გარედან – შიგნით
ადუღებულ-გადადუღებულები
მართალია, კვლავაც უცნობია დაზუსტებით, საქართველოს რა ოდენობის მოქალაქეა გასული ქვეყნიდან (იმიტომაც, რომ მათი ნაწილი არალეგალურადაა უცხოეთში), მაგრამ, თუ უცხოეთიდან საქართველოში გადმორიცხული ფულადი გზავნილების ოდენობით ვიმსჯელებთ, მათი რაოდენობა არც ისე უმნიშვნელოა.
კვლავ ოფიციალური სტატისტიკა მოვიშველიოთო: ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2011 წლის თებერვალში უცხოეთიდან საქართველოში შემოსული თანხის ოდენობა ამავე წლის წინა თვის მაჩვენებელს 10 მილიონ 600 ათასით (ანუ 17,2 პროცენტით) აღემატება (რაც იმას ნიშნავს, რომ ან წამსვლელთა რაოდენობა გაიზარდა, ან უკვე წასულების ანაზღაურება). კერძოდ, რუსეთიდან გადმორიცხულმა თანხამ 38 მილიონზე მეტი შეადგინა, საბერძნეთიდან კი მხოლოდ ხუთ-ნახევარი მილიონი შემოვიდა. ფულადი გზავნილების მოცულობით მესამე ადგილს ჩვენი უპირველესი სტრატეგიული პარტნიორი – აშშ იკავებს (ოკეანის გაღმიდან გადმორიცხულმა თანხამ 5 მილიონ 322 აშშ დოლარი შეადგინა).
ისიც უნდა ითქვას, რომ ფულის მოძრაობა არა მხოლოდ იქიდან აქეთ, აქედან იქითაც შეიმჩნევა, თუმცა, გაცილებით უმნიშვნელო ოდენობით (საქართველოდან უცხოეთში, საერთო ჯამში, 7 მილიონ 842 ათასი აშშ დოლარი გადაიგზავნა).
დაბოლოს, თუ გავითვალისწინებთ, რომ ბოლო წლების განმავლობაში ყოველწლიურად საქართველოსკენ ფულადი გზავნილების ოდენობა სტაბილურად თითქმის მილიარდ აშშ დოლარს უკაკუნებს და, იმასაც დავამატებთ, რომ, პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით (იმავე წლებში), სიღარიბე 4-ჯერ შემცირებულა, არ არის გამორიცხული, მართლაც, შემცირებულიყო, თუმცა, ექსპერტთა განმარტებით, სიღარიბის შემცირების მიზეზი სიღარიბის დათვლის ტექნოლოგიის შეცვლაა და არა ის, რომ ვდუღვართ და გადავდუღვართ.
ერთი სიტყვით, ვდუღვართ თუ ვთუხთუხებთ, ამ ლოგიკით, რაც მეტი თანამემამულე მიაშურებს უცხოეთს ლუკმაპურის საშოვნელად, მთავრობის მაჩვენებლებით სიღარიბე კიდევ უფრო შემცირდება, მარტივი ოკუპანტური ლოგიკით: „მენშე ნაროდა, ბოლშე კისლოროდა (ბუნებრივია, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, „კისლოროდში“ შემოსავალი იგულისხმება).“