კოსმეტოლოგის რჩევები
კითხვა: ზამთრის განმავლობაში საკმაოდ მოვიმატე წონაში. ახლა დიეტაზე ვარ და ვვარჯიშობ, მაგრამ, მაინც მეშინია, სტრიები არ გამიჩნდეს. უფრო უკეთ რომ დავიზღვიო ამისგან თავი, როგორ უნდა მოვიქცე?
პასუხი: ვარჯიშთან და დიეტასთან ერთად, სტრიების თავიდან ასაცილებლად, პროფილაქტიკის საუკეთესო საშუალებაა სპეციალური ლოსიონები, რომლებიც ამკვრივებს კანს და, შესაბამისად, ხელს უშლის სტრიების წარმოქმნას. გარდა ამისა, თუ წონაში ძალიან მოიმატეთ, სასურველია, ნელ-ნელა გახდეთ, რომ კანზე არასასურველი „ბზარები“ აიცილოთ თავიდან.
კითხვა: ეფექტურია თუ არა ცელულიტების (მაგალითად, მუცელზე) მოშორება მასაჟით?
პასუხი: თუ ცელულიტები მუცელზე გაგიჩნდათ, მუცლის პრესის ვარჯიშის პარალელურად, აუცილებელია, გაიკეთოთ მასაჟი ორივე ხელის თითებით, თითქოს ცომს ზელთ, ოღონდ, ცხადია, ისეთი ძალით არა, რომ რამე დაიზიანოთ.
კითხვა: წელს როგორი წარბებია მოდაში: წვრილი, სქელი, მოკლე, გრძელი, მორკალული თუ სწორი?
პასუხი: კლასიკური ვარიანტია, როცა წარბის სიგრძე გრძელდება თვალის გარეთა კუთხემდე ან ოდნავ სცილდება მას. მოკლე წარბები სახეს საბრალო გამომეტყველებას აძლევს. წარბის სისქე დამოკიდებულია თქვენი სახის ოვალსა და ნაკვთებზე. წელს უფრო აქტუალურია საშუალო სისქის წარბები. დაშორება კი წარბებს შორის, სასურველია, იყოს ორი თითის დადება.
კითხვა: არაფერი ორგანული არ მჭირს, მაგრამ ზურგზე პერიოდულად მიჩნდება გამონაყარი. რა უნდა იყოს ამის მიზეზი და როგორ მოვიქცე?
პასუხი: არ არის გამორიცხული, რომ ამის მიზეზი იყოს ოფლიანობა და სინთეტიკური ტანსაცმელი. ამიტომ, ყოველ დილას ან საღამოს გადაივლეთ ტანზე გვირილის ან სალბის ნახარში (ან ბამბის ტამპონით კარგად გაიწმინდეთ). სინთეტიკური ტანსაცმელი კი საერთოდ ამოიღეთ ხმარებიდან, ან უკიდურეს შემთხვევაში, მის ქვეშ ბამბის ქსოვილის მაისური ჩაიცვით.
კითხვა: რა წესები უნდა დავიცვა, რომ მაქსიმალურად შევამცირო თმის ცვენა, მექანიკური ზემოქმედების შედეგად?
პასუხი: ამის უამრავი წესი არსებობს, რომელთა შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რამდენიმე:
1. რაც შეიძლება, იშვიათად გამოიყენეთ თერმოხელსაწყოები;
2. არ დაივარცხნოთ თმა დაბანისთანავე, აცადეთ გაშრობა;
3. ვარცხნა დაიწყეთ თმის ბოლოებიდან და ნელ-ნელა ადით ზემოთ, ძირებისკენ;
4. ფენით გაშრობა დაიწყეთ მხოლოდ მაშინ, როცა დაბანილი თმა ცოტა შეშრება. ფენის დაშორება თმიდან უნდა იყოს დაახლოებით 20 სანტიმეტრი;
5. თმის მოვლის საშუალებების ყიდვისას ეცადეთ, შეიძინოთ ერთი ბრენდის პროდუქცია;
6. მაქსიმალურად შეეცადეთ, გამოიყენოთ მცენარეული პარფიუმერია და კოსმეტიკა.