სეზონის ჰიტი – მაკიაჟი თინეიჯერებისთვის
შეიძლება, ბევრს არ მოეწონოს (განსაკუთრებით – უფროს თაობას), მაგრამ წელს მოდაშია მაკიაჟი, რომელიც ერთმანეთთან, ცოტა არ იყოს, შეუსაბამო ფერებისგან შედგება. როგორც იტყვიან, გემოვნებაზე არ დავობენ და, უნდა გამოვტყდეთ, რომ მოდას, უბრალოდ, ფეხდაფეხ მივდევთ, თორემ მისი ნამდვილად არ გვესმის...
მაშ, ასე: თინეიჯერებო! მიეცით გასაქანი თქვენს ფანტაზიას, მაგრამ, ძალიანაც ნუ გადაამლაშებთ – თამამი ექსპერიმენტის მიზანი ხომ ისაა, რომ სხვებისგან გამოირჩეოდეთ, და არა თუთიყუშებს დაემსგავსოთ...
ექსპერიმენტი პირველი – „ცისფერი ლაჟვარდი“
თვალის ცისფერი „ჩრდილი“ განსაკუთრებით ეფექტურად თეთრ-პერლამუტრისფერ „ჩრდილთან“ კონტექსტში გამოიყურება: თვალების ზედა ქუთუთოებზე გაიკეთეთ ცისფერი „ჩრდილის“ „ბაზა“, წარბების ქვეშ კი თხლად გადაისვით თეთრი „ჩრდილი“. რუჟი და ტუჩის საცხი ერთი ტონალობის, მაგრამ, სხვადასხვა სიმუქის უნდა იყოს (რუჟი – უფრო ბაცი, პომადა – ოდნავ მუქი), სასურველია მუქი ვარდისფერი.
ექსპერიმენტი მეორე – „მარჯნის რიფები“
ასეთი ფერის კოსმეტიკის პოვნა მთლად ადვილი არ არის, მაგრამ, თუ მოინდომებთ, მოახერხებთ. თუმცა, თვითონაც შეგიძლიათ, „დაამზადოთ“: ქუთუთოებსა და წარბების ქვეშ გადაისვით ღია ფერის პუდრი, შემდეგ კი ერთმანეთში გარდამავალ ზოლებად წაისვით თეთრი, ვარდისფერი და მონარინჯისფრო „ჩრდილები“ (ოღონდ, ძალიან მუქი არ უნდა იყოს). ტუჩებზე კი ბაცი ნარინჯისფერი საცხი მოგიხდებათ.
ექსპერიმენტი მესამე – „ცოცხალი სალათა“
თუ მომწვანო ფერის თვალები გაქვთ, ძალიან მოგიხდებათ სალათისფერი „ჩრდილი“, რომელიც ქუთუთოებზე და მის ზემოთ (წარბებამდე პატარა შუალედი დატოვეთ) უნდა წაისვათ, თან, ისე, რომ თვალის შიდა კუთხე ამ სალათისფერში „მოაყოლოთ“, გარეთა კუთხეს კი გასცდით და წარბის მიმართულებით ცოტა განიერი „ისარი“ დაიხატეთ. განსაკუთრებით თვალშისაცემი და ეფექტური იქნება თქვენი გარეგნობა, თუ ტუჩებზე მუქ წითელ საცხს წაისვამთ.
ექსპერიმენტი მეოთხე – „პეპელას ეფექტი“
გაიკეთეთ smoky eyes-ი‚ თვალის შიდა კუთხესთან წაისვით თხლად მოყვითალო „ჩრდილი“, შუიდან ნაპირისკენ კი – ვერცხლისფერი. თვალის გარეთა კუთხიდან წარბისკენ (ოდნავ ზემოთ აწეული) თეთრი „ჩრდილის“ მუქი ხაზი გაიკეთეთ. ტუჩებზე წაისვით ბაცი ვარდისფერი სადაფის პომადა (კონტური არ გაიკეთოთ), წარბებზე კი ამავე ტონალობის რუჟი მოგიხდებათ.