გადადი შეტევაზე!
ყველა მამაკაცს არ შეუძლია, მოხიბლოს ქალი. რა არ იციან მათ – ქალის არ ესმით თუ საკუთარი თავის რწმენა აკლიათ? რატომ უშვებენ საბედისწერო შეცდომებს? რამდენიმე რჩევა იმ მამაკაცებს, რომლებიც ვერ ხვდებიან, რატომ არ არიან სასურველნი.
შური შესანიშნავი „ინსტრუმენტია“, რომელიც თითოეულ ჩვენგანს მოქმედებისკენ, წინსვლისკენ გვიბიძგებს. მსოფლიო პროგრესიც მასზეა დამოკიდებული, მთავარია, ამ შურს ბოღმაც ახლდეს თან და ყველაფერი კარგად იქნება. ოღონდ, არასოდეს გამოხატოთ შური ვინმეს მიმართ ხმამაღლა – ეს იმას ნიშნავს, რომ საკუთარი თავი გააცამტვეროთ.
ნამდვილად ძლიერი მამაკაცი არასდროს ყვირის. ყვირილით საკუთარი სიმართლის დამტკიცება ძალიან ცუდი ტონია და, თან – უშედეგო. აყვირებული მამაკაცი ქალს არაფერში სჭირდება – მის ისტერიკებს ვერ გაუძლებს.
მეწვრილმანე მამაკაცი საშინელებაა, – ასე მიიჩნევს ქალების უმრავლესობა – მამაკაცი, რომელიც წვრილმანებზე უზარმაზარ დროსა და ენერგიას ხარჯავს, დიდი საქმეებისთვის არ არის დაბადებული.
ნუ იჩქარებთ, ვინმე განსაჯოთ, სულერთია, მამაკაცი იქნება ის თუ ქალი. ეს ძალიან ჰგავს ჭორაობას, ჭორიკანა მამაკაცს კი არა მარტო ქალები, მამაკაცებიც გაურბიან.
აღიარეთ სხვისი სიმართლე – ეს ის საუკეთესო თვისებაა, რაც მამაკაცს გამოარჩევს თავის თანამოძმეთაგან, რა თქმა უნდა, ძალიან ძნელია, გამოტყდე, რომ ცდებოდი, მაგრამ, ვინ არის უშეცდომო? სამაგიეროდ, თქვენი ღირსება გადარჩება, ავტორიტეტი კი ამაღლდება.