ყავარზე კუდგადებულები
„ფიცი მწამსო“
იმას, რომ საქართველოში შესაშური საინვესტიციო გარემოა და, რაც მთავარია, დემოკრატიის ხარისხი (ზღაპრის გმირის არ იყოს, წლიდან წლამდე კი არა) საათიდან საათამდე რომ იზრდება, მეტად ხშირად გვიმეორებენ როგორც საქართველოში მოღვაწე დასავლელი დიპლომატები, ისე დასავლური სტრუქტურების აქ დამკვირვებლად ჩამოსული წარმომადგენლები. შესაძლოა, ამიტომაც, კუდიც ყავარზე გვაქვს და თავშიც ახალ-ახალი საინვესტიციო წინადადებები მოგვდის. სწორედ იმ მიზნით, რომ გაგვერკვია, რამდენად გულწრფელია ჩვენი დასავლელი მეგობრების ჩვენთვის პირში ნათქვამი სიტყვები, საქართველოში ევროკავშირის ერთ-ერთი წამყვანი ქვეყნის საელჩოს ელექტრონული გვერდი მოვინახულეთ და აღმოვაჩინეთ, რომ არც ისე ქუხს (საინვესტიციო ქუხილი მაქვს მხედველობაში), როგორც წვიმს (რა თქმა უნდა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, რეალური ინვესტიციების რაოდენობას ვგულისხმობ).
კერძოდ, იმ ნაწილში, რომელიც საქართველოს უსაფრთხოებას ეხება (ინფორმაცია საქართველოში მოგზაურობის მსურველთათვისაა), ვკითხულობთ (ჩვენ რა, მთელი მსოფლიოს ის ნაწილი კითხულობს), რომ „ქვეყნის ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ საზღვარზე მძვინვარე კონფლიქტური სიტუაციებიდან გამომდინარე, უცხოელ მოქალაქეებს კატეგორიულად ეკრძალებათ შემდეგ რეგიონებში გამგზავრება:
ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკების მოსაზღვრე ზონები (ჩეჩნეთი, დაღესტანი, ჩრდილოეთ ოსეთი) და პანკისის ხეობა, სადაც ამჟამად 4 000 ლტოლვილი იმყოფება.
აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული ოლქები:
ქართულ-აფხაზური შეტაკებების გახშირებისა და რეგიონში დაძაბული სიტუაციის გამო, იკრძალება აფხაზეთისა და მაღალმთიან კოდორის ხეობაში (ჯერ კიდევ აფხაზეთის სვანეთი) გადაადგილება.
თბილისიდან 60 კილომეტრით, ჩრდილოეთის მიმართულებით, გორის რაიონში, საკუთარი ავტომანქანებისა და სახელმწიფო ტაქსიზე თავდასხმების, განუკითხაობისა და ყველანაირი საქონლით უკანონო ვაჭრობის გამო გადაადგილება რეკომენდებული არ არის.
უცხოურ მანქანებზე გატაცების მიზნით შეიარაღებული თავდასხმები ახლახან აღინიშნა თბილისში, ქუთაისში, უდაბნოში.
ქვეყნის დანარჩენ ტერიტორიაზე, ისევე, როგორც დედაქალაქში, უსაფრთხოების რამე სერიოზული პრობლემა არ არსებობს, თუ არ ჩავთვლით რიგით დანაშაულს (ქურდობა, ძარცვა). საერთო წესით, ღამით გადაადგილებისას დიდი სიფრთხილეა საჭირო.“
ამას ემატება ის ინფორმაციაც, რომ საქართველო სეისმურად აქტიურ რეგიონშია განთავსებული, აქედან გამომდინარე კი (მიუხედავად იმისა, პირადად მე ვერ გავიგე, რა იგულისხმება „უდაბნოში“), ვითომ (ინვესტორს ვინ ჩივის), ამის წამკითხავი ევროპელი იზამს პირს ჩვენკენ?!