უბრალოდ, იდეალური
გემოვნებაზე არ დავობენ: ზოგს მაღალი მოსწონს, ზოგსაც – დაბალი, მრგვალი ფორმებით; ზოგისთვის ქერაა ოცნების ობიექტი, ზოგისთვისაც შავგვრემანსა და შავთვალას ვერავინ შეედრება. სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ხალხებში, სხვადასხვანაირად ფიქრობდნენ იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს იდეალური ქალი.
ძველ ინდოეთში ქალი, უპირველესად, თავისი სოციალური მდგომარეობით ფასობდა: ანუ, რა პოზიციაც ეკავა სოციალურ იერარქიაში, იმის მიხედვით აფასებდნენ. არავითარ სილამაზეს არ ჰქონდა მნიშვნელობა. სამკაულის რაოდენობითა და ტანსაცმლის ფერით კი მაშინვე სასურველი ხდებოდა.
იაპონელ აბორიგენებში რაც მეტი ტატუირება ჰქონდა ქალს სახეზე, მით მეტად სასურველი იყო. ნაყშების მიხედვით, იმასაც გაიგებდით, გათხოვილი იყო ქალი, თუ არა. რამდენი შვილი ჰყავდა მას.
ძველ ეგვიპტეში განსაკუთრებული მოთხოვნილება იყო კარგად გარუჯულ, დიდთვალება ქალებზე, ამიტომ იქაური ქალები თვალის კონტურს შავი საღებავით უფრო იდიდებდნენ, წამწამებს კი ზურმუხტისფრად იღებავდნენ.
ბერძნული პარამეტრებით, იდეალური ქალი აუცილებლად მაღალი უნდა ყოფილიყო, ფართო თეძოებით და მკვრივი კანით. არანაირი ზედმეტი ცხიმი, მასაჟი და ორთქლის პროცედურები. მაკიაჟის გარეშე ქუჩაში გასვლა ისეთი სირცხვილი იყო, რომ არც ერთი ქალი ამას არ იკადრებდა. თანაც, სახე ისე უნდა გაეთეთრებინათ, მკვდრის ფერი უნდა ჰქონოდათ. ისვამდნენ სპილენძის ნაფხვენს (მტვერს), რითაც იწამლებოდნენ.
ძველ ჩინელებს მიაჩნდათ, რომ, რაც, უფრო პატარა ზომის ფეხი ჰქონდა ქალს, მით უფრო ლამაზი იყო ის. ფეხის ზრდა რომ შეეჩერებინათ, ფეხის ტერფებს პატარაობიდანვე ისე უკრავდნენ, საწყლები, ტკივილისგან საშინლად იტანჯებოდნენ. ხშირად სხვის დაუხმარებლად ვერც მოძრაობდნენ და ზოგჯერ განგრენით იღუპებოდნენ.
მეთექვსმეტე-მეჩვიდმეტე საუკუნის რუსეთში უცნაური მოდა ჰქონდათ: ქალიშვილები კბილებს ნახშირით იშავებდნენ, წარბებს კი იპარსავდნენ ან ითეთრებდნენ. თეთრი კანი რომ ჰქონოდათ, ჭამდნენ თაფლს და სვამდნენ ძმარს. თავზე წაკრული შარფით იჭიმავდნენ შუბლის კანს და რას არ აკეთებდნენ, რომ გათეთრებულიყვნენ. აი, გათხოვილს კი იდეალურობა აღარაფერში სჭირდებოდა.