კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა მნიშვნელოვან წინადადებაზე თქვა ლიანა ასათიანმა უარი და რატომ გაიპარა ამერიკაში მისი შვილი ლექსო თორაძე

ყველასთვის ცნობილი და საყვარელი მსახიობის, ლიანა ასათიანის ცხოვრება არც ისეთი მარტივი და უზრუნველი იყო, როგორიც ეს ერთი შეხედვით ჩანდა გარეშე თვალისთვის. მის ცხოვრებაში, ბევრ სიხარულთან და ბედნიერებასთან ერთად, იყო არაერთი გასაჭირი და სირთულე. როგორი იყო ლიანა ასათიანის გზა კინოვარსკვლავობამდე, ამაზე თავად მსახიობი გვესაუბრება.

– უპირველეს ყოვლისა, მინდა, შევეხოთ თქვენს სამსახიობო კარიერას: როგორ დაიწყო ის, ვინმე თუ დაგეხმარათ წარმატების მიღწევაში?

– ერთხელ მე და ჩემი მეგობრები მარჯანიშვილის თეატრში ვიყავით, სპექტაკლზე „გიორგი სააკაძე”. მაშინ ძალიან პატარა ვიყავი, მახსოვს, შესვენების დროს მოგვიახლოვდნენ უცნობი ქალი და მამაკაცი და კინოში გადაღება შემომთავაზეს. მე ყოველთვის ამაზე ვოცნებობდი და იმდენად მოულოდნელი და ამაღელვებელი იყო ჩემთვის ეს შემოთავაზება, რომ იმ მომენტში ათასმა აზრმა გამიარა თავში. წარმოვიდგინე, რომ ყველა ოცნება ერთად ამიხდებოდა. მაშინ 16 წლის ვიყავი, პატარა ბავშვი, რომელსაც მთელი ცხოვრება წინ ჰქონდა. მათ შემომთავაზეს თეკლეს როლი ფილმში „გიორგი სააკაძე”. დამიბარეს სინჯებზე. როდესაც მივედი, ჩამაცვეს, შემღებეს და ისე გამალამაზეს, სარკეში საკუთარ თავს ვერ ვცნობდი. მაშინ მომეწონა პირველად ჩემი თავი (იცინის).

– ალბათ, ძალიან დიდი კონკურსი იქნებოდა ამ როლზე.

– რასაკვირველია, აუარებელი ადამიანი იყო მოსული, თითქმის მთელი საქართველო. მაგრამ, მოხდა ისე, რომ მე დამამტკიცეს ამ როლზე. აღმოვჩნდი ისეთ ლეგენდარულ მსახიობთა შორის, როგორებიც იყვნენ ხორავა, ვასაძე, ჟორჟოლიანი და სხვა უამრავი მსახიობი. ბავშვობაში მათ სურათებს ვყიდულობდი და ვაგროვებდი. რას წარმოვიდგენდი, მათთან ერთად თუ დავდგებოდი გადასაღებ მოედანზე! ასე გაიხსნა ზეცა ჩემს ცხოვრებაში.

– წარმოგიდგენიათ, როგორ გაგრძელდებოდა თქვენი ცხოვრება, ამ როლზე რომ არ მოხვედრილიყავით?

– არა, ამის წარმოდგენაც კი არ მინდა. ეს როლი რომ არა, ლიანას ვერავინ შეამჩნევდა. „გიორგი სააკაძის“ შემდეგ გაიხსნა გზა ჩემი კინოკარიერისკენ. ამ როლს მოჰყვა სხვა უამრავი როლი და ასე დავმკვიდრდი ქართულ კინოსამყაროში. თავიდან ძალიან მრცხვენოდა ხოლმე ასეთი ლეგენდარული მსახიობების გვერდით თამაში – სასწრაფოდ შევრბოდი საგრიმიოროში და გრიმით ვფარავდი აწითლებულ სახეს (იცინის). მერე, ნელ-ნელა მეც შევიძინე გამოცდილება და უკვე ყველაფერი ძალიან კარგად იყო.

– თვითონ მათი დამოკიდებულება როგორი იყო თქვენ მიმართ, როგორ მიგიღეს?

– ძალიან პატარა ვიყავი და ყველა მეფერებოდა, ყველა დადებითად იყო განწყობილი ჩემ მიმართ და მე ეს უფრო დიდ სტიმულს მაძლევდა. ყოველთვის იმას ვცდილობდი, რეჟისორის არჩევანი არ გამემტყუნებინა.

– თქვენი პირადი ცხოვრებაც წარმატებულმა კინოკარიერამ ხომ არ განაპირობა?

– დიახ, რა თქმა უნდა. ჩემი პირადი ცხოვრებაც ისე კარგად წარიმართა, როგორც სამსახიობო კარიერა. მახსოვს, ვმუშაობდით ფილმზე „ჭირვეული მეზობლები”. ჩემი მეუღლე ამ ფილმისთვის მუსიკას წერდა. პირველი დანახვისთანავე გავიფიქრე, ძალიან ნიჭიერი და ჭკვიანი კაცია-მეთქი.

– ესე იგი, პირველად თქვენ მოგეწონათ?

– დიახ, მაშინვე დადებითად განვეწყვე მის მიმართ. საოცრად სათნო სახე ჰქონდა. დანახვისთანავე გადავწყვიტე, რომ შეიძლებოდა, მიმეცა ჩემი თავისთვის უფლება, რომ ის ჩემი ქმარი გამხდარიყო. თუმცა, შეიძლება, მას ჩემზე ადრე გაუჩნდა გრძნობები, არც ამას გამოვრიცხავ (იცინის). ჩვენ მალე შევუღლდით – ერთხელაც, დავსხედით და გადავწყვიტეთ, რომ ყოველგვარი სიგიჟის გარეშე შეგვექმნა ოჯახი. მერე გაჩნდა ლექსო, შემდეგ – ნინო.

– თქვენი ოჯახი ყოველთვის ძალიან ცნობილი და სახელგანთქმული იყო – თქვენი მეუღლე, თქვენ, თქვენი შვილები... როგორც ვიცი, შემოთავაზებაც კი გქონდათ, რომ თქვენი სახლი მუზეუმად გადაგეკეთებინათ.

– დიახ, ცოტა ხნის წინ შემომთავაზეს კინოსახლიდან, რომ ჩემი ბინა სახლმუზეუმად გადაგვეკეთებინა, რომელსაც ჩემი მეუღლის, ჩემი და ლექსოს სახელი ერქმეოდა, მაგრამ ჩემმა ქალიშვილმა არ ისურვა. მართალიც იყო – ჯობდა, სახლად დარჩენილიყო. თან, ძალიან ცოტა სურათი მაქვს.

– თქვენი შვილი, ლექსო, ამერიკაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პიანისტია. როგორი გრძნობაა ეს დედისთვის, როცა მის შვილს მთელი მსოფლიო იცნობს? არ გაგჩენიათ სურვილი, ის თქვენ გვერდით ცხოვრობდეს და არ იყოს ასე შორს?

– რა თქმა უნდა, ძალიან სასიხარულო გრძნობაა, დამიჯერეთ, დედისთვის სიშორეს დიდი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, შვილი კარგად მყავდეს. ძალიან მენატრება ხოლმე, მაგრამ, მას აქვს თავისი ოჯახი, კარიერა, თავს ძალიან ბედნიერად გრძნობს და ამიტომ მეც ძალიან ბედნიერი ვარ.

– როგორც ვიცი, საკმაოდ გახმაურებული ფაქტი იყო მისი ამერიკაში წასვლა. ამ ამბავს ათასი მითქმა-მოთქმა მოჰყვა. ალბათ, ძალიან რთული გადასატანი იყო ეს თქვენთვის.

– ძალიან საშინელი დრო იყო. ვნერვიულობდი, ლექსო არ დაღუპულიყო. ის რომ „კაგებეს“ ესპანეთში დაეჭირა, ნამდვილად მოკლავდნენ. მე ლექსოს გაპარვა მაშინვე გავიგე, როგორც კი გაუჩინარდა. რა თქმა უნდა, მეც ძალიან ვნერვიულობდი, მაგრამ, ისე არა, როგორც ჩემი მეუღლე. ამ ამბის შემდეგ დაიწყო სმა. ძალიან ცუდად იყო ხოლმე. მისთვის ეს უდიდესი ტრაგედია იყო. მან ლექსოს დაუწერა კონცერტი, რომლის შესრულება ლექსომ ვერ მოასწრო. ცოტა ხნის შემდეგ გავიგეთ, რომ ახლობლებმა ის ამერიკაში გააპარეს, იქ კი საშიშროება აღარ ემუქრებოდა და მეც ცოტა დავმშვიდდი. შემდეგ მან ამერიკაში ცხოვრება აიწყო. აქაც ჩამოდის ხოლმე. ბოლოს შარშან იყო ჩამოსული.

– თქვენი მეორე შვილი, ნინო რას საქმიანობს? როგორც ვიცი, ისიც უცხოეთში ცხოვრობს.

– ნინო ინგლისშია. ისიც ძალიან წარმატებულია თავის საქმეში. ინგლისში არის ძალიან ცნობილი და პოპულარული დიზაინერი „ზენია”, რომელიც ყველაზე მდიდარი ხალხისთვის კერავს ტანსაცმელს. ჩემი ნინო მასთან მუშაობს – მისი ფიარ-მენეჯერია. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩემი ორივე შვილი კარგად არის. ეს ჩემთვის ყველაზე სასიამოვნო გრძნობაა.

– ისევ თქვენს წარსულ ცხოვრებას დავუბრუნდეთ. ყოველთვის განთქმული იყო თქვენი სილამაზე. ყველა თქვენს გარეგნობაზე ლაპარაკობდა. ალბათ, უამრავი თაყვანისმცემელი გყავდათ.

– ალბათ, მყავდა, არ ვიცი. თუმცა, ყველამ იცოდა, გათხოვილი რომ ვიყავი და ვერ მიბედავდნენ მოახლოებას. არავის უთქვამს ჩემთვის დაანებე ქმარს თავი და ჩემთან წამოდიო. თან, ისეთი პერიოდი იყო, არავის ფული არ ჰქონდა. ისეთი ღატაკი დრო იყო, ქორწილზე ვერც კი ვიოცნებებდი. ვიცოდი, რომ საშუალება არ გვქონდა და ამიტომ არც გამჩენია სურვილი, ქორწილი მქონოდა. ალბათ, ძალიან მომიხდებოდა თეთრი კაბა.

– ალბათ, ასეთი წარმატებული სამსახიობო კარიერა თქვენი არაჩვეულებრივი გარეგნობის დამსახურება იყო.

– არ ვიცი, ალბათ, დაინახეს, რომ იყო ჩემში რაღაც ორიგინალური, ცოტა განსხვავებული გარეგნობა – ირიბად აწეული თვალის ჭრილი... საკუთარ თავზე მე ხომ არ ვილაპარაკებ. როგორც, ჩანს მოვწონდი რეჟისორებს, რადგან ყოველთვის მამტკიცებდნენ როლებზე.

– თქვენი მეუღლე არ ეჭვიანობდა?

– როგორ არა, საშინელი ეჭვიანი იყო. ყოველთვის იმ ადამიანზე ეჭვიანობდა, ვისზეც მიზეზი არ ჰქონდა. გადაღებებზე მოდიოდა ხოლმე და ხასიათს მიფუჭებდა (იცინის). ძალიან მკაცრი იყო, სულ მამოწმებდა.

– ამის გამო კონფლიქტები ხომ არ მოგდიოდათ ხოლმე?

– როგორ არა! მე ვუხსნიდი, რომ საეჭვიანო არაფერი ჰქონდა, ის კი მაინც თავისას არ იშლიდა. ახლა პირველად უნდა ვთქვა: როდესაც წოდებებზე წარმადგინეს, ჩემი ქმარი დადიოდა სამინისტროებში და ეუბნებოდა მინისტრებს, არ მოეცათ ჩემთვის წოდება, თორემ, გამეყრებოდა. არ სიამოვნებდა ჩემი წინსვლა, რადგან, უნდოდა, რომ სულ სახლში ვყოფილიყავი მასთან ერთად.

– ესე იგი, მსახიობის პროფესიას კარგი თვალით არ უყურებდა, მაგრამ, თქვენ მაინც თქვენსას მიაღწიეთ.

– მე ჩემს ოცნებაზე უარს ვერ ვიტყოდი. მართალია, ჩემი მეუღლე ძალიან ეჭვიანი იყო, მაგრამ, ამავდროულად, იყო უკეთილშობილესი, უნიჭიერესი ადამიანი. როგორც ჩანს, არც ისე მიშლიდა ხელს, თორემ, ამდენს ვერ მივაღწევდი.

– ცხოვრების შემობრუნება რომ შეიძლებოდეს, რას შეცვლიდით თქვენს ცხოვრებაში?

– ალბათ, არაფერს. მართალია, საკმაოდ რთული ცხოვრება გავიარე, მაგრამ, მაინც ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი ბედის. ყველაფერი ისე ხდებოდა, როგორც მე მინდოდა. ჩემი ყველაზე დიდი ოცნება ავისრულე და გავხდი მსახიობი; მყავდა სახელგანთქმული ქმარი. მყავს არაჩვეულებრივი შვილები – ამაზე მეტი კი რა გინდა ადამიანს ცხოვრებაში. ძალიან ბედნიერი ქალი ვარ.


скачать dle 11.3