ზალიკო სულაკაურის ტრადიციული გამოფენა 1 აპრილს
რამდენიმე წელია, ყველასთვის საყვარელ მხატვარს, ზალიკო სულაკაურს, ტრადიცია აქვს, რომ იუმორის და არა ტყუილის საერთაშორისო დღეს, თავისი იუმორისტული ნამუშევრები საზოგადოების წინაშე გამოფინოს. წელს, 1 აპრილს, ნამუშევრები საჯარო ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში გამოიფინა. წლებთან ერთად, ზალიკომაც შეცვალა გამოფენის არსი: „თუ წლების წინ, 1 აპრილს, მხოლოდ ჩემი იუმორისტული ნამუშევრები იყო გამოფენილი დამთვალიერებლის წინაშე, თანდათან ყველაფერი შეიცვალა, ჯერ მოსწავლეების რამდენიმე ნახატი შეემატა, მერე სტუდია ისე გაფართოვდა, რომ უკვე ნახევარი დარბაზი მათ ნამუშევრებს ეკავა, ნახევარი კი – ჩემს ნახატებს. ახლა კი საქმე იქამდე მივიდა, რომ დღეს აქ მხოლოდ ჩემს ხუთ ნამუშევარს ნახავთ, რომელთაგან არც ერთი არ არის კარიკატურული”, – თქვა მხატვარმა. როგორც ჩანს, მან გადაწყვიტა, სხვა პროფილით წარმდგარიყო საზოგადოების წინაშე და სტუდიის მოსწავლეების საუკეთესო ნახატებთან ერთად გვაჩვენა თავისი საინტერესო ნამუშევრები. აკუტაგავას პორტრეტი, მოქეიფე ბითლზები, სადაც ლენონი და ჰარისონი ერთმანეთს ყანწებს უჭახუნებენ; ორი ნახატი, სახელად „სიყვარული“ დამთვალიერებლებს მართლა აჯადოებდა. მთელი საქართველო შეყვარებულია ზალიკოს კარიკატურებზე, ახლა კი მან ახალი ხერხით შეძლო ჩვენი მოხიბვლა.