რატომ შიმშილობდა ვახტანგ ტატიშვილი და რით აბრუებდა ის ქალებს
ეს ადამიანი მრავალი წლის განმავლობაში ახალისებდა მაყურებელს სცენიდან „ივერიასთან“ ერთად, მაგრამ ყველაზე ენაკვიმატ და მხიარულ „ივერიელს“, ვახტანგ ტატიშვილს, დღეს სულ სხვა კუთხით დაგანახვებთ, ყველას თავისებურად საინტერესო ცხოვრების გზა აქვს გავლილი და გამონაკლისი არც ბატონი ვახტანგია.
– ასე მგონია, ბავშვობაშიც სასაცილო ტიპაჟი იყავით. როგორია თქვენი ბავშვობისდროინდელი ეპიზოდები?
– დავიბადე გაგანია ომის დროს, 1941 წლის 24 ნოემბერს. ზოდიაქოს ნიშნით „მშვილდოსანი“ გახლავართ. გავიზარდე ბათუმის ბოტანიკურ ბაღში, სადაც ცხოვრობდა ჩვენი ოჯახი. სხვათა შორის, საკმაოდ თანამედროვედ მოწყობილი სახლი გვქონდა – ყველას თავ-თავისი ოთახი სველი წერტილებით. პირველ სართულზე რუსულენოვანი სკოლა იყო განთავსებული, მეორე სართულზე კი ჩვენ ვცხოვრობდით. მეხუთე კლასამდე იქ ვსწავლობდი. ძალიან დამეხმარა რუსულის ცოდნა ცხოვრებაში. მეხუთე კლასიდან კი დაბა მახინჯაურის ქართულ სკოლაში გადავედი, ყველა მახინჯი იქიდან ვართ. (იცინის) ძალიან საინტერესო ცხოვრება მაქვს გამოვლილი. აგერ, წელს 70 წლის ვხდები. რაც შეეხება ჩემს მშობლებს, თბილისში დაამთავრეს სასოფლო ინსტიტუტი. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ დედა ბათუმში დაბრუნდა. მამაჩემი კი, როგორც შეყვარებული კაცი, უკან გაეკიდა. მაშინ თურქეთის საზღვარი გახსნილი არ იყო, თორემ, დედაჩემი გაიქცეოდა და მამაჩემი ვეღარ დაეწეოდა, მაგრამ, ვინაიდან საზღვარი დაკეტილი იყო, დაეწია და ცოლად მოიყვანა. შემდეგ ბოტანიკურ ბაღში დაიწყეს მუშაობა მეცნიერ-თანამშრომლებად. სკოლის დამთავრების შემდეგ მე და ჩემი ძმა თბილისში წამოვედით და პუშკინის პედაგოგიურ ინსტიტუტში ჩავაბარეთ. ვცხოვრობდით სტუდქალაქში, მაგრამ, საქართველოში გეგულებათ კუთხე, საიდანაც, შეიძლება, კაცს თბილისში ნათესავი არ ჰყავდეს?! აქ მამიდა ცხოვრობდა. როცა ფული არ გვქონდა, წავიდოდით მამიდასთან, ლობიოს, რაღაცეებს გვაჭმევდა და საღამოს ისევ ჩვენს საცხოვრებელში ვბრუნდებოდით. ზოგჯერ სხვა ნათესავებთან და მეგობრებთან მივდიოდით პურის საჭმელად, იმიტომ რომ, მშობლები რასაც გვიგზავნიდნენ, ერთ-ორ კაპიკს, ერთ კვირაში ვხარჯავდით. იყო ასეთი მომენტებიც, როცა მხოლოდ პურს ან „ბულკს“ ვჭამდით და წყალს ვაყოლებდით. უფრო პატარები რომ ვიყავით, დედა დიდ ფიალაში პურს ჩაფშვნიდა, რძეს დაასხამდა, მე და ჩემი ძმა კი კოვზებით მივუსხდებოდით და გემრიელად შევექცეოდით. კიდევ კარგი, ბოტანიკურ ბაღში ვცხოვრობდით – ხან კარალიოკი დამწიფდებოდა, ხან – მანდარინი, ფორთოხალი, ჟოლო, ტყემალი, მოცვი... მერე, ან დილას აგვეშლებოდა კუჭი, ან – საღამოს, ზოგჯერ პირიქით და, ვიყავით ასე გამწარებულები. სათევზაოდ დავდიოდით. სად იყო მაშინ ანკესები, ჯოხზე „ბულავკას“ გავუკეთებდით და იმით ვიჭერდით. ხანდახან დღე ისე გავიდოდა, ერთ თევზსაც ვერ დავიჭერდი. მართალია, ჩემი თავი მეცოდება, რომ ხშირად მშიერი ვიყავი, მაგრამ მაინც ტკბილად მახსენდება ის წლები, განსაკუთრებით – სტუდენტობის. სტუდენტობა სხვა ხანაა, ყველაფერს უძლებ. ხუთი წელი ვსწავლობდი. მერე სკოლაში დავიწყე მუშაობა – ფიზიკასა და ასტრონომიას ვასწავლიდი. ომის ვეტერანები რომ შეიკრიბებიან და იხსენებენ – რა კარგი დრო იყოო... ერთი ამიხსენით, რა იყო კარგი – ჩააბნელებდნენ სახლებს და ასე ისხდნენ თვეობით იმის შიშით, რომ ტყვია არ მოხვედროდათ. სინამდვილეში, ის წლები კი არ ენატრებათ, ენატრებათ დრო, ახალგაზრდები რომ იყვნენ, ჯან-ღონით სავსე.
– სად – პედაგოგი და სად – მომღერალი, ბატონო ვახტანგ, როგორ დაიწყეთ სიმღერა?
– მთელი სკოლისა და ინსტიტუტის პერიოდში ვმღეროდი. „გეპეიშიც“ რომ ვწავლობდი, კვარტეტი გვქონდა, მაგრამ, არასდროს მიფიქრია იმაზე, რომ მომავალში ეს ჩემი ძირითადი საქმიანობა გახდებოდა და ასეთ პოპულარობას მომიტანდა. 1958 წლიდან მოყოლებული, თითქმის ყველა ორკესტრში ვიყავი. მე და ჯემალ ბაღაშვილი იქიდან ვიცნობთ ერთმანეთს. მერე გვქონდა ტრიო მე, მარეხ გოძიაშვილს და ჯემალ ბაღაშვილს, დაახლოებით სამი წელი გამოვდიოდით ერთად სცენაზე. შემდეგ დაარსდა კვარტეტი „ივერია“, ბოლოს – ანსამბლი. 30 წლის რომ ვიყავი, ცოლი შევირთე. ორი შვილი შეგვეძინა. ჩემი ცოლიც მღეროდა, ოღონდ, ის უცხო ენების ინსტიტუტის კვარტეტში იყო. „ივერიასთან“ ერთად რაც წლები მაქვს გატარებული, ყველა საოცარია. მონათლული არ ვიყავი და, ეს რომ ვთქვი, ჯემალ ბაღაშვილმა მითხრა, წამოდი, ახლავე მოგნათლავო. რომ მოვინათლე, მას შემდეგ გავხდი ჭკვიანი. მას შემდეგ წავიდა ჩემი და „ივერიის“ საქმეც კარგად: პოპულარული გავხდი, ბევრ გოგოს ვუყვარდი აქაც და სხვაგანაც.
– ამბობენ, „ივერიაში“ ყველაზე დიდი მექალთანე ვახტანგ ტატიშვილი იყოო. გაიხსენეთ ის პერიოდიც. ესეც ხომ თქვენი ცხოვრების ნაწილია, რომელიც დღეს, ალბათ, სასიამოვნოდ, ღიმილით გახსენდებათ.
– ანსამბლში „ბოზოკას“ მეძახდნენ. არც ისე იოლი იყო გოგოების სასტუმროში შეყვანა, მაგრამ, მე შემყავდა. ხელში გიტარას დავაკავებინებდი ან ვეტყოდი – კოსტიუმი დამიჭირე, გენაცვალე-მეთქი და... არა, სასტუმროში არ წამოვალთ, ქალაქში გაიგებენო – იპრანჭებოდნენ. მაშინ ხომ ყველაფერი აკრძალული იყო და, ცხადია, სახელს უფრთხილდებოდნენ, თორემ, ჩვენ რა გვენაღვლებოდა. ციმბირში ყოფნისას, ერთი კარგი, ლამაზი სასმლის ბოთლი გვქონდა და იმას დავათრევდით ბიჭები: ჩავასხამდით არაყს, მაღაზიებში სხვადასხვა ხილის სიროფი მანეთი ღირდა, ვიყიდდით, შევურევდით და მაგარი ლიქიორიც მზად იყო; ან, შამპანურში ვურევდით არაყს. ამას რომ ქალს დაალევინებ, რატომღაც მაშინვე ლოგინში წვება. ავიტანდით სასტუმროში, არაყი შპრიცით მქონდა წაღებული და ერთ ორას გრამს ჩუმად შამპანურის ბოთლში შევუშვებდი. ტვინსაც შლიდა და ფეხებსაც.
– ეს მთელმა ანსამბლმა იცოდა და თქვენს ცოლს როგორ არ ეცოდინებოდა?
– მე ვამბობ იმ პერიოდზე, ახალგაზრდები რომ ვიყავით და ცოლები არ გვყავდა. არა, ცოლებიც რომ გვყავდა, მაშინაც ხდებოდა რაღაცეები, მაგრამ, კი არ ვღალატობდით. შეიძლება, ადამიანმა სამი, ოთხი დღე გაძლო უჭმელი, მაგრამ, „იმის“ გარეშე?! ამერიკაში რომ ხარ წასული ოთხი თვე, ძალიან ძნელია. ამიტომ მე არ ვუწოდებ ამას ღალატს, ეს არის ვარჯიში, რომ მერე ჩამოხვიდე და ცოლთან კარგად იყო. ღალატია, როცა ცოლიც გყავს და საყვარელიც, ცოლს ატყუებ, სამსახურში მივდივარო და ამ დროს სხვას ხვდები. გასტროლებზე რომ ვიყავი და ცოლს თვეობით ვერ ვხედავდი, ვვარჯიშობდი, იქ ვხარჯავდი ენერგიასაც და ფულსაც. შეიძლება, ბევრმა ცოლმა თქვას, შენ რომ იქ ვარჯიშობდი, ხომ შეიძლებოდა, მეც მევარჯიშაო. მაგაზე პასუხი ერთია: ჩვენი ბუნება, ქალისა და მამაკაცის, ერთი არ არის. თუ ის ამაზე წავიდა, მაშინ, მან უნდა ჩააქსოვოს შიგ მთელი თავისი სული, გრძნობები. მხოლოდ ფიზიკურ დაკმაყოფილებაში არ არის საქმე, თორემ, მე სადღაც უდაბნოში ვარ და ქალი წამომეკიდა, როგორ, კაცო, უარი ვუთხრა?!