რატომ ჰქონდა ლაშა რამიშვილს რთული ბავშვობა და რა გულისტკენა არ დაავიწყდება მას არასდროს
მსახიობ ლაშა რამიშვილს ძალიან აქტიური ცხოვრება აქვს. ის მუსკომედიის თეატრის მსახიობია, მღერის, ცეკვავს. ყველაზე დიდ სიამოვნებას მაშინ განიცდის, როცა ეს ყველაფერი სინთეზშია ერთმანეთთან. მაყურებელმა ის ცოტა ხნის წინ სერიალში „მეზობლები” იხილა. რატომ შეწყდა დროებით ამ სერიალის გადაღებები და რა საინტერესო ნიჭი აღმოაჩინა საკუთარ თავში ლაშა რამიშვილმა, ამაზე თავად მსახიობი გვესაუბრება.
– ცოტა ხნის წინ მაყურებელმა სერიალ „მეზობლებში” გიხილა, შემდეგ ამ სერიალის გადაღებები შეწყდა. ახლახან კი ისევ განახლდა. რა მოხდა, რა იყო ამის მიზეზი?
– ამის მიზეზი იყო მხოლოდ ის, რომ მოსამზადებელი პერიოდი გაიწელა. ცოტა ხანში ყველაფერი გამოსწორდა და ისევ ძველებურად გრძელდება გადაღებები. პირადად მე, ძალიან მომწონს ეს სერიალი. განსაკუთრებით ჩემი გმირი. ძალიან საყვარელი, კეთილი და მოსიყვარულე ადამიანია. არის უზომოდ კანონმორჩილი. სხვათა შორის მე ძალიან მგავს.
– ის ზედმეტად სენტიმენტალური და გულჩვილია. შენც ასეთი ხარ?
– კი, მეც ძალიან სენტიმენტალური და გულჩვილი ვარ, მაგრამ არც ისე ზედმეტად როგორც ის (იცინის). ერთადერთი, რაც მასში მაღიზიანებს ის არის, რომ დაბალი ქალები მოსწონს (იცინის). ამ საკითხში მისნაირი გემოვნება არ მაქვს (იცინის).
– ესე იგი, შენ მაღალი ქალები მოგწონს?
– კი, მე მაღალი და ჯიშიანი ქალები მომწონს (იცინის).
– რეალურ ცხოვრებაშიც ისეთი კანონმორჩილი ხარ, როგორც სერიალში?
– კი, მართლაც ზედმეტად კანონმორჩილი ვარ. ერთხელ მე და კახა კეპულაძე რეპეტიციიდან მოვდიოდით და შევუხვიეთ იქ, სადაც არ შეიძლებოდა. მაშინვე გაგვაჩერა პატრულმა. არც შემოგვხედეს ვინ ვიყავით და საბუთები მოგვთხოვეს. მე მაშინვე ვუთხარი, ვიცი, რომ დავარღვიე, ამიტომ სასწრაფოდ გამომიწერე ჯარიმა-მეთქი. (იცინის). ჯარიმებს მე თვითონ ვითხოვ უკვე (იცინის). როდესაც საბუთებს ამოწმებდა, თან იარაღზე ედო ხელი, როგორც პატრულებს სჩვევიათ ხოლმე. მე ვუთხარი, ეგეთი იარაღი მეც მაქვს და ეგეთი ფორმა მეც მაცვია. ასე რომ, მაგით ნუ გამაკვირვებ, მალე გამომიწერე ჯარიმა-მეთქი. (იცინის). მაშინ ჩამოგვხედა და გვიცნო, მაგრამ ჯარიმა მაინც გამოგვიწერა, რადგან კანონი ყველასთვის კანონია.
– სხვა რა სიახლეებია შენკენ?
– როგორც მოგეხსენებათ, 2010 წელს „სლავიანსკი ბაზარზე“ პირველი ადგილი ავიღე. აქედან გამომდინარე, რუმინეთიდან და ესტონეთიდან მომივიდა მოწვევა. ფესტივალზე მიწვევენ, როგორც სტუმარს. სამწუხაროდ, ორივე ფესტივალი ერთმანეთს ემთხვევა. ამიტომ, მომიწია არჩევანის გაკეთება. ესტონეთში წასვლა ვარჩიე, რადგან ძალიან მაინტერესებს ეს ქვეყანა. ყველა ამბობს, რომ ძალიან ლამაზია, ამიტომ მეც მინდა ვნახო. ასევე მაქვს სხვადასხვა შემოთავაზებები ფილმებში. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. კიდევ ერთ სერიალშიც მიმიწვიეს, მაგრამ ის სხვა არხზე გადის და რადგან მე „რუსთავი 2-ის“ პროექტში ვარ, უფლება არ მაქვს სხვა არხზეც ვიმუშაო. კონტრაქტის გამო, ბევრ დათმობაზე მიწევს წასვლა.
– როგორც ვიცი, რუსეთში ცხოვრობდი. იქ დადიოდი სკოლაში. როგორ გახსენდება ის პერიოდი?
– კი, 5 წელი ვცხოვრობდით რუსეთში. დავდიოდი სკოლაში, გიტარაზე და ხატვაზე. თუმცა, ძალიან უნიჭო მხატვარი ვარ. საშინლად მახსენდება იქ ყოფნის პერიოდი. არ მომეწონა რუსეთში ცხოვრება. ერთი კინკილა ქართველი ბავშვი ვიყავი მთელ არიოლში. მახსოვს, ალიოშას მეძახდნენ და ძალიან ბრაზდებოდა მამაჩემი და მეც (იცინის). 8 წლიდან 12 წლამდე ვცხოვრობდი იქ და ყოველდღე ძალიან მაბრაზებდნენ იქაური ბავშვები. სულ რაღაც „სიურპრიზებს” მიწყობდნენ.
– რთული ბავშვობა გქონია.
– კი, იქ ყოფნის პერიოდი რთული იყო ჩემთვის (იცინის). ერთხელ მახსოვს, საპირფარეშოში შევდიოდი, იქ კი ჩასაფრებული ყოფილა ერთი რუსი ბიჭი და ფეხი წამომიდო. წავიქეცი, თავი დავარტყი, ტვინის შერყევა მქონდა, ძალიან ცუდად ვიყავი. ახლაც კი მახსოვს, ლოხა ერქვა იმ ბიჭს.
– მერე, სამაგიერო არ გადაუხადე?
– ვერა, სამაგიერო ვერ გადავუხადე. ახლა სადმე რომ ვნახო, ცოცხალი ვერ გადამირჩება (იცინის). ის გულისტკენა, არასდროს დამავიწყდება.
– მოდი, ისევ შენს ახლანდელ ცხოვრებას დავუბრუნდეთ. თამაშობ თეატრში, სერიალებში მღერი, ცეკვავ. ყველაზე კარგად რა როლში გრძნობ თავს?
– ალბათ, მაშინ ვარ ყველაზე კარგად, როცა ეს ყველაფერი სინთეზშია ერთმანეთთან – მაგალითად, მიუზიკლში. სიმღერის დროს შემიძლია, ადამიანი ბედნიერების პიკში ავიყვანო. პირადად მე, ძალიან ბედნიერი ვარ მაშინ, როცა ვმღერი, მით უმეტეს, თუ კომპლიმენტებით მანებივრებენ, ორმაგად და სამმაგად ბედნიერი ვხდები. სპექტაკლებში თამაშიც უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს, ცეკვაც. ყველაფერი მომწონს, რასაც ვაკეთებ.
– ამ ყველაფერს ერთად როგორ ასწრებ?
– არ ვიცი (იცინის). ხომ ხედავთ, თან ვლაპარაკობ, თან ვჭამ. მერე რეპეტიციაზე გავრბივარ, შემდეგ – თეატრში და ასე (იცინის). მთავარია, ადამიანს შენი საქმე გიყვარდეს და ყველაფერს მოასწრებ. თუ რაღაცა არ გსიამოვნებს და ძალით აკეთებ, იმიტომ რომ სამსახური ასე ითხოვს, მაშინ ძალიან დამღლელია. მადლობა ღმერთს, ჩემს შემთხვევაში ასე არ არის.
– ძალიან აქტიური ადამიანი ჩანხარ. პასიურ ადამიანებთან თუ ახერხებ ურთიერთობას და შენც ხომ არ გაქვს ხოლმე პასიური პერიოდები?
– მართალია, ძალიან აქტიური ვარ. არ შემიძლია, პასიურ ადამიანებთან ურთიერთობა, მღლიან. ერთი-ორი შემთხვევა მახსენდება, როცა ასეთი ხალხის წრეში მოვხვდი და დამეძინა (იცინის). საერთოდ, ძალიან ცოტა ხანს მძინავს. ჩვევად მაქვს, დილით 6 საათზე ადგომა. 5-ზე რომც დავიძინო, მაინც ექვსზე ვიღვიძებ.
– რას აკეთებ, დილის 6 საათიდან?
– საქმე არაფერი მაქვს. უბრალოდ ჩემი ორგანიზმი მიეჩვია ასეთ რეჟიმს. ვკითხულობ ხოლმე პიესას. ხან ჩემს გაკეთებულ სიმღერას ვუსმენ. ერთი სიტყვით, ვმუშაობ. სულ ვმუშაობ და ვმუშაობ.
– დასვენებისთვის თუ გრჩება დრო?
– კი, ოღონდ ეს მაშინ ხდება, როცა მანქანაში ვზივარ. ყველაზე კარგი დასვენებაა, რეისი: თბილისი-რუსთავი და შემდეგ რუსთავი-თბილისი. როცა მანქანაში ვზივარ, ჩემთვის ვფიქრობ რაღაცეებს, ხანდახან ჩავიძინებ ხოლმე. მაგალითად, თუ ნახევარი საათი მაქვს შესვენება, გამოვდივარ, ვჯდები მანქანაში და მუსიკას ვუსმენ. ვმღერი, რეპეტიციებს გავდივარ, ჩემთვის ვვარჯიშობ ხოლმე. ძალიან კარგი დასვენებაა მეგობრებთან ერთად ყოფნა. ფეხბურთის ყურება.
– თუ არის რაღაც, რისთვისაც დროს არასდროს ზოგავ?
– ალბათ, სიმღერისთვის არ დავზოგავ დროს არასდროს. მთელი დღე რომ დამაყენონ და მითხრან, იმღერეო, ვიმღერებ. ეს ჩემთვის იმდენად სასიამოვნო გრძნობაა, არასდროს მბეზრდება.
– კიდევ თუ გაქვს ისეთი ნიჭი, რომელიც მაყურებლისთვის არ არის ცნობილი?
– ჟონგლიორობა ვისწავლე (იცინის). სამ ვაშლს დავიჭერ ხოლმე და ვვარჯიშობ. ჯერჯერობით, მოყვარულის დონეზე ვარ (იცინის). ძალიან მიყვარს „ტრიუკების” კეთება.
– როგორც ჩანს, შენში აკრობატული ნიჭიც აღმოგიჩენია?
– (იცინის) კი. ცოტა ხნის წინ აღმოვაჩინე, რომ ეს ნიჭიც მაქვს. სხვადასხვა ილეთს ვაკეთებ. ვაშლებით ვარჯიშს რაც შეეხება, წესით, ორი ვაშლი ერთ ხელში უნდა გეჭიროს, ორი – მეორეში, მაგრამ მარცხენა ხელით ჯერ ვერ დავამუღამე (იცინის).
– ამასაც მანქანაში ხომ არ ვარჯიშობ?
– (იცინის) არა. მაგ დონეზე არ ვარ განსწავლული. ჟონგლიორობას უფრო დიდი სივრცე სჭირდება.
– დატვირთული გრაფიკიდან გამომდინარე, ოჯახისთვის თუ გრჩება დრო?
– ეგ ძალიან რთული საკითხია. ფაქტობრივად, ჩემს პატარა ლაშა-გიორგის ვერ ვხედავ. მხოლოდ დილით ვახერხებ მის ნახვას, რადგან ბაღში მიმყავს. გზაში მიყვება ხოლმე ამბებს – რა ხდება ბაღში და ასე შემდეგ. ცოტა მეჩაგრება ოჯახი, რადგან მთელი დღე გასული ვარ სახლიდან, მაგრამ რა ვქნა, სხვა გზა არ არის.
– შენ „იუმორინაშიც“ იღებდი მონაწილეობას. კიდევ გიხილავს იქ მაყურებელი?
– კი, მქონდა ბედნიერება, ვყოფილიყავი „იუმორინაში“. ბატონმა ჯემალმა მითხრა, რომ არ ექნებოდა ამას ერთჯერადი სახე და შემდეგ „იუმორინაშიც“ მოგვიწვევდა. ალბათ, ისე იქნება, როგორც ბატონი ჯემალი და გია გადაწყვეტენ. უდიდეს პატივს ვცემ მათ ორივეს. ერთი ოჯახიდან ორი ასეთი უნიჭიერესი ადამიანი, ეს ხომ ძალიან საამაყოა.
– ბოლოს მითხარი, თუ გაქვს რაიმე მიზანი, რისი მიღწევაც განზრახული გაქვს?
– არ ვიცი, ეს მიზანია თუ მხოლოდ ოცნება, მაგრამ მინდა, ჩემი სოლო კონცერტი გავაკეთო. მოგეხსენებათ, ეს დიდ ფინანსებთან არის დაკავშირებული. ამიტომ, თუ სპონსორი არ გამომიჩნდა, მარტო ვერ გავაკეთებ. თუ ეს ნატვრა ამიხდა, გპირდებით, ძალიან დიდ ფოიერვერკს მოვაწყობ. ხომ იცით, ადამიანი იმედით ცოცხლობს და მეც მაქვს იმედი, რომ ეს პატარა ოცნება, ოდესღაც ამისრულდება.