“ჭამა და სექსის„ პრემიერა კინოთეატრ “ამირანში„
31 მარტს გიორგი ლიფონავას მიერ რეკორდულ დროში გადაღებული მხატვრული ფილმის – „ჭამა და სექსის” პრემიერა შედგა. პრემიერა არ იყო პომპეზური, წითელი ხალიჩით, სტენდებით, საღამოს კაბებითა და ბევრი ფოტოგრაფით, თუმცა, ამას ფილმისთვის მომხიბვლელობა და ინტერესი არ დაუკლია. სცენარისტმა და რეჟისორმა გამადიდებელი შუშა მოიმარჯვეს და, რამდენიმე მოკლე ნოველა, რომელიც ძალიან ახლოს არის ქართულ რეალობასთან, ჩვენც ზუსტად ისევე, ირონიულად და მტკივნეულად დაგვანახვეს, როგორც, წესით, უნდა ვხედავდეთ. ფილმში რამდენიმე ოჯახური, უფრო სწორად, რამდენიმე წყვილის ისტორიაა მოთხრობილი, რომელთა ურთიერთობაც, ორი ადამიანური საბაზისო ინსტინქტიდან – ჭამიდან და სექსიდან გამომდინარე, სულ უფრო და უფრო რთულდება. ფილმში ცნობილი ქართველი მსახიობები მონაწილეობენ: გიორგი ვარდოსანიძე, თემიკო ჭიჭინაძე, შორენა ბეგაშვილი, ვანიკო თარხნიშვილი, დიმა ტატიშვილი, გია ცინაძე და სხვები. ისინი სხვადასხვა ნოველაში ძალიან ახლობელ და, ამავე დროს, სრულიად განსხვავებულ ადამიანურ ურთიერთობებს ასახიერებენ. ბევრი იუმორი, საინტერესო ისტორიების თხრობითა და ჩვენი მენტალობის სიმახინჯეებზე მითითებებით, საერთო ჯამში, მიმზიდველი და დინამიკური ფილმი გამოვიდა, რომლის ყურების დროსაც, ერთი სული არ გაქვს, როდის დამთავრდება.