რაში შოულობდა ფულს ნიკა ვადაჭკორია ხუთი წლის ასაკიდან და რატომ ამბობს ის უარს უცხოეთში წარმატებულ კარიერაზე
ალბათ, გასაკვირი არ არის, რომ ცნობილი ილუზიონისტის, ზურაბ ვადაჭკორიას შვილი – ნიკა ვადაჭკორია ილუზიონისტის ხელოვნებაში კარგად ერკვევა და მისმა ოსტატობამ, არა მარტო საქართველოში, უცხოეთშიც გააოცა ბევრი. რომ იტყვიან, კვიცი გვარზე ხტისო. ჰოდა, ნიკაც, მამის მსგავსად, ამ საქმეში დიდად დახელოვნდა და 22 წლის ასაკში, სახელის დამკვიდრება უკვე შეძლო. ნიკა „ნოკიას” ცენტრში მუშაობს და სამეგობრო წრეში, არასდროს ამბობს უარს, ახალ-ახალი ფოკუსებით გააოცოს ისინი.
ნიკა ვადაჭკორია: ბავშვობიდან, რაც აზროვნება ჩამომიყალიბდა, მამაჩემის ფოკუსებს ვაკვირდებოდი. თან, სახლშიც სულ ჩართული იყო არა მარტო მამის, არამედ უცხოელი ილუზიონისტების ვიდეომასალები. ასე რომ, მინდოდა თუ არა, მათ ვაკვირდებოდი (იცინის). რომ წამოვიზარდე და იგებდნენ, ზურა ვადაჭკორიას შვილი ვიყავი, ყველა მთხოვდა – მიდი, რა, ფოკუსი გაგვიკეთეო. სირცხვილიც იყო, არ გამეკეთებინა. ისე, ნიჭიც აღმომაჩნდა, თორემ, მარტო მამის სახელი, დამეთანხმებით, ვერ გამომადგებოდა ამ საქმეში.
– როგორც ვიცი, ხუთი წლის ასაკში უკვე მუშაობდი და საკმაოდ მაღალ ანაზღაურებასაც იღებდი. ხომ არ ვცდები?
– არ ცდებით. ხუთი წლის ასაკში, ფილარმონიაში ვმუშაობდი. საახალწლო კონცერტებში ვიღებდი მონაწილეობას. რვა წლისა კი მარჯანიშვილის თეატრში ვმუშაობდი და ცამეტი წლის შემდეგ, ამ საქმეს დროებით ჩამოვშორდი. მახსოვს, საბავშვო საახალწლო კონცერტებში, თერთმეტი დღე გამოვდიოდი, ფოკუსებს ვაჩვენებდი და ხუთი წლის ასაკში, 165 ლარი ავიღე. ეს საკმაოდ დიდი ფული იყო მაშინ.
– მამა გავარჯიშებდა?
– რასაკვირველია, მამა მავარჯიშებდა. უნდა გენახათ, როგორ მიყურებდნენ ბავშვები, რგოლებით რომ ვაკეთებდი ფოკუსს ან ქაღალდს რომ დავხევდი და მერე ისევ ვამთელებდი (იცინის). არ დამავიწყდება, ერთხელ სკოლაში ჩავატარე ფოკუსი და ამის გამო, მაგარ შარს ავცდი. მოკლედ, მეთერთმეტე კლასში რომ ვიყავი, სკოლაში რემონტი მიმდინარეობდა. ინფორმატიკის კაბინეტში ახალი შეტანილი იყო კომპიუტერები და მას კურირებდა ერთი კაცი. კარებში გასაღები იყო დარჩენილი. გავაღეთ კარი, ჩემი კლასელი გოგონები შევიდნენ თუ არა, კარი მივუხურეთ და გასაღებით ჩავკეტეთ. ეს გასაღები მე მიჭირავს ხელში. ატეხეს ბრახა-ბრუხი და ყვირილი შიგნიდან. მოვარდა ის ზედამხედველი და სულ გადაირია. ერთ ამბავშია, ილანძღება, იგინება... ერთი სიტყვით, ისე ჩხუბობდა, მართლა ვერ ვიტყოდი, გასაღები მე მაქვს-მეთქი. მივუახლოვდი და ვუთხარი, უკაცრავად, ბატონო, ვიცი, ვინც არის შიგნით და არაფერს გააფუჭებენ-მეთქი და თან, ამ საუბარში გასაღები ოსტატურად ჩავუცურე ჯიბეში. ეს ჩემმა კლასელმა დაინახა. გავეცალე. ატეხა გინება, ვისაც ახლა ამ ოთახის გასაღები აქვს, იმის ასე და ისე, ისე და ასეო (იცინის). კარგად რომ მოიოხა გული გინებით, ჩემმა კლასელმა უთხრა, შემთხვევით, თქვენ ხომ არ გიდევთ ჯიბეშიო. სულ გადაირია. ისევ მოაყოლა სართულებიანი და ჩაიყო ჯიბეში ხელი... აი, იმის სახე უნდა გენახათ, იმ მომენტში (იცინის). მერე კი უთხრეს, ზურა ვადაჭკორიას შვილმა ჩაგიდოთ გასაღები ჯიბეშიო. აი, აქ კი გადავრჩი და დამეხმარა მამის სახელი, თორემ ნამდვილად გამგლეჯდა ის კაცი (იცინის).
– მამას თუ მოსწონს შენი გაკეთებული ფოკუსები?
– მამას რა უნდა ვაჩვენო, რომ გავაკვირვო (იცინის). თავად ამ საქმის პროფესიონალია. ეს საქმე მამაჩემის პროფესიაა, ჩემთვის კი – უბრალო გართობა. თუმცა, ილუზიონისტის ხელოვნებას დიდ პატივს ვცემ და ყოველთვის მაინტერესებს. უამრავი უცხოელი ილუზიონისტი მეგობარიც მყავს და სულ მაინტერესებს სიახლეები, რაც ამ სფეროში ხდება. ლას-ვეგასში ცხოვრობს და მოღვაწეობს უსერიოზულესი ილუზიონისტი ლანს ბარტონი, რომლის შემოქმედებასაც დიდ პატივს ვცემ. სხვათა შორის, მან მამას დაბადების დღე მიულოცა და ეს დიდი პატივია. ბარტონს საკუთარი თეატრიც აქვს და რამდენიმე მილიონს უხდიან წელიწადში. გული მწყდება, რომ საქართველოში ილუზიონისტის ხელოვნებას სათანადო ყურადღებას არ აქცევენ.
– ამბობენ, კარგი ილუზიონისტი რომ იყო, მახვილი თვალი უნდა გქონდეს და ხელების სისწრაფეო.
– ხელების სისწრაფე თანდაყოლილი არ არის, შედეგს ადამიანი ვარჯიშით აღწევს. ჩემი აზრით, შეუძლებელი არაფერია. ჩემთვის ეს ადვილია. თან, დღეების განმავლობაში, ოცდაოთხი საათიდან, თვრამეტი რომ ვარჯიშობ, ფოკუსი არ გამოგივიდეს სირცხვილიცაა. სხვათა შორის, ზოგი ფოკუსის გაკეთებისას აუცილებელია ფიზიკისა და ქიმიის ცოდნა, მაგრამ თუ მხოლოდ თითებით მოქმედებს ილუზიონისტი, ამას მხოლოდ სწრაფი ხელები სჭირდება.
– ქალი თუ გაგიხერხავს? დამეთანხმები, ეს ბატონი ზურას, ეგრეთ წოდებული, სასცენო, საილუზიო, საფირმო ნომერი გახლდათ.
– (იცინის). ქალის გახერხვა მამას გამოსდის კარგად, მე არც მიცდია. თან, მე მინდა, რაღაც ახალი ვაჩვენო და არა ის, რაც უკვე იცის მაყურებელმა. მოკლედ, სიახლეები მიზიდავს. იგივე ფოკუსის გაკეთება, რაც გასული საუკუნის 80-იან წლებში იყო პოპულარული და შოკის მომგვრელი, დღეს მოსაბეზრებელია. გამოგიტყდებით, უფრო მეტად, კარტით მიყვარს ფოკუსების კეთება.
– როგორც ვიცი, უცხოეთში სწავლობდი და პედაგოგები შენი ფოკუსებით აღფრთოვანებულები იყვნენ. არაერთი ქვეყნიდან შემოთავაზებებიც გქონდა, თუმცა უარი თქვი, რატომ?
– სკოლის დამთავრების შემდეგ, თეატრალურში ჩავაბარე. მერე, ტურიზმის აკადემიაში გადავედი, მუშაობაც დავიწყე. თან, ძალიან მიყვარს მოგზაურობა და როგორც კი 17 წლის გავხდი, სტამბულში წავედი, თითების თეატრის მსახიობებთან ერთად. იქ მოვიფიქრე კარგი ფოკუსი და სცენაზე ვაჩვენე. ძალიან მოეწონათ და მერე პროგრამაშიც შევიტანეთ. შემდეგ, იტალიაში წავედი სასწავლებლად. იქ სხვადასხვა ქვეყნიდან იყვნენ ჩამოსულები და ასეთი დავალება მოგვცეს, რომ ყველას ჩვენ-ჩვენი ქვეყნის ნაციონალური კერძი უნდა წარმოგვედგინა და ორიგინალური ცეკვა ან სიმღერა შეგვესრულებინა. ბრაზილიელებმა თავისი ნაციონალური საჭმელი წარმოადგინეს და ბრაზილიური ცეკვა შეასრულეს. ესპანელებმაც, ანალოგიურად, თავისი ნაციონალური კერძი და ცეკვა წარმოადგინეს და ასე შემდეგ. მეც ბევრი არ მიფიქრია, წავედი სუპერმარკეტში, შევიძინე ხორცი და ფქვილი, კარგი ხინკალიც მოვახვიე და ვიმღერე კიდეც აჭარული „განდაგანა”. სიმართლე გითხრათ, სიმღერა დიდად არ გამომივიდა, მაგრამ ხინკალი რომ მოვახვიე, მართლა გაოცდნენ (იცინის).
– ხინკლის გაკეთება არ გაგიჭირდა?
– უნდა გენახათ, წინა დღეს, რამდენი ვრეკე საქართველოში (იცინის). დედაჩემი ხომ შევაწუხე კითხვებით, და, თუკი ვინმეს შეხება ჰქონდა სამზარეულოსთან, ყველას ჩამოვურეკე. ერთი სიტყვით, უცხოელების გული კი მოვიგე და... უნდა გენახათ, როგორ ჭამეს (იცინის). მოკლედ, სიმღერაც მოვაყოლე, ამ ჩემს ნაციონალურ კერძს და მერე ფოკუსებზეც გადავედი. რაც ვიცოდი, კარგად გამომივიდოდა, ის გავაკეთე, აბა, აჭარულს ხომ არ ჩამოვუვლიდი (იცინის)? ბევრი ფოკუსი ვაჩვენე და ბოლოს სასწავლებლის დირექტორის მეუღლეს მივუახლოვდი, გამოვართვი ბეჭედი, თოკზე წამოვაცვი და მას კი კალამი დავაჭერინე ხელში. გავეცალე ამ ჩემი თოკით და ბეჭდით, სწრაფი მოძრაობები ჩავატარე და უცებ, ის ბეჭედი მის კალამზე აღმოჩნდა. გადაირივნენ, პირი ღია დარჩათ (იცინის). არადა, ეს ფოკუსი იქ პირველად გავაკეთე და დიდი შანსი იყო არ გამომსვლოდა. კარგა ხანს, ამ ფოკუსზე ლაპარაკობდა ყველა. ბოლოს გამოცდები გვქონდა ჩასაბარებელი. სამოცდაათი კაცი დაგვსვეს დიდ დარბაზში და დაიწყეს იმ სტუდენტების სიის ამოკითხვა, ვინც გამოცდები ჩააბარა. თან, ატესტატებს ურიგებენ. ამოიკითხეს სია და დაახლოებით, ხუთი სტუდენტი დარჩა. გვერდით, ესპანელი კურსელი მეჯდა და ჩუმად მითხრა, არ გაძლევენ ვადაჭკორია დიპლომსო. ვიფიქრე, ხუმრობს-მეთქი. არადა, ჩავიდნენ ბოლოში და ჩემს გვარს არ კითხულობენ. თან, ყველა საგანი ჩაბარებული მქონდა. ვიფიქრე, რა ხდება-მეთქი. დირექტორი, რომელიც ატესტატებს არიგებდა, დაიხარა, ჯიბიდან ამოიღო საფულე. იქიდან ამოვიდა ბოლი და უცებ გაიშალა, გადახვეული თაბახის ფურცელი. ანუ, გააკეთა ფოკუსი და ამოიკითხა ჩემი გვარი. აი, ასე, ორიგინალურად გადმომცა ატესტატი. ისეთი ბედნიერი ვიყავი, ატესტატი რომ ავიღე, ვერ გადმოგცემთ და ისეთი შოკირებული იტალიელი დირექტორის ფოკუსით, რომ, რა გითხრათ. რომ მოვდიოდი, მითხრეს, არ წახვიდე, დარჩიო. მაგრამ, მე მაინც აქ მირჩევნია, ჩემს ქვეყანაში. მერე ესპანეთიც მოვიარე და ასე... სამსახურიდან ვერ ვახერხებ, ერთ თვეზე მეტხანს უცხოეთში წასვლას. მიწვევები მქონდა, მაგრამ იქ რომ ჩავიდე და კონტრაქტს ხელი მოვაწერო, აქ უნდა დავტოვო სამსახური, ოჯახი, მეგობრები, ნაცნობები... ამად არ მიღირს იქ გადახვეწა. მირჩევნია, საქართველოში ყოფნა, ყოველ შემთხვევაში, ახლა მაინც. პირველად რომ ვუყურე დევიდ კოპერფილდის შოუს, დავფიქრდი, ეს კაცი კი დაფრინავს, მაგრამ, ეს შეუძლებელია-მეთქი. მართალია, ყველა ადამიანი ოცნებობს ფრენაზე, მაგრამ, მე რეალისტი ვარ და ასეთი რამეების არ მჯერა. ასე რომ, გამორიცხულია ადამიანი გაფრინდეს. დევიდი, უბრალოდ, კარგი ფანტაზიორია და მის ბევრ ფოკუსს არ ვაღიარებ. თან, მის ფოკუსებში კომპიუტერული გრაფიკის ელემენტები აშკარად შეიმჩნევა და ასე, მეც კი გავფრინდები (იცინის). ეს საილუზიო ხელოვნება კი არა კომპიუტერულ-პროგრამული ხელოვნებაა და მეტი არაფერი.