მწვანე კუთხე
კითხვა: რას გვეტყვით ფილადელფუსის შესახებ, როგორ მოვუაროთ და იოლად ეგუება თუ არა ის საქართველოს პირობებს?
პასუხი: ეს მცენარე ძნელად ეგუება ეკოლოგიურ პირობებს. ის იზრდება საკმაოდ ნესტიან ნიადაგში, მაგრამ არ უყვარს დამდგარი წყალი, მარილიანი ნიადაგი. ვერ ხარობს სიბნელეში, თუმცა ჩრდილს იტანს. ფილადელფუსი ბუჩქოვანი მცენარეა და მოსწონს სუფთა ჰაერი. მისი ძირითადი ღირსებაა ლამაზი საადრეო ყვავილები და სწრაფი ზრდა. დაყვავილებას იწყებს ჩარგვიდან მესამე წელს. მრავლდება კალმით, რომელიც ორი-სამი წლის ღეროებიდან უნდა ააჭრათ, სილაში ჩარგოთ, მორწყათ და დააფაროთ. როდესაც დაფესვიანდება, უნდა გადარგოთ. უმჯობესია, რამდენიმე კალამი ერთან ჩარგოთ, რომ მცენარე ლამაზი გაიზარდოს.
ფილადელფუსს აუცილებლად სჭირდება გადაჭრა, რათა გაზრდის შემდეგ ბუჩქი ხშირი გახდეს და უკეთესად იყვავილოს. გადაჭრა უნდა მოხდეს ყვავილობის დასრულებისთანავე.
მისი გამრავლება თესლითაც შეიძლება. ირგვება ადრეულ გაზაფხულზე. სჭირდება სითბო და სინათლე. როდესაც მცენარე ეზოსა და ბაღის გასალამაზებლადაა საჭირო, გაცილებით შთამბეჭდავია, თუ მას ღობის გაყოლებაზე გავახარებთ. თუ თხლად გსურთ, მაშინ თითო-თითოდ უნდა ჩარგათ, ხოლო თუ ბუჩქად – რამდენიმე კალამი ერთად უნდა ჩარგოთ.
ფილადელფუსი საკმაოდ ძლიერია მავნებლების მიმართ, თუმცა მაინც შესაძლებელია დაავადდეს ტკიპათი და ამ შემთხვევაში უნდა გამოიყენოთ ქიმიური საშუალებები.
კითხვა: რა სიხშირით მოვრწყა ბრუგმანსია და როგორ სინათლეზე ვამყოფო ის?
პასუხი: ამ მცენარეს უყვარს კარგი სინათლე. თუ მისი ნიადაგი ტენიანია, მცხუნვარე მზესაც იოლად გაუძლებს. ზაფხულში მოზრდილ ბრუგმანსიას ყოველდღიურად მორწყვა სჭირდება, ზამთარში კი – გაცილებით იშვიათად. თანაც, ამ დროს მცენარეს დასვენების პერიოდი აქვს და გაზაფხულამდე, სანამ ზრდას დაიწყებს, შესაძლებელია, მხოლოდ ტენიანი მიწა იკმაროს.
კითხვა: როგორ მოვუაროთ კტენანტას და პრეტენზიულია თუ არა ეს მცენარე?
პასუხი: კტენანტა ჭირვეული მცენარე არ არის. ზაფხულში მას გაბნეული შუქი სჭირდება, ზამთარში კი – სინათლე. რგებს ცოტა ხნით მზეზე ყოფნაც. ზაფხულში უხვად მორწყეთ, რათა მიწა მუდამ ტენიანი ჰქონდეს, ხოლო ზამთარში მორწყვიდან მორწყვამდე მიწას შეშრობა აცადეთ. რაც უფრო დაბალია ტემპერატურა, კტენანტას მით ნაკლები წყალი სჭირდება. ზრდის პერიოდში ნიადაგი ორ კვირაში ერთხელ სასუქით გაანოყიერეთ. მისთვის კარგია მაღალი ტენიანობა, ამიტომ, ხშირად დანამეთ ან სველკენჭებიან ლანგარზე დადგით, სიცხეში ფოთლები რომ არ დაეწვას. ზამთარში დამატებითი კვება არ დასჭირდება. მისთვის ყველაზე შესაფერისი ადგილი ნათელი სასტუმრო ოთახია.