რა გზებს მიმართავდა მეფე არჩილი თავისი ვაჟის შვედების ტყვეობიდან გამოსახსნელად
შესრულდა 300 წელი იმერეთის უფლისწულის, რუსეთის არმიის პირველი გენერალ-ფელდცეხმაისტერის, ალექსანდრე არჩილის ძე ბაგრატიონის გარდაცვალებიდან. ჩვენი რესპონდენტი, ფსიქოლოგი გელა გარაყანიძე, მისი ბიოგრაფიის ცალკეულ დეტალებზეც ისაუბრებს და შვედეთის ტყვეობაში მყოფი თავისი შორეული წინაპრის შესახებაც.
– ბატონო გელა, ხანმოკლე სიცოცხლის მიუხედავად, ალექსანდრე ბატონიშვილის ბიოგრაფია და ღვაწლი მაინც ინტერესს აღუძრავს ისტორიით დაინტერესებულთ. დღევანდელი გადასახედიდან, რით არის მისი პიროვნება აღსანიშნავი?
– ალექსანდრე ბატონიშვილი საინტერესოა, როგორც: ა). მეფე არჩილის ვაჟი – არჩილის ცხოვრება-შემოქმედების შემსწავლელნი მას გვერდს ვერ აუვლიან; ბ). რუსეთის ისტორიაში ყველაზე გამორჩეული მმართველის – პეტრე დიდის მამიდაშვილი, მეგობარი, თანამებრძოლი და რუსეთის არმიის გენერალი; გ). ქართული შრიფტის მოამაგე; დ). მთარგმნელი; ე). დიდებული პიროვნება და ადამიანი.
– რადგან თქვენ მას პეტრე დიდის ნათესავად მიიჩნევთ, ბუნებრივად ჩნდება კითხვა: ნუთუ შეუძლებელი იყო ალექსანდრეს ნარვის ტყვეობიდან გამოხსნა?
– პეტრეს ძალზე თავისებური ხასიათი ჰქონდა – მას შეეძლო ყოფილიყო ძალიან შემწყნარებელი, რბილი, დაბალი ფენის ადამიანებთან ერთად ეჭამა, ესვა, ეოხუნჯა, მაგრამ, ამავე დროს, ხდებოდა ხისტი და არაკონსტრუქციული მაღალი ფენის, განსაკუთრებით კი უცხო სახელმწიფოთა პირველი პირების მიმართ. ალექსანდრე ბატონიშვილი იმ დონის მოღვაწე გახლდათ, მისი ან გამოსყიდვა, ან რომელიმე შვედ ტყვეზე გაცვლა, პერსონალურად პეტრე დიდსა და შვედეთის მეფეს – კარლოს მეთორმეტეს უნდა გადაეწყვიტათ. „ტკბილი და მურაბა კაცი” კი არც ეს უკანასკნელი გახლდათ.
– ცნობილია, რომ ალექსანდრეს გამოსასყიდად შვედეთის სამეფო კარმა დიდძალი ოქრო მოითხოვა. რა იყო ამის მიზეზი?
– კარლოს მეთორმეტე ნარვასთან წარმატებული ბრძოლისას მხოლოდ 18 წლისაა. დამარცხებული პეტრე კი – 28 წლის, თანაც, მეფობის თერთმეტწლიანი სტაჟით... კარლოსს წარმატებამ თავბრუ დაახვია, გააამაყა. ბუნებრივია, პეტრეც ერთთავად რევანშზე ფიქრობდა. ძალზე გულმოდგინედ ცდილობდა არჩილი ტყვეთა გაცვლისას ორივე მხარეს კონსტრუქციული პოზიცია ჰქონოდა მაგრამ, ამაოდ. მხოლოდ პოლტავის ბრძოლის შემდეგ გამოიძებნა კომპრომისი...
– როგორც ცნობილია, არჩილმა შვილის დასახსნელად სხვა სახელმწიფოს მესვეურნიც ჩართო საქმის მსვლელობაში, რათა მათ შვედებთან ეშუამდგომლათ.
– საკითხი მარტივი არ გახლდათ. პეტრე დიდი, თავისი ნატურიდან გამომდინარე, გამოსასყიდის გადახდისთვის უფრო იყო მზად, ვიდრე ტყვეთა გაცვლაზე – მას კომპლექსი ჰქონდა, რომ შვედები არაეკვივალენტურ გაცვლაზე მიილტვოდნენ, რასაც მოგვიანებით რუსების დაცინვის საბაბად გამოიყენებდნენ.
თავისი ფსიქოლოგიური განწყობით, პეტრე ალექსანდრეში არაბუნებრივად დიდი თანხის გადამხდელი იყო. ამით ხაზს გაუსვამდა, რომ არც ძუნწია და არც გულგრილი თანამებრძოლთა ბედისადმი, მაგრამ...
– მაგრამ რა?
– მხედველობაშია მისაღები ორი ფაქტორი: 1. რა ეთქვათ სხვა ტყვეთა ჭირისუფალთათვის, ვისაც ვერც გაცვლიდნენ და არც გამოისყიდდნენ (პეტრე არც ეგეთი „ფანტია” იყო). 2. კულუარებში მაშინაც იყო საუბარი პეტრესა და ალექსანდრეს ბიძაშვილ-მამიდაშვილობაზე... პეტრეს კი თავი ისე ეჭირა, თითქოს დედამის ნატალიას ალექსი რომანოვის გარდა სხვა მამაკაცი არც დასიზმრებია...
– ცობილმა მკვლევარმა ჯუანშერ ვათეიშვილმა კაპიტალური ნაშრომი მიუძღვნა ალექსანდრე ბატონიშვილს. იმ წიგნში თუ არის ამ თემაზე საუბარი?
– მართლაც საყურადღებო ნაშრომი შექმნა ბატონმა ჯუანშერმა, მოცულობითაც (838 გვერდი) და შინაარსითაც. თქვენ წარმოიდგინეთ, მიუხედავად პუტინის მოსკოვში გამოცემისა (2003 წელს), ღვაწლმოსილმა მეცნიერმა არც ამ თემას აუარა გვერდი. თანაც ისე ტაქტიანად, დიპლომატიურად, რომ არც მწვადი დაწვა და არც შამფური.
ჩემთვის, ქართლელისთვის, მის მიერ ამ საჩოთირო თემის გაშუქება – უმაღლესი პილოტაჟია.
– მე რომ თქვენთვის არ მიკითხავს, ქართლელი ბრძანდებით, თუ გურული? თქვენი ბოლო სიტყვები ლირიკულ გადახვევად მივიღო?
– მიიღეთ მომდევნო საკითხზე საუბრის დაწყების ნიშნად. ზემოთ ვთქვი, ალექსანდრე ბატონიშვილი დიდებული პიროვნება გახლდათ-მეთქი... ნარვასთან სხვა ქართველებიც ჩავარდნენ ტყვედ. მათ შორის, ჩემი უშუალო წინაპარი – ზაალ გარაყანიძეც.
მეთხუთმეტე საუკუნიდან, საქართველოს სამ სამეფოდ დაშლის შემდეგ, ჩვენი გვარიც სამად დაიშალა: 1. იმერეთის სამეფოში მცხოვრებნი (რაჭა-ლეჩხუმში), 2. ქართლის სამეფოში მცხოვრებნი (ქსნის ხეობაში, ქსნის ერისთავთა აზნაურნი), 3. კახეთის სამეფოში მცხოვრებნი (თეძმის ხეობაში, სვეტიცხოვლის ყმა-აზნაურნი).
თეძმის ხეობის მცხოვრებნი ცნობიერებით ქართლელებად დარჩნენ... ზაალ გარაყანიძე სწორედ აქაურია და არა იმერელი აზნაური, როგორც ჯუანშერს მიაჩნია.
როგორც არჩილი ზრუნავდა თავისი შვილის გამოხსნაზე, ისე ალექსანდრე ზრუნავდა თავისი მხლებლების შვედ ტყვეებზე გაცვლის გზით გათავისუფლებაზე. საბოლოოდ ალექსანდრემ მიზანსაც მიაღწია: თავისი სახლთუხუცესი (რუსულად – დვორეცკი, ევროპულად, ჰოფმაისტერი) ტყვე კაპიტანზე გააცვლევინა.
ბატონიშვილი, მიზნის მისაღწევად ტყუილის თქმასაც არ მოერიდა. ზაალის გაცვლის საკითხი მან რამდენჯერმე დააყენა, მიუთითებდა, რომ ზაალს რუსულ ჯარში არც ადრე უმსახურია და არც ახლა აპირებს შესვლას, რადგან, ტყვეობიდან თუ გაათავისუფლებენ, საქართველოში სურს დაბრუნება. „იგი მამაჩემმა გამოიხმო წერილით საქართველოდან, ამჟამად სამოცდაათ წელს არის გადაცილებული (სწორედ ეს გახლდათ მისი კეთილშობილური ტყუილი) და მძიმედ არის ავად. რაღა აქ მოკვდეს”...
სინამდვილეში ზაალი სამოცდაათს გადაცილებული არ გახლდათ, წინააღმდეგ შემთხვევაში ომში რისი მაქნისი იქნებოდა. თანაც, ოციოდე წლის შემდეგ, იგი კახთა მეფემ ელჩად გაგზავნა რუსეთში ახალგორიდან. ვინ გზავნის 90 წლის ელჩებს რუსეთის გზებზე მეთვრამეტე საუკუნეში?
– რა არის ცნობილი ალექსანდრეს ოჯახურ მდგომარეობაზე?
– ჰყავდა ორი ცოლი – ფეოდოსია მილოსლავსკაია და გლიკერია დავითაშვილი, რომელთაგან მემკვიდრე არ დარჩენია. მისი უკანონოდ შობილი ქალიშვილი კი გიორგი დადიანმა შეირთო და მათმა შთამომავლობამ დღევანდლამდე მოაღწია.
– მისი უფროსი და, დარეჯანი, შინაბერად დარჩა?
– როგორც ჩანს. მისი გათხოვების მაუწყებელი ცნობა არსად შემხვედრია.
– არადა, ცნობილია, რომ არჩილმა ორჯერ მიმართა პეტრე დიდს წინადადებით, რათა რუსეთის სამეფო კარს დარეჯანის შესაფერისი საქმრო შეერჩია. ამ ქორწინებით არჩილი იმედოვნებდა, რომ „ჩვენი გვარი შეიძლება აღდგენილ იქნესო.”
– არსებობს ერთი რუსი მკვლევრის კომენტარი ამის შესახებ: არჩილის ამ განზრახვას წინ აღუდგა პეტრე დიდი, რომელსაც „თავი ქართლის მეფეთა მემკვიდრედ მიაჩნდა”.
არის კიდევ ერთი ნიუანსი: როცა არჩილი ამ თხოვნას წერდა, დარეჯანი 43-44 წლის უნდა ყოფილიყო. არ მინდა, მედიცინაში გადავიჭრა, მაგრამ: ყველას შეიძლება, დაებადოს ასეთი შეკითხვა: 44 წლის ასაკში პირველად გათხოვილ ქალს, რა შანსი აქვს, რომ შვილი გააჩინოს?
– ალექსანდრე ბატონიშვილი მართლაც უკეთილშობილესი და უნიჭიერესი პიროვნებაა, რომელმაც წუთისოფლის მუხანათობის გამო, საკუთარი ნიჭისა და უნარების სანახევროდ რეალიზებაც კი ვერ მოახერხა. ჩემთვის ცნობილია, რომ პეტრე დიდმა თავის გამზრდელს, ნიკიტა ზოტოვს, გრაფის წოდება მიანიჭა. თანაც, ყოველთვის მოწიწებით, თავაზიანად და თბილად ექცეოდა... ვინ იყო ალექსანდრე ბატონიშვილის გამზრდელი?
– მისი და მისი მომდევნო ძმის, მამუკას გამზრდელი გახლდათ დედოფალ ქეთევანის სახლთუხუცესი, ფრიად ზნეკეთილი პიროვნება ნოდარ ჯორჯაძე. მესამე, ყველაზე უმცროსი ძმისა კი – ზემოთ ნახსენები ზაალ გარაყანიძე.
– როგორ და რა ვითარებაში გარდაიცვალა იმერეთის უფლისწული?
– გარდაცვალების ადგილზეც და ბევრ სხვა ბიოგრაფიულ დეტალზეც ისტორიკოსთა შრომებში დიდი აზრთა სხვადასხვაობაა: ერთნი გარდაცვალების ადგილად რიგას უთითებენ, მეორენი ქალაქ პიტეოს, მესამენი – უსახელო კუნძულს... თარიღიც კი სადავო იყო... რაც შეეხება სიკვდილის მიზეზს, ვახუშტი იძლევა ცნობას, რომ „მოკუდა ალექსანდრე შირიმის სენითა”.
– „შირიმის სენის” თანამედროვე შესატყვისი არსებობს?
– „შირიმი – ბუშტისა და თირკმლის ქვა“, ასე განმარტავს ამ სიტყვას დიდი სულხან-საბა, ვისთვისაც არჩილი ალალი მამიდაშვილია.
გამოდის, რომ ალექსანდრეს კენჭის გავლა ჰქონია. ათ წელზე მეტი ხნის ტყვეობა ადვილი ხომ არ არის, თანაც, სკანდინავიური კლიმატი ქართველისთვის ძნელი შესაგუებელი იქნებოდა. ალბათ, ცალკეულ დღეებში დეპრესიაც ეწვეოდა ხოლმე. გავიდა ხანი და რუსეთის არმიაში კიდევ ბევრი ქართველი ჩაეწერა. ერთი მათგანი პრუსიული ტყვეობიდანაც გამოიხსნეს – ის დავით გურამიშვილი გახლდათ.