კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვისთან ერთად იპარება ბასა ფოცხიშვილი თბილისიდან და ვინ არის მისი „რუხი კარდინალი“

ისინი ცნობილი დები არიან, იმდენი რამ აქვთ საერთო, რომ, დიდი ხანია, ერთმანეთის უსიტყვოდ ესმით. ერთ მუზას ემსახურებიან უმცროსი გენერალია, უფროსი – რუხი კარდინალი, თუმცა, ერთმანეთს ისე ემორჩილებიან, როგორც ნამდვილ დებს შეჰფერით – შეცდომაშიც ბოლომდე ერთად არიან და მაშინაც, როცა ცხოვრება ყველაზე მოულოდნელ და სასიამოვნო სიურპრიზებს უწყობს. თამრიკო და ბასა ფოცხიშვილები – თბილისური ცხოვრების წესით, ბედნიერების საკუთარი ფორმულითა და შორს დარჩენილი ბიჭვინთით, რომელიც ზემო ვერის ძველ ქუჩაზე მაინც მათთან ერთად ცოცხლობს...

– როგორ იზრდებოდით დები ცნობილი მამის ოჯახში?

თამრიკო: როცა პოეტის ოჯახში იზრდები, ყველაფერი, ალბათ, მაინც განსხვავებულია, ჩემი და ბასას ბავშვობაც ფანტასტიკური იყო: სახლში გვქონდა არაჩვეულებრივი გარემო. გვქონდა საშუალება, გვესწავლა ის, რისი სწავლაც გვინდოდა; გვენახა ის, რისი ნახვაც გვსურდა. ჩვენ, ძირითადად, მწერალთა სახლებში ვისვენებდით – ქვიშხეთში, ბიჭვინთაში. ბასა მაშინაც კი წავიდა ბიჭვინთაში, როცა იქ სიტუაცია უკიდურესად დაძაბული იყო. ამაზე მაშინ ხუმრობდნენ კიდეც – ბასამ ერთი დღით ჩაასწრო კიტოვანს ბიჭვინთაშიო (იცინის). ჩვენ ცხოვრების უბედნიერესი წლები გვაქვს გატარებული ბიჭვინთის მწერალთა სახლში – „ლიტფონდში”. ახლა, როდესაც ძველი მეგობრები ერთმანეთს ვხვდებით ხოლმე, უთქმელად, უსიტყვოდ ვიხსენებთ ბიჭვინთას, რომელიც ყველას ძალიან გვენატრება. ამაზე არ ვლაპარაკობთ, მაგრამ, იქ გატარებული წლები სულ ჩვენთან ერთადაა.

ბასა: ის პერიოდი ძალიან კარგად მახსენდება – ბავშვობა ხომ ყველაზე კარგი ხანაა ადამიანის ცხოვრებაში. საზოგადოების საუკეთესო ნაწილი იკრიბებოდა ჩვენთან – ამით ნამდვილად განებივრებულები ვიყავით.

– თამრიკო, ბასა ასაკით თქვენზე უმცროსია, ალბათ, ამის გამო უფრო ნებიერაც იყო.

თამრიკო: ნებიერა არ ყოფილა, უბრალოდ, ძალიან ცელქი იყო, სულ ფეხბურთს თამაშობდა ბიჭებთან ერთად, რის გამოც მუხლებგადატყავებულიც ხშირად ბრუნდებოდა სახლში (იცინის). მე იმ დროს სახლში ვიჯექი, წიგნებს ვკითხულობდი და ვხატავდი. თინეიჯერულ ასაკში ჩვენ ძალიან დავმეგობრდით. მოგვიანებით, როცა ორივე ერთ საქმეში აღმოვჩნდით ჩართული, ჩვენს დობასა და მეგობრობას კოლეგიალობაც დაემატა და ახლა ეს კავშირი იმდენი რამით არის გადაჯაჭვული, ერთმანეთის გარეშე ცხოვრება უბრალოდ, ვერ წარმოგვიდგენია.

– ბასა, ფეხბურთს ახლაც ხომ არ თამაშობთ?

ბასა: ადამიანი ხომ თითქმის არ იცვლება. ახლა აღარ მეძახიან ფეხბურთის სათამაშოდ, თორემ, ისევ სიამოვნებით ვითამაშებდი. სამაგიეროდ ვთამაშობ წყალბურთს, როცა ბიჭები თამაშობენ და გუნდში მოთამაშე აკლიათ. მგონი, დაუმსახურებლად არ მიცხადებენ ამ ნდობას.

– დები ხასიათით ჰგავხართ ერთმანეთს?

თამრიკო: ჩვენ ვგავართ ერთმანეთს იმ ღირებულებებით, რაც ოჯახისგან მოგვყვება: ვგავართ საქართველოს და პოეზიის სიყვარულით; თითქმის ერთნაირი დამოკიდებულება გვაქვს მნიშვნელოვანი თემების მიმართ; როცა წასულები ვართ უცხოეთში, ერთდროულად გვეწყება აქაურობის მონატრება. გარეგნულად არ ვგავართ ერთმანეთს, სხვადასხვა წონით კატეგორიებში გამოვდივართ, რაც ხშირად არის ხოლმე ბასას შენიშვნების თემა. ერთმანეთს ვგავართ ზღვის და გარუჯვის სიყვარულით, მაგრამ ამაში ბასას ვერ შევედრები. ეს, ჩემგან განსხვავებით, სულ ფორმაშია, რაც უნდა საქმე ჰქონდეს, მაინც ახერხებს იყოს ჩვეულ ფორმაში, გიჟდება ჩაცმაზე. მე ბუნებით უფრო მშვიდი და გაწონასწორებული ვარ, ვიდრე ბასა; ეს უფრო მამაცია და რისკიანი, თუმცა, მის გვერდით მეც ასეთი ვხდები, ბასას გვერდით გარისკვის არ მეშინია. საქმეში ეს გენერალია, მე – „რუხი კარდინალი“. საქმეში ესაა უფროსი და ვემორჩილები (იცინის).

ბასა: ერთი მშობლები გვყავს, ერთი ბებია-ბაბუა, ერთი სახლი გვაქვს და, როგორ შეიძლება, ფასეულობებიც ერთნაირი არ გვქონდეს?! თუმცა, ვაღიარებ, რომ თამრიკო ჩემზე მეტად განათლებულია. ხასიათით საერთოდ არ ვგავართ ერთმანეთს, გარეგნულად კი, ახლა უფრო დავემსგავსეთ და ვიღაცეებს ხანდახან ერთმანეთში ვერევით ხოლმე. მახსოვს, ერთხელ, სადღაც ვიყავი და მთელი საღამოს განმავლობაში ერთი ყმაწვილი მესაუბრებოდა, მეცეკვებოდა, ბოლოს კი მითხრა: არ გეწყინოს, მაგრამ, ბასა მაინც სულ სხვააო.

– დები ერთმანეთის პირად ცხოვრებაში ერევით?

თამრიკო: არასდროს ჩავრეულვართ. ყველაფერი ვიცით ერთმანეთის შესახებ, მაგრამ, არ ვერევით. ბასას თავისი ცხოვრება აქვს, მე – ჩემი.

ბასა: ჩვენ პატივს ვცემთ ერთმანეთის პირად ცხოვრებას, არჩევანს, არასდროს ვსვამთ ზედმეტ შეკითხვას, თამრიკო უთქმელად ხვდება, როდის ვარ ცუდ ხასიათზე და როდის მაქვს ბედნიერი თვალები. თამრიკო კი არა, დათო ხვდება ხოლმე ამას. ხანდახან იმასაც ვაკეთებთ ერთმანეთისთვის, რაც ჩვენს შესაძლებლობებს აღემატება და სწორედ ამითაა ცხოვრება საინტერესო. აბა, რაც შეუძლია, იმის გაკეთება ხომ ყველას გამოსდის. ჩვენ ვიცით ერთმანეთის ყველაფერი: რა მოგვწონს, რა გვინდა. თამრიკოს გაუკეთებია ყველაფერი, რაც კი მე მომდომებია და, ალბათ, ესაა ღრმა ურთიერთობა, როცა ადამიანი შენ გვერდითაა ტყუილშიც, მართალშიც, მაშინაც, როცა სწორად იქცევი და შეცდომის დაშვების დროსაც კი. თამრიკომ ყველაზე კარგად იცის, როდის უნდა დავისვენო, როდის უნდა გავიპარო თბილისიდან (იცინის).

– ასეთ დროს სად მიიპარებით ხოლმე და ვისთან ერთად?

– ხან სად მივდივარ, ხან – სად, შემიძლია, წავიდე ნებისმიერი მიმართულებით, თუმცა, ყველაზე მეტად მიყვარს იტალია. ჩემი კომპანიონები ძირითადად არიან ხოლმე ჩემი ოჯახის წევრები, თუმცა, მარტოც ხშირად წავსულვარ. მაგალითად, მარტო წავედი იტალიის მთებში და ძალიან კარგად დავისვენე. ადამიანი ხშირად უნდა დარჩეს საკუთარ თავთან მარტო.

თამრიკო: სამაგიეროდ, იქიდან მირეკავდა და ჩიტების ჭიკჭიკს მასმენინებდა.

– ბასა, თამრიკოსგან განსხვავებით, თქვენი პირადი ცხოვრება უფრო ხმაურიანია და მუდმივად ხვდებით ყურადღების ცენტრში, მით უფრო – ბოლო პერიოდში.

ბასა: ცხოვრების არამშვიდი პერიოდები და, ახლა უკვე დროა, რომ მშვიდად იცხოვროს. თამრიკო უფრო წყნარია, უფრო თავშეკავებული და კულტურული, მე მეტად ემოციურიც ვარ და გაბრაზებას უფრო ცუდად გამოვხატავდი, მაგრამ, ვინაიდან ნასწავლი მაქვს, რომ ეს უკულტურობაა, თავს ვიკავებ, თუმცა, ბევრი რამ არ არის ისეთი, რაზეც საკუთარ თავს უარს ვეუბნები. იმაზე, რაც სწორად მიმაჩნია, უარს არ ვამბობ, თუნდაც ის მავნე და არასასარგებლო იყოს. მაგალითად, ვერ შეველევი ბევრ შოკოლადსა და მოწევას, რაც მინდა იმას ვაკეთებ, ცუდი რაღაცეები კი ნამდვილად არ მინდება (იცინის).

– ორივეს ძალიან დატვირთული ცხოვრება გაქვთ და ერთმანეთს ნახულობთ ხოლმე?

თამრიკო: არის შემთხვევები, როდესაც უცხოეთში „ვემთხვევით” ხოლმე ერთმანეთს. გასულ წელს, სრულიად შემთხვევით აღმოვჩნდით ერთად სიცილიაში, შაბათი-კვირა დაემთხვა, ბასამ მოიცალა და მაშინვე ზღვაზე გავძვერით. სასაცილო ისაა, როცა აეროპორტებში ვხვდებით ხოლმე ერთმანეთს გადაჯდომის დროს, (იცინის). ასე მოვხვდით ერთად ტოკიოში, ბასა აეროპორტი დამხვდა და ისეთი განწყობა ჰქონდა, ანათებდა იქაურობას. ბასა გიჟდება იაპონიაზე, სულ უნდოდა, რომ ჩემთვისაც ეჩვენებინა იქაურობა. სასტუმროში რომ მივედით, ძალიან დანანებით მითხრა: შენ ძალიან დაღლილი ხარ და, ალბათ, დაიძინებო. მელოდებოდა, ერთი სული ჰქონდა, რომ ქალაქის დასათვალიერებლად წავეყვანე და, პირველ ყოვლისა გინზაზე წამიყვანა, რომელიც სამყაროს ცენტრია, რადგან იქ უკვე ოცდამეორე საუკუნეა.

– თბილისში ცალ-ცალკე ცხოვრობთ?

– არა, ერთად ვართ, სახლიც საერთო გვაქვს, ოფისიც; თუმცა, სახლში ბასას თავისი ავტონომია აქვს. ჩვენ არაფერი გვაქვს გასაყოფი, მხოლოდ იმაზე ვდავობთ სახლში, რომელი ნახატი სად ჯობია, რომ დავკიდოთ (იცინის).

– ბასა, სახლში ავტონომია რატომ გაქვთ?

ბასა: იმის მიუხედავად, რომ ძალიან შეკრული ოჯახი გვაქვს, ჩვენთან ყველას ყოველთვის ჰქონდა ავტონომია. ადამიანს აუცილებლად უნდა გქონდეს შენი, ხელშეუხებელი სივრცე და სამყარო, სადაც იმასაც კი ვერ შეუშვებ, ვინც შენთვის ყველაზე ახლობელია.

– თქვენი ავტონომიის საზღვრები სად გადის?

– ჩემი ავტონომიის საზღვრებში შედის ის, რომ არის დრო, მანამ არ უნდა გამაღვიძონ; არ უნდა მომაწოდონ ზედმეტი ინფორმაცია, რაც გამაბრაზებს; არ უნდა ჩამრთონ ყოფით პრობლემებში. ამისგან სახლში გათავისუფლებული ვარ – ეს ყველაფერი სახლში დედას აქვს აღებული საკუთარ თავზე და მთელი ცხოვრება მარჯვედ ართმევს თავს. მე ხუმრობით სულ „საგარეო საქმეთა მინისტრს“ მეძახდნენ, რადგან გარეთ ყველაფრის გაკეთება შემიძლია, სახლში კი არაფერს არ ვაკეთებ, თუმცა, ზოგადად, ძალიან შრომისმოყვარე ადამიანი ვარ. შემიძლია ვიშრომო თავდაუზოგავად, ვათენო ღამეები, არ დავისვენო.

– საკმაოდ არაორდინარული ადამიანი ხართ, თქვენი ცხოვრების წესიც არაორდინარულია?

– მე არაორდინარულობა სხვების ორდინარულობა უფრო მგონია. კმაყოფილი ვარ ჩემი ცხოვრების წესით. ის, რაც ჩემს ცხოვრებას მუდმივად აკლია, არის ფული (იცინის). ფული კარგი რამ არის, თავისუფლების, სიკეთის კეთების კარგი საშუალებაა, თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ ფულს ბედნიერება მოაქვს. ბედნიერება არის ადამიანის ნიჭი, იყოს ბედნიერი. მე ბედნიერი ვარ იმითაც, რომ დღეს მზიანი ამინდია და იმითაც, რომ ჩვენმა ნაკრებმა ხორვატიას მოუგო. ძალიან ბევრი ადამიანი ვიცი, რომელიც ყველა მოცემულობით ბედნიერი უნდა იყოს, მაგრამ, არ აქვს ბედნიერების ნიჭი და ვერ გრძნობს, მე მაქვს ეს ნიჭი და ამიტომაც ხშირად ვარ ბედნიერი...




скачать dle 11.3