბუქზე“ მივულოცავთ დაბადების დღეს ნათესავებსა და მეგობრებს თუ ისევ ისე გავანებივრებთ მათ ყურადღებითა და სასიამოვნო საჩუქრებით; სკაიპით გავიცნობთ მეორე ნახევრებს, ბარში ან, თუნდაც, ქუჩაში; წიგნებს წავიკითხავთ თუ „ვიკიპედიითა“ და „გუგლით“ დავკმაყოფილდებით და, რაც მთავარია. შევინარჩუნებთ თუ არა იმას, რასაც ტექნოლოგიები ვერასოდეს შეგვიცვლიან – ადამიანურ ემოციებს.