პარლამენტის მუჭუჭები
„შენი ჭირიმე, სიკვდილო, სიცოცხლე შვენობს შენითა“
ჩვენ არ ვიცით, რამ გაუღვიძა დეპუტატებს „საკანონმდებლო ორგანოს წევრის გარდაცვალების შემთხვევაში (აბა, სხვა შემთხვევაში, როგორ უნდა დაასაფლაონ?!) დასაფლავებისა და სასაფლაოს მოწყობის ხარჯების ბიუჯეტიდან დაფარვის შესახებ კანონპროექტის“ ქმნის მუზა (ანუ, არის თუ არა მათი საკანონმდებლო წვის მოტივები: „შენი ჭირიმე, სიკვდილო, სიცოცხლე შვენობს შენითა“), მაგრამ, ფაქტია, რომ ზემომოყვანილი სახელწოდების კანონპროექტი არსებობს. ხოლო, რაკი კანონპროექტი უმრავლესობის შემოქმედებაა, სავარაუდოა, რომ მადლიერი ამომრჩევლები თავიანთ რჩეულებზე სიცოცხლეშიც იზრუნებენ და მაშინაც, როდესაც ისინი იმქვეყნად დაივანებენ (იმის გათვალისწინებით, რომ ასი წელი არ მოგვეშალოს მათი ამქვეყნად ხილვა).
კანონპროექტი (მიუხედავად იმისა, რომ თავადაც სარგებლობენ დეპუტატის სტატუსით, ღმერთმა ასი წელი არც მათი ხილვა მოგვიშალოს!) ლეიბორისტებმა ჩანასახშივე გააპროტესტეს და კიდეც დაასკვნეს, რომ „დეპუტატებს გადაწყვეტილი აქვთ, ქვეყანა გარდაცვალების მერეც არ მოასვენონ“. თუმცა ქართველი მშრომელების კრიტიკა დესტრუქციული არ ყოფილა. მათ ამჯერად კონსტრუქციული გზა არჩიეს და განაცხადეს, რომ მხარს მხოლოდ იმ კანონს დაუჭერენ, რომელიც პარლამენტარებისთვის კოლექტიური პოლიტიკური სასაფლაოს მოწყობას გაითვალისწინებს. ამ ინიციატივის ხორცშესხმის შედეგად კი გვპირდებიან, რომ „ქვეყანაც და დეპუტატების მუცლებიც დაისვენებს.“
მზესავით ნათელია, რომ უმრავლესობა ლეიბორისტი კოლეგების აზრს არ გაითვალისწინებს, ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ დეპუტატებს მშვენიერი სახელფასო უზრუნველყოფაც აქვთ (3 000-4 000 ლარი ყოველთვიურად), სიბერეც – გარანტირებული (540-ლარიანი პენსია), ახლა კი დაკრძალვისა და სასაფლაოს ხარჯსაც ამომრჩეველს (ანუ ბიუჯეტს) დააწერენ, ქვეყნისა რა მოგახსენოთ, მაგრამ, აი, თავიანთი ოჯახების მუჭუჭები კი ნამდვილად ყოფილან!