„ჯი-ემ-პი“ –ქართველებსაც შეგვიძლია!
ფარმაცევტული საწარმო „ჯი-ემ-პი” ქართველი ერის სიამაყეა ევროპული სტანდარტებისა და საერთაშორისო ხარისხის ნორმების გათვალისწინებით.
საწარმო მუდმივად ზრუნავს საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობაზე მაღალი ხარისხის ახალი თაობის მედიკამენტებით. ჩვენი დღევანდელი ნომრის სტუმარია ფარმაცევტული საწარმო „ჯი-ემ-პის” დირექტორი გიორგი ანთაძე, რომელიც, ასევე, არის: საერთაშორისო ხარისხის კონსალტინგის (International Quality Consulting Inc.) წარმომადგენელი საქართველოში, დასავლეთ გერმანული ხარისხის მართვის მასერტიფიცირებელი ორგანოს (TUV Cert (Germany)) სერტიფიცირებული ხარისხის ოფიცერი, ევროპის GMP-სთან შესაბამისობის აკადემიის წევრი, ევროპის ქიმიური ინდუსტრიის საბჭოს მიერ სერტიფიცირებული GMP-ის აუდიტორი, ფარმაცევტული საწარმოს ხარისხის კონტროლის სისტემაში ევროპაში აკრედიტებული პასუხისმგებელი პირი (Qualified Person in Europe).
ბატონი გიორგი ანთაძე ინტერვიუში საინტერესოდ გვესაუბრება საწარმოში მიმდინარე პროცესებსა და მომავალ პერსპექტივებზე.
– როდის დაარსდა ფარმაცევტული საწარმო „ჯი-ემ-პი“ და როგორია მისი განვითარების ისტორია?
– „ჯი-ემ-პი“ დაარსდა 1999 წელს „პსპ ჯგუფის“ ინიციატივით. ეროვნული საწარმოს შექმნის იდეა და მიზანი თავიდანვე იყო, შექმნილიყო პრეცედენტი – გარანტირებული ხარისხის, საქართველოში დამზადებული პრეპარატები. 2000 წელს „ჯი-ემ-პიმ“ პირველი წამალი გამოუშვა.
დაუღალავი შრომის, არაერთი საერთაშორისო აუდიტორული დასკვნის საფუძველზე 2007 წელს ქარხანამ GMP-ის ანუ Good Manufacturing Practice-ს სერტიფიკატი მიიღო, რითაც კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ „ჯი-ემ-პიში“ მიმდინარე წარმოების პროცესები საერთაშორისო ხარისხის ნორმებს შეესაბამება.
დღეს ჩვენი სლოგანია – „ქართველებსაც შეგვიძლია”. „ჯი-ემ-პი“ ნათელი მაგალითია იმისა, რომ ქართველებსაც შეგვიძლია, ვაწარმოოთ ევროპული ხარისხის პროდუქცია და ჯანსაღი კონკურენცია გავუწიოთ საერთაშორისო ბაზარზე აღიარებულ ბრენდებს.
– რამდენი სახის მედიკამენტს აწარმოებს „ჯი-ემ-პი“ და როგორია წარმოების სტანდარტები?
– საწარმოს ხელმძღვანელებმა თავიდანვე აიღეს კურსი საერთაშორისო სტანდარტზე, ეს გახლავთ GMP, ანუ, Good Manufacturing Practice – სათანადო წარმოების პრაქტიკა – სტანდარტი, რომლითაც ევროპისა და ამერიკის ყველა საწარმო მუშაობს და რომელიც ხარისხიანი მედიკამენტის წარმოების გარანტია. სწორედ ამიტომ, დღეს თამამად შეიძლება ითქვას, რომ „ჯი-ემ-პი“ გთავაზობთ ევროპული ხარისხის, გარანტირებულ მედიკამენტებს.
ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება, რომელიც საწარმოს ხელმძღვანელებმა აიღეს, ინოვაციური, ახალი თაობის მედიკამენტების წარმოება იყო. ესეც ერთგვარი გამოწვევა გახლდათ საწარმოს ხელმძღვანელებისთვის, რადგან, ბევრად უფრო ადვილი იყო უკვე ცნობილი და მოძველებული წამლების წარმოება, რომელთა დანერგვას ძალისხმევა არ დასჭირდებოდა. „ჯი-ემ-პი“ ფეხდაფეხ მიჰყვება თანამედროვე მედიცინის მიღწევებს და ცდილობს, მოამარაგოს საქართველოს მოსახლეობა ჯანმრთელობაზე ზრუნვის საუკეთესო საშუალებებით, რაც, თავის მხრივ, ზრდის მკურნალობის ხარისხს და ეფექტურობას.
– კომპანიას რომელ ქვეყნებში გააქვს ექსპორტი?
– დღეს კომპანია ექსპორტს ახორციელებს მსოფლიოს 9 ქვეყანაში, მათ შორის არის: სომხეთი, უზბეკეთი, ტაჯიკეთი, აზერბაიჯანი, თურქმენეთი, უკრაინა. დაწყებულია რეგისტრაციის პროცესი, ასევე, ევროპის ქვეყნებში. ერთ-ერთი მთავარი მიმართულება, რითაც საწარმო დღეს ვითარდება, სწორედ ექსპორტია.
– რა გეგმები გაქვთ ექსპორტის განვითარების თვალსაზრისით?
– ჩვენი მიზანია, გავიდეთ ევროკავშირის ბაზარზე, შორეულ პერსპექტივაში კი ამერიკის შეერთებული შტატების ბაზარზეც შევაღწიოთ. დღეისთვის საწარმოს შემოსავლების 40 პროცენტი ექსპორტზე მოდის. გვინდა, უახლოეს ორ წელიწადში ეს ციფრი 60-70 პროცენტამდე ავწიოთ.
– ფარმაცევტულ ბაზარზე რამდენი პროცენტი ეკუთვინის ადგილობრივ წარმოებას და როგორია არსებული წილის ზრდის ტენდენცია?
– დღეს „ჯი-ემ-პი“ 138 დასახელების მედიკამენტს აწარმოებს. მხოლოდ 2010 წლის მონაცემებით, „ჯი-ემ-პის“ მიერ წარმოებული 16 269 883 კოლოფი მედიკამენტი გაიყიდა, რაც საფუძველს გვაძლევს ვთქვათ, რომ „ჯი-ემ-პიმ“ ქართველი ექიმების ნდობა და აღიარება მოიპოვა და, რომ „ჯი-ემ-პის“ მედიკამენტებით მილიონობით პაციენტი მკურნალობს.
დღეისთვის საწარმო ადგილობრივი ფარმაცევტული წარმოების 39 პროცენტს შეადგენს და, ვიმედოვნებ, რომ ის კიდევ უფრო გაიზრდება.
– კონკურენტუნარიანია თუ არა ადგილობრივი მედიკამენტი იმპორტირებულთან?
– მედიკამენტის არჩევის დროს მომხმარებელი ყურადღებას ამახვილებს ორ დეტალზე – ხარისხზე და ფასზე.
„ჯი-ემ-პიში“ მიმდინარე პროცესები სრულად აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს. აქ წარმოებული მედიკამენტები კონტროლის უმკაცრეს ეტაპებს გადის საერთაშორისო დონის ლაბორატორიაში. ხდება საბოლოო პროდუქტების შედარება ამერიკისა და ევროფარმაკოპეის მიერ მოწოდებულ ეტალონებთან, – რაც ადასტურებს „ჯი-ემ-პიში“ წარმოებული მედიკამენტისა და საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტის ქიმიურ იდენტურობას. მოგვიანებით ტარდება ბიოეკვივალენტობის კვლევა, რაც უკვე „ჯი-ემ-პის“ მედიკამენტების ბიოლოგიურ ეკვივალენტობას ამტკიცებს ორიგინალ პროდუქტებთან მიმართებაში. ამიტომ, თამამად შეიძლება, ვთქვათ, რომ „ჯი-ემ-პის“ მიერ წარმოებული მედიკამენტები ევროპული თუ ამერიკული, ანუ, იმპორტირებული მედიკამენტების აბსოლუტურად იდენტურია. უფრო მეტიც, „ჯი-ემ-პის“ მომხმარებელი ექიმიც და პაციენტიც ორმაგად დაცულია, რადგან ადგილობრივი წარმოება კონტროლის უფრო მეტ საშუალებას იძლევა იმპორტირებულ პროდუქციასთან შედარებით.
რაც შეეხება ფასს, მომხმარებლისთვის განსაკუთრებით კი ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებისთვის, დიდი მნიშვნელობა აქვს, მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი იყოს მედიკამენტები. სწორედ ასეთ პაციენტებს „ჯი-ემ-პი“ მუდმივად სთავაზობს ფასდაკლების აქციებს.
– რა გეგმები აქვს კომპანიას სამომავლოდ?
– კომპანიის არსებობისა და განვითარების ისტორიაში მეორე ათწლეული დაიწყო. ის ძირითადად ექსპორტზეა მიმართული და გეგმავს ადგილობრივი კომპანიიდან გლობალურად გადაქცევას, რაც ქართულ ბრენდს საქართველოს საზღვრებს გარეთ გაიტანს და დაუმკვიდრებს ხარისხიანი და ეფექტური პროდუქციის სახელს.