რა სიხშირით მოვრწყათ გაზაფხულზე საბალი და როგორ მოვუაროთ ამ სეზონზე პრიჩარდიას
გაზაფხულის დადგომას თან ახლავს ფლორის სამყაროს გამოცოცხლება, „ფლორა ინტერნაციონალის” ბიოლოგიის მეცნიერ-მუშაკთან, ბატონ ამირან ბიწაძესთან ერთად კი, ამჯერად ვისაუბრებთ ისეთ ორ არაჩვეულებრივ მცენარეზე, როგორებიცაა საბალი და პრიჩარდია. თუ როგორ გავახაროთ წელიწადის სხვადასხვა სეზონზე და როგორ მოვუაროთ ახლა ამ მცენარეებს, ამას ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.
– საბალი ძალიან გამძლე და ლამაზი მცენარეა. მისი სამშობლო მალაიზიის ტროპიკული ტყეებია, სადაც ის 8-10 მეტრ სიმაღლეს აღწევს. ამ მცენარის ქერქს ტროპიკებში სიცხისა და წვიმისგან დასაცავ საშუალებად იყენებენ. ასევე, გამოიყენება ცეცხლის დასანთებადაც.
– პრეტენზიულია თუ არა საბალი და როგორ პირობებს ეგუება ის იოლად?
– საბალი ცოტა პრეტენზიული მცენარეა. ის კარგად ეგუება სიცხეს, ამიტომ, ბოჭკოვანი სისტემა კარგად აქვს განვითარებული. მას აქვს წყლის შენახვის საშუალება და არ განიცდის გვალვას.
– როგორი ადგილები მოსწონს საბალს და შესაძლებელია თუ არა საქართველოს პირობებში მისი გაზრდა?
– საბალი კარგად იზრდება ქვიშიან ადგილებში. მას მშვენივრად გაზრდით საქართველოს პირობებში და მისი მოვლა არც ისე რთული იქნება.
– რას გვირჩევთ, რა ტემპერატურაზე ვამყოფოთ საბალი ახლა და რა სიხშირით უნდა მოვრწყათ ის გაზაფხულის სეზონზე?
– ზამთარში მისთვის სასურველი ტემპერატურა 18-20 გრადუსია, ახლა კი ნელ-ნელა თბება, მაგრამ, როგორც არ უნდა მოიმატოს ტემპერატურამ, ეს მცენარეზე ცუდად არ იმოქმედებს. ასე რომ, სიცხის ნუ შეგეშინდებათ – საბალი მშვენივრად ეგუება 35 გრადუსამდე ტემპერატურას. რაც შეეხება მორწყვას, მას არ უყვარს ძალიან ნესტიანი ნიადაგი, განსაკუთრებით – ზამთარში. ახლა შეგიძლიათ კვირაში ორჯერ მორწყათ, ზაფხულის სეზონზე – სამჯერ, ზამთარში კი – 10 დღეში ერთხელ. ეცადეთ, მცენარის ნიადაგი ნახევრად გამოაშროთ ხოლმე.
– როგორი ნიადაგი შევურჩიოთ საბალს?
– მის შემადგენლობაში უნდა შედიოდეს: ერთი წილი მიწა, ორ-ორი წილი ნაკელი და ტორფი, სამი წილი კი – ქვიშა. გაითვალისწინეთ, რომ ეს ნაზავი კარგია როგორც დიდი ზომის, ისე მომცრო საბალისთვისაც,
– შესაძლებელია თუ არა ამონაყარით ამ მცენარის გამრავლება და რამდენ ხანში ერთხელ გვირჩევთ მის გადარგვას?
– საბალს ამონაყარი არ აქვს. მისი გამრავლება შესაძლებელია თესლით. მცენარე გადარგეთ ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ და გახსოვდეთ, რომ ამ დროს განსაკუთრებით ფრთხილად უნდა მოექცეთ, რათა მისი მიწის კომი არ დაიშალოს და არ დაზიანდეს.
– დასაშვებია თუ არ ამ მცენარის გასხვლა და მავნებლები თუ უჩნდება ხშირად?
– საბალი პალმის ერთ-ერთი სახეობაა, ამიტომ, არც თავის გადაჭრა შეიძლება და არც ფოთლების შეკვეცა, დაელოდეთ, სანამ ფოთლები თავადვე გაყვითლდება და მოსცილდება. მცენარეს მავნებლები არ უჩნდება, რადგან მისი ღეროვანი სისტემა არ ჩანს და ბეწვითაა დაფარული.
– სად გვირჩევთ ახლა ამ მცენარის დადგმას და რა გავითვალისწინოთ გაზაფხულის სეზონზე, რომ საბალი გახარებული იყოს?
– ახლა უკვე დათბა და შეგიძლიათ, მცენარე აივანზე გადგათ, თუმცა, ჯერ მაინც ყურადღება მიაქციეთ, რომ არ შესცივდეს. ამ სეზონზე მისთვის მნიშვნელოვანია, იდგას კარგად განათებულ ადგილას და ძალიან ნესტიანი არ ჰქონდეს მიწა. სხვა დამატებით მოვლას მცენარე არ ითხოვს.
– რას გვეტყვით პრიჩარდიას შესახებ და როგორ მოვუაროთ მას გაზაფხულ-ზაფხულის პერიოდში?
– ამ მცენარის სამშობლო ტროპიკული ტყეებია. მცენარეს ახასიათებს ძალზე დიდი ფოთლები და ტანი. მას „სპილოსფეხიან” პალმასაც უწოდებენ გარეგნობის გამო, რადგან სიმაღლეში საკმაოდ დიდი იზრდება.
– პრეტენზიული მოსავლელია თუ არა პრიჩარდია და როგორ პირობებს უძლებს ის ჩვენთან?
– მცენარე არ არის პრეტენზიული მოსავლელი. ის სიცხისა და თბილი კლიმატის მოყვარულია და ამიტომ, გირჩევთ, საღამომდე გარეთ მზეზე ამყოფოთ, სანამ აცივდება.
– რა ტემპერატურას ეგუება პრიჩარდია?
– ზაფხულში მცენარე იტანს 45 გრადუსამდე ტემპერატურას, ხოლო ზამთარში 18-20 გრადუსი სჭირდება, რომ კარგად გამოიზამთროს.
– რაც შეეხება მის გამრავლებას?
– ეს მცენარე მრავლდება როგორც თესლით, ასევე, ამონაყარითაც. ამონაყარი უნდა გადაირგას მხოლოდ ოთხი ფოთლის ფაზაში. ის ძალიან სწრაფად მზარდია და წელიწადში 2-4 ფოთოლი ამოაქვს.
– რა სიხშირით მოვრწყათ ხოლმე პრიჩარდია და რამდენ ხანში ერთხელაა სასურველი ამ მცენარის გადარგვა ახალ ქოთანში?
– გაზაფხულსა და ზაფხულში მცენარეს რეგულარული მორწყვა სჭირდება – დაახლოებით სამ დღეში ერთხელ. ხელით მოსინჯეთ ხოლმე, რომ მას ნიადაგი არ გამოუშრეს. ზაფხულში მას ნესტიანი მიწა უყვარს, ზამთარში მორწყეთ თხუთმეტ დღეში ერთხელ. ამ დროს მას ბევრი წყალი არ სჭირდება და ამიტომ ნიადაგს მთლიანად ნუ დაასველებთ.
პრიჩარდია ირგვება ხუთ წელიწადში ერთხელ, დიდ კალათაში. ამ დროს მცენარე მიძინებულია და იოლად უძლებს სიცივესაც. მისი ფესვთა სისტემა ძალიან მყარია და შესაძლებელია, განუვითარდეს დამატებითი ფესვები, რომელიც მიწის ზედაპირზეა.
– რას გვირჩევთ, როგორ ნიადაგში ჩავრგათ პრიჩარდია?
– მისი ნიადაგის შემადგენლობაში უნდა შედიოდეს: ორ-ორი წილი მიწა და ნაკელი, თითო წილი ტორფი, ქვიშა და ცოდაოდენი ნახერხიც. რაც შეეხება ამ სეზონს, ახლა სასურველია, მის ნიადაგში შეიტანოთ წუნწუხი და ნახშირი – ეს დაეხმარება მცენარეს კარგად გახარებაში.
– შესაძლებელია თუ არა ამ მცენარის აყვავილება და ასევე თესლის მიღება?
– მცენარე ყვავის 4-6 წლის მერე, თუმცა მისი აყვავილება ძალიან რთული, თითქმის შეუძლებელია. პრიჩარდიას თესლის მიღება საქართველოს პირობებში იოლი არ არის. მას მხოლოდ მაშინ მიიღებთ, თუ მცენარეს სათბურსა და ორანჟერეებში გაზრდით. თუ ამ მცენარის გახარებას გადაწყვეტთ, შეგიძლიათ, შეიძინოთ თესლი და ამგვარად გაზარდოთ.
– ემუქრება თუ არა პრიჩარდიას მავნებლების დასევის საშიშროება და შესაძლებელია თუ არა მისი გასხვლა?
– ეს მცენარე არ ექვემდებარება გასხვლასა და ფოთლების შეთხელებას. მავნებლებიდან კი უჩნდება ფარიანები და წვრილი კალიები. მათ წინააღმდეგ შეგიძლიათ, გამოიყენოთ ქიმიური საშუალებები – ეს მცენარის სიჯანსაღეზე არ იმოქმედებს და მავნებლებსაც იოლად მოაშორებთ.