თეთრი ხელთათმანი
ღირსებაშელახული ასფალტი
მართალია, სამთავრობო კვირეული დასრულდა, თუმცა მისი ექო კვლავ გრძელდება და, როგორც წესი, ურთიერთგამომრიცხავი გამოძახილით: სახელისუფლო გუნდი სამთავრობო გამოსვლით, ჩვეულებისამებრ, კმაყოფილია; საპარლამენტო ოპოზიციური ფრთა კი, რომლის ფლაგმანები (სამთავრობო კრიტიკაში) ქრისტიან-დემოკრატები არიან, ასკვნიან, რომ „მთავრობა არა ეფექტური, არამედ დეფექტურია“ (თუ, მაინცდამაინც, ქართულ გრამატიკას ვუერთგულებთ, სავარაუდოდ, ბ-ნ თარგამაძეს იმის თქმა უნდოდა, რომ მთავრობა არაეფექტიანია, თუმცა, რაკი გვესმის, რომ რითმას, ანუ „დეფექტს“, „ეფექტი“ უხდება, ხმას არ ვიღებთ). რაკი არ დაუზუსტებიათ, არაფერი ვუწყით, „დეფექტურად“ შერაცხილთა შორის იგულისხმეს თუ არა ქრისტიან-დემოკრატებმა მინისტრი ნიკოლაიშვილი, რომელმაც იმავე სამთავრობო კვირეულზე განგვიცხადა, რომ ჩვენებური გზები ნიუ-იორკულზე უკეთესია, სამაგიეროდ, ვიცით, რომ ბ-ნი ნიკოლაიშვილის ამ მოსაზრებას არ იზიარებს საქართველოში საფრანგეთის საელჩო, რომლის ვებ-საიტზეც ვკითხულობთ, რომ საქართველოს „კლიმატური პირობები და მოუვლელი ასფალტის საფარი საგზაო მოძრაობას ხშირად რთულსა და სახიფათოს ხდის (შესაძლოა, ასფალტის საფარი გემოვნების საქმე იყოს, მაგრამ ამ ჩვენს კლიმატს, ნეტავ, რას უწუნებენ?!).“
თუ გავიხსენებთ, რომ მოასფალტებული გზები ჩვენი ახლად გადემოკრატიულებული ქვეყნის სავიზიტო ბარათია (და არაერთი მილიონიც შეიწირა ამ საქმემ), ზემომოხმობილი ინფორმაციის ავტორი, ჩემი დემოკრატიული ვარაუდით, ჩვენებური მთავრობისგან გაფითქინებულ ხელთათმანს ნამდვილად იმსახურებს (თუნდაც, შუა საუკუნეების ფრანგულ სტილში)!