კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ შეცვალა „შერის“ ცხოვრება ედუარდ შევარდნაძემ და რატომ იმღერა ანრი ჯოხაძემ ახალი წლის ღამეს ლიფტში

თინათინ შერაზადაშვილი, იგივე „შერი“ ქართული ბომონდისა და შოუ-ბიზნესის სრულუფლებიანი წევრია, რომელიც ხან კამერის, ხან კი სცენის მიღმაა. მიუხედავად იმისა, რომ ფართო საზოგადოება მას არ იცნობს, ბომონდურ წრეში ის ცნობილი და საჭირო ადამიანია.

შერი: პროფესიით ვარ იურისტი და დავამთავრე ბიოლოგიის ფაკულტეტიც. იდეაში უნდა ვყოფილიყავი ექიმი-ექსპერტი, მაგრამ ეს ყველაფერი თავიდანვე კრახისთვის იყო განწირული.

– შოუ-ბიზნესში როგორ აღმოჩნდით?

– მეხუთე კურსზე, ჩემი მეგობრის ძმა მოვიდა და მკითხა: შეგიძლია, პირდაპირ ეთერში თქვა, ან გაზეთში დაწერო – „ეს დამპალი შევარდნაძე”. რატომაც არა, რა პრობლემაა-მეთქი ვუთხარი, ოღონდ გაცნობიერებული არ მქონდა, უბრალოდ, ასეთი ვარ, როცა მეკითხებოიან, შეგიძლიაო? ვპასუხობ – კი, შემიძლია-მეთქი. მაშინ ხვალ გელოდები ქალაქის მერიაში, ახალგაზრდობის დეპარტამენტის სამსახურში ხარ მიღებულიო. არ ვიცი რატომ, მაგრამ მეც მორჩილად მივედი. იწყებოდა პრესკონფერენცია. მთხოვეს, დამეწერა პრესრელიზი, ოღონდ არ ვიცოდი, რა თემა იყო და საერთოდ, რის შესახებ ტარდებოდა. იქვე, ჟურნალისტებს ვკითხე რაღაცეები, მაგრამ ისინიც აქეთ კითხულობდნენ ინფორმაციას. თუმცა, გაგებული მწირი ინფორმაცია მოვინიშნე ფურცელზე, გავამზადე პრესრელიზი და დავარიგე. ოღონდ, დღის ბოლოს ერთი შენიშვნა მომცეს. თურმე ჩემი სამსახურის სახელწოდება არასწორად მეწერა. ესეც იმიტომ, რომ არ ვიცოდი, სად ვიყავი და რას და რისთვის ვაკეთებდი.

– არ გამოგაგდეს სამსახურიდან?

– არა. პირველი დღისთვის ნორმალურიაო და 2 წელი ვიმუშავე. პარალელურად, მიმამაგრეს მოქალაქეთა ახალგაზრდულ კავშირში, სადაც სულ ვერ გავიგე, რა ხდებოდა. ისე დავიბენი, რომ მერიაში დაბნევა იმასთან შედარებით არაფერი იყო. ორი მეგობარი მყავდა – ავთო ფავლენიშვილი და კოკა სეფერთელაძე, რომლებიც მარიგებდნენ, მეუბნებოდნენ ენა დაიმოკლე და გაჩუმდიო. მაგრამ, ვერ ვხვდებოდი, რატომ უნდა დამემოკლებინა ენა. რომ მეკითხებოდნენ, შევარდნაძე მტარვალიაო, ვპასუხობდი კი უზურპატორიც-მეთქი. (იცინის). რატომ უნდა დამემალა ჩემი აზრი, ვერ გავიგე. ერთხელ ოთახში შემოვიდა ახალგაზრდა ქურთთა ასოციაციის პრეზიდენტი, რომელმაც მთხოვა, მაჩუქე ედუარდ შევარდნაძის ერთი ფოტოო. მეც ვუთხარი, რომელიც მოგწონს შეგიძლია, ჩამოხსნა და წაიღო-მეთქი. ოთახში გვეკიდა მისი უამრავი ფოტო, ყველა პოზასა და ფორმაში გადაღებული. მერე დამიბარეს და თითქმის ყური ამიწიეს, შენ ვინ მოგცა უფლება, დიდი ბელადის სურათს საკუთარი ნივთივით მოპყრობოდიო. რა ვიცი, ახალგაზრდა ქურთებს სჭირდებოდათ და რა მექნა, იძულებული გავხდი-მეთქი, ვუპასუხე. აბა, რა უნდა მეთქვა, ხომ ვერ მეტყვი? (იცინის) მეორე ყურის აწევა იყო, როცა ვიღაც (იმდროისთვის ჩემთვის ვიღაც) თანამდებობის პირი შემოვიდა ოთახში. და უკანასკნელ ერთ კოვზ ყავას ვიდუღებდი და ამაყად მითხრა, მეც მომიდუღე ყავაო... შევხედე და ვერ გავიგე, რატომ უნდა მომედუღებინა?! ამ კატეგორიის ადამიანებთან არასოდეს მქონია შეხება. პირველი სკოლა დავამთავრე, სადაც ქალაქის ყველა უბანი ერთიანდებოდა და რაც უფრო ძველი ბიჭი იყო, მით მეტად ჩემი მეგობარი ხდებოდა. უცებ, ვიღაც თანამდებობის „ტიპი” მეუბნება – გენაცვალე, ყავა მომიდუღე. ვუთხარი, ეს ბოლო კოვზია და ჩემთვის მინდა-მეთქი. მერე გავიგე, რომ ძალიან მაღალი თანამდებობის პირი ყოფილა, დღესაც არის ერთ კარგ ადგილზე, თუ წაიკითხავს, ალბათ, გაახსენდება (იცინის). ამის შემდეგ მიბარებს ჩვენი ფრაქციის, ფრთისა თუ მენჯის წარმომადგენელი და მეუბნება, შენ „სტუმარ-მასპინძელი” წაკითხული არ გაქვსო? მოკლედ, ჩემი წამოსვლის მიზეზი ის გახდა, რომ ჩემს თანამშრომელს, რომელიც დღეს ერთი წარმატებული პოლიტიკოსი ქალია, უშვებდნენ სამსახურიდან აბსოლუტურად უმიზეზოდ. ადამიანური თვალსაზრისით, ძალიან ცუდად მოექცნენ და ეს რომ გავიგე, მივედი და ვუთხარი, მზად იყავი ამისთვის-მეთქი. ამ გოგომ ძალიან განიცადა, დაიწყო ტირილი და მაშინ მივხვდი, რომ ქალი, რომელიც გადამკვდარია საქმეს, და მას ასე იმეტებენ, მე რას მიზამენ თუ დასჭირდათ-მეთქი და წამოვედი სამსახურიდან.

– „მელოდია არტში“ როგორ აღმოჩნდით?

– დავიწყე მუშაობა „მელოდია არტში” გიორგი უშიკიშვილთან. პროფესიონალებისგან დაკომპლექტდა გუნდი და საოცრად ადვილი იყო მუშაობა. ანსამბლი „ლაშარი” ახალი შექმნილი იყო და მე ამ ანსამბლის დირექტორი ვიყავი. კომპანიის მუშაობა თითქმის ორი წელი გაგრძელდა და ორ წელიწადში უკვე რევოლუცია მოხდა, რის შემდეგაც „მელოდია არტი” დაიშალა. საერთოდ, ეს კომპანია შეიქმნა „არტ იმედის” ალტერნატივად. ფუნქციები თითქოს სხვანაირად იყო გადანაწილებული, მაგრამ აქ ძალიან ძლიერი ჯგუფი მუშაობდა – საუკეთესო რეჟისორი დავით დოიაშვილი, მუსიკალური ხელმძღვანელი ნიკა მემანიშვილი, აგრეთვე საუკეთესო ტელერეჟისორი დავით გერსამია, ქორეოგრაფი კოტე ფურცელაძე და საქმის პროფესიონალი, მენეჯერი თიკა რუხაძე. დირექტორი გახლდათ ჯუმბერ ბერაძე. ეს პერიოდი ძალიან კარგად მახსენდება. გარდა იმისა, რომ მთელი სამუშაო პროცესი სასიამოვნო იყო, გვქონდა მაღალი ხელფასები და წარმოუდგენლად არაფერს ვაკეთებდით.

კომპანიის დაშლის შემდეგ, მოგვიანებით, დავით დოიაშვილმა და ნიკა მემანიშვილმა კულტურის მაშინდელი მინისტრისგან, გოკა გაბაშვილისგან მიიღეს შემოთავაზება, რომ მუსკომედიის თეატრი ჩაებარებინათ და მეც ამის შემდეგ დავინიშნე მმართველის მოადგილედ. წელს დოი ხორვატიაში იყო, სადაც „მაკბეტი” დიდი წარმატებით დადგა. კახუჩელამ დამირეკა და მითხრა: შერი, მაინც უპატრონოდ ხარ დარჩენილი და საახალწლო კონცერტზე დაგვეხმარეო. რა თქმა უნდა, როგორც ყველა კონცერტს, არც ამას ჩაუვლია კურიოზების გარეშე. ქრონომეტრაჟი იყო გასაზომი ეთერში გასვლამდე, სარეკლამო პაუზაზე და ასე შემდეგ. მაგრამ, უბედურება ისაა, რომ ბოლო წუთამდე არაფერი ვიცოდი და ძალიან ცუდ დღეში აღმოვჩნდი. იქ რამდენიმე საკონცერტო ნომერი დაიკარგა, რომელიც ეთერში ვერ გავიდა და ასე შემდეგ. ამ ალიაქოთში მოდის კახუჩელა და ხელში რაღაც სასმელი უჭირავს, ოღონდ ვერ მივხვდი, რა იყო. საერთოდ, არანაირ ალკოჰოლს არ ვსვამ არასდროს, ის კი არა, ლიქიორიან შოკოლადსაც არ ვჭამ. გამოვართვი ეს ჭიქა და სულმოუთქმელად დავლიე. აი, მას მერე რამდენიმე მომღერალი ისე გამოვიდა და შევიდა, აღარაფერი მახსოვს, ძლივს მომასულიერეს. კიდევ იყო, ლიფტების პრობლემა, რითაც მომღერლები სცენაზე ამოდიოდნენ. მაგალითად, ანრი ჯოხაძემ სიმღერა ლიფტშივე დაიწყო, რადგან გაიჭედა და ძლივს ამობობღდა. მაგრამ, რომ ამობობღდა, ისე ამაყად დადგა სცენაზე, ვითომც არაფერი მომხდარა. წარმოიდგინეთ ამ სიცივეში ჯერ ცოცხალი შესრულებით იმღერო და ისიც ლიფტში გაჭედილმა. რა თქმა უნდა, ეს ეთერში არ გამოჩნდა, მაგრამ იქ მყოფები აუცილებლად შეამჩნევდნენ. თქვენ იცით, რომ ნინი შერმადინი საშვის გარეშე დაცვამ არ შემოუშვა და ძალიან დააგვიანა. უკვე მისი გამოსვლის დრო იყო და შერმადინი არსად ჩანდა. უცებ დავინახე, კაბაშემოგლეჯილი მორბის ნინი და გზადაგზა იცვამს კოსტიუმს, საშინელება იყო იმ სცენის ყურება. საქმეს კიდევ ის ართულებდა, რომ ყოველ წუთს იცვლებოდა საკონცერტო ნომრები და შეუძლებელი ხდებოდა, მომღერლების გაფრთხილება. ასე, ჩახდილები ვარბენინეთ მომღერლები (იცინის).

– ახლა ყველაზე ცნობილი და ელიტარული ქორწილის სიის ამბავიც გვიამბეთ.

– საქართველოში შედგა ეგრეთ წოდებული ელიტური ქორწილი. დედოფალი ჩემი ბავშვობის მეგობარი გახლდათ და მეც აქტიური მონაწილეობა მივიღე რაღაცეების ორგანიზებაში. ამ ქორწილის თუ რისი არ ვიცი, მაგრამ რაღაცის ფიარ-მენეჯერი გოგონა მაძლევს სტუმრების სიას. დაპატიჟებულები არიან: კახი კავსაძე მეუღლითურთ, გურამ საღარაძე მეუღლითურთ, მაგრამ რატომღაც ვერ ამოვიკითხე ბუბა კიკაბიძის სახელი და გვარი. თუმცა, ამ გოგომ ვერ გაიგო და აღიქვა, თუ რატომ მომეღრიცა სახე, ასე ამაყად მიპასუხა, რომ საჭიროდ არ მიიჩნია მისი დაპატიჟება, მაგრამ კახი კავსაძისა და გურამ საღარაძის მეუღლეები, აუცილებლად უნდა ყოფილიყვნენ. თუ არა და ბატონების დაპატიჟებაც, ეჭვქვეშ დადგებოდა. მე საერთოდ არ მიყვარს „მაზოლზე“ ფეხის დაჭერა, მაგრამ ამ შემთხვევაში, ყველანაირ ჰუმანურობას ხაზი გადავუსვი და ისევ ვეკითხები, ბატონი ბუბა არ არის დაპატიჟებული? შევატყვე, რომ კითხვამ გააღიზიანა და მკვახედ მიპასუხა, არ არისო... ვეუბნები, ბუბა კიკაბიძე რომ დაგეპატიჟათ, გურამ საღარაძის მეუღლე აუცილებლად მოვიდოდა, რადგან სანამ თქვენ განათლებას მიიღებდით, ჯერ კიდევ მაშინ, ბატონი გურამის მეუღლე ბუბას მეუღლე გახდა-მეთქი. რაც შეეხება კახი კავსაძის მეუღლეს, ქალბატონ ბელა მირიანაშვილს, სამწუხაროდ, ვერანაირად ვერ მოვა. ჯვარი გწერია და ისევ ჩვენ თუ მივალთ, იქ წლების მერე-მეთქი. მაგრამ, რაც მთავარია, მაინც ვერ გაიგო ამ ქალმა, რომ ბელა მირიანაშვილი დიდი ხნის გარდაცვლილია და ჩათვალა, რომ ბოდვებში ვარ.

საუკუნის ავტოგრაფს ვაკეთებთ, ვართ ერთ ამბავში, ისეთი საღამო გამოვიდა, რომ დღემდე მოგვდევს ის ემოცია. ეს იყო ბოლო ღონისძიება, სადაც სოფიკო ჭიაურელმა მიიღო მონაწილეობა. მოკლედ, ვართ ერთ ამბავში, ხმამაღლა ვკითხულობთ გვარ-სახელებს და ვამოწმებთ, მოსულები თუ არიან ან სად არიან. ამ სიის კითხვის დროს ვხედავ, ზოგიერთი ჟურნალისტის გაოგნებულ სახეს. აშკარად ვგრძნობ, რომ ზოგიერთი გვარის გაგონებაზე უცნაური რეაქცია აქვთ. მთლად ვერ გაიგეს სააქაოს არიან ისინი თუ საიქიოს. დარწმუნებულები არიან, რომ სიაში მყოფთა დიდი ნაწილი გარდაცვლილია. მაგალითად, აღმოაჩინეს, რომ ნოდარ მგალობლიშვილი ცოცხალია. შემდეგ უფრო შორს წავიდნენ და ცოცხალი და მკვდარი სულ ერთმანეთში აურიეს და ძალიან დაბნეულები დადიოდნენ. ჩვენი მეგობარი კოტე ფურცელაძე სოფიკო ჭიაურელს ასეირნებდა ბაღში. თან, ქალბატონ სოფიკოს კოტე ძალიან უყვარდა და ისიც სულ ცდილობდა, გაემხიარულებინა და რაღაცით გაერთო. ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, დოიმ სოფიკო ჭიაურელი მოიკითხა და ხმამაღლა დავუძახე, სოფიკო კოტესთან ერთად არის ბაღში-მეთქი. აი, მაშინ უკვე სახეწაშლილი მომვარდა ერთ-ერთი ტელეჟურნალისტი და მეკითხება, კოტეც აქ არისო?! შოკში ჩავარდა... ზუსტად იცის, რომ მუსკომედიაში მოვიდა და მე კი იქ ვახვედრებ საიქიოს. არ გამიკვირდებოდა, რომ ეკითხა, სად შეიძლება, სანდრო ახმეტელი ვნახოო, ან მეთქვა, სესილია თაყაიშვილი შემოდის-მეთქი, მიკროფონს და კამერას გაამზადებდა (იცინის).


скачать dle 11.3